წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი იყო. იგი, იუდას ტომის ჩამომავალი იყო. იგი, იუდას ტომის ჩამომავალი იყო, ბეთლემელი იესეს უმცროსი ძე - სიჭაბუკეში მამამისის ფარას მწყემსავდა. როცა მეფე საულმა ხელი აიღო ღვთის მცნებათა აღსრულებაზე, გულთამხილავმა უფალმა დავითი გამოარჩია სამეფოდ და წინასწარმეტყველი სამოელის ხელით სცხო მას „ზეთითა ცხებულისა მისისაჲთა".
წმიდა დავითი იყო „კაცი... გულისხმისმყოფელი, მჴნე ბრძოლასა, სრულ ძალითა და ბრძენ სიტყჳთა და კეთილ საქმითა" (I მეფ. 16, 18). ფილისტიმელთა თავდასხმის დროსაც უფალი შეეწია ნეტარს და შურდულით ადვილად დაამარცხა აბჯარასხმული გოლიათი, რამაც ბრძოლის ბედი ისრაელელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამის შემდეგ ხალხმა ძალიან შეიყვარა წმიდანი. ამან საული შურით აღავსო, მან დავითისადმი მტრობა ჩაიდო გულში და იმ დროიდან მოყოლებული მრავალი განსაცდელი დაატეხა თავს ნეტარს. უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა ყოველივეს - მას ორჯერ შეეძლო მოეკლა დაუძინებელი მტერი, მაგრამ ხელი არ აღემართა მასზე: „არა მივყო ჴელი ჩემი უფალსა ჩემსა ზედა, რამეთუ ცხებული უფლისაჲ არს ესე" (I მეფ. 24, 11). საულისა და მისი ძის დაღუპვის შემდეგ დავითი ისრაელის სამხრეთ ნაწილის მეფედ დაადგინეს. მას შემდეგ კი, რაც საულის მეორე ვაჟი მოკლეს, იგი მთელი სამეფოს მმართველი გახდა. წმიდანმა ააშენა ახალი დედაქალაქი - იერუსალიმი („სახლი მშვიდობისა"), აქ ახალი სკინია მოაწყო და მოსეს ძველი კარვიდან დიდი ზეიმით გადაიტანა მასში სჯულის კიდობანი. თავად სურდა, მოძრავი კარვის ნაცვლად ტაძარი აეგო და უფლისათვის, მაგრამ ზეგარდამო ეუწყა, რომ ამ სურვილის აღსრულება მას არ ეწერა - იგი მის ძეს უნდა განეხორციელებინა.
ბოლოს წმიდა დავითის ღვთივსათნო ცხოვრებაც დააბნელა მძიმე შეცოდებამ: მან ერთი ჰურიის პირმშვენიერი მეუღლე შეირთო ცოლად, თავად ურია კი ბრძოლაში მოაკვლევინა. ამ დაცემისათვის იგი მწარედ დაისაჯა: სამოელ წინასწარმეტყველმა ამცნო, რომ ბერსაბისგან შობილი საყვარელი შვილი მოუკვდებოდა. ღრმა სინანულით შეპყრობილმა წმიდანმა სწორედ ამ დროს შექმნა თავისი 50-ე ფსალმუნი: „მიწყალე მე ღმერთო..."
ერთი შვილის სიკვდილით არ დამთავრებულა წმიდა მეფის უბედურება: ამის შემდეგ მეორე ძე - აბესალომი აღსდგა მამის წინააღმდეგ და მისი ტახტიდან ჩამოგდება მოიწადინა. დავითმა არ ისურვა შვილის წინააღმდეგ ბრძოლა და სარდლობა სხვას გადააბარა, ერთი კი ითხოვა - არ მოეკლათ, დაენდოთ აბესალომი. დავითის მხედრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მეფის სათხოვარი ვერ შეასრულეს. დამწუხრებულმა მამამ ცრემლებით გამოიტირა შემცოდე შვილი.
დავით მეფემ ორმოცი წელი იმეფა. კეთილმსახური და მართალი ცხოვრების, სიმდაბლის, მოთმინებისა და ურყევი სასოებისთვის წმიდანმა ისეთი სიყვარული და მოწყალება დაიმსახურა უფლისაგან, რომ მან აბრაამისთვის მიცემული ყველა აღთქმა დაუმტკიცა ნეტარს, საყდრის ურყევობა, კურთხევა, თესლის გამრავლება აღუთქვა და ამცნო, რომ მისი შტოდან აღმოცენდებოდა მხსნელი სოფლისა.
წმიდა წინასწარმეტყველმა დავითმა დაგვიტოვა 150 ღვთივსულიერი ფსალმუნი. ცნობილია, რომ როცა იგი ამ საგალობლებს ქნარზე ამღერებდა, ეშმაკისგან ქეჯნილ საულს ბოროტო განეშორებოდა (მეფეთა 16, 23). ბასილი დიდი ფსალმუნთა წიგნზე წერდა: იგი „წინასწარმეტყველებს მომავალზე და შეგვახსენებს ისტორიასაც, იძლევა ცხოვრების კანონებს და რჩევას საქმეთა კეთებისას. კურნავს სულის ძველ წყლულებს და ახლებსაც მსწრაფლ არჩენს, სნეულს აღადგენს, უვნებელს კი იფარავს. საერთოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ანადგურებს ვნებებს, რომელნიც კაცის ცხოვრებაში მის სულზე სხვადასხვაგვარად ბატონობენ".
დავით მეფე მშვიდობით მიიცვალა. სიკვდილის წინ მან ტახტი თავის ძეს, სოლომონს უანდერძა და უკანასკნელად დამოძღვრა იგი.
„წმიდანთა ცხოვრება"
Xareba.net - ის რედაქცია