* * *
ეშმაკური ხობლის ყოველი სახეობა... იქიდან წარმოიშობა, რომ ლოცვების საფუძველში სინანული არ დევს, სინანული არ ხდება ლოცვის წყარო, სული და მიზანი... აი, სინანული და ყველაფერი ის, რისგანაც ის შედგება: ჭმუნვა, ანუ სულის დამდაბლება, გულის ტირილი, ცრემლები, თვითგანსჯა, სიკვდილის მუდმივი სხოვნა და შეგრძნება, აგრეთვე ხსოვნა ღვთის სამსჯავროსი და მუდმივი ტანჯვისა, ღვთის არსებობის შეგრძნება; ღვთის შიში ღვთის წყალობის საწინდარია, ...უზენაესი და სამუდამო ძღვენის საფუძველიცაა. ...სინანული, სულის წუხილი, ცრემლები ეს ნიშნებია, დასტურია ლოცვით თავდადების მართებულობისა; მათი არსებობა კი - მცდარი მიმართულებისაკენ გადახრას ნიშნავს.
* * *
თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის - ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მისი მოქმედების აღმოჩენას, რადგან იცის წმინდა მამათაგან, რომ ასეთი ძიების საწყისი მზვაობრიობაშია, რომლისაგანაც წარმოიშობა ხიბლი და დაცემა.
* * *
ნუ დავიწყებთ ტკბობის, ხილვების ძიებას; ჩვენ ცოდვილნი ვართ, ღირსნი არა ვართ სულიერი ტკბობისა და ხილვებისა, უუნარონი ვართ მათ მიმართ ჩვენი სიძველის (ვნებიანობის) გამო. ყურადღებიანი ლოცვით შევეცადოთ ჩვენი გონების თვალნი საკუთარ თავს მივაპყროთ, რათა მასში ჩვენი ცოდვიანობა აღმოვაჩინოთ.
* * *
ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა. ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩევნი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან. უდიდესი ხიბლია - თავი ხიბლში მყოფად არ მიგაჩნდეს. ჩვენ ყველანი მოტყუებულნი ვართ, ყველანი სიცრუეში ვიმყოფებით, ყველას გვესაჭიროება ჭეშმარიტების მიერ გათავისუფლება. ჭეშმარიტება - უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ამ ჭეშმარიტებას მისადმი რწმენით შევეთვისოთ, ლოცვით შევღაღადოთ ამ ჭეშმარიტებას და იგი გამოგვიყვანს დემონური საცთურების უფსკრულიდან.
* * *
როგორც გონებით არასწორ მოქმედებას შევყავართ ცთუნებასა და ხიბლში, ზუსტად იგივე ხდება გულით არასწორი მოქმედების დროსაც. უგუნური ამპარტავნებით არის აღვსილი. სულიერი ხილვების ნახვის სურვილი და ამისკენ სწრაფვა გონებით, რომელიც არ არის განწმედილი ვნებებისაგან, არ არის განახლებული და სული წმიდის მიერ აღდგენილი. ასეთივე ამპარტავნებითაა და განუსჯელობითაა აღვსილი გულის სურვილი და სწრაფვა - დატკბეს წმინდა, სულიერი, ღმრთაებრივი გრძნობებით, როცა იგი ჯერ სრულიადაც არ არის მზარ ასეთი ტკბობისათვის. როგორც განუწმედელი გონება, რომელსაც ღვთაებრივი ხილვების ნახვა სურს, მაგრამ ამის საშუალება არა აქვს, ხილვებს თვითონ იგონებს და მათით იტყუებს თავს, ასევე გულიც - როცა ღმრთაებრივი სიტკბოებისა და სხვა ღმრთაებრივი გრძნობებით განცდას ცდილობს და ვერ პოულობს მათ საკუთარ თავში, მაშინ თვითონ იგონებს მათ, მათით იცთუნებს და იღუპავს თავს, რამეთუ შედის სიცრუის არეში, ეშმაკებთან ერთობაში, ემორჩილება მათ ზემოქმედებას და მათ ძალაუფლებას ემონება.
წმ. ეპისკოპოსი ეგანტე (ბრიანჩანინოვი)
* * *
გონებითი ლოცვისას ხიბლში რომ არ ჩავარდე, - არ დაუშვა შენში არავითარი წარმოდგენა, არანაირი სახე ან ჩვენება.
წმიდა ნილოს სორელი
* * *
ზეციური შეიცნობა სულიწმიდით, მიწიერი კი გონებით, მაგრამ ვისაც უნდა შეიცნოს ღმერთი თავისი გონებით მეცნიერებისაგან, იგი ხიბლშია, იმიტომ რომ ღმერთი შეიცნობა მხოლოდ სულიწმიდით. თუ შენ გონებით ხედავ ეშმაკებს, ჰყავ მორჩილება და ეცადე არ დაინახო; სწრაფად მიდი მოძღვართან ან ბერთან, რომელიც შენ გხელმძღვანელობს. ყველაფერი მოუყევი სულიერ მამას და მაშინ უფალი შეგიწყალებს. გაგათავისუფლებს ხიბლისაგან. ხოლო თუ გაიფიქრებ, რომ სულიერ ცხოვრებაში შენ მეტი იცი მოძღვარზე და არ ეტყვი მას აღსარებაზე, რაც შენში ხდება, მაშინ აუცილებლად დაშვებულ იქნება შენზე ხიბლი გამოსაფხიზლებლად.
* * *
ზოგი ამბობს, ლოცვისაგან მოდის ხიბლი. ეს შეცდომაა. ხიბლი მოდის თვითნებობისაგან და არა ლოცვისაგან. წმინდანები ბევრს ლოცულობდნენ, სხვებსაც მოუწოდებდნენ ლოცვისაკენ. ლოცვა ყველაზე კარგი საქმეა სულისათვის. ლოცვით ადამიანი მიდის ღმერთთან, ლოცვით გამოითხოვება მორჩილება, მოთმინება და ყველაფერი კეთილი. ვინც ლოცვის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს, მან არ იცის რა კეთილია და მოწყალე უფალი. ღმერთისგან სიავე არ არის. ყველა წმინდანი განუწყვეტლივ ლოცულობდა; ერთ წუთსაც არ აცდენდნენ ისინი ლოცვის გარეშე. სული, რომელმაც დაკარგა მორჩილება, კარგავს მასთან ერთად მადლს და წყალობას, ღმერთისგან და მაშინ ქრება მგზნებარე ლოცვა; მაგრამ როცა სული დამშვიდდება ვნებებისაგან და მოიპოვებს მორჩილებას, მაშინ უფალი აძლევს მას თავის წყალობას და ლოცულობს მაშინ იგი მტრებისთვის, როგორც თავისთვის და მთელი მსოფლიოსათვის ლოცულობს მხურვალე ცრემლებით.
წმიდა სილუანი
* * *
თუკი სულიერად ბრმა ადამიანი სხვებს წინამძღვრობს, ხიბლში იმყოფება და თავის მიმდევრებს დასაღუპავ თხრილში აგდებს, თანახმად უფლის სიტყვებისა: „ბრმაი ბრმასა თუ წაუძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან" (მათ. 15,14).
წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
* * *
ხიბლით მონუსხვა, საკუთარი თავის ცთუნება იქნებოდა, თუკი ცნობისწადილით აღვივსებოდით ამ საღმრთო, გამოუთქმელი ბუნების გამო და ძიებასაც თუ შევუდგებოდით ღმერთის საკუთრივი სახელისა, რამეთუ, როგორც საღმრთო წერილშია ნათქვამი, „მირონს გადმოღვრის სახელი შენი", უფალო ღმერთოო (ქებათა ქება 1,2).
წმიდა გრიგოლ ნოსელი