არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. სომხეთიდან აბულ-კასიმი „სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა", საქართველოს შემოესია.
სარკინოზები სამცხეს და ჯავახეთს მოედვნენ და ყველისციხეს შემოარტყეს ალყა. იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვნენ. მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი: „ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო".
ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ. მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველის ციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნენი, მათ შორის გობრონიც. ქართველი მეომრის ვაჟკაცობით გაოცებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა „ნეტარისა გობრონისი უმეტეს ყოველთასა კრძალვით პყრობაჲ".
სარკინოზებმა დასასჯელად გაიყვანეს გობრონთან ერთად შეპყრობილი ას ოცდაცამეტი მხედარი, „ვითარცა მჴეცნი ბოროტნი... რომელნიმე მახჳლითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლებითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ჴორცთა მათთა დანებითა განაპებდეს და ღჳძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა, პირითა გაეტაცა".
აბულ-კასიმმა გადაწყვიტა, უძლეველი რაინდი ცთუნებით ეძლია და რჯულის გამოცვლის საფასურად სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს და მონებს შეჰპირდა. წმიდანის უარყოფითი პასუხით განრისხებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ცალკერძ დახოცილი თანამებრძოლები, ცალკერძ - აღთქმული სიმდიდრენი; შემდეგ წმიდანი ცოცხლად გადარჩენილ მოყვასთა შორის დააყენეს და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. დახოცილთა სისხლი ეპკურებოდა გობრონს, გვამები ფეხებთან უგორდებოდა, მაგრამ საშინელებამ ვერ შეაძრწუნა მისი გული. მაშინ ქედი გადაუდრიკეს წმიდანს, ორგზის სცეს მახვილი და მსუბუქად დაჭრეს. გობრონმა სისხლით ჯვარი გამოისახა შუბლზე და თქვა: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე და ცოდვილი და უკანაჲსკნელი ყოველთაჲ, ნაწილსა ამას მკჳდრობისასა და მოწამებისასა".
სარკინოზებმა კვლავ აბულ-კასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი. ამირამ უკანასკნელად სცადა წმიდანის მოდრეკა, მაგრამ სისხლმდინარე მოწამემ მტკიცედ მოუგო: „იქმოდე, რაჲცა გნებავს, მე ქრისტიანე ვარ და არასადა უარ ვყო სახელი მისი". მოთმინება დაკარგულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისთვის და მოკლულებთან დაეგდოთ. ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები შიგ ჩაყარეს, მიწა მიაყარეს და ქრისტიანებს მათთან მიახლოება აუკრძალეს. საფლავებს ღამღამობით ზეციური ნათელი ადგებოდა.
ქართულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ ქრისტესათვის და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირს ახალი სახელი, მიქაელი უწოდა და წმინდანად შერაცხა. წმინდანის წამება 914 წლის 17 ნოემბერს მოხდა, მისი და ამავე დღეს მოკლული 133 მეომრის ხსენების დღედ 17 (30) ნოემბერია მიჩნეული.
Xareba.net - ის რედაქცია