მოგეხსენებათ, მართლმადიდებელი ეკლესია ყველა დოგმატურ და ადმინისტრაციულ პრობლემას კრების მოწვევით წყვეტს. ასე ხდებოდა ეკლესიის დაარსების დღიდან. წმიდა მოციქულთა კრება ბრძანებს: `ჯერ უჩნდა სულსა წმიდასა და ჩვენცა~ (საქმე 15.28). შემდეგში მოციქულები ყოველთვის ამას გვიბეჯითებდნენ (ფილ. 2.2; 1 პეტრ. 3.8; ეფ. 4.14; 1 კორ.1 და სხვა). Eეკლესიის წყობა იყო და არის კრებითი. სადავო დოგმატური საკითხები რომ წამოიჭრებოდა, ეკლესია მას მსოფლიო კრების საშუალებით აწესრიგებდა. მსოფლიო კრება ზუსტად გამოხატავდა წმიდა წერილისა და ეკლესიის სწავლებას და მისი გადაწყვეტილება მიიჩნეოდა ღვთის ხმად, რომელიც ცვლილებასა და რეგლამენტირებას არ ექვემდებარებოდა. ამიტომ ვამბობთ მართლმადიდებლები, რომ შვიდი მსოფლიო კრება ეკლესიის უცდომლობის გამომხატველია, ხოლო მისი მონაწილე წმიდა მამები სულიწმიდის შთაგონებით მეტყველებენ. წმიდა ათანასე დიდი ბრძანებდა: `ღვთის მოწმობა, განსაზღვრული მსოფლიო კრების მიერ ნიკეაში, უკუნისამდე ჰგიეს~. წმიდა კირილე ალექსანდრიელი პირველი ორი მსოფლიო კრების შესახებ წერდა: `მამები მეტყველებდნენ არა თავისით, არამედ თვით სული ღვთისა და მამისა მეტყველებდა მათი მეშვეობით~. წმიდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობდა: `მამებმა ყოველივე განსაზღვრეს ურთიერთშეთანხმებით, სულიწმიდის შთაგონებით~. ასეთი იყო წმიდა მამათა შეხედულება. არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსის აზრით, `ისინი, ვინც ეჭვობენ, რომ წმიდა მამები მსოფლიო კრებებზე სულიწმიდის შთაგონებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მკრეხელობენ სულიწმიდის წინააღმდეგ.
დავასკვნით, რომ მსოფლიო კრება შედგება ეპისკოპოსებისაგან, რომლებიც მოციქულთა მემკვიდრენი არიან და სულიწმიდის მადლით აღვსილნი ფლობენ ჭეშმარიტებას (ჩჰარისმა ვერიტატის) _ ეკლესიის უცდომელობის საფუძველს. არავის აქვს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს ეს ჭეშმარიტება და, ამავე დროს, მართლმადიდებლად დარჩეს. პირიქით, ასეთი ადამიანი ერესში ვარდება.
მსოფლიო კრება ყოვლადწმიდა სულის იარაღია. ის უდავო ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება, რომელიც ცხონებასა და თავისუფლებას გვანიჭებს~.
მაგრამ იერარქთა და მორწმუნეთა ყოველი შეკრება მსოფლიო კრება როდია, დოგმატური საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილება სწორედ მსოფლიო და არა ადგილობრივ კრებას ჰქონდა. სამწუხაროდ, ეკლესიის ისტორიას ახსოვს მრავალი ისეთი კრება, რომელსაც მსოფლიო კრების პრეტენზია ჰქონდა და . . . მიიღო ნახევრად არიანული სიმბოლო (ანკვირიისა, 358 წ.); კრება, სადაც იმპერატორებმა აღიარეს, პატრიარქებმა კი საჯაროდ გამოაცხადეს ერესი, ხოლო პაპები დაემორჩილნენ ამ მოსაზრებას.*
რატომ იქნა უარყოფილი ეს კრებები? ისინი ხომ მსოფლიო კრებებისგან გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდა? მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები არ აღიარა მთელმა ეკლესიამ, ვით ხმა ეკლესიისა.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, თვით კრებაც კი არ არის დაზღვეული შეცდომებისაგან. ახალმოწამე ა. ნოვოსელოვი ამბობდა: `უცდომელობა არის კუთვნილება არა კრებისა, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიისა, რომელიც ამოწმებს თავის სწავლებას კრებაზე...
ეკლესია არც ერთ კრებას წინასწარ არასოდეს ანიჭებდა მსოფლიო მნიშვნელობას. მას არასოდეს უთქვამს, რომ ესა და ეს სწავლება ჭეშმარიტია, რადგან მსოფლიო კრებამ ასე დაადგინა. ხდებოდა პირიქით _ როდესაც კრება ჭეშმარიტ სწავლებას აღიარებდა, ეკლესია მას მსოფლიო კრების ტიტულს ანიჭებდა. საჭიროების ჟამს ადვილად დავამტკიცებთ, რომ არ არსებობს არანაირი ხილული ნიშანი, რითაც მსოფლიო კრება, როგორც იურიდიული ორგანო, ეპისკოპოსთა სხვა დანარჩენი შეკრებებისაგან განირჩეოდეს...
აღმოსავლეთის პატრიარქთა ცნობილ ეპისტოლეში (1848 წ.) გამოთქმულია აზრი, რომ ეკლესია არ იცავს სარწმუნოებრივ საკითხებში სავალდებულო იერარქიულ ავტორიტეტს. აი, რა განაცხადეს აღმოსავლეთის უმაღლესმა იერარქებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად: `ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია ანუ თვით მორწმუნე ხალხი~.
ჩვენი ძირითადი სათქმელი ის გახლავთ, რომ არ არსებობს ხილული ნიშანი ჭეშმარიტებისა. მაგრამ ამ ძირითად საკითხს სხვა მნიშვნელოვანი კითხვები უკავშირდება. სახელდობრ: თუ ეკლესიაში არ არსებობს ხილული ნიშანი ჭეშმარიტებისა, მაშინ სად და როგორ ვიპოვოთ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში წამოჭრილი რელიგიური პრობლემებისა თუ გაუგებრობების პასუხი? ვინ და როგორ იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას? როგორ მოქმედებდნენ ეკლესიის რჩეული მოღვაწეები სწავლების პროცესში?
მივმართოთ ეკლესიის ისტორიაში ცნობილ მაგალითებს, რაც უთუოდ ნათელყოფს ბევრ საჭოჭმანოსა და გასარკვევს. დავიწყებთ ფლორენციის კრებით...
* - უარყოფილი კრებები: ტიროსის (335 წ.), ანტიოქიის (341 წ.), სელივკიის (359 წ.), კონსტანტინოპოლის (360 წ.), ნიკეის (360 წ.), სირმიის (351, 357-359 წ.წ.), ეფესოს (449 წ.) _ ე.წ. ავაზაკთა კრება და ა.შ