პირველ საუკუნეებში არავინ გაკადნიერდებოდა ისე, რომ გონივრული ღვაწლის ანუ იესოს ლოცვის შესახებ მკრეხელური აზრი გამოეთქვა. ყველანი უდიდესი კრძალვითა და სიწმინდით მიმართავდნენ მას (ლოცვას), როგორც სულის უდიდეს საზრდოს. სულიერების დაკნინების პერიოდში შენელდა შინაგანი მოღვაწეობა. ამის მაჩვენებელი, პირველყოვლისა, ბერ - მონაზონთა სულიერი მდგომარეობა გახლდათ.
წმიდა პაისი (ველიჩკოვსკი) ბრძანებს: „ყოველი ბოროტების მოთავე ეშმაკმა ამ ლოცვით სრულყოფილი და წარმატებული ქრისტიანები რომ იხილა, შურით აღივსო და მზაკვრულად შეუდგა ამ ღვათაებრივი ლოცვის ყოველგვარ შეურაცხყოფასა და დაკნინებას. იესოს ლოცვის შესახებ წიგნებს მართლმადიდებლობის ხილული მტრები ანადგურებდნენ. ეშმაკმა ეს არ აკმარა. მან იტალიაში მცხოვრები კალამბრიელი გველი, ანტიქრისტეს წინამორბედი, ამპარტავნებით ეშმაკის მსგავსი, ერეტიკოს - ვარლამი გამოიყენა. მასში დამკვიდრებულმა ეშმაკმა იწყო ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების გმობა".1
წმ. სვიმეონ თესალონიკელმა წმიდა წერილზე დაყრდნობით მკაცრად ამხილა ერეტიკოსი: „ვარლამმა მრავალი გმობა დაწერა იესოს ლოცვაზე. მან ვერ გულისხმაჰყო წმიდა წერილის მრავალრიცხოვანი შეგონება, გულისმიერი ლოცვისკენ მიმწოდებელი: „განუწყვეტლივ ილოცვიდეთ". (1 თეს. 5, 18). ვერც ამ სიტყვების მნიშვნელობა: „ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა". (1 კორ. 14, 15). აგრეთვე: „მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენდა უფალსა" (კოლ. 3, 16); „... გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისა გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა. მამაო". (გალ. 4, 6). „არამედ ეკლესიისა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაითა სხუათაცა უმოძღვრო, ვიდრე ბევრთა სიტყვათა ენითა". (1 კორ. 14, 19). ვარლაამმა უარყო გონივრული ლოცვა, უფრო ზუსტად, უფლის ვედრება, რაც პეტრეს აღიარებას ნიშნავს: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა". (მათ. 16, 16). ასევე უარყო მან წმიდა გადმოცემა თვით მაცხოვრისა, რომელიც ამბობს: „რაითა - იგი სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ". (იონ. 15, 16); აგრეთვე: „სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ". (მარკ. 16, 17). და ა. შ. უფლის სახელი ხომ მარადიული ცხოვრების მომნიჭებელია: „ხოლო ესე დაიწერა, რაითა გრწმენეს, რამეთუ იესუ არის ქრისტე, ძე ღმრთისა და რაითა გრწმენეს და ცხოვრება გაქუნდეს სახელითა მისითა". (იონ. 20, 3). ქრისტეს მოხმობა სულიწმიდის მეოხებით ენიჭება ადამიანს: „არავის ხელეწიფების თქუმად უფალო, იესო, გარნა სულითა წმიდითა". (1 კორ. 12, 3). და კიდევ ათასგზის არის ნათქვამი ამის შესახებ".2
მოგეხსენებათ, ერესი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან სამუდამოდ აყალიბებს და განსაზღვრავს ამა თუ იმ კულტურისა; ერისა თუ სახელმწიფოს სულიერ სახეს. ბერ - მონაზვნობის, სულიერი ცხოვრების შემცირებამ და მეტწილ გარეგანმა საქმიანობამ, სახარებისეული ფასეულობები ყალბი ღირებულებებით ჩაანაცვლა. ნელ - ნელა დაიწყო განსხვავება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის. ქრისტიანობის წიაღში ყალიბდება ორგვარი კულტურა და ცივილიზაცია:
1) ქრისტიანულ - ლიბერალური, რომელიც სულ უფრო იხრება მოდერნიზაციისაკენ;
2) ქრისტიანულ - ორთოდოქსალური, რომელიც წმინდად ინახავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას.
შესანიშნავად დაახასიათა აღმოსავლეთისა და დასავლეთის რელიგიური აზროვნების თავისებურება არქიმანდრიტმა რაფაელმა (კარელინი):
„კულტურულ - ისტორიული მნიშვნელობით დასავლეთი ახალგაზრდაა, ჯერაც ყმაწვილია; აღმოსავლეთი - მხცოვანი. დასავლეთი ქმედითი საწყისის გამოვლინებაა, აღმოსავლეთი - მჭვრეტელობითი ცხოვრებისაკენ მიდრეკილი. დასავლეთი მთლიანად ემოციებსაა აყოლილი, მოძრაობასა და დინამიკაში არსებობს, აღმოსავლეთი საკუთარ თავშია ჩაძირული, თითქოს თვალს ვერ წყვეტს მასში დაფლულ საუნჯეს. დასავლეთი ეძიებს, უტევს, შემართული და გატაცებულია; აღმოსავლეთი კი ინახავს. დასავლეთი ოცნებობს, ზმანებებს ეძლევა; აღმოსავლეთი ხილულის საფარქვეშ ყველგან მარადიულ იდეებს დაეძებს... დასავლეთი ჯვაროსანთა ლაშქრებს აგზავნის უფლის საფლავის გამოსახსნელად, აღმოსავლეთი ათონსა და ეგვიპტის მონასტრებში უშვებს ბერებს. დასავლეთი ხმალს უღერებს სარწმუნოების მტრებს, აღმოსავლეთი სულიერ მებრძოლებს ზრდის უხილავ მტრებთან საბრძოლველად. დასავლეთი ინკვიზიციას ქმნის ბოროტების დასათრგუნად, აღმოსავლეთი - უდიდეს ფილოსოფიურ სისტემებს... დასავლეთისთვის ბოროტებასთან ბრძოლის ასპარეზი ეს სოფელი, ამა სოფლის ცხოვრება იყო, აღმოსავლეთისთვის - ადამიანის გული, უფრო ღრმა, ვიდრე მთელი ეს ხილული სოფელი.
დასავლეთი ქმედითი ბუნებისაა, მაგრამ მთელი მისი აქტიურობა შიგნიდან გარეთაა მიმართული; აღმოსავლეთმა სულის დინამიკა შიგნით ჩაიბრუნა...
დასავლეთში თითქმის არ არსებობს მოძღვრება იესოს ლოცვისა და სულიერი ხედვის შესახებ. კულტურა და მეცნიერება განუწყვეტლივ იცვლება და ასევე იცვლება დასავლური ქრისტიანობის სახეც - იქ მეფობს მოდერნიზმის პრინციპი, მიღებულია ეკლესიოლოგიური სწავლება ევოლუციაზე, ახალ - ახალი დოგმატები იბადება და ახალ - ახალი გამოცხადების მოლოდინი დგას.
აღმოსავლეთში ერთადერთი მონაზვნური წესდება, ერთი იდეა არსებობს: ბერი უარყოფს სოფელს და ხდება მლოცველი მთელი სოფლისათვის. იგი მიწიდან ცად ასულ ვარსკვლავს ჰგავს - ყველასათვის შორეულს და ყველასათვის მანათობელს".3
ამ ორი ცივილიზაციის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაშორება შუა საუკუნეებში დაიწყო და ბოლო ასწლეულში უფრო და უფრო შეინიშნება. მკაფიო განსხვავება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის - ეს არის განსხვავება ისიხაზმსა (ქრისტიანული ასკეზი, შინაგანი ლოცვა) და ლიბერალიზმს შორის, რომელიც დასავლეთის ეკლესიამ თავად აირჩია.
საქმე ისაა, რომ მართლმადიდებელი აღმოსავლეთის ეკლესიამ წმიდა მამათა ბაგეებით გვიღაღადა ლოცვის საფუძვლები: სულიერი სიგლახაკის განცდა, სინანულის გაღვივება, ვნებებთან უკომპრომისო ბრძოლა, ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება. წმიდა პიმენი დიდი ამბობს: „თუ ყოველთვის და ყველაფერში საკუთარ თავს დავადანაშაულებთ, ყველგან ვპოვებთ სიმშვიდეს".4 საერთოდაც, სწორი სულიერი ლოცვითი მდგომარეობის მაუწყებელია სიჩუმე, სიმშვიდე, სიცხადე, მშვიდობა, სინანულის განწყობა, თვითჩაღრმავება, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, მანუგეშებელი სასოება ღვთისადმი.
სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ დასავლეთის ეკლესიის მოსაგრენი და მოსაგრეების შესახებ მწერლები. ყველაფერი კი აღმოსავლეთის ეკლესიისაგან განშორებისა და ერესის დამღუპველ წყვდიადში დანთქმის დროიდან დაიწყო. ღირსი ბენედიქტე, წმ. პაპი გრიგოლ დიოლოღოსი ჯერ კიდევ ეთანხმებოდნენ აღმოსავლეთის ასკეტიზმის მოძღვრებს, ბერნარი კი უკვე გამოირჩეოდა მათგან. გვიანდელი კიდევ უფრო მეტად გადაიხარნენ და დაშორდნენ აღმოსავლეთის ეკლესიას. ისინი სულმოუთქმელად, დაუყოვნებლივ ესწრაფიან ახალდამწყებისთვის მიუღებელ სიმაღლეების აღგზნებული, ხშირად გახელებული მეოცნებეობა ცვლის მათში ყოველგვარ სულიერს, რაზეც წარმოდგენა საერთოდ არა აქვთ. მეოცნებეობა მათ მადლმოსილება ჰგონიათ. აღმოსავლეთის წმიდა მამანი თავიანთ მკითხველს არა ხილვების სიმაღლეებისაკენ, არამედ საკუთარი ცოდვის დაცემულობის შეცნობისაკენ მიუძღვებიან; ცოდვათა გამომსყოდველი რომ ვაღიაროთ, შემოქმედის გულმოწყალების წინაშე საკუთარ თავზე რომ ვიტიროთ და ვიგლოვოთ, აი სწორედ ასეთ გზაზე გავყავართ ამ მამების ღვაწლს.5
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა მისტიკას შორის განსხვავებულმა სულიერმა განწყობამ შემდგომ უფრო სავალალო ფორმები მიიღო.
ჩვენი აზრით, შუა საუკუნეებში დაწყებული გაყოფის პროცესი დოგმატურ დონეზე გრიგოლ პალამასა და ვარლაამ კალამბრიელის შეხედულებათა პოლემიკაში გამოვლინდა. ეს იყო XIV ს - ში.
წმიდა გრიგოლ პალამა მთელი ცხოვრების განმავლობაში, სიტყვით თუ საქმით იბრძოდა და მტკიცედ იდგა მართლმადიდებელი სარწმუნოების სადარაჯოზე. მან ოცი წლის ასაკში დატოვა კონსტანტინოპოლი და წმიდა ათონის მთაზე ბერად აღიკვეცა. 1340 წელს იგი დაუბრუნდა ბიზანტიის დედაქალაქს, რათა დოგმატურ ბრძოლაში ჩაბმულიყო.
1347 წელს წმიდა გრიგოლ პალამა თესალონიკის არქიეპისკოპოსი გახდა, თუმცა მას არ დაუტოვებია კონსტანტინოპოლი, სადაც თორმეტი წლის მანძილზე რამდენიმე საეკლესიო კრებაში თეოლოგიური რაციონალიზმის მიმდევართა წინააღმდეგ გამართულ პოლემიკაში მონაწილეობდა. ათონის მთის ისიხასტი ბერების ასკეტური და მისტიკური სწავლების შესახებ ეკამათებოდა იგი კალამბრიელ ვარლაამს, აკვინდინესა და გრიგორას. აუცილებლობამ აიძულა ბერი მიეტოვებინა ათონის მთის სულიერი გარემო და დროებით თესალონიკის კათედრას დაბრუნებოდა.
მნიშველოვანია გავიაზროთ თავად ფაქტი: პალამისტებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ აღმოსავლეთის ეკლესიის ასკეტურ - დოგმატურ სიღრმეს, სიმაღლეს საფუძველი ჩაუყარეს ღმერთის „თვითგამოვლენის" თეორიას. წმ. გრიგოლ პალამასა და მისი მომხრეების აზრით, ღვთაებრივი არსი თავისთავად არსებობს და ხილული თვალისთვის უხილავია, მიუწვდომელია. ღვთაებრივი ენერგიები კი მსჭვალავენ მთელ სამყაროს და თითოეულ ადამიანს ცალ - ცალკე იმგვარად, რომ ღვთაებრივი სინათლე და სისავსე არ ირღვევა, ღვთაებრივი არსის მთლიანობა და განუყოფლობა უცვლელი რჩება, „ღვთაებრივი ენერგიები" კი სხვადასხვა რაოდენობით გაიცემა.6
ვარლამისტებისთვის ღვთაებრივი ენერგია ქმნილებაა. ამდენად, განღმრთობის პერიოდში ქმნილება ქმნილებას ერწყმის. შედეგად ღმერთსა და ადამიანს შორის სინერგიული კავშირი სუფთა დისკუსიურ საკითხად რჩება, რისი ნათელი მაგალითი დასავლურ - ლათინური სქოლასტიკა გახლავთ. ვარლაამ კალამბრიელის მიმდევრები ამბობენ, რომ თითქოს ათონელი ისიხასტები იესოს ლოცვის დროს გონებას გულში კი არა, ჭიპის მიდამოში კეტავდნენ და მათ აგდებულად „ჭიპის მჭვრეტელებს" უწოდებდნენ. წმ. გრიგოლ პალამა უარყოფდა ამ ბრალდებას, ვით ცილისწამებას. ის ამბობდა: „ასკეტ - ისიხასტი ბერი მჭვრეტელურ მდგომარეობაში უშუალოდ იღებს ხელთუქმნელ და უთვისებო ნათელს, ე. წ. „თაბორის ნათელს", რომელიც სახარების მიხედვით, თაბორის მთაზე იხილეს მოციქულებმა.7
ხოლო მათ, რომლებმაც იესოს ლოცვის მოღვაწეთ „ჭიპისმჭვრეტელები" შეარქვეს, არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) სიტყვით ვუპასუხებთ:
„ჭიპი გადატანითი მნიშვნელობით ცენტრს ნიშნავს და არა იმ ადგილს, რომელიც ადამს არ ჰქონდა. იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძარში გოლგოთის ჯვრის ფუძე წრით იყო შემოხაზული და მომლოცველები მას „ქვეყნის ჭიპს" ანუ დედამიწის სულირ ცენტრს უწოდებდნენ. ჭიპი გულის სინონიმიც იყო, ზოგ შემთხვევაში კი მკერდის შუაგულს აღნიშნავდა, იმ ადგილს, სადაც სიტყვა იშვება. უკვე ისმის მოწოდებები, დავუბრუნდეთ ვითომდა ძველ პრაქტიკას და გონება ჭიპის მიდამოებში მოვიკრიბოთო. მაგრამ ყველა წმიდა მამა, განსაკუთრებით კი ეგნატე ბრიანჩანინოვი და თეოფანე დაყუდებული, გვაფრთხილებდნენ, რომ დაუშვებელია გონების ჩასვლა გულს ქვემოთ. ამ საკითხზე დაწვრილებითი მითითებები და გაფრთხილებები ღირსი პაისი ველიჩკოვსკის მოწაფის, ბასილის ნაწერებმა შემოგვინახა...
მას ვინც ამბობს, იესოს ლოცვის დროს ყურადღება ჭიპზე უნდა გავამახვილოთ, არ ესმის, რომ იესო ქრისტე გულის ღმერთია, რომ ლოცვა ქრისტეს სახელს გულს უერთებს. ნუთუ შესაძლებელია ქრისტეს სახელის ჭიპთან შეერთება? წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ იესოს ლოცვას, თუკი მას გულს ქვემოთ ჩასვლის ნებას მივცემთ, ხიბლის გამოწვევა შეუძლია. როგორც ცნობილია, ასეთ ხიბლში მყოფი ადამიანები ხშირად ვარდებიან სიძვისა და გარყვნილების მორევში, ეს მათ სიყვარულის გამოვლენა ჰგონიათ, რომელიც სექსუალურ აღგზნებაში ერევათ... იესოს ლოცვის დროს კი - პირიქით, გონება, გულში დამწყვდეული, ქმედითია, ფხიზელი და თითქოს გამჭვირვალე. ვნებიანი ტკბობა გონებას აჩლუნგებს, სულიერი სიხარული კი - ათავისუფლებს".8
ჩვენი ძირითადი სათქმელი ის გახლავთ, რომ ვარლაამ კალამბრიელის ერეტიკული შეხედულებები მკაცრად დაგმეს და უარყვეს აღმოსავლეთის ეკლესიებმა საეკლესიო კრებებზე, კონსტანტინოპოლში, 1341 და 1351 წლებში. ამის შემდეგ ვარლაამი იტალიაში გაემგზავრა, სადაც განკვეთის ნაცვლად გულში ჩაიკრეს პაპისტებმა. იქ მან მიიღო უნია და ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აყვანილი. აქვე დაწერა კალამბრიელმა ლათინიზმის აპოლოგია.
ამრიგად, დოგამტური სწავლების ლიბერალურ რევიზიას რომ შეუდგა ვარლაამი გახდა ერთ - ერთი პირველი ეკუმენისტი ეკლესიის ისტორიაში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ვარლაამ კალამბრიელის ანათემით ეკლესიამ ანათემას გადასცა ლიბერალურ - მოდერნისტული ქრისტიანობა და ეკუმენიზმი.
ამით იწყება აშკარა განშორება აღმოსავლეთისა დასავლეთისაგან, ისიხაზმისა ლიბერალიზმისაგან.
სამწუხაროდ, თავად მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ ვარლამ კალამბრიელის აზრებს.
საქმე ისაა, რომ სულიერების საყოველთაო დაცემის ფონზე შინაგანი ცხოვრებაც ნელდება, ფერხდება. ამ ვითარებაში, როგორც წესი, ხმას იმაღლებენ ის ქრისტიანები, რომლებასაც სწადიათ მყარად დამკვიდრდნენ საზოგადოებაში. ზოგიერთები ეკლესიის მიერ დიდი ხნის წინათ უარყოფილი და ანათემას გადაცემული ცრუსწავლებების რეაბილიტაციას იწყებენ. ვრცელდება სხდავდასხვაგვარი ცრურწმენები და ყალბი სულიერი მოსაზრებები. უფრო და უფრო იკიდებს ფეხს რაციონალიზმის, ლიბერალიზმისა და ეკუმენიზმის სული. ზედაპირულად ფასდება შინაგანი სულიერი მდგომარეობა და ცხოვრება და ა. შ.
სწორედ ამ ვითარებაში ადვილად ყალიბდება შემდეგი შეხედულებები:
ჩვენი დროისთვის იესოს ლოცვა არ არის დამახასიათებელი, არ არის ის ჩვენთვის მისაწვდომი და შესაბამისად, არც სასარგებლო; იესოს ლოცვის ღვაწლი მხოლოდ მონაზვნების საქმეა; მათთვის და განდეგილებისთვის არის იესოს ლოცვა მისაწვდომი, ვინაიდან მათ საამისოდ კარგი პირობები აქვთ, ხოლო ხალხმრავლობაში, მეტადრე ჩვენ, ერისკაცები, იესოს ლოცვას საერთოდ ვერ აღვასრულებთ. ასეთ აზრსაც მოისმენთ: იესოს ლოცვა ადამიანებს ხიბლში აგდებს, აღარ არიან დღეს იესოს ლოცვის მასწავლებლები.
ჩვენ მიზნად სწორედ ამ საკითხების განხილვა დავისახეთ, რათა მკითხველს დავანახოთ წმ. გადმოცემასთან მსგავსი შეხედულებების სრული შეუთავსებლობა. ვიდრე ზემოთქმულს თანმიმდევრულად განვიხილავდეთ, უნდა ვთქვათ შემდეგი...
1Букварь школника. Молитва. М. 2002. გვ. 286.
2იქვე გვ. 287.
3არქ. რაფაელი (კარელინი). მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი. 2001. გვ. 40-44.
4წერილები კათოლიციზმის შესახებ. ვ. წამალაშვილი. 2004. გვ. 111.
5იქვე. გვ. 112.
6წმ. გრიგოლ პალამა. შვიდი ქადაგება. 2001. გვ. 8.
7იქვე. გვ. 7.
8არქ. რაფაელი (კარელინი) ღმერთთან მიახლების საიდუმლო. 2011. გვ. 178-179.
Xareba.net - ის რედაქცია