ასტროლოგია, ალქიმია და მაგია უძველესი დროიდან იყო ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული. მაგი, მოგვი, ქურუმი, როგორც წესი, ითავსებდა ასტროლოგის, ჯადოქრის, მკითხავის ვალდებულებებს.
ჯადოქრობისა და საერთოდ ყველა ოკულტური მეცნიერების ფესვები პირველი ადამიანების პერიოდშია. (იგულისხმება კაენის შთამომავლობა). აბელის მკვლელობის შემდეგ ღმერთმა კაენი დაწყევლა (დაბ. 4.8-16) და "გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში. მისი შთამომავალი იუბალი იყო "მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა", ხოლო თუბალ-კაენი "რვალის და რკინის საჭურველთა მჭედელი" (დაბ. 4. 21-22).
წმიდა წერილი სეითის შთამომავალს ღვთისშვილებს, ხოლო კაენისას – ადამიანის შვილებს უწოდებს. "როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, ღვთისშვილებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები. და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა" (დაბ. 6.1-2) ბიბლიის ამ მონაკვეთის განმმარტებლები (იუსტინე ფილოსოფოსი, ირინეოს ლეონელი, ამბროსი მედიოლანელი და სხვები) ამბობენ, რომ კაენის შთამომავლების ქალებმა ასწავლეს ღვთისშვილებს ჯადოქრობა და მისნობა.
ქორწინებაში ბიბლია ყოველთვის ღმერთთან კავშირს გულისხმობდა. მაგრამ ღვთის მიერ აკრძალული კავშირების შედეგად სამყაროში წარმართული ღმერთების, ჯადოქრობის, ასტროლოგიის, მოკლედ უწმინდური სულების თაყვანისცემა ჩაისახა. დაცემულმა ადამიანმა შემოქმედის გარეშე დააპირა სამყაროს საიდუმლოებათა წვდომა ანუ ღმერთის გარეშე ღმერთობა განიზრახა. მან ადამისა და ევას ცდუნების ისტორია გაიმეორა. (დაბ. 3.4-5).
მოგეხსენებათ, დაცემული ანგელოზები სასუფეველში ყოფნის დროს სხვადასხვა იერარქიას მიეკუთვნებოდნენ. შესაბამისად ისინი ნაზიარებნი იყვნენ ღვთის საიდუმლოთა. დაცემის შემდეგ მათ ეს ცოდნა შეუნარჩუნდათ. ამ ცოდნის მეშვეობით დემონი იოლად იმორჩილებდა ადამიანს, "ფარული ცოდნისა" და "ზებუნებრივი ნიჭების" გადაცემით იზიდავდა.
აკრძალული ცოდნის დემონებისაგან მიღებამ ადამიანი კიდევ უფრო განაშორა ღმერთს – იგი თავისი თავის გაღმერთებას შეუდგა.
ეკლესიის სწავლების თანახმად, ქრისტიანს ღვთის საიდუმლოებანი იმდენად ეძლევა, რამდენადაც განიწმინდება ცოდვებისაგან და მოიხვეჭს სულიწმიდის მადლს. რაც უფრო მეტს იღვწის ქრისტიანი, მით უფრო მეტად უახლოვდება ღმერთს თავისი ცხოვრებით, ფიქრით თუ მოქმედებით. ე.ი. ადამიანი მხოლოდ სულიწმინდის მადლის მეშვეობით სწვდება ღვთის საიდუმლოთა, რომლებსაც, ბუნებრივია, მხოლოდ კეთილი საქმიანობისათვის იყენებს. რაც შეეხება დაცემული ანგელოზებისაგან მიღებულ "ფარულ ცოდნასა და ნიჭებს", მათი მეშვეობით ადამიანი ეუფლება მაგიურ ცოდნას, ეძლევა სხვებზე, აგრეთვე, სტიქიებზე ზემოქმედების საშუალება. ამასთან ისინი ბოროტი სულების სრულ მონობაშიც ექცევიან. ამ "ცოდნის" მიმღებ პირებს შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ არა მარტო ადამიანებს, არამედ მთლიანად ხილულ სამყაროს. აი, როგორ აღწერს ამას წმიდა წერილი: "დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად და შეწუხდა. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე" (დაბ. 6. 5-7) ეს იმის გამო მოხდა, რომ ადამიანმა უწმინდურ სულებთან დაამყარა კავშირი და გამოიყენა მათი "ნიჭები" (მაგია, ჯადოქრობა, ასტროლოგია და სხვა). ადამიანმა საკუთარ არსებობას თვითონ დაუკარგა აზრი, როცა განუდგა ღმერთს და თავად ისურვა ღმერთობა.
ამის შემდეგ, ღმერთმა ადამიანის ცხოვრების ასაკი 120 წლამდე შეამცირა, ხოლო უსჯულოება რომ გამრავლდა, მან წარღვნით გაანადგურა კაცობრიობა, გარდა მართალი ნოეს ოჯახისა. (დაბ. 6. 9-10).
თუ ნოეს შემდგომი პერიოდის ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ — უძველესი ცივილიზაციები, რომლებშიც ჯადოქრობა, ასტროლოგია და სხვა "ფარული ცოდნა" იყო გაბატონებული, მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. მაგალითისთვის ბაბილონის, ასურეთისა და სპარსეთის სამეფოებიც კმარა.
უფრო ვრცლად ბაბილონის ისტორიაზე ვისაუბროთ. ბაბილონელი ისტორიკოსი და ქურუმი ბეროსი (III ს. ძვ.წ.) ადასტურებს მაგიური ცოდნის არსებობას წარღვნის შემდეგაც. ცნობილია, რომ ბაბილონის ტრადიციის ფუძემდებლები ქალდეველთა ტომები იყვნენ. ისინი გარკვეულ "არამიწიერ ცოდნას" ფლობდნენ და გახლდნენ პირველი ასტროლოგები, ალქიმიკოსები და თეოსოფები. ძველი ქალდეური გადმოცემა ამბობს, რომ მათ ზეციდან მოევლინათ პირველი ათი მეფე. ესეც ცნობილია: ქალდეველები არანაირ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებდნენ ვარსკვლავებთან შეუთანხმებლად. ასტროლოგია ბაბილონში იმდენად გავრცელებული იყო, რომ თავად სახელწოდება "ქალდეველი", მრავალი ძველი მწერლის მოწმობით, ასტროლოგს ნიშნავდა.1
განვიხილოთ ასტროლოგიასთან ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიის დამოკიდებულება. ძველთაგანვე ასტროლოგობა ბოროტ ძალთა მსახურებას ნიშნავდა. ძველაღთქმისეულ დროს ჯადოქრები, მოგვები, ვარსკვლავთმრიცხველები, მისნები ჩაქოლვით ისჯებოდნენ (ლევ. 20.27.) ახალი აღთქმის მართლმადიდებელი ეკლესია ამგვარ საქმეთა მოქმედს მრავალი წლით განაშორებს ზიარების წმინდა საიდუმლოსაგან. ჯადოქრობის ცოდვა, თავისი სიმძიმით კაცისკვლას უტოლდება. დიდი რჯულის კანონში რამდენიმე მსოფლიო კრება გმობს გრძნეულებას, მკითხაობას, ყველა მსგავს საქმიანობას, ვით სატანურს (ტრულ. 65; ანკვირ. 24; ლაოდ. 36; ბასილი დიდი 7,65,72,81,83; გრიგოლ ნოსელი 3) და მის მიმდევარს ექვსი წლით განაშორებს ზიარებისაგან, ხოლო ამის მოქმედ მღვდელს მოიკვეთავს.
ღმერთი ესაია წინასწარმეტყველის პირით გვაუწყებს ბაბილონის სამეფოს დაღუპვას. მომრავლდა იქ უწმინდურება, მაგია და ვარსკვლავთმრიცხველობა: "გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი, ჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ". შემდეგ წინასწარმეტყველი ჯადოქრობისა და ასტროლოგიის უსუსურობას წარმოაჩენს; "იდექი შენს ჯადოებზე და შენს უამრავ გრძნეულებებზე, რისთვისაც ზრუნავდი სიყმაწვილიდანვე! იქნებ გიშველოს, იქნება ზარი დასცე. აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისაგან! აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისგან". (ესია. 47.11-17).
ნეტარი ავგუსტინე გვაუწყებს იმის მიზეზს, თუ რატომ უკავშირდებიან დემონები ადამიანებს ასტროლოგიის მეშვეობით: "იცის ყოვლადცბიერმა, რომ ცრუ წინაწარმეტყველებების საშუალებით ადვილად შეძლებს განგვაშოროს ღმრთისაგან და თავისკენ მიგვიზიდოს, რომ შეძლებს დაგვაჯეროს, ვითომ ვარსკვლავები განაგებენ ჩვენს მოქმედებებსა და აზრებს. ხოლო როდესაც მიღებული იქნება ეს რწმენა, ჩვენ საერთოდ აღარ ვიზრუნებთ, ან ძალზე მცირედ ვიზრუნებთ ჩვენი შეცდომებისათვის, რადგან გავიმართლებთ თავს ვარსკვლავთა მოქმედების გარდაუვალობით; ხოლო როდესაც უბედურება დაგვატყდება თავს, დავადანაშაულებთ ამაში ღმერთს, როგორც ბოროტების შემოქმედს... და სწორედ მაშინ მტერი (ეშმაკი) მოხერხებულად შეძლებს2 ჩვენს დაუფლებას და ჯოჯოხეთის ფსკერზე ჩათრევას".3
წმინდა იოანე დამასკელი შემდეგნაირად ახასიათებს ასტროლოგიას: "ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავებით, ასევე მზისა და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება. სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მნათობების საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნოტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ისინი ჩვენი მოქმედების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ თავისუფლად შექმნილნი, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ყველაფერს ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით ვაკეთებთ, მაშინ, რასაც ვაკეთებთ, გარდაუვალობის გამო ვაკეთებთ. ღაც გარდაუვალობის გამო ხდება, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება. ხოლო თუ ჩვენ არ გაგვაჩნია არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არც ჯილდოს და არც სასჯელს იმსახურებ. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ, ღმერთი, უსამართლოდ აძლევს ზოგს ნეტარებას, ზოგს – სატანჯველს. უფრო მეტიც: თუკი ყველაფერი გარდაუვალობის გამო წარიმართება, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან - თუ ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არც რაიმეს მოსაზრება გვჭირდება. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე ქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება, ამავე დროს, არის თავისუფალი არსება."4
ამრიგად, მართმადიდებლური ეკლესიის სწავლების თანახმად, ადამიანი თავისუფალია თავის ქმედებაში. ამიტომ შეუძლებელია ვინმეს ან რაიმეს ძალდატანებით სჩადიოდეს იგი კეთილსა თუ ბოროტს, რადგან ყოველივე ეს ადამიანის ხელმწიფების ქვეშ იმყოფება.
დაე, განვეშოროთ ჯადოქართა და ასტროლოგთა ცრუ წინასწარმეტყველებებსა და ცრუ სასწაულებს, რათა ჩვენზეც არ აღსრულდეს წმინდა წერილის მიერ აღთქმული სასჯელი. (გაგრძელება...)
1 А. Кулиш "Современные ереси и секты на руси" С-М. 2011. გვ. 195.
2 "ასტროლოგია ანუ დიდი სიცრუე". გ. ზალიშვილი. გვ. 5. თბ. 1998.
3 იქვე. გვ. 8.
4 იქვე. გვ. 7.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია