რომაული კათოლიციზმის სულიერმა და ზნეობრივმა დეგრადაციამ სამართლიანი პროტესტი გამოიწვია მრავალ ადამიანში. პაპიზმისაგან განსხვავებით რეფორმატორებმა (ლუთერი, კალვინი და სხვა) აბსოლუტურად საპირისპირო გეზი აიღეს და სხვა უკიდურესობაში გადავარდნენ. მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების ნაცვლად ამ ადამიანებმა კიდევ ერთი რელიგია შექმნეს პროტესტანტიზმის სახით. რეფორმატორებმა საეკლესიო ხელისუფლება საერო მონარქებისა და მმართველობის ხელში ჩააგდეს და საეკლესიო საქმეები სახელმწიფოს დაუქვემდებარეს. ქვეყნის მეთაურს უფლება ეძლეოდა თავისი ქვეშევრდომის რელიგიური მიმართულება აერჩია. მას ჰქონდა სარწმუნოებრივ საკითხებში ჩარევისა და მისი სახეცვლილების ნება. წინასწარ გასაგები იყო, სად მიიყვანდა მათ ასეთი დამოკიდებულება. პროტესტანტიზმი თავის მხრივ უამრავ განშტოებებად დაიყო და კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადადგა რეფორმაციისაკენ. „მე ნათლად ვხედავ, - ამბობდა რეფორმაციის ერთ-ერთი ლიდერი, - სად მიგვიყვანს საეკლესიო წეს-განგებისა და იერარქიის უგულებელყოფა, გაცილებით უფრო დიდ და გაუსაძლის ტირანიამდე, ვიდრე ოდესმე ყოფილა".
მოლოდინი გამართლდა. თუ პაპიზმში მხოლოდ რომის პაპს მიენიჭა უცოდველობის ქარიზმა, პროტესტანტიზმში ფაქტობრივად ყოველ ადამიანს მიეცა წმიდა წერილისა და დოგმატების თვითნებური განმარტებისა და აღქმის უფლება. აქ, შეიძლება ითქვას, ყველა „პაპია", ყველა უცდომელია. შედეგად გაჩნდა უამრავი აღმსარებლობა და სექტა. ყოველივე ამის შეჩერება, მტრული ბანაკების შერიგება, სულიერი სფეროს მართვა, ხელმძღვანელობა: საერო ხელისუფალმა ვერ მოახერხა.
პროტესტანტიზმმა ნელ-ნელა უკუაგდო აზრი ღმერთის, ჭეშმარიტი სწავლების შესახებ და ბუნებრივი ადამიანი აღმოაჩინა. მან კი თავისი გონების, ინტელექტის განდიდებით ღმერთის ადგილი დაიკავა. ადამიანის გონებრივ მონაცემებს პროტესტანტიზმმა გაცილებით მეტი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე რწმენასა და წმიდა გადმოცემას.
ადამიანის გონების „გაღმერთებამ" მისი ყოვლისშემძლეობის რწმენამ, რეფორმაციის შედეგად რელიგიის კრიტიკამდე მიიყვანა პროტესტანტიზმი. სწორედ ამ მოვლენამ დაუდო დასაბამი XIX საუკუნის ისეთ საშინელ იდეოლოგიებს, როგორიცაა დარვინიზმი, მარქსიზმი, ჰუმანიზმი და ა.შ. მათ შესახებ შემდეგ თავში ვისაუბრებთ.
პროტესტანტებმა ფაქტობრივად ღმერთი ადამიანით ჩაანაცვლეს. ამ პროცესების საფუძვლიან ანალიზს მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის ნაშრომში ვეცნობით: „ახლა პროტესტანტები რელიგიას, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ პროდუქტად, ცხოვრების წესად მიიჩნევენ... ისინი ამბობენ: „ჩვენ აღარ ვამტკიცებთ ღმერთის არსებობას და ვმსჯელობთ ადამიანის განვითარებისათვის ღმერთის მნიშვნელობის შესახებ, ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მომავალი ცხოვრების შესახებ, არამედ ვიკვლევთ, თუ როგორი შედეგი აქვს უკვდავების რწმენას ადამიანის ქცევაზე".1
ვხედავთ, რომ რეფორმატორულ წიაღში რელიგია, ღვთის რწმენა აღარ არის მსჯელობის საგანი. XIX საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნე და ფილოსოფოსი რენე გენონი ამბობს: „პროტესტანტიზმი თავშივე ალოგიკურია: ის მიილტვის რელიგიის „გაადამიანურებისაკენ", ამავე დროს (მართალია მხოლოდ თეორიულად), უშვებს რაღაც „ზეადამიანურსაც". ღვთაებრივი გამოცახდების ადამიანურ განმარტებას რომ შეუდგა, პროტესტანტიზმმა უარყო იგი... შემდეგ, ყველაფრისადმი უარყოფის სულით გამსჭვალულმა, შვა დამღუპველი კრიტიკანობა, რომელიც ე.წ. რელიგიის ისტორიკოსების ხელში მძლავრი საშუალება გახდა საერთოდ რელიგიის წინააღმდეგ. ისინი მხოლოდ სიტყვიერად ანიჭებენ წმიდა წერილს მთავარ როლს და არ აღიარებენ არანაირ სხვა ავტორიტეტს; სინამდვილეში რელიგიის ისტორიკოსები უარყოფენ თვით წმიდა წერილს და იმ სწავლებას, რომლის მიმდევრადაც წარმოაჩენენ საკუთარ თავს".2
პროტესტანტები ეძებენ არგუმენტირებულ მტკიცებულებას და არა რწმენას, რომელიც მეცნიერებასთან კავშირში ესახებათ. ბიბლიის კრიტიკის ამგვარი მიმართულების გამო თავად პროტესტანტი თეოლოგები ძლიერმა პანიკამ მოიცვა. პასტორი ი. შლეირმახერი თავის მოწაფეს ლიუკეს წერდა: „თუ დავაკვირდებით თანამედროვე ბუნებათმცოდნეობის განვითარებას, რამდენად მოიცვა მან თავისი „მეცნიერული" მიდგომით ჩვენი სარწმუნოება, საშიში წინათგრძნობა მეუფლება ქრისტიანობის ხვედრის შესახებ, ვფიქრობ მრავალ შეხედულებაზე, რომელსაც ქრისტიანობის განუყოფელ ნაწილად მივიჩნევდით, უარის თქმა მოგვიწევს... ჩვენი სახარებისეული სასწაულები, არაფერს ვამბობ ძველი აღთქმის სასწაულებზე, ადრე თუ გვიან დაეცემა „მეცნიერული გამონათქვამებით". რა მოხდება მაშინ?.."3
ამრიგად, პროტესტანტიზმი ადამიანის გონებრივი ინტელექტის გაღმერთებით, რელიგიის გამეცნიერებით, წმიდა წერილის გადმოცემისა და ეკლესიის არსის, ღვთაებრივი იერარქიის უგულებელყოფით შეგნებულად თუ შეუგნებლად, ქრისტეში ქმნილ ბუნებას აღიარებს. მართლაც, თუ ეკლესიის წყობას ღვთაებრივი იერარქია არ გააჩნია, ბუნებრივად ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების დაკნინება ხდება, ვინაიდან უბრალო ადამიანს არ შეუძლია ღვთაებრივის შექმნა. პროტესტანტული ლოგიკის თანახმად, ეკლესიის იერარქია ადამიანური დადგენილებაა, ამდენად მისი შეცვლაც და უარყოფაც იოლად შეიძლება.
ამგვარი მსოფლმხედველობის დამკვიდრებით პროტესტანტიზმმა, ერთი მხრივ, ათეიზმს და სხვა უღმერთო იდეოლოგიებს, მეორე მხრივ, სექტანტობას მისცა ფართო გასაქანი.
1ს.როუზი „წიგნი შესაქმისა" 2008 წ. გვ. 886.
2С.Роуз. „Не от мира сего" გვ. 64.
3„Плоды экуменичесного древа" Т 32. გვ. 67.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე