ერთხელ, როდესაც არქიმანდრიტ მოსესთან სტუმრები იმყოფებოდნენ, წინკარს ღარიბულად ჩაცმული, ხანშიშესული ქალი მიადგა, რომელსაც ხელში ბალიში ეჭირა. მამა მოსემ დედაკაცი მისაღები ოთახის ღია კარიდან შენიშნა და ჩვეულებისამებრ, კითხვით გამოეგება:
- „რა გაგჭირვებია?"
- „მამაო! გთხოვ, იყიდე ჩემგან ბალიში, სახლში მშიერი ბავშვები მელიან და მათთვის საჭმელი არაფერი მაქვს".
- „რა ღირს ეგ ბალიში?"
- „მანეთნახევარი",
- „ძვირია, მხოლოდ მანეთს გადაგიხდი".
ამ სიტყვებით მამა მოსე საძინებელში შევიდა, ხუთმანეთიანი აიღო, დედაკაცს გამოუტანა და ხელში მანეთის ნაცვლად ჩაუდო, თან იმეორებდა: „ძვირია, ძალიან ძვირია". ქალმა მას მადლობის ნიშნად თაყვანი სცა და წავიდა, მამა მოსე კი სტუმრებს მიუბრუნდა. ცოტა ხანში, როდესაც დედაკაცმა ასიგნაცია კარგად შეათვალიერა, უკან დაბრუნდა და მამა მოსეს უთხრა: „შეგეშალათ, მამაო!"
- „კარგი, წადი, ხომ გითხარი, რომ ეგ ბალიში მეტი არ ღირდა" - უპასუხა არქიმანდრიტმა.
მოხუცი უკან გაბრუნდა, სტუმრებმა კი მხოლოდ მანეთიანზე საუბარი მოისმინეს და სხვა არაფერი გაუგონიათ. მამა მოსე ოპტინელი ამგვარად ხშირად ფარავდა თავის სიკეთეს.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"