ამბობ, რომ ხშირად ზიხარ დედასთან ერთად ცეცხლის პირას და წონით „მომხრე" და „მოწინააღმდეგეს". მე კი გეტყვი შენ: რამდენიც არ უნდა წონო, ამას „მომხრე" და „მოწინააღმდეგე" კი არა, სიყვარული წყეტს. სიყვარული ყოველგვარ მოსაზრებაზე უზენაესია. თუ ქრისტეს სიყვარული არ მიგიყვანს მონასტრულ სიმყუდროვესთან, განმარტოებასთან, მაშინ ამ ქვეყნის სიყვარული დაგაკავებს ქვეყანაზე და მიგიყვანს ქორწინებამდე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც დალოცვილი იქნები სარას (იხ. დაბ. 17, 18, 21, 23), რაქელის (იხ. დაბ. 29, 30, 31, 33, 35, 48) და დედაშენის ლოცვით.
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. რათა საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც - სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავდაბლობასაც, ურვასაც, სიღატაკესაც, მორჩილებასაც და სხვა აღთქმებსაც, მხოლოდ იმისათვის, რომ უფალ ღმერთთან შეხვედრის ღირსნი გამხდარიყვნენ! და ამ ვიწრო გზაზე მასთან შეხვედრის ღირსი ხდება სული, როცა გათავისუფლდება, განიწმინდება და გამშვენდება. რისგან უნდა გათავისუფლდეს მეუდაბნოეს სული? ყოველგვარი მიწიერი ბორკილებისა და მიკერძოებისაგან. რისგან უნდა განიწმინდოს? ყოველგვარი ე. წ. ამქვეყნიური და ხრწნადი სიყვარულისაგან, სხეულის, ნათესავებისა და მეგობრების, თავისი სოფლისა და ქალაქის, მამულის, ტანსაცმლის, საჭმლის, სამკაულების სიყვარულისაგან. რითი უნდა გამშვენდეს სული? მარტო ქვეყნის სიყვარულით, რომელიც საკუთარ თავში იტევს ყველა სამკაულს, რწმენის ყველა მარგალიტს, იმედის ყველა ზურმუხტს, ქველმოქმედების ყველა ძვირფას თვალს. მონაზვნის გალეული სხეული მხოლოდ მსუბუქი საბურველია ამ უსაზღვრო ზეციური განძისა.
ასე იმიტომ კი არ გწერ, რომ მონაზვნობისკენ გიბიძგო, არამედ, უფრო მეტად იმისათვის, რომ მისგან მოგაბრუნო. რადგანაც, თუკი სულის მერყეობის ჟამს განეშორები სოფელს, გაგიძლიერდება ლტოლვა ამ ქვეყნისაკენ, და მეშინია, რომ დაგძლევს. სხეულით მონასტერში იქნები, სულით კი - სოფლად. სულში არეკლილი წუთისოფელი კი უფრო მეტად მტანჯველია, ვიდრე - რეალური.
მადლობა შესწირე უფალს, რომ ვიწრო მონაზვნური ცხოვრების გარდა მან მიგითითა გადარჩენისა და საუკუნო ცხოვრების უფრო მარტივი გზისკენ. მაშ, იარე, შვილო ჩემო, ამ ფართო გზით, რომელიც შენს მოთხოვნებს უფრო მეტად ეპასუხება. იარე ამ გზით, მაგრამ იარე ღვთის შიშითა და უფლისადმი სრული მინდობით. იცოდე: ამ გზასაც ვერ გაივლი ღვთის შეწევნის გარეშე.
დაე ღვთის წყალობა იყოს შენზე!
წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)