1437 წელს კონსტანტინოპოლის სამეფო კარის ინიციატივით გაიმართა ფერარო-ფლორენციის კრება. მას იმპერატორი იოანე პალეოლოგი და რომის პაპი ევგენი მეთაურობდნენ. კრების მიზანი იყო მართლმადიდებელი აღმოსავლეთის რომაულ-კათოლიკურ დასავლეთთან შეერთება. გაერთიანების უმთავრესი საბაბი კი ბიზანტიის იმპერიის მძიმე პოლიტიკური ვითარება გახდა. ბერძენთა მდგომარეობა მაშინ მართლაც სავალალო იყო. ბიზანტიის ხელში მხოლოდ კონსტანტინოპოლი და მისი შემოგარენი რჩებოდა.
ლათინებმა მძიმე დღეში ჩავარდნილ ბერძენთა თანაგრძნობის ნაცვლად მოინდომეს გამოეყენებინათ ვითარება – ხელსაყრელად მიჩნეული მომენტი ბერძენთა სრულ საეკლესიო კაპიტულაციას უნდა დაეგვირგვინებინა. ბიზანტიის მხარეს წარმოადგენდნენ: იმპერატორი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, სხვა საპატრიარქოების წარმომადგენლები, მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები, კლიროსი, გამოჩენილი ჩინოსნები და ცნობილი ღვთისმეტყველები. ლათინების მხარეს გამოდიოდნენ: რომის პაპი, კარდინალები, განსწავლული თეოლოგები. ორივე მხარეს ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაესვა წერტილი მრავალსაუკუნოვანი განხეთქილებისათვის აღმოსავლეთის ეკლესიასა და რომს შორის. კრებებზე ქრისტიანული სარწმუნოების სადავო საკითხებს განიხილავდნენ განთქმული ღვთისმეტყველები.
თავდაპირველად ფერაროში მიმდინარე მსჯელობა შედარებით თავისუფალიც იყო და გარკვეულწილად გულწრფელიც. მალე ცხადი შეიქნა, რომ ბერძენი იერარქები ძნელად მიდიოდნენ დათმობაზე. მაშინ ლათინებმა დაშინების პოლიტიკას მიმართეს: შეამცირეს ბერძენთა შენახვისთვის გამოყოფილი სახსრები და არც მუქარა ითაკილეს.
1439 წლის თებერვალში პაპის მოთხოვნით კრება გადაიტანეს ფლორენციაში, სადაც მისი (პაპის) გავლენა უფრო ძლიერი იყო. აქ ლათინებმა საერთოდ დაკარგეს სირცხვილის გრძნობა. სარწმუნოების სიმბოლოს შესახებ წარუმატებელი კამათის შემდგომ მათ დააშინეს ბერძენი ეპისკოპოსები და აიძულეს ხმა არ ამოეღოთ. კრების რამდენიმე სხდომა ისე ჩამთავრდა, რომ მხოლოდ ლათინთა წარმომადგენელს მიეცა სიტყვა.
იმპერატორისა და პაპის ურთიერთშეთანხმებებმა, ჩანს, მიზანს მიაღწია. აღმოსავლეთის ღირსეული წარმომადგენლები, გამოჩენილი ღვთისმეტყველები, ბრწყინვალე ორატორები უნიისკენ გადაიხარნენ და სხვებიც გადაიბირეს. მხოლოდ წმიდა მარკოზ ეფესელი, ანტონ ბერაკლიელი და კიდევ ორი ეპისკოპოსი დადგნენ უარზე. საბოლოოდ ყველა იერარქი გააჩუმეს გარდა ერთისა - შეურყეველი დარჩა წმიდა მარკოზ ეფესელი. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა: "ეკლესიის საქმე ვერასოდეს გადაწყდება კომპრომისების გზით".
4 ივლისს ბერძნებმა ლათინებს გადასცეს განცხადება, რომელშიც ეთანხმებოდნენ შემოთავაზებულ სწავლებას. ეს თითქმის სრული კაპიტულაცია იყო.
5 ივლისს, კვირას, ბერძენმა იერარქებმა ხელი მოაწერეს უნიას. ხელმომწერთა შორის იყვნენ იმპერატორი და ის რამდენიმე ეპისკოპოსიც, რომლებიც ცოტა ხნის წინ არ ეპუებოდნენ ლათინთა ძალადობას. ერთადერთი ადამიანი, ვინც უნიას ხელი არ მოაწერა, იყო მარკოზ ეფესელი. ეს ფაქტი საბედისწერო ნიშნული გამოდგა.
იმპერატორის, აღმოსავლეთის ეკლესიის წარმომადგენლების, კონსტანტინოპოლის თითქმის ყველა ეპისკოპოსისა და მიტროპოლიტის მიერ ხელმოწერილი. ანუ უფლებამინიჭებული და ძალმოსილი დოკუმენტი ლამის ფარატინა ქაღალდად იქცა. ის არ მიიღო მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც იმჟამად ერთადერთი ადამიანი ასახიერებდა - მარტოხელა, სასიკვდილო სნეულებით შეპყრობილი, ამა სოფლის ძლიერთაგან დევნილი, დაუძლურებული იერარქი. იგი უძლეველი შეიქნა, რადგან საღმრთო ჭეშმარიტება მასში იყო განცხადებული. ეს ადამიანი გახლდათ წმიდა მარკოზ ეფესელი.
პაპი ევგენი IV უმალ ჩაწვდა მომხდარის არსს და უმალვე იაზრა წმიდა მარკოზის მნიშვნელობა. როდესაც კარდინალებმა საზეიმოდ აახლეს ბერძენ ეპისკოპოსთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, პაპმა მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო. რაკი მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: "ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ". ამ სიტყვებით პაპმა უნებლიეთ თუ ინსტიქტურად აღიარა, რომ ეკლესიაში ზნეობრივი ავტორიტეტი უპირატესია იურიდიულზე. მრავალი სასულიერო იერარქის დასტურს ძალა გამოაცალა ერთი ნეტარი მამის სიმტკიცემ და რომის მესვეურმა თავისივე სურვილის წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ყალბ შეთანხმებას.
ყურადსაღებია ფლორენციის უნიის შესახებ ფსამარინის სიტყვა: "კრების საზეიმო ვითარება, მონაწილე ეპისკოპოსთა რაოდენობა, უნიის მომხრეთა სიმრავლე და უარმყოფელთა უკიდურესად სუსტი წინააღმდეგობა - ყოველივე ამას თითქოს უნდა გაემართლებინა აბსოლუტური ავტორიტეტის პრეტენზია. მაგრამ ფლორენციის კრებას "აბსოლუტური ავტორიტეტი" არ მიანიჭა მართლმადიდებელმა აღმოსავლეთმა ჯერ წმიდა მარკოზ ეფესელის, ხოლო შემდეგ ეკლესიის მთელი სხეულის, მთელი სისავსის (სისრულის) სახით".
Xareba.net - ის რედაქცია