ჩვენი შეძლებისამებრ, წმ. წერილზე, წმ. მამათა და თანამედროვე ღვთისმეტყველთა ნაშრომებზე დაყრდნობით, ვიტყვით:
1. ცდება ორიგენე, როცა ამბობს: „ბოროტება (ცოდვა) არ იარსებებს". ამ მოსაზრებას იგი ასაბუთებს იმით, რომ ბოროტება არ არის სუბსტანციური. მაგრამ წმიდა მამათა აზრით, ბოროტება არა თუ „არ იარსებებს", არამედ არსობრივად არც არსებობს. წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის: „ცოდვის საწყისი არა ბუნებაში, არამედ სულიერ განწყობილებასა და თავისუფალ ნებაშია". წმ. ბასილი დიდი წერს: „ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა". ვლადიმერ ლოსკის აზრით „ბოროტება არ არის ბუნება, არამედ ბუნების მდგომარეობაა"1. ამდენად ბოროტება შეიძლება არსებობდეს ქმნილ სამყაროში მხოლოდ იქ, სადაც თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაა. პიროვნებას ნამდვილად შეუძლია აირჩიოს არა მარტო სიკეთე, არამედ ბოროტებაც. უზუსტესად განმარტა არქიმანდრიტმა რაფაელმა: „ორიგენიზმი სინამდვილეში ცოდვის ფარული რეაბილიტაციაა სიყვარულზე ფრაზებით დეკლარილებული".2
2. ორიგენემ დაამახინჯა მართლმადიდებლური სწავლება მარადისობის შესახებ, როდესაც მარადიულობა დაუსრულებელი ციკლებით დასერა თუ ააჭრელა. ამით მან ფაქტობრივად უარყო ისტორიის შინაარსი, წმიდა წერილი, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს, საშინელ სამსჯავროსა და მარადიულ ცხონებას გვასწავლის. შედეგად ისტორიულ პროცესსაც ყოველგვარი აზრი ეკარგება ორიგენეს რელიგიური სისტემის ამ ნაწილის მიხედვით.
წმიდა წერილში არა ერთგზის ან ორგზის, არამედ ათგზის მაინც არის არაორაზროვნად ნათქვამი; „ვინაიცა - იგი წინა - უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად საშჯელი" (ებრ. 9. 27), ანუ: ყველანი, ადრე თუ გვიან, ხორციელად მოვკვდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს დასასრულს, მას საშინელი სამსჯავრო მოჰყვება. პავლე მოციქულის თქმით: „რამეთუ ჩვენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად - კაცადმან ხორცთა ამათგან, რაჲთა - იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი". (2 კორ. 5, 10). თავად მაცხოვარი გვაუწყებს ამ უდავო ჭეშმარიტებას: „ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისა, და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხორებისათა, ხოლო ბოროტის - მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა". (იონ. 5. 28-29). მათე მახარებელიც ბრძანებს: „და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯვენით მისა და თიკანნი - მარცხენით". (მათ. 25. 33). ასეთი აზრი არა ერთგზისაა გამოთქმული წმიდა წერილში.
3. „აპოკატასტასისის" მქადაგებელთა აზრით, „სიყვარულის ღმერთი" არ შეიძლება მარად ტანჯავდეს. აქ ჯერ სიყვარულის სახარებისეული აზრი უნდა განიმარტოს. თანამედროვე ლიბერალები ერთხმად გაიძახიან: „უნდა გვიყვარდეს ღმერთი და არ უნდა გვეშინოდეს მისი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია". ისინი იაზრებენ ან შეგნებულად უგულებელყოფენ იმ რეალობას, რომ ვნებებს დამონებულ ადამიანს უყვარს თავისი ცოდვა და არა ღმერთი. ქრისტიანობა მართლაც სიყვარულის რელიგიაა, მაგრამ ამ ქრის-ტიანულ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ცრემლიან - სენტიმენტალურ მიწიერ სიყვარულთან, როგორც ამსოფლიური სულით ავსებულ ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია. ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი სიყვარულის რელიგია, რომელიც განუყოფლადაა დაკავშირებული ქრისტეს სწავლების ღვთაებრივ ჭეშმარიტებასთან.
აი ამიტომ გვმოძღვრავს „სიყვარულის მოციქული": „ნუ გიყვარნ სოფელი ესე, ნუცა - ღა რა არს სოფლისა ამის", და კიდევ: „უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისა მის თანა". (1 იონ. 2. 15).
არანაკლები შემართებით გვეუბნება იაკობ მოციქული: „მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისა ამის მტერობა არს ღმრთისა? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგეს" (იაკ. 4. 4).
როგორც ხედავთ, ქრისტიანული სიყვარული არ შეიძლება განურჩევლად ყველასა და ყველაფერზე გავრცელდეს.
„ღმერთი არ შეიძლება მარად ტანჯავდეს", - ამბობენ ლიბერალები. ასეთი მიდგომა უფრო სამოქალაქო სამართლებრივ მიდგომას ჰგავს, ვიდრე მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას. ცოდვილების მარადიული სატანჯველი ღვთის რისხვის მანიშნებელი კი არ არის, არამედ ცოდვის შედეგი. ადამიანის თავისუფალი არჩევანი განაპირობებს მის საბოლოო ხვედრს. ცოდვის ჩადენით ირღვევა ღვთის მიერ დადგენილი ცხოვრების ნორმები; შედეგად ადამიანი საკუთარ თავში წარმოშობს ამ ტანჯვას.
„ჯოჯოხეთი ტრაგიკული რეალობაა, რომელშიც აღმოჩნდებიან უწმინდური და უნანელი ცოდვილები. ისინი უარყოფენ მაცხოვარს და არ ღებულობენ მისგან ცხონებისა და გამოსყიდვის ნიჭებს", - ამბობს ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველი ნ. საკოსი. საკითხის აქტუალობის გამო განვაგრძობთ ციტატას: „ის აზრი, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც ითხოვს ცოდვილების დასჯას, ვერ პოულობს დასაყრდენს წმიდა წერილში. ბიბლიის თანახმად, ჯოჯოხეთი არ არის ქმნილება ღვთისა, ვინაიდან: ჩვენ ვსაუბრობთ ნათელის და არა ბნელის შექმნაზე, ვინაიდან სიბნელეს არა აქვს არსი, ის სინათლის ნაკლებობაა. ასევე ადგილს, სადაც არ არის ღვთის მადლი, სადაც არ მკვიდრობს ღმერთი, ჯოჯოხეთი ეწოდება.
ამრიგად, ღმერთს არ შეუქმნია ჯოჯოხეთი, მით უფრო ვერ ვიტყვით, ჯოჯოხეთი ადამიანებისთვის შეიქმნაო. ის თავისთვის ამოირჩია ეშმაკმა, როდესაც წინა აღუდგა ღმერთს და ანგელოზისაგან ეშმაკად გადაიქცა. ჯოჯოხეთის არსებობა არის შედეგი ღვთისგან ეშმაკის განშორებისა, შემდეგ ეშმაკისათვის ადამიანთა მიბაძვა - მიმსგავსებისა. ამიტომ ბრძანებს მაცხოვარი: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათ. 25. 41). ადამიანებმა, რომლებმაც ღმერთთან კავშირი გაწყვიტეს და ეშმაკს შეეკრნენ, თავად გაწირეს თავი ჯოჯოხეთისათვის. ღმერთს რომ ისინი სამოთხეში დაეტოვებინა, ეს უფრო მტანჯველი იქნებოდა მათთვის, ვინაიდან ისინი ვერ უძლებენ ღვთის სიახლოვეს".3
ლიბერალებს არ უყვართ ჯოჯოხეთზე საუბარი, არც ჩვენ გვიყვარს, მაგრამ ეს რეალობაა. წმიდა წერილი მრავალგზის მიგვითითებს, მრავალგზის გვიდასტურებს ჯოჯოხეთის რეალობას.
პეტრე მოციქული ამბობს: „რომელთა საშჯელი პირველთაგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულის" (2 პეტ. 2. 3). პავლე მოციქული იტყვის: „რომელთა იგი საშჯელი მოეხადოს, მომსვრელი საუკუნო, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა" (2 თეს. 1. 9). მათე მახარებელი „უდიდეს მწუხარებაზე" (მათ. 24. 24), „მომავალ სამსჯავროზე" (მათ. 3. 7), „მარადიულ სატანჯველზე" (მათ. 25. 46), „მარადიულ ცეცხლზე" (მათ. 9. 42) საუბრობს. საჭიროა კი მეტი ჩამონათვალი?!
4. აპოკატასტასისის თანამედროვე ვერსიის თანახმად, „ჯოჯოხეთში არსებობს ნათლობა". ამ ვერსიის გასაბათილებლად არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) სტატიას მოვიშველიებთ, რომელშიც მხილებულია ბ - ნ ოსიპოვის ცრუსწავლება.
„ბ - მა ოსიპოვმა საეკლესიო გადმოცემა გულუბრყვილო და დრომოჭმულ წარმოდგენად ჩათვალა და საკუთარი ექსტრავაგანტული თეორია წამოაყენა - „რომ ჯოჯოხეთში არსებობს კატეხიზმოს შემსწავლელი სკოლები, სადაც ასწავლიან..., რომ ჯოჯოხეთში სულს არა დემონები, არამედ ქრისტე ეგებება... ნუთუ წმინდა მამებისთვის არ გაცხადდა ის, რაც გაცხადდა ბ - ნი ოსიპოვისთვის? ან რად გაცხადდა მათთვის ოსიპოვის მიერ თქმულის საპირისპირო, სახელდობრ: ადამიანის სული სიკეთეს ან ბოროტებას სიცოცხლეშივე ირჩევს, სიკვდილის შემდეგ კი კარგავს არჩევანის უნარს. თუკი ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი სიკვდილის შემდეგაც განაწესოს, მაშინ რაშია მიწიერი ცხოვრების, როგორც მარადისობისთვის მზადების ამოცანა?... მაშ რაღას ნიშნავს წმინდა წერილის სიტყვები და მთელი ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანი რწმენით ცხონდება? ნუთუ ბ - ნი ოსიპოვი მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობას უგულებელჰყოფს და ფიქრობს, რომ ყველას შეუძლია ცხონება ჯოჯოხეთში?... ბ - ნი ოსიპოვის კონცეფცია რომ დავიჯეროთ და სულის ამქვეყნიური მოგზაურობის შესახებ სწავლება „ბერების ზღაპრებად" არ გამოვაცხადოთ, მაშინ სულის მოსახსენებელი მსახურება ხელახლა უნდა შეიქმნას, მასში იქნება თხოვნა ქრისტესა და მოციქულებისადმი, რათა ჯოჯოხეთში სულები მონათლონ. გარდა ამისა, თუკი წარმართების, უცხო აღმსარებლებისა და ერეტიკოსების სიკვდილის შემდგომ მოქცევა შესაძლებელია, მაშინ საეკლესიო წესებში სასწრაფოდ უნდა შევიდეს მოსახსენებელი ლოცვები, რათა ათეისტებმა, წარმართებმა, იუდეველებმა და მაჰმადიანებმა ჯოჯოხეთში ქრისტე აღიარონ. საერთოდ, ეს იგივე ძველი სწავლებაა აპოკატასტასისისა, რომელიც V მსოფლიო კრებაზე უარყო ეკლესიამ და ანათემას გადასცა, დიახ, იგივეა, მაგრამ სხვა ვარიანტით (ნიშანდობლივია, რომ მოდერნისტები ცდილობენ ორიგენეს რეაბილიტაციას და იმის დამტკიცებას, რომ ის თავის ცრუ სწავლებასთან ერთად ანათემაზე გადაცემული არ ყოფილა)"...
„ბ - ნი ოსიპოვი ცოდვილების მიმართ მეტად გულკეთილია, მაგრამ მაინც ნუ დაავიწყდება, რომ ჯოჯოხეთი - ეს სასტუმრო არ არის, რომელშიც ღამენათევ სულსაც შეუძლია ზეციურ სავანეებში მოგზაურობის გაგრძელება".4
ირონიას არქიმანდრიტი რაფაელი ორიგენიზმის მიმდევართა მიმართ არც სხვა წერილებში იშურებს და ამბობს: „მოდერნისტებს სურთ ორიგენეს საქმეზე კასაცია რომელიმე იდუმალ სასამართლოში შეიტანონ - უფრო აღმატებულში, ვიდრე მსოფლიო კრებაა... ალბათ, ახლო მომავალში, დადგება დრო, როდესაც მოდერნისტები ორიგენეს რეაბილიტაციისა და „წმინდანად შერაცხვის" შემდეგ, შექმნიან აპოკატასტასისის „ხატს", სადაც სატანა ანგელოზების გვერდით პირველ რიგში, ხოლო იუდა მოციქულებთან ერთად გამოისახება. თუმცა, ორიგენეს თანახმად, ძნელად განვარჩევთ სულებს ერთმანეთისაგან, ვინაიდან ისინი ოვალური ფორმით აღდგებიან".5
1Вл. Лосский. Догматическое Богословие. გვ. 161.
2Karelin-r.ru.
3Рай и Ад. Н. Саккос. М 2008. გვ. 51-52.
4არქ. რაფაელი (კარელინი). რისთვის გვითმენს უფალი. თბ. 2006. გვ. 83-92.
5Karelin-r.ru. Об Оригене.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ