პროფ. დიმიტრი ცელინგიდისი
უნეტარესო წინამძღოლო,
მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო!
მოკრძალებით გაწვდით „წმინდა და დიდი კრების" შეფასებას, ამავდროულად გთხოვთ, შრომა გასწიოთ მისი შესწავლისათვის, ვინაიდან მრწამს, რომ ჩვენი ეკლესიის სამღვდელმთავრო შეკრებაზე თქვენს მხარდაჭერას ვპოვებ ამ საკითხზე.
კრების ჩვენი შეფასება ორ ასპექტად დავყავით. პირველი - კრების სამართლებრივ და კანონიკურ მხარეს, ხოლო მეორე - მისი არსებითი ნაწილის შეფასებას ეთმობა.
რაც შეეხება ე.წ. „წმინდა და დიდი კრების" ეკლესიოლოგიური ნიშნით სამართლებრივობასა და კანონიკურობას, ღვთისმეტყველური თვალსაზრისით ის არ გახლავთ „წმინდა" ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ვინაიდან ის არც ფორმით, არც არსით არ გამოხატავს პრინციპს: „წმინდა მამათა კვალდაკვალ", რასაც მოგახსენებთ მოგვიანებით. ის არ გახლავთ „დიდი" არა მხოლოდ იმის გამო, რომ არ ესწრებოდა ყველა ავტოკეფალური ეკლესია, არამედ ძირითადად იმის გამო, რომ მასში ადგილობრივი ეკლესიების ერთობ მცირე და გამოკრებილი ნაწილი ესწრებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მღვდელმთავართა აღნიშნული „კრება - სინაქსისი", მკაცრი საღვთისმეტყველო კრიტერიუმებით, ადგილობრივ კრებადაც ვერ შეფასდება.
გარდა ამისა, ის უნდა შეფასდეს ვით ათი ეკლესიის წინამძღოლთა „გაფართოებული წინამოსამზადებელი თათბირი", ან ათი კონკრეტული ავტოკეფალური ეკლესიის რაღაც „სხდომად", რომელიც ეკლესიების წინამძღოლთა და ოცდაოთხი გამორჩეული ეპისკოპოსის სხით იყო წარმოდგენილნი.
მივანიჭეთ რა კრეტის კრებას „თათბირის" გნებავთ „სხდომის" ტიტული, კვლავაც დავძენთ, რომ ის არ გახლავთ ადგილობრივი კრებაც, ვინაიდან ადგილობრივ კრებაზე მასში მონაწილე ყველა მღვდელმთავარი იკრიბება და მონაწილეობს კებნჭისყრაში. მაგრამ აღნიშნულ „თათბირ - სხდომაზე", მისი რეგლამენტის თანახმად, ხმის უფლება მხოლოდ ათი ეკლესიის წინამძღოლებს ჰქონდათ. აღნიშნული ქმედება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში უპრეცედენტო სიახლე და თვითნებობა გახლავთ, რომელიც არსებითად არ შეესაბამება მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით ხასიათს, რომელიც სულიწმიდაში ყველა მღვდელმთავრის თანაბარუფლებამოსილებას გულისხმობს, რაც ხმათა მიცემაში ვლინდება. არც ერთი მღვდელმთავარი, კრების თავმჯდომარისა და თავისი მომხრე ეპისკოპოსების ჩათვლით, არ მოიაზრება ამ „თანაბარუფლებამოსილების მიღმა", რაც გამოვლინდა აღნიშნულ „თათბირზე". ირიბი კუთხით პაპიზმის ფორმამდე მივდივართ, თუგინდ ეკლესიების წინამძღოლთა ხმას კოლეგიური ხასიათი ჰქონდეს.
ზემოთ ხსენებული „წინამძღოლთა თათბირის" ან „მღვდელმთავართა სხდომის" გადაწყვეტილებას არ გააჩნია სავალდებულო ხასიათი. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცება მისი სავალდებულო ხასიათისა არა მხოლოდ მთელი ეკლესიის, არამედ ცალკეული ადგილობრივი ეკლესიების მისამართითაც, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ აღნიშნულ „სამღვდელმთავრო თათბირზე", გახლავთ არაკანონიკური, ვინაიდან მასში მონაწილე მღვდელმთავრებს არ ჰქონდათ ხმის უფლება. მისი გადაწყვეტილებები გაბათილებულად უნდა მივიჩნიოთ კონსესუსის პრინციპის თანახმადაც, რომელიც დარღვეული იყო ოთხი საპატრიარქოს (ანტიოქიის, ბულგარეთის, საქართველოსა და რუსეთის) არყოფნით.
გარდა ამისა, კოლიმბარში შემდგარ თავისებურ „კრებას" სავალდებულო ხასიათი არც ელადის ეკლესიისთვის გააჩნია შემდეგი მიზეზის გამო: ჩვენი ეკლესიის წინამძღოლს იმის ნაცვლად, რომ დაეცვა მღვდელმთავართა მიერ მეექვსე დოკუმენტთან მიმართებაში მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილება, სულ სხვა განსაზღვრება შემოიტანა, რომელიც დანარჩენი ცხრა ავტოკეფალურმა ეკლესიამ მიიღო. სინამდვილეში, ეს იმას ნიშნავს, რომ ელადის ეკლესიის მღვდელმთავართა კორპუსის პოზიცია არ გაითვალისწინეს. ამრიგად, „თათბირის" რეგლამენტის თანახმად, მეექვსე დოკუმენტთან მიმართებით არ არსებობდა კონსესუსი. შესაბამისად, დოკუმენტი გაბათილდა.
რაც შეეხება „კრების" არსებით მხარეს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ე.წ. „კრეტის კრებაზე" ეკლესიის დოგმატური სწავლების ინსტიტუციურ დონეზე გამიჯვნის მცმდელობას ეცადნენ.
კრეტაზე არ ამხილეს არც ერთი ერესი, მეტიც, სახეზეა ეკლესიის კრებსითი ცნობიერებისაგან ინსტიტუციური განდგომა, უგულებელყოფა მეორე მსოფლიო კრების „აღმსარებლური განსაზღვრებისა". კონკრეტულად რომ ვთქვათ, მრწამსის სიმბოლოს დოგმატური სწავლების, ეკლესიის ჭეშმარიტი იდენტურობის უგულებელყოფაზეა საუბარი.
მრწამსში ვაღიარებთ, რომ გვწამს „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". მაგრამ კრეტის „თათბირზე" ათმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ, მათ შორის ელადის ეკლესიამ „ნათლისღების ღვთისმეტყველების" არასაღვთისმეტყველო თეორია, ხოლო ირიბად „განშტოების თეორია" დააკანონა. ეკლესიებად აღიარეს რომაულ - კათოლიკები, მარონიტები, ნესტორიანელები, ანტიქალკედონელი მონოფიზიტები, მონოთელიტები, რომლებიც თავის დროზე ანათემიზირებულნი იყვნენ რიგი მსოფლიო კრებების მიერ (მესამე, მეექვსე) ქრისტოლოგიური ერესების გამო. ასევე მხილებულ იყო პროტესტანტების პანსპერმი, რომელიც ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდ იწოდება. მსოფლიო კრებების მიერ ერეტიკოსებად სახელდებული საზოგადოებების კოლიმბარში ეკლესიებად აღიარება სულიერ უგუნურებად, სულიერ გადატრიალებად ან თავდასხმად უნდა მივიჩნიოთ. სინამდვილეში ეს სინკრიტიზმი და ეკუმენიზმი გახლავთ. „კრების" არც ერთმა მღვდელმთავარმა არ გამოიჩინა სათანადო მოშურნეობა ეკლესიასთან მებრძოლ მგლებთან მიმართებაში. პირიქით, „მგლებს", „ცხვრები" უწოდეს - ერთიანი და უნიკალური ეკლესიის სამწყსოდ სახელდვეს. ამან მიგვიყვანა შემდეგ დასკვნამდე: კრეტაზე არ განხორციელდა ის, რასაც ველოდით ეკლესიის სისავსისაგან - „კრების" მღვდელმთავართა სულიწმიდისმიერ განსაზღვრება - განაჩენს ერეტიკოსების მისამართით. რომაულ - კათოლიციზმთან მიმართებით, ერთი შეხედვით, ვხელმძღვანელობთ მეორე მსოფლიო კრების ოროსით, მაგრამ ერეტიკოსების ეკლესიებად სახელდებით, სინამდვილეში უგულებელვყოფთ ჩვენს სარწმუნოებას, რაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ ოროსს Filioque - ს გამო.
მრწამსის სიმბოლოში ჩამატება უარყოფილია ყველა მსოფლიო კრების მიერ (მესამე კრების ჩათვლით). ხოლო ისინი, რომლებიც მსგავს ქმედებას აღასრულებენ ეკლესიისაგან განდგომილებად და განყენებულებად მიიჩნევიან. ცხადია, Filioque ვით დამატება, უარყოფილია ირიბადაც, ავტომატურადაც და პერიოდულადაც, ვით ერესი ზემოთხსენებული მსოფლიო კრებების განსაზღვრებათა შესაბამისად განეყენებიან ეკლესიისაგან. ამრიგად, არამართლმადიდებლური რომაულ - კათოლიკური (Filioque) და ყველა პროტესტანტური სწავლება ცალსახად ერეტიკული გახლავთ.
გარდა ამისა, მრწამსში Filioque - ს ჩამატება ფოტი დიდის დროს (879-880 წწ.) წმ. კრებაზე (VIII მსოფლიო კრებაზე) ამხილეს, რომელსაც რომის ეკლესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მოგვიანებით, მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარყო რომაულ - კათოლიციზმის კიდევ ერთი ცრუსწავლება - ღვთის მადლის ქმნილი ბუნების შესახებ (1331 – 1351 წწ.). მართლმადიდებელი ეკლესიის კრებების (1638, 1642, 1691 წწ.) ანათემის ქვეშ მოექცა ასევე პროტესტანტური სწავლებებიც.
ამრიგად, შეუძლებელია რომელი კრებსით დოგმატურ განსაზღვრებაში არ დაცულიყო საღვთისმეტყველო სიზუსტე, და რომ სხვაგვარადმადიდებლები ეღიარებინათ ეკლესიებად: ანუ სახეზეა ეკლესიოლოგიური დოგმატის გაბათილების მცდელობა, ან ორაზროვნების დამკვიდრება, რაც არსებითად იმავე შედეგს იძლევა.
მეექვსე დოკუმენტის მიღებით (რომელიც ორაზროვნებითა და საღვთისმეტყველო წინააღმდეგობრიობით გამოირჩევა), შეგნებულად შეიტანეს რა ცნობიერებაში ეკლესიოლოგიური ბუნდოვანება „სამღვდეელმთავრო თათბირზე" კრეტაზე ინსტიტუციურად დაკანონდა ეკუმენიზმი.
შეგახსენებთ მე-16 პარაგრაფს, რომელშიც შემდეგია ნათქვამი: „ეკუმენისტური მოძრაობის ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ორგანოდ ეკლესიის მსოფლიო საბჭო (ე.მ.ს.) მოგვევლინა. ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესია მის დამაარსებლებში ირიცხება. ამის შემდეგ ყველა მათგანი მისი წევრი გახდა.
ე.მ.ს. - ე, როგორც ქრისტიანთაშორის არსებული ორგანო, ასევე სხვა ქრისტიანთაშორისი ორგანოები და რელიგიური ორგანიზაციები, როგორებიცაა ევროპული ეკლესიების კონფერენცია (ე.ე.კ.), ახლოაღმოსავლეთის ეკლესიებისა და საერთოაფრიკული ეკლესიათა საბჭოები, ქრისტიანული სამყაროს გაერთიანების საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ".
არამართლმადიდებლებისთვის, განსაკუთრებით პროტესტანტებისთვის, ტერმინ „ეკლესიის" მიეკუთვნება ამავე მეექვსე დოკუმენტის მე-19 და 21-ე პარაგრაფში ხშირად გვხვდება. ზემოთხსენებული ფორმულირება იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები თანახმანი ვართ, რომ არამართლმადიდებლებსა და ერეტიკოსებს თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქრისტიანული სამყაროს გაერთიანების საქმეში! შედეგად, მივდივართ დასკვნამდე, რომ მათ, ვინც კენჭი უყარა და ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს დღემდე ვერ გაიაზრეს, რომ „ეკუმენიზმი უწმინდური სულებისა და ძალებისაგან იღებს სათავეს" - ამბობს ნეტარხსენებული ბერი ეფრემ კატუნაკელი. ეკუმენიზმის ძირითადი მსოფლხედვა დოგმატური პლურალიზმი გახლავთ. რეალურად სხვადასხვა დოგმატური აღმსარებლობების თანაარსებობის დაკანონებას ნიშნავს, ხოლო ვინც ეწინააღმდეგება მსგავს დოგმატურ პლურალიზმს, ფანატიკოსებად და ფუნდამენტალისტებად მოიაზრებიან. გარდა ამისა, ეკუმენიზმი რელიგიებს შორის არსებულ განსხვავებას საფუძვლიანად აფასებს. ამდენად, სარწმუნოებრივი განსხვავებანი ზეგავლენას ახდენს მათ ერთობაზე, რაც მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისთვის ეკლესიოლოგიურად მიუღებელია.
როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატისტს ღრმად მრწამს, რომ ეკუმენიზმი არის ეკლესიოლოგიური ერთობ საშიში ერესი, დღემდე არარსებული ეკლესიის ისტორიაში. ის (ეკუმენიზმი) თავისი სინკრიტიკული ხასიათის გამო ეკლესიის სრწმუნოებისაგან ერთობ ამაზრზენი გადახრა გახლავთ. ის დაუშვებელ დონემდე აკნინებს ეკლესიის სისავსის დოგმატურ ცნობიერებას და ჩვენი ეკლესიის იდენტურობასთან მიმართებით ბუნდოვან პოზიციას აყალიბებს. ის მზაკვრულად ანადგურებს ეკლესიის მაცხოვნებელი აღმსარებლობის ჭეშმარიტებასა და მთლიანობას, რასაც დამღუპველი სოტირეოლოგიური შედეგები მოჰყვება, ვინაიდან ყველა რელიგიურ აღმსარებლობას კანონიკურ და მაცხოვნებელ ჭრილში განიხილავს, რომ სხვაგვარადმადიდებლების გზაც ჭეშმარიტი და მაცხოვნებელია.
მეექვსე დოკუმენტი ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით წინააღმდეგობრივია, რადგან არამართლმადიდებლები, ერთი მხრივ „არამართლმადიდებელ ქრისტიანებად", ანუ ერეტიკოსებად, ხოლო მეორე მხრივ, ეკლესიებად იწოდებიან. ჩვენ მართებულად უნდა შევაფასოთ მათი სწავლება. ჩვენ არ ვავლენთ მათდამი სიყვარულს და ვატყუებთ, როდესაც არ ვაუწყებთ უდავო ჭეშმარიტებას, არ მოვუწოდებთ სინანულისა და თავიანთი ერეტიკული ცდომილების უარყოფისაკენ, რათა ისინიც შეუერთდნენ ერთადერთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას. საბედნიეროდ, მღვდელმთავართა გარკვეულმა რაოდენობამ, დოგმატური ნიშნით ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს.
რაც შეეხება დოკუმენტს „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები", აღარ შეგახსენებთ წმინდა სინოდისადმი მიმართულ ჩემს პირველ წერილს (3. 2. 2016), რათა არ გადაგღალოთ. მხოლოდ დავამატებ, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე - მეექვსე მსოფლიო კრების 72-ე კანონში მკაფიოდ განისაზღვრა ეკლესიოლიგიურ - დოგმატური სწავლება ქორწინების საიდუმლოსთან მიმართებაში, კოლიმბარში მღვდელმთავრების „თათბირზე" მთლიანად ანტიკანონიკურად და არაკომპეტენტურად გადაწყდა, რომ ავტოკეფალურ ეკლესიებს ეძლევათ შესაძლებლობა გადახედონ ქორწინების შესახებ განსაზღვრულ დოგმატურ სწავლებას. კერძოდ, შემოთავაზებულია შერეული ქორწინება საღვთისმეტყველო იკონომიის გამოყენებით. ანტიკანონიკურობისა და არასამართლებრივობის გარდა, რაც ტრულის მსოფლიო კრების 72-ე კანონის დამახინჯებითაა გამოწვეული, კრეტის „კრების" გადაწყვეტილება უკიდურესად არასაღვთისმეტყველო გახლავთ ეკლესიოლოგიურადაც. ვინაიდან შერეული ქორწინება 72-ე კანონის თანახმად არანამდვილია, და ვით არაკანონიკური თანაცხოვრება, უნდა იქნეს უარყოფილი. ცხადია, აღნიშნული კანონის საღვთისმეტყველო განსაზღვრება არ იძლევა რაიმე სახის იკონომიის შესაძლებლობას. „რადგან შეუერთებელთა შეერთება არ შეიძლება, არც ცხვრისა და მგლის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება" (72 კანონი. დიდი რჯულის კანონი. გვ. 173). როგორც ვხედავთ, 72-ე კანონს არ შემოაქვს არანაირი იკონომია, პირიქით, ჩვენს ყურადღებას კონკრეტულ უკანონობაზე ამახვილებს. გადახრა მსოფლიო კრების განსაზღვრებისაგან გახლავთ სერიოზული კანონიკური დარღვევა და „იკონომია არ ეგების", რომელსაც, ცხადია, სერიოზულ ეკლესიოლოგიურ ცდომილებამდე მივყავართ, ვინაიდან „შეუერთებელის შეერთებას, ცხვრისა და მგლის ერთმანეთთან დაკავშირებას" ლამობენ. მაგრამ მსგავსი აღრევა ეკლესიოლოგიურად წარმოუდგენელია, ხოლო ღვთისმეტყველურად და სულიერად - მიუღებელია.
●●●
დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში" იქმნება შთაბეჭდილება, რომ მართლმადიდებლებისა და სხვაგვარადმადიდებლების ერთიანად შეფუთვას ცდილობენ. ეს გარემოება ვლინდება მაშინ, როდესაც არამართლმადიდებლებთან ერთად მშვიდობისათვის ზრუნვაზე საუბრობენ. მართლმადიდებელ ეკლესიაში მშვიდობა სულიწმიდის მეშვეობით მკვიდრდება. დოკუმენტში კი წერია - მასთან ერთად ან მის გარეშე. მაგრამ ეს გარემოება აკნინებს ქრისტეს ეკლესიას. ამდენად, შეუძლებელია ქრისტეს მშვიდობა, ვით მის ხელთუქმნელ ენერგია ათვისებულ და მოხვეჭილ იქნეს ეკლესიის მიღმა არამართლმადიდებლების, სხვა რელიგიების წარმომადგენლების, უბრალოდ „კეთილის მსურველი" ადამიანის ან უღმერთოს მიერ. ამას ვერ ვუწოდებთ მოწმობას, ვინაიდან ეკლესიის იდენტურობასა და მორწმუნეთა ზედა „ზეგარდამო მშვიდობის" გარდამოსვლას ეჭვქვეშ აყენებს.
●●●
რაც შეეხება მართლმადიდებლური დიასპორის საკითხს, მიგვაჩნია, რომ „მღვდელმთავართა თათბირზე" ანტიკანონიკური გზით მის გადაჭრას ეცადნენ. მღვდელმთავართა ამ კონფერენციის გადაწყვეტილება, თუგინდ დროებით მიღებული, კი არ კურნავს, არამედ აკანონებს 1872 წ. კრებსითად ანათემირებულ ეთნოფილიტიზმს.
კრების შემდეგ „მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მრგვლივმოცული ეპისტოლე" გამოქვეყნდა, რომელშიც საღვთისმეტყველო წინააღმდეგობები შეინიშნება. ამიტომ წერილობით მოგახსენებთ მათ შესახებ. კერძოდ, მეორე პარაგრაფში ვკითხულობთ: „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წმინდა და დიდი კრება გახლავთ ავტორიტეტული სარწმუნოებრივი მოწმობა ღმერთკაც ქრისტეში..." ამ შემთხვევაში სამართლიანად ჩნდება ლოგიკური და საღვთისმეტყველო შეკითხვა: „როგორ შეიძლება იყოს ის ავტორიტეტული სარწმუნოებრივი მოწმობა ღმერთკაც ქრისტეში, როდესაც „კრების" მიერ ეკლესიებად აღიარეს ნესტორიანელები, მონოფიზიტები, ანტიქალკედონიკები და მონოთელიტები, რომლებსაც მსოფლიო კრებების მიერ ანათემირებული ქრისტოლოგია გააჩნიათ?
მესამე პარაგრაფში ნახსენებია კრებები, რომლებსაც „მსოფლიო ავტორიტეტი" გააჩნიათ, როგორებიცაა ფოტი დიდისა და წმინდა გრიგოლ პალამას პერიოდში, ასევე 1488 წწ. კრებები, რომლებმაც დაგმეს ფლორენციის ცრუსწავლება. ნახსენებია ასევე კრებები, რომლებმაც ამხილეს პროტესტანტური სწავლებები. მაგრამ რაგვარად შეიძლება კომპრომისის მოპოვება, როდესაც რომაულ - კათოლიკები და პროტესტანტები აღიარეს ეკლესიებად?
მეოცე პარაგრაფში შემდეგს ვკითხულობთ: „ჩვენი ეკლესია ჭეშმარიტი აღმსარებლობისა და მოციქულებრივი რწმენის შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიალოგს არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან. ამის შედეგად დანარჩენი ქრისტიანული სამყარო უფრო ღრმად გაეცნობა მართლმადიდებლური გადმოცემის ჭეშმარიტებას, წმინდა მამათა სწავლების ფასს, ლიტურგიკულ გამოცდილებასა და მართლმადიდებელთა რწმენას. დიალოგი, რომელსაც აწარმოებს მართლმადიდებელი ეკლესია, არასოდეს გულისხმობს კომპრომისს რწმენის საკითხებში". მაგრამ ეს განცხადება ყალბი გახლავთ. ამას ადასტურებს ორმხრივი დოკუმენტები, რომლებიც მართლმადიდებლების მიერაც იყო ხელმოწერილი. ესენია: ბალამანდი, პორციალეგროში, რავენასა და პუსანში ხელმოწერილი დოკუმენტები, ხოლო კრების მრგვლივმოცული ეპისტოლე სრულდება შემდეგი სიტყვებით: „წმინდა მამებისა და კრებსითი გადაწყვეტილებების მამების მიერ დაცულ სარწმუნოების კვალდაკვალ კრებსითად მივმართავთ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და მთელ სამყაროს, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია „წმინდა მამებისა და კრებსითი დადგენილებების კვალდაკვალ" წარსულში არასდროს აღიარებდა ერეტიკოსებს ეკლესიებად, რის დაკანონებასაც ცდილობს კრეტის „სამღვდელმთავრო შეკრება"."
„სამღვდელმთავრო თათბირის" მიმართვაში ვკითხულობთ: „დიდი და წმინდა კრების მთავარი პრიორიტეტი იყო მართლმადიდებელი ეკლესიის ევქარისტიული ერთობა, განმტკიცებული მოციქულთა მემკვიდრე ეპისკოპოსთა ერთობით, რომელიც უნდა გაძლიერდეს და ახალი ნაყოფი გამოიღოს". მართებული გახლავთ შემდეგი შეკითხვა: რატომ განხორციელდა ამგვარი საზეიმო ვითარებაში მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დადასტურება, როდესაც „შეკრება - სინაქსისს" არ ესწრებოდა ოთხი საპატრიარქო, რომლებიც მორწმუნეთა უმრავლესობას წარმოადგენს კრეტის ათი ეკლესიასთან შედარებით? გაკეთდა განცხადება ევქარისტიული ერთობის შესახებ, ამავე დროს სახეზეა ურთიერთობის რღვევის ფაქტი ორ უძველეს საპატრიარქოებს: - იერუსალიმისა და ანტიოქიას შორის? ამავე პარაგრაფში აღინიშნა: „კრებსითობა განსაზღვრავს ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი გზის არჩევანს".
მაგრამ განა არსებობს რაიმენაირი მოწმობა მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით ისტორიაში, როდესაც გადაწყვეტილებას მხოლოდ ეკლესიების წინამძღოლები ღებულობდნენ, დამსწრე ეპისკოპოსთა ხმის მიცემის უფლების გარეშე?
მღვდელმთავრებისადმი ჩვენს მიერ თქმულს სიყვარულითა და პატივისცემით ყოველგვარი სხვა მისწრაფებების გარეშე დავძენთ, გარდა ერთისა: მარადჟამ გვსურს დავრჩეთ ცოცხალი წევრნი ქრისტეს მისტიკური სხეულის, მისი ეკლესიისა.
ღრმა პატივისცემით ვეამბორებით თქვენს მარჯვენას.
Xareba.net - ის რედაქცია