როგორც ამბობ, მრავალი წლის მანძილზე ერთ ბატონს ემსახურებოდი. დღე არ ჩაივლიდა, რომ არ გეფიქრა მასზე, მის სურვილზე, ბრძანებასა თუ განზრახვაზე. ბატონი კი მოკვდავი იყო და მიიცვალა.
მაგრამ არსებობს ერთი მბრძანებელი, ერთი ბატონი, რომელიც უკვდავია; ის ვინც მეუფებდა შენს ბატონსა თუ ამა სოფლის ყველა მეფესა და თავადზე. იგი უფალი - ღმერთია, ცისა და მიწის შემოქმედი და ყოვლისმპყრობელი.
განა სრულიად ბუნებრივი და გასაგები არ იქნებოდა, რომ კაცნი, ქვეშევრდომნი მეუფეთა მეუფისა, ყოველ ცისმარე დღეს მასზე ფიქრობდნენ, მის ნებას შეიცნობდნენ, მის მცნებებს იმოწმებდნენ, მის ზრახვებს წვდებოდნენ?
სწორედ ის, რაც სრულიად გასაგები და ბუნებრივია, ბევრმა უკუაგდო და მხოლოდ საკუთარ ნებას, საკუთარ წესსა და კანონებს მისდია, ამის შედეგი დღეს აშკარაა: შფოთი, არეულობა, სასოწარკვეთილება, ხალხი მორევში და მორევი ხალხის გულში. ამას თვითონაც ხედავ და გაოცებით მეკითხები: რა გავაკეთოთ, რომ უკეთ ვიცხოვროთ? მე არ გიპასუხებ, პასუხს ერთ წმიდა კაცს დავუთმობ.
არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოვარდა მტრობა ხალხებს შორის ძველ ეგვიპტეში, დღევანდელი მსოფლიო ვითარების მსგავსად. მაშინ ამით სასოწარკვეთილმა ორმა მეგობარმა ალექსანდრიიდან წასვლა და ქვეყნიერების შემოვლა გადაწყვიტა თუნდაც ერთი ბრძენი და ბედნიერი ადამიანის საპოვნელად.
ხანგრძლივი და უნაყოფო ძებნის შემდეგ მივარდნილ ტყეში ერთ წმიდა კაცს წააწყდნენ. მან უმორჩილესი სალმითა და სიხარულით მიიღო ისინი თავის ქოხში. ხანგრძლივი საუბრისა და გამოკითხვის შემდეგ მგზავრები დარწმუნდნენ, რომ ჭეშმარიტად იპოვეს კაცი, რომელშიც შერწყმულია სიბრძნე და ბედნიერება და უთხრეს მას:
- ღვთიურო ადამიანო, ჩვენ არ შეგვიძლია შენებრ ვიცხოვროთ. მაშ, რა გავაკეთოთ, რომ ბედნიერები ვიყოთ? აცრემლდა ღვთის გლახა და ცისკენ თვალაპყრობილმა ტირილით მიუგო:
- საჭირო არ არის ისე იცხოვროთ, როგორც მე ვცხოვრობ, მაგრამ იმისათვის, რომ ბედნიერები იყოთ, როგორც შეძლებთ, ეს წესები დაიცავით:
1.იმდენი მაინც იფიქრეთ ღმერთზე, რამდენსაც ადამიანებზე ფიქრობთ.
2.ისე მაინც გეშინოდეთ ღმრთისა, როგორც ადამიანების გეშინიათ.
3.იმდენი მაინც ევედრეთ უფალს, რამდენსაც ადამიანებს ევედრებით.
4.ისეთი იმედი მაინც გქონდეთ ღმერთის, როგორიც ადამიანებისა გაქვთ.
5.ისე მაინც ეძიეთ ხსნა უფალთან, როგორც მას ადამიანებთან ეძიებთ.
6.იმდენად მაინც დაიცავით ღვთიური კანონები, რამდენადაც ადამიანურ კანონებს იცავთ.
7.ისე მაინც მადლობდეთ უფალს, როგორც ადამიანებს უმადლით.
8.იმდენად მაინც ადიდეთ უფალი, რამდენადაც ადამიანებს ადიდებთ.
ცხოვრებისა და ქცევის ანბანური წესის მოსმენით კმაყოფილი ორი მეგობარი შინ დაბრუნდა. ესეც პასუხი, კეთილო კაცო, შენ კი იგივე სხვასაც ასწავლე. მე შემიძლია მხოლოდ დავამატო: ამ ანბანის შესწავლის გარეშე უფრო რთულ წიგნზე გადასვლას ვერსად, ვერავინ შეძლებს.
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)