მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > კაცს, რომელიც მეკითხება: რა გავაკეთოთ, რომ უკეთ ვიცხოვროთ?

კაცს, რომელიც მეკითხება: რა გავაკეთოთ, რომ უკეთ ვიცხოვროთ?


27-08-2013, 00:14
კაცს, რომელიც მეკითხება: რა გავაკეთოთ, რომ უკეთ ვიცხოვროთ?
   როგორც ამბობ, მრავალი წლის მან­ძილზე ერთ ბატონს ემსახურებოდი. დღე არ ჩაივლიდა, რომ არ გეფიქრა მასზე, მის სურვილზე, ბრძანებასა თუ განზრახვაზე. ბატონი კი მოკვდავი იყო და მიიცვალა.
   მაგრამ არსებობს ერთი მბრძა­ნე­ბელი, ერთი ბატონი, რომელიც უკვდა­ვია; ის ვინც მეუფებდა შენს ბატონსა თუ ამა სოფლის ყველა მეფესა და თავადზე. იგი უფალი - ღმერთია, ცისა და მიწის შემოქმედი და ყოვლისმპყრობელი.
   განა სრულიად ბუნებრივი და გასა­გები არ იქნებოდა, რომ კაცნი, ქვე­შევრ­დომნი მეუფეთა მეუფისა, ყოველ ცისმარე დღეს მასზე ფიქრობდნენ, მის ნებას შეიცნობდნენ, მის მცნებებს იმოწმებდნენ, მის ზრახვებს წვდებოდნენ?
   სწორედ ის, რაც სრულიად გასაგები და ბუნებრივია, ბევრმა უკუაგდო და მხოლოდ საკუთარ ნებას, საკუთარ წესსა და კანონებს მისდია, ამის შე­დეგი დღეს აშკარაა: შფოთი, არეულობა, სასოწარკვეთილება, ხალხი მორევში და მორევი ხალხის გულში. ამას თვითონაც ხედავ და გაოცებით მეკითხები: რა გავაკეთოთ, რომ უკეთ ვიცხოვროთ? მე არ გიპასუხებ, პასუხს ერთ წმიდა კაცს დავუთმობ.
   არსებობს გადმოცემა იმის შესა­ხებ, თუ როგორ ჩამოვარდა მტრობა ხალხებს შორის ძველ ეგვიპტეში, დღე­ვანდელი მსოფლიო ვითარების მსგავ­სად. მაშინ ამით სასოწარკვეთილმა ორ­მა მეგობარმა ალექსანდრიიდან წასვლა და ქვეყნიერების შემოვლა გადაწყვიტა თუნდაც ერთი ბრძენი და ბედნიერი ადამიანის საპოვნელად.
   ხანგრძლივი და უნაყოფო ძებნის შემ­დეგ მივარდნილ ტყეში ერთ წმიდა კაცს წააწყდნენ. მან უმორჩილესი სალმითა და სიხარულით მიიღო ისინი თავის ქოხში. ხანგრძლივი საუბრისა და გამოკითხვის შემდეგ მგზავრები დარწმუნდნენ, რომ ჭეშმარიტად იპოვეს კაცი, რომელშიც შერწყმულია სიბრძნე და ბედნიერება და უთხრეს მას:
   - ღვთიურო ადამიანო, ჩვენ არ შეგვიძ­ლია შენებრ ვიცხოვროთ. მაშ, რა გავაკეთოთ, რომ ბედნიერები ვიყოთ? აცრემლდა ღვთის გლახა და ცისკენ თვალაპყრობილმა ტირილით მიუგო:
   - საჭირო არ არის ისე იცხოვროთ, როგორც მე ვცხოვრობ, მაგრამ იმი­სათვის, რომ ბედნიერები იყოთ, როგორც შეძლებთ, ეს წესები დაიცავით:
1.იმდენი მაინც იფიქრეთ ღმერ­თ­ზე, რამდენსაც ადამიანებზე ფიქრობთ.
2.ისე მაინც გეშინოდეთ ღმრ­თისა, როგორც ადამიანების გეშინიათ.
3.იმდენი მაინც ევედრეთ უფალს, რამდენსაც ადამიანებს ევედრებით.
4.ისეთი იმედი მაინც გქონდეთ ღმერ­თის, როგორიც ადამიანებისა გაქვთ.
5.ისე მაინც ეძიეთ ხსნა უფალ­თან, როგორც მას ადამიანებ­თან ეძიებთ.
6.იმდენად მაინც დაიცავით ღვთიური კანონები, რამდენადაც ადამიანურ კანონებს იცავთ.
7.ისე მაინც მადლობდეთ უფალს, როგორც ადამიანებს უმადლით.
8.იმდენად მაინც ადიდეთ უფა­ლი, რამდენადაც ადამიანებს ადიდებთ.
   ცხოვრებისა და ქცევის ანბანური წესის მოსმენით კმაყოფილი ორი მეგობარი შინ დაბრუნდა. ესეც პასუხი, კეთილო კაცო, შენ კი იგივე სხვასაც ასწავლე. მე  შემიძლია მხოლოდ დავამატო: ამ ანბანის შესწავლის გარეშე უფრო რთულ წიგნზე გადასვლას ვერსად, ვერავინ შეძლებს.
 
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)


უკან დაბრუნება