დასაწყისში განვიხილოთ, თუ რატომ აღარ ხდება დღეს სასწაულები. წმ. იოანე ოქროპირს IV საუკუნეში ხშირად უხდებოდა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. რატომ წაერთვათ ადამიანებს სასწაულების ქმნის ნიჭი? რატომ იწყებდა ლაპარაკს ყველა ნათელღებული უცხო ენებზე ოდესღაც, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება?
როგორც ჩანს, ამ საკითხით ნეტარი ავგუსტინეც იყო დაინტერესებული. იგი წერდა: "ადრეულ საუკუნეებში სულიწმიდა გადმოდიოდა მორწმუნეებზე და ისინი იმ ენებზე ლაპარაკობდნენ, რომლებიც არ ესწავლათ – სული აძლევდა მათ მეტყველების უნარს. ეს ნიშანი დროით იყო განპირობებული: იგი (სულიწმიდის გარდამოსვლის უნარი) ყველა ენაზე სულიწმიდის ნიშნად უნდა ქცეულიყო და ნათელეღო.უფლის სახარება ყველა ენაზე და დედამიწის ყველა კუთხეში უნდა ექადაგათ. ეს იყო სასწაული და მან ჩაიარა... და რაო, ახლა დაველოდოთ, რომ ვისაც ხელს დაასხამენ, ენებზე ლაპარაკს დაიწყებს? ან იქნებ, ამ ბავშვებს რომ ხელს დავასხამთ, ყოველ ჩვენგანმა ის უნდა იფიქროს, ისინი ენებზე ამეტყველდებიანო? როდესაც დაინახავენ, რომ ასე არ ხდება, ნუთუ ჩვენ შორის მოიძებნება ვინმე, იმდენად მზაკვარი, თქვას, მათ არ მიუღიათ სულიწმიდაო?1
დაიბადა შეკითხვები და გაეცა პასუხიც (იხ. გვ. 98-100), მაგრამ, როგორც ჩანს, თანამედროვე ორმოცდაათიანელებს არ აკმაყოფილებთ მსოფლიო ეკლესიის მასწავლებელთა პასუხი. ისინი მიიჩნევენ, რომ "ენებზე ლაპარაკი” დღესაც ხორციელდება, რომ "ამ ნიშანმა არ ჩაიარა” და ის მზაკვრობაც კი აღმოაჩნდათ, რომ თქვეს: "მათ არ მიუღიათ სულიწმიდაო”. ამიტომ მიიჩნევენ, რომ ის "სული” დღესაც გადმოდის მათზე, როდესაც საუბარს "უცხო ენებზე” იწყებენ.
საკითხი მეტად რთულია. მართლაც, რა "სულია” ასეთი დღეს, რომ "უცხო ენებზე” ამეტყველებს სექტანტებს? საფუძვლიანი პასუხისათვის კვლავ მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი) დავესესხებით:
"თანამედროვე ორმოცდაათიანელები, ენებზე ლაპარაკის გამოყენება რომ გაამართლონ, ხშირად ეყრდნობიან წმ. პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეს (თავი 12-14). მაგრამ წმ. პავლემ ეს სწორედ იმიტომ დაწერა, რომ "ენები” კორინთოს ეკლესიაში არეულობის მიზეზად იქცა. მოციქული არ კრძალავს "ენებზე ლაპარაკს”, მაგრამ მათი მნიშვნელობა მინიმუმამდე დაჰყავს. ამიტომ ეს ნაწყვეტი არ გამოგვადგება საიმისოდ, რომ დღეს "ენების ნიჭის” აღორძინება წავახალისოთ. რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს მისი პროპაგანდა, მოციქული, პირიქით, გვაფრთხილებს, მისგან არიდებას გვირჩევს. მით უმეტეს ირკვევა, რომ სულიწმიდის გარდა ენებზე ლაპარაკის სხვა წყაროებიც არსებობს. მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად იცის, რომ ენებზე ლაპარაკი, როგორც სულიწმიდის ჭეშმარიტი ნიჭი, შეუძლებელია მიეცეს ქრისტეს ეკლესიის გარეთ მდგომთ. უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს თანამედროვე ფენომენი. ხომ არ ახასიათებს მას ისეთი ნიშნები, რომლებიც ნათელს ჰფენენ მის ნამდვილ წარმომავლობას?
თავისთავად უკვე შემაცბუნებელია, რომ თანამედროვე ორმოცდაათიანელები "ენებს” ასეთ გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ ფაქტზე საბოლოოდ აგვეხილება თვალი, თუ ვნახავთ, რა ვითარებაში ხდება იგი. სულიწმიდის ჭეშმარიტი ნიჭებისაგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანს თავისუფლად, მოულოდნელად და კაცის ჩაურევლად ეძლევა, "ენებზე ლაპარაკი” სავსებით შესაძლებელია დაიგეგმოს. იგი დამუშავებული ტექნიკის საშუალებით მიიღწევა. იწყება ჯგუფური "ლოცვა” ამ ნიჭის მოვლენისათვის, მას თან ახლავს პროტესტანტული ჰიმნები, რომელსაც ფსიქოლოგიური ზეგავლენის დიდი ძალა აქვს ("იგი მოვალს, მოვალს!”). კულმინაცია მიიღწევა "ხელის დადებით”, ზოგჯერ კი პირწმინდად ფიზიკური ხერხების გამოყენებით. მაგალითად, ამა თუ იმ ფრაზის განუწყვეტელი გამეორებით ანდა უბრალოდ "რაღაც ბგერის გამოცემით”...
იეზუიტი თეოლოგი მოგვითხრობს, თუ პრაქტიკულად როგორ განახორციელა "ენებზე ლაპარაკი”: "საუზმის შემდეგ თითქმის ფიზიკურად ვიგრძენი სამლოცველოში შესვლის სურვილი. შევედი თუ არა, დავჯექი და ლოცვა დავიწყე. გავიხსენე ჯიმის მონაყოლი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო ენებზე ლაპარაკის ნიჭი და წყნარად შევუდექი გამეორებას: "ლა,ლა,ლა”. უცებ შიშმა შემიპყრო, ვიგრძენი, რომ ამას მოჰყვა ენისა და ბაგეების სწრაფი მოძრაობა და შინაგანი თაყვანისცემის საოცარი გრძნობა” (დ.ლ. გელპი 1971).
ნუთუ შეიძლება, ჭკუათმყოფელ მართლმადიდებელ ქრისტიანს ეს საშიში ფსიქოლოგური თამაშები სულიწმიდის ნიჭებში აერიოს? აშკარაა, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასა და სულიერებასთან. ეს უფრო ფსიქიკური მექანიზმების სამყაროა, რომელთა ამოქმედებაც გარკვეული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ხერხებით არის შესაძლებელი. ამ სფეროში "ენებზე ლაპარაკი”, როგორც ჩანს, საკვანძო როლს ასრულებს, რაღაც ჩახმახის მსგავსს. ყოველ შემთხვევაში, ის აბსოლუტურად არ ჰგავს ახალ აღთქმაში აღწერილ სულიერ ნიჭს, მაგრამ ძალიან ჰგავს შამანურ "ენებზე ლაპარაკს”, რომელიც პრიმიტიულ რელიგიებშია გავრცელებული. შამანი ან ექიმბაში ამ ტექნიკას იმისთვის იყენებს, რომ ტრანსში ჩავარდეს და მერე "ღმერთს” გაუგზავნოს ინფორმაცია, ან მისგან მიიღოს ბრძანება რაიმე ენაზე, რომელიც არასოდეს უსწავლია... გავაცნობიეროთ, რომ პრიმიტიული შამანიზმი მხოლოდ კერძო გამოვლინებაა იმ "რელიგიური” ფენომენისა, რაც სრულიად არ არის უცხო თანამედროვე დასავლეთისათვის. ეს ფენომენი ერთობ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგიერთი თანამედროვე "ქრისტიანის” ცხოვრებაში. ის მედიუმიზმი გახლავთ...
ვინ არის "მედიუმი”? ადამიანი მედიუმი გარკვეულ ფსიქიკურ მგრძნობელობას ფლობს. ეს უხილავ ძალთა ან არსებათა გამოვლენის საშუალებად აქცევს მას. ამბროსი ოპტინელის თქმით, ეს არსებები სინამდვილეში ყოველთვის დაცემული სულები არიან და არა სპირიტისტების გამოგონილი "მიცვალებულთა სულები”. თითქმის ყველა არაქრისტიანული რელიგია ფართოდ იყენებს მედიუმურ უნარს: "ნათელმხილველობას”, "ჰიპნოზირებას”, "სასწაულებრივ” კურნებებს, საგნების გაჩენისა და გაქრობის, ან მათი გადაადგილების უნარს...
მედიუმური "კურნება”, ისევე როგორც ნებისმიერი მედიუმური ნიჭი, გარკვეული ხერხებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოყენებით მიიღწევა. მისი შეთვისება მეცადინეობითა და ვარჯიშით სავსებით შესაძლებელია, თუმცა ამ "ნიჭებს” არაფერი აქვთ საერთო არც სიწმინდესთან, არც ღმერთთან.
ბევრი მედიუმი აცხადებს, რომ მისი უნარი ჩვეულებრივი კი არ არის, არამედ თავად ბუნების ნაკლებად შესწავლილ სფეროს უკავშირდება. გარკვეულწილად ისინი მართლები არიან, მაგრამ ესეც მართალია, სფერო, საიდანაც მსგავსი ნიჭები იღებენ სათავეს, დაცემულ სულთა სფეროა. ეს სულები უყოყმანოდ იყენებენ ხელსაყრელ მომენტს როცა ადამიანები თვითონ აღებენ მათი სამყაროს კარს, უმალ ეშმაკის ბადეში ახვევენ, თავიანთ დემონურ უნარებს ანიჭებენ და წარწყმედისაკენ მიჰყავთ მათი სულები...
ერთი სიტყვით, სული, ასე უხვად რომ აფრქვევს თავის "ნიჭებს” ამ მემრუშე თაობას, საუკუნეთა მანძილზე ცრურწმენებითა და ყალბი ღვთისმოსაობით გახრწნილსა და ცდუნებულს, ოდენ სასწაულის "მაძიებელს”, არ არის სული ღმრთისა. ამ ადამიანებმა არასოდეს იცოდნენ სულიწმიდა და არასოდეს სცემდენ მას თაყვანს. ჭეშმარიტი სულიერება მათთვის იმდენად უცხოა, რომ მიუკერძოებელი დამკვირვებელი ხვდება: ისინი თავიანთი ფსიქიკური და ემოციური (ზოგჯერ კი დემონური) ფენომენებითა და მკრეხელური გამონათქვამებით მხოლოდ პაროდირებას ახდენენ.2 (გაგრძელება...)
1 პომილიები იოანეს სახარებაზე VI. 10.
2 მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია” გვ. 182-227.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია