ამბავი წმინდა მამისა ჩვენისა ბასილი დიდისა, ვინც ლოცვით იხსნა ეშმაკთაგან მოხიბლული ჭაბუკი
წმინდანთა ცხოვრებათა აღწერებში ზოგჯერ საოცარ, საზარელ, გამაოგნებელ ამბებთან შეყრა გვიწევს. რათა დაგარწმუნოთ ჩვენგან თქმულის ჭეშმარიტებაში, დღეს მოგითხრობთ ერთ ამგვარ ამბავს წმინდა ბასილის ცხოვრებიდან:
ცარგრადში ცხოვრობდა ერთი თავადი, ვისაც ერთადერთი ასული ესვა და სურდა, ღვთისთვის შეეწირა იგი. ეშმაკმა ვერ აიტანა თავა-დის ამგვარი გადაწყვეტილება და ერთ - ერთ მსახურს დაუძლეველი ვნება ჩაუსახა ასულის მიმართ. ჭაბუკს სურდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ცოლად შეერთო ქალი და დახმარებისთვის ერთ მჩხიბავს მიმართა. ამან ჭაბუკი - მსახური სატანას წარუყენა, რომელმაც ჰკითხა მისულს:
- გწამს ჩემი?
- მწამს, - მიუგო ჭაბუკმა.
- ჰო, თქვენ ყველას გწამთ ჩემი, როდესაც დახმარებას მოელით, - განაგრძობდა სატანა, - ხოლო როდესაც დაგეხმარებით, კვლავ თქვენი ქრისტესკენ გარბიხართ. დამიწერე საკუთარი ხელით, რომ სამუ-დამოდ განუდგები ქრისტეს, და მაშინ აგისრულებ, რასაც მთხოვ.
ჭაბუკმა დააკმაყოფილა სატანას მოთხოვნა და სატანამაც აუსრულა მას სურვილი. დემონთან ცდუნებული ასულიც დაუძლეველი ვნებით განიმსჭვალა საკუთარი მამის მსახურის მიმართ და შეევედრა მამას, ცოლად გაეტანებინა ამ ჭაბუკისათვის. ბევრს უარობდა მამა, ბევრს ტიროდა, ევერდებოდა ასულს, გადაწყვეტილება შეეცვალა, მაგრამ ასული არ ტყდებოდა და განუცხადა მამას, რომ თავს მოიკლავდა, თუკი მსახურის ცოლი არ გახდებოდა. მაშინ დათმო მამამ შვილი და მსახურს გააყოლა ცოლად. თავდაპირველად ყველაფერი რიგზე იყო. შემდეგ კი მეზობლებმა შენიშნეს, რომ ჭაბუკი პირჯვარს არ ისახავდა, არ დადიოდა ეკლესიაში და არ იღებდა წმინდა ზიარებას. მათ ამის შესახებ თავადის ასულს მოახსენეს, და მის თვალწინ წარმოუდგა საკუთარი მდგომარეობის მთელი სივალალე. მაგრამ, საბედნიეროდ, პირველი სასოწარკვეთილების შემდეგ მალევე მოეგო გონს. ქალმა ქმარი წმინდა ბასილთან მიიყვანა. ჭაბუკმა აღიარა ყველაფერი, რაც ჩაედინა, და შეინანა თავისი საქციელი. მაშინ წმინდა ბასილიმ ერთ - ერთ სენაკში განამარტოვა იგი და ლოცვა და მარხვა დააკისრა, თან თავადაც ლოცვად დადგა მისთვის. გავიდა რამდენიმე დღე. წმინდა ბასილი მივიდა ჭაბუკთან და ჰკითხა:
- თავს როგორ გრძნობ, შვილო ჩემო?
- უდიდეს ჭირში ვარ, მამაო, - მიუგო ჭაბუკმა, - ავსულები წუთითაც არ მასვენებენ.
- ნუ შეშინდები, შვილო, გწამდეს მხოლოდ, - უთხრა წმინდანმა, პირჯვარი გადასახა და დატოვა. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ინახულა და ჰკითხა:
- როგორ გრძნობ თავს?
- არა მიშავს, მამაო, - უპასუხა ჭაბუკმა, - ახლა შორიდანღა მესმის ავსულთა წივილ - კივილი. თავად მე კი აღარ მტანჯავენ. წმინდა ბასილი კვლავ მივიდა მასთან და კვლავ ჰკითხა:
- აბა, ახლა როგორღა გრძნობ თავს, ძმაო?
- ახლა, მადლი უფალს, მამაო: გასულ ღამით ვიხილე თავი ეშმასთან მებრძოლი და გამარჯვებული.
შემდგომ ამისა მღვდელმთავარმა შეკრიბა ეკლესიის ყველა მსახუ-რი, აგრეთვე სხვა მრავალი ქრისტიანიც, და მათთან ერთად მთელი ღამე ჭაბუკისათვის ლოცვაში გაატარა. მეორე დღეს ფსალმუნთა გალობით შემოიყვანა ჭაბუკი ეკლესიაში. მაშინ ეშმაკი საზარელი ძალით დაესხა თავს ჭაბუკს, როს გამოც იგი ყვირილს მოჰყვა:
- წმინდაო უფლისაო, დამიხსენი!
ბასილიმ ეშმაკს მიმართა:
- ნუთუ შენთვის საკმარისი არაა, რომ თავად იღუპები? სხვებს რისთვისღა სტანჯავ? ეშმაკმა კი მიუგო:
- რად მამტყუნებ? მე კი არ მივსულვარ მასთან, თავად მოვიდა ჩემთან, და მის წერილს, რომელიც ხელთა მაქვს, სამსჯავროზე წარვუდგენ ყოველთა მსაჯულს.
მაშინ მღვდელმთავარმა თქვა:
- კურთხეულია უფალი ღმერთი ჩემი! არ დაუშვებენ ეს ადამიანები ზეცისკენ აპყრობილ ხელებს მანამ, ვიდრე ჭაბუკის ხელწერილს არ დამიბრუნებ. - შემდეგ კი მიუბრუნდა ხალხს და შესძახა:
- ხელნი აღაპყარით ზეცისკენ და ცრემლით იღაღადეთ: უფალო შეგვიწყალე!
და ყველანი ლოცვად დადგნენ ცადაპყრობილი ხელებით. ლოც-ვისას, ყველას გასაოცრად, ჭაბუკის ხელწერილი გუმბათიდან ჩამოფრიალდა და წმინდანმა ხელთ იპყრო იგი. ყველანი დიდი სიხარულით აღივსნენ, ადიდეს და ქება უძღვნეს უფალს. ხოლო ბასილიმ ჭაბუკს ხელწერილი აჩვენა და ჰკითხა:
- იცი, ძმაო, ვისია ეს ხელწერილი?
- ჩემი ხელითაა იგი დაწერილი, - მიუგო ჭაბუკმა.
შემდეგ მღვდელმთავარმა ყველას თვალწინ ნაკუწებად აქცია ხელ-წერილი, შეიყვანა ჭაბუკი ეკლესიაში და წმინდა საიდუმლოებას აზიარა. შემდგომ ამისა ჭაბუკი და მისი ცოლი ეკლესიიდან გამოვიდნენ, თან ხმამაღლა ადიდებდნენ უფალს.
ამ ამბის მოსმენის შემდეგ, ძმანო, ცხადია, დამეთანხმებით, რომ წმინდანთა ცხოვრების აღწერაში ჭეშმარიტად ვაწყდებით საოცარ, საზარელ, გამაოგნებელ და ამავე დროს, დამმოძღვრავ ამბებს. დიახ, უჩვეულოა ეს ამბავი, რადგანაც გვიჩვენებს, ადამიანურ ბუნებაში თუ რაოდენ ღრმად გაუდგამს ფესვი ცოდვას; საზარელია იმ შედეგთა გამო, რასაც ცოდვილი ადამიანი იღებს; გამაოგნებელია ეშმაკის სითავხედე და მის ხრიკთა ძალა; და ბოლოს, დამმოძღრავია იმ მხრივ, რომ გვაჩვენებს: არ არსებობს ცოდვა, ღვთის გულმოწყალებას რომ აღემატებოდეს, რომ უფლის გულმოწყალება განუზომელია გულწრფელად მონანიეთათვის და რომ მართლის ლოცვას უდიდესი ძალა გააჩნია ღვთის თვალში. გულში დავიმარხოთ ყოველივე ეს, ძმანო, და ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ აქ, მიწაზე, ჩვენ ბრძოლად გასული მეომრები ვართ, რომ განუწყვეტლივ უნდა ვებრძოლოთ ხორცს, სოფელსა და ეშმაკს, და რომ ჩვენი ხსნის მტერთათვის მუდამ გამზადებულიუნდა გვქონდეს ის სულიერი იარაღი, რომელზედაც უფლის სიტყვა მიგვითითებს. ამინ.