ჭეშმარიტ სასწაულს ყოველთვის გარკვეული მიზანი და დანიშნულება აქვს. უპირველესად ის არის ქრისტიანობის გავრცელებისა და ადამიანის რწმენაში განმტკიცების საშუალება, თუმცა მხოლოდ ეს არ გახლავთ სასწაულის მიზანი. სასწაულები ადამიანთა გადარჩენას, განკურნებას, განსაცდელების ღირსეულად გამოვლას და წრთობას ემსახურება.
ამის მაგალითები მრავლადაა წმიდა წერილში. ნაინელი ქვრივის ვაჟიშვილის მკვდრეთით აღდგენას გავიხსენებთ. რატომ აღადგინა მაცხოვარმა მიცვალებული? იმიტომ, რომ მას შეებრალა ქვრივი (ლუკ. 7.13). რატომ გადაადგილდა მთა წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის ლოცვით? იმიტომ, რომ ის მთა ხელს უშლიდა წმინდანს ტაძრის აშენებაში (წმინდანთა ცხოვრება, 17 ნოემბერი).
გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე სასწაული წმინდანთა ცხოვრებიდან, რაც ჩვენი მოსაზრების მართებულობას დაამოწმებს:
„ამბა დულამ, ამბა ბესარიონის მოწაფემ თქვა: როდესაც ზღვის ნაპირას მივდიოდით,მომწყურდა და ამბა ბესარიონს ვუთხარი: ამბა, მწყურია. ბერმა ილოცა და მითხრა: ზღვიდან დალიე. წყალი უმალ დატკბა და წყურვილი მოვიკალი. შემდეგ წყალი ჭურჭელში ჩავასხი, იქნებ კიდევ მომწყურებოდა. ეს რომ დაინახა, ბერმა მკითხა: რატომ ჩაასხი წყალი? მე მივუგე: შემინდე, ამბა, იქნებ კიდევ მომინდეს დალევა. და მითხრა ბერმა: აქ მყოფი ღმერთი ყველგან ღმერთია.”1
„სხვა დროს, როდესაც ბესარიონს ესაჭიროებოდა, ილოცა, ფეხით გადალახა ქრიზორი და ნაპირზე გამოვიდა. მე გავკვირდი, თაყვანი ვეცი და ვკითხე: როგორ გრძნობდი საკუთარ ფეხებს, როდესაც წყალზე მიაბიჯებდი? ბერმა მითხრა: ქუსლებამდე წყალს ვგრძნობდი, დანარჩენი კი მყარი იყო.”2
„ერთ ქალს მკერდზე კიბო ჰქონდა და ამბა ლონგინოზის შესახებ რომ შეიტყო, შემთხვევას ეძებდა მასთან შესახვედრად. ბერი ალექსანდრიის აღმოსავლეთით, ცხრა მილის დაშორებით ცხოვრობდა. იმ დროს, როდესაც ქალი დაეძებდა, ნეტარი ბერი ზღვის ნაპირას შეშას აგროვებდა. ქალმა დაინახა და, რადგან არ იცოდა, ვინ იყო, ჰკითხა: ამბა, სად ცხოვრობს მონა ღვთისა ამბა ლონგინოზი? მან უთხრა: რა გინდა იმ მატყუარასთან? ნუ წახვალ მასთან, რადგან მატყუარაა, რა გინდა? ქალმა თავისი სენი უჩვენა. ბერმა მტკივნეულ ადგილას ჯვარი გადასახა და გაუშვა: გასწი, უფალი განგკურნავს, ლონგინოზს კი შენი შველა არ ძალუძს. ქალმა ირწმუნა მისი სიტყვა, წავიდა და მალევე განიკურნა. როდესაც სხვებს უამბო ეს ამბავი და ბერის გარეგნობა აღწერა, მიხვდნენ, რომ იგი თავად ამბა ლონგინოზი იყო.”3
„ერთ-ერთი მამა ეგვიპტის თებაიდაში მცხოვრები ამბა პავლეს შესახებ ამბობდა: მას ხელში გველები და მორიელები ეკავა და აბლაბუდასავით შუაზე ხევდა. ძმებმა თაყვანი სცეს და ჰკითხეს: გვითხარი, როგორი ღვაწლი აღასრულე, რომ ასეთი მადლი მოიხვეჭე? მან მიუგო: შემინდეთ, მამანო, თუ ვინმე სიწმიდეს მოიხვეჭს, ყველაფერი დაემორჩილება მას, როგორც ადამს, ვიდრე ის მცნებას დაარღვევდა და სამოთხეში იმყოფებოდა.”4
წმიდა მამათა ცხოვრებაში უამრავი მსგავსი სასწაულია. ჩვენ შეგნებულად ავარიდეთ თავი საქართველოს საკვირველმოქმედი მამების (იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების, გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეებისა და სხვა მრავალი წმიდა მამის) სასწაულმოქმედებათა მოთხრობას. მკითხველისთვის მეტნაკლებად ცნობილია მათი ცხოვრება.
უმთავრესი არ დაგვავიწყდეს: როგორ მივიღოთ ჩვენ ეს სასწაულები? რამდენად დაშვებულია მსგავსი სასწაულების აღსრულება ჩვენს დროში? რამდენად ადეკვატურად აღიქვამს თანამედროვე ადამიანი იმ სულიერ გარემოს,რომელშიც იმყოფებოდნენ ადრინდელი ქრისტიანები? ვგრძნობთ თუ არა, რამდენად ღარიბნი ვართ სულიერად ჩვენი დროის ქრისტიანები? რატომ ეძებს თანამედროვე ადამიანი სასწაულებს, ან რატომ უჩივის იგი დღეს სასწაულების ნაკლებობას? ამ და მსგავს საკითხებზე შემდეგ თავში ვისაუბროთ. (გაგრძელება...)
1 ძველი პატერიკი. გვ. 218.
2 იქვე. გვ. 219.
3 ძველი პატერიკი. გვ. 243-244.
4 იქვე. გვ. 246.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია