მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > როდესაც მოსე ოპტინელმა ღარიბი ქალისაგან ბალიში იყიდა, მას მანეთის ნაცვლად ხუთი მანეთი გადაუხადა
როდესაც მოსე ოპტინელმა ღარიბი ქალისაგან ბალიში იყიდა, მას მანეთის ნაცვლად ხუთი მანეთი გადაუხადა17-11-2020, 15:57 |
ერთხელ, როდესაც არქიმანდრიტ მოსესთან სტუმრები იმყოფებოდნენ, წინკარს ღარიბულად ჩაცმული, ხანშიშესული ქალი მიადგა, რომელსაც ხელში ბალიში ეჭირა. მამა მოსემ დედაკაცი მისაღები ოთახის ღია კარიდან შენიშნა და ჩვეულებისამებრ, კითხვით გამოეგება: - „რა გაგჭირვებია?" - „მამაო! გთხოვ, იყიდე ჩემგან ბალიში, სახლში მშიერი ბავშვები მელიან და მათთვის საჭმელი არაფერი მაქვს". - „რა ღირს ეგ ბალიში?" - „მანეთნახევარი", - „ძვირია, მხოლოდ მანეთს გადაგიხდი". ამ სიტყვებით მამა მოსე საძინებელში შევიდა, ხუთმანეთიანი აიღო, დედაკაცს გამოუტანა და ხელში მანეთის ნაცვლად ჩაუდო, თან იმეორებდა: „ძვირია, ძალიან ძვირია". ქალმა მას მადლობის ნიშნად თაყვანი სცა და წავიდა, მამა მოსე კი სტუმრებს მიუბრუნდა. ცოტა ხანში, როდესაც დედაკაცმა ასიგნაცია კარგად შეათვალიერა, უკან დაბრუნდა და მამა მოსეს უთხრა: „შეგეშალათ, მამაო!" - „კარგი, წადი, ხომ გითხარი, რომ ეგ ბალიში მეტი არ ღირდა" - უპასუხა არქიმანდრიტმა. მოხუცი უკან გაბრუნდა, სტუმრებმა კი მხოლოდ მანეთიანზე საუბარი მოისმინეს და სხვა არაფერი გაუგონიათ. მამა მოსე ოპტინელი ამგვარად ხშირად ფარავდა თავის სიკეთეს.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |