ამჯერად გიამბობთ ორ ეპიზოდს უდიდესი ღვთის რჩეულის _ ღირსი თეოდორე სტუდიელის ცხოვრებიდან. ამ ამბებმა, ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა ნათელყოს ეკლესიაში ავტორიტეტის ვინაობის საკითხი. თხრობა რომ არ გამიგრძელდეს, წმინდანის ცხოვრებას სრულიად არ გადმოგცემთ, თუმცა ყველას გირჩევთ, მას გაეცნოთ.
ბიძამ, ნეტარმა პლატონმა, რომელიც დიდხანს მოსაგრეობდა ოლიმპის მთაზე, წმიდა თეოდორეს და მის ძმებს უდაბნოში მონაზვნური ცხოვრებისაკენ მოუწოდა. ძმებმა მადლიერებით მიიღეს სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ნათესავის რჩევა, დატოვეს კონსტანტინოპოლი, ოლიმპის მახლობლად დამკვიდრდნენ და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია ააგეს. ტაძრის გარშემო თანდათან შემოიკრიბა საძმო და დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც გახდა ნეტარი პლატონი.
რამდენიმე წლის ბერული ცხოვრების შემდეგ ღირსი თეოდორე სულიერი მოძღვრის დაჟინებული თხოვნით მღვდელმონაზვნად ეკურთხა. მოგვიანებით, როცა ნეტარი პლატონი მონასტრის იღუმენობიდან გადადგა, საძმომ მის ნაცვლად ერთსულოვნად აირჩია თეოდორე. იგი მონასტრის ძმობას როგორც კეთილმსახური ცხოვრებით, ასევე გულთბილი მამობრივი ქადაგებებითაც მოძღვრავდა.
იმხანად, 790 წლის დეკემბერში, ტახტს ლეონ VII-ის ძე, ოცი წლის კონსტანტინე დაეპატრონა, მან მმართველობას ჩამოაცილა დედა, კეთილმსახური ირინე, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ფაქტიურად განაგებდა ქვეყანას. Aახალგაზრდა, ვნებებს აყოლილმა იმპერატორმა ძალით აღკვეცა მონაზვნად თავისი კანონიერი მეუღლე და ხორციელი ნათესავი თეოდოტა შეირთო. ამ უკანონობას ღმერთშემოსილი პატრიარქი ტარასი შეეწინააღმდეგა. მან ჯვრისწერაზე უარი განაცხადა, ვინაიდან დამნაშავეთა სულები ქრისტეს თანაზიარნი არ არიან. მემრუშეებთან წმიდა ტაძრის ერთი პრესვიტერი და იკონომოსი იოსები ახლობლობდა. მან იკისრა ახალგაზრდების ჯვრისწერა და შეასრულა კიდეც ეს საქმე. ამით იოსებმა დაარღვია ღვთიური და ადამიანური კანონები. მალე მეფეს სხვა დიდგვროვნებმაც მიბაძეს, მაგალითად, ლანგობარდებისა და გოთების მეფეებმა. ისინი თავიანთი მრუშული კავშირების გამართლებას იმპერატორის ქმედებაში პოულობდნენ.
ყოველივე ამის შემდეგ ღირსი თეოდორე გაბედულად შეუდგა საეკლესიო კანონებისა და მართლმორწმუნეთა ზნეობის დაცვას. მან ყველა მონასტერში დააგზავნა ეპისტოლე, რომელშიც იმპერატორი კონსტანტინე VI ქრისტიანული ქორწინების შესახებ საღვთო დადგენილების უგულებელყოფისათვის ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადა. უსჯულო თვითმპყრობელი ჯერ ლიქნით ეცადა წმიდა მამის გადაბირებას, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, მხედართა რაზმს უბრძანა მონასტრის დარბევა. ამის შემდეგ სასტიკად ნაწამები თეოდორე და მისი თანამოსაგრეები ქალაქ თესალონიკში გადაასახლეს, ყველანი, დატყვევებულნი, ცალ-ცალკე დატოვეს. პყრობილებაშიც არ დადუმებულა ღირსი მამის მამხილებელი ხმა.
თუ რაოდენ შედეგიანი გამოდგა მსოფლიოსთვის წმიდა თეოდორეს მოქმედება, აქვე შეგვიძლია დავრწმუნდეთ: ხერსონისა და ბოსფორის ქვეყნებში მოღვაწე ეპისკოპოსებმა და პრესვიტერებმა, აგრეთვე, კეთილმოღვაწე ბერ-მონაზვნებმა მისი ბრძოლა სახარების სწავლებასთან შეთანხმებულად მიიჩნიეს და მისი შემართებაც გაიზიარეს, ასე რომ, ამ შემთხვევაშიც ასრულდა წმიდა წერილის სიტყვები: `თქვენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი~ (2 კორ. 92). ღირსი თეოდორეს მიმბაძველები უკვე აღარ იღებდნენ შემოსაწირს მათგან, რომლებიც უმცროსი კონსტანტინეს მსგავსად იქცეოდნენ. მათ წმიდა ზიარებისაგან განაყენებდნენ თეოდორეს მიმდევრები. შემდეგში ამ სასულიერო პირებსაც შეუტიეს და ეკლესიებიდან გააგდეს. ათასნაირად შეავიწროვეს ისინი მდევნელებმა. და მაინც: მთელ რომის იმპერიაში უსჯულო ქმედებათა მიმართ შიშმა დაისადგურა, კეთილმორწმუნეთა დევნა თავაშვებულთათვის ერთგვარ ლაგამად იქცა და ბოროტების ნაკადი შენელდა.
ამგვარად, ღირსი თეოდორე კიდევ უფრო ცნობილი გახდა არა მარტო მახლობელ ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ცოტა ხანში კონსტანტინეს თავისივე ჯარი აუჯანყდა. ახალგაზრდა მეფემ ორივე თვალი დაკარგა და ტახტიც გამოეცალა. კვლავ იმპერატორი გახდა დედოფალი ირინე. ამ კეთილმსახურმა დედამ ტყვეობისგან გაათავისუფლა წმიდა თეოდორე, აღადგინა ურთიერთობა პატრიარქ ტარასისთან, ხოლო პრესვიტერ იოსებს აუკრძალა მღვდელმსახურება. აღსანიშნავია, რომ დედოფალი ორივე წმინდანის _ პატრიარქ ტარასისა და ღირსი თეოდორეს მოქმედებებს დადებითად აფასებდა.
ეკლესიურ-ისტორიული ცხოვრების ამ მეტად საყურადღებო მონაკვეთში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი.
როცა კონსტანტინე მეექვსემ უკანონოდ შეირთო თეოდოტა, მან კონსტანტინოპოლის პატრიარქ ტარასის კანონიერ ცოლთან მარიამთან განქორწინება და ახალ მეუღლესთან ჯვრისწერა მოსთხოვა. პატრიარქი შეწუხდა და შეევედრა იმპერატორს, ასე არ მოქცეულიყო. Mმუდარამ არ გაჭრა. იმპერატორი დაჟინებით ითხოვდა მეორე ქორწინების უფლებას. მაშინ პატრიარქი ზიარებისაგან განყენებით დაემუქრა ხელისუფალს. Eეს უკანასკნელი ღირსეულმა წინააღმდეგობამ განარისხა და მიზნის მისაღწევად მძიმე დიდებასაც კი არ მოერიდა: იმპერატორი ეკლესიაში ხატმებრძოლებას, ერესს აღადგენდა, თუ სურვილს არ შეუსრულებდნენ. დიდმა საშიშროებამაც ვერ მოდრიკა პატრიარქი, იგი კვლავ უარზე იდგა. Aამ დროს კონსტანტინე მეექვსეს მწედ მოევლინა რიგითი სასულიერო პირი, კონსტანტინოპოლის ტაძრის ეკონომოსი, მღვდელმონაზონი იოსები. მან არად ჩააგდო პატრიარქის განკარგულება და მემრუშე ხელისუფალს მეორედ დასწერა ჯვარი.
როგორი რეაგირება მოახდინა ამაზე პატრიარქმა ტარასიმ?
რა თქმა უნდა, იგი პრინციპულად კიცხავდა, უკანონოდ მიიჩნევდა იმპერატორის საქციელს, მაგრამ სიტყვიერ ბრალდებას სჯერდებოდა. მან გაითვალისწინა იკონომიის პრინციპი და სჯულის კანონისამებრ არ მიიღო კონკრეტული ზომები მეფის წინააღმდეგ. პატრიარქმა შეარბილა ეკლესიური კანონებით ნაკარნახევი სიმკაცრე, რათა შეეკავებინა განრისხებული, უფრო დიდი ბოროტების ჩასადენად ამართული იმპერატორი. კონსტანტინე მეექვსე ხომ ხატმებრძოლობის, ერესის განახლებით იმუქრებოდა. სასულიერო ხელისუფალმა საერო ხელისუფალთან დამოკიდებულებაში იკონომიით იხელმძღვანელა, აკრივიის კანონის ზედმიწევნით დაცვას ამჯობინა დროებით შეჩერებულიყო, რათა არ დაერღვია ეკლესიაში _ მშვიდობა, მრევლში _ სიმშვიდე.
სულ სხვაგვარად მოქმედებდა ნეტარი თეოდორე (პლატონთან და ძმობის სხვა წევრებთან ერთად) იმპერატორის უკანონო ქორწინების გამო.
ფლორენციისა და კონსტანტინოპოლის კრებების ისტორიამ ცხადყო, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში ცალკეული პიროვნებების ზნეობრივი ავტორიტეტი ყოველთვის აღემატებოდა იერარქის იურიდიულ ავტორიტეტს. ზოგიერთი იერარქი ხომ ხშირად ცდებოდა და თავისი შეხედულებით ეწინააღმდეგებოდა კიდეც მსოფლიო ეკლესიის ერთიან ცნობიერებას.
თუ თქვენ გულისყურით წაიკითხეთ ღირსი თეოდორეს ცხოვრების ზემოთ მოყვანილი ეპიზოდი, ყურადღებას მიაქცევდით დედოფალ ირინეს პოზიციას პატრიარქ ტარასისა და იღუმენ თეოდორეს მიმართ _ დედოფალმა ორივეს მოქმედებაში ზნეობრივი მიზანდასახულობა დაინახა.
რაც შეეხება ამ მოღვაწეთა განსხვავებულ მოქმედებას: ეს, პიროვნული თავისებურებების გარდა, მათი სხვადასხვაგვარი მდგომარეობითაც აიხსნება. პატარა მონასტრის იღუმენს შეეძლო არ გაეთვალისწინებინა იმპერატორის მუქარა და ისე ემოქმედა; მაგრამ პატრიარქს, მართლმადიდებელი ერის სიმშვიდისა და უსაფრთხო ცხოვრებისათვის მზრუნველს, სხვა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მას ახსოვდა ხატმებრძოლობის, ერესის საშინელებანი და, ბუნებრივია, მუქარის გაუთვალისწინებლობით მოსალოდნელ შედეგს უფრო მძიმედ მიიჩნევდა, ვიდრე თმენით გამოწვეულ დანაკარგს. ამიტომაც პრინციპულმა, გაუბზარავი სულის პატრიარქმა დაითმინა ამა ქვეყნის ძლიერთა თავნებობა, უკანონობა და ოდენ სიტყვიერ წინააღმდეგობას დასჯერდა.
უდავოა: გმირი ზემოაღნიშნული ეკლესიურ-ისტორიული დრამისა, ბიზანტიაში რომ გათამაშდა, ღირსი თეოდორეა. მან ეკლესიის წიაღში უზარმაზარი მორალური მოძრაობა გააღვივა. თუმცა სტუდიის მონასტრის იღუმენის ბრწყინვალე სახემ არ უნდა დაჩრდილოს ჩვენს თვალში არანაკლებ გმირული მოქმედება კონსტანტინოპოლის პატრიარქისა. იგი გონივრულად დაადგა `იკონომიის~ პოლიტიკას, თავად იტვირთა გამკლავებოდა ყვედრებებისა და უნდობლობის ფრიად უსიამო ნიაღვარს, მრევლის მხრიდან მოსალოდნელს, და ეს გააკეთა არა შიშის გამო, არამედ მრავალრიცხოვანი მრევლის უდიდეს განსაცდელთაგან დასაცავად.
განა არ ჩანს წმიდა პატრიარქ ტარასისა და ღირსი თეოდორე სტუდიელის მოქმედებებში ღვთის ნება?! პატრიარქის თმენამ მშვიდობა შეუნარჩუნა ეკლესიას, ხოლო ბერის კადნიერებამ მოსვენება დაუკარგა მეფეს, რომელიც ზნეობრივი სენის შეტანას ლამობდა მის წიაღში.
იმავე ღვთის განგებამ არ დააყოვნა და დასაჯა წმიდა ეკლესიის შეურაცხმყოფელი: უკანონო ქორწინებაში მყოფი იმპერატორი 796 წლის 4 სექტემბერს დაბრმავდა და სამშობლოდან გადაასახლეს. ზნეობრივი დარტყმა, რომელიც მას მოშურნე ბერმა მიაყენა, თითქოს ზეციური სამსჯავროს მიერ იყო სანქცირებული და გამართლებული.
ეკლესიამ წმინდანად შერაცხა პატრიარქი ტარასიც და ბერი თეოდორე სტუდიელიც, რითაც დაადასტურა ორივეს ერთგულება ქრისტესადმი.
ღირსი თეოდორეს ამბავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ხაზგასასმელი: თუ წმიდა მარკოზ ეფესელი და წმიდა გრიგოლ პალამა ძირითადად მართლმადიდებლობის დოგმატურ ჭეშმარიტებას იცავდნენ, ღირსი თეოდორე ზნეობრივ-კანონიკური სიმართლის მცველად და ხატმებრძოლობის წინააღმდეგ ამხედრებულ ბერად მოგვევლინა. ეს უთუოდ უნდა აღვნიშნოთ, რათა ნათელვყოთ, რაოდენ დიდია, ძალმოსილია, მნიშვნელოვანია ზნეობრივი ავტორიტეტი ეკლესიაში და რამდენად შეზღუდულია თვითნება იერარქის ავტორიტეტი იმავე ეკლესიაში. ამის დანახვა და გააზრება დიდად სასარგებლოა ჩვენთვის.