-მივწერე წმინდაო მამაო.
-მომეცი ღია ბარათი და ჩემგანაც მივაწერ: „დაე, იმყოფებოდეს თქვენ შორის იესო ქრისტე და ყოვლადწინდა ღვთისმშობელი. დიმიტრი, კურთხევას გაძლევ, რომ გაუწყრე მთელ სამყაროს, ოღონდაც არა - მარიამს! ასევე მარიამს ვაძლევ კურთხევას, რომ გაუნაწყენდეს ამ ქვეყნად ყველას-შენს გარდა". აბა, ვნახო, მიხვდებიან თუ არა ისინი, რას ვგულისხმობ ამაში. ერთხელ ერთმა ადამიანმა მკითხა: „წმინდაო მამაო, ყველაზე მეტად რა აერთიანებს ცოლსა და ქმარს"? – „მადლიერება". მივუგე მე. ერთ ადამიანს მეორე უყვარს იმისთვის, რასაც ის მას აძლევს. ცოლი ქმარს აძლევს ნდომას, ერთგულებას, მორჩილებას. ქმარი ცოლს აძლევს რწმენას იმისა, რომ იგი მისი მფარველობის, დაცვის ქვეშ იმყოფება. ქალი ოჯახის დიასახლისია, მაგრამ ამავე დროს მისი მსახურია. ქმარი ოჯახის ბრძანებელია, მაგრამ ამავდროულად მისი ტვირთის მზიდავიც.
ცოლ-ქმარი ერთმანეთთან განწმედილი სიყვარულით უნდა იყოს დაკავშირებული. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ერთმანეთისგან ნუგეშინისცემა მიიღონ და ისეთი მდგომარეობა შეინარჩუნონ - საკუთარი სულიერი მოვალეობის შესანარჩუნებლად. იმისთვის, რომ თანხმობით იცხოვრონ, მათ უპირველეს ყოვლისა ცხოვრებას საფუძვლად სიყვარული უნდა დაუდონ, - სწორედ ის ძვირადღირებული სიყვარული, რომელიც სულიერ კეთილშობილებაში, თავგანწირვაში მდგომარეობს და არა - ცრუ, ერული, ხორციელი სიყვარული. თუკი სიყვარული და თავგანწირვა არსებობს, ერთი ადამიანი ყოველთვის აყენებს საკუთარ თავს მეორის ადგილას, შეუძლია, გაუგოს მას, მისი ტკივილი განიცადოს. ხოლო, როდესაც მოყვასს თავისი მტკივნეული გულის კარს გაუღებს, ამ დროს ადამიანი გულის კარს უღებს ქრისტეს, რომელიც თავისი გამოუთქმელი სიხარულით კვლავაც აღავსებს მას.
როდესაც მეუღლეთაგან ერთ-ერთს მეორე უყვარს, შორს მყოფიც კი - თუკი ამგვარი რამ მდგომარეობამ მოითხოვა, - მასთან მაინც ახლოს იქნება, იმიტომ, რომ ქრისტესმიერმა სიყვარულმა მანძილი არ იცის. მაშინ, როდესაც, თუ მეუღლეებს შორის, ღმერთმა დაიფაროს და, სიყვარული არ არსებობს, ერთად ყოფნისასაც შესაძლოა, რომ არსობრივად ერთმანეთისაგან სულიერად დაშორებულები იყვნენ. ამიტომაა, რომ მეუღლეთაგან თითოეული უნდა ცდილობდეს, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში შეინარჩუნოს სიყვარული მეორისადმი და საკუთარ თავს გამუდმებით მსხვერპლად სწირავდეს მას. ხორციელი სიყვარული გარეგნულად აერეთიანებს ერის ადამიანებს, ოღონდაც-მხოლოდ იქამდე, ვიდრე ისინი ამგვარი ხორციელი სიყვარულისთვის აუცილებელ ერულ თვისებებს ფლობენ. როდესაც ეს ერული თვისებები ქრება, ხორციელი სიყვარული ერთმანეთს აშორებს ადამიანებს და ისინი დაღუპვის პირას აღმოჩნდებიან ხოლმე. მაგრამ, თუკი ცოლ-ქმარს შორის ნამდვილი, ფასეული სულიერი სიყვარული არსებობს, ის ფაქტი, რომ ისინი ნელ-ნელა კარგავენ ხორციელი სიყვარულისათვის აუცილებელ სხვადასხვა თვისებებს, მათ კი არ აშორებს ერთმანეთისაგან, არამედ, პირიქით - კიდევ უფრო მტკიცედ აკავშირებს. როდესაც მხოლოდ ხორციელი სიყვარული არსებობს, ცოლი, მას შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ მისი ცხოვრების თანამგზავრმა სხვა ქალს შეხედა, მას თვალებში მარილმჟავას შეასხამს და სამუდამოდ დააბრმავებს. ხოლო თუკი ქალს ის ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარს, მის გამო უდიდეს ტკივილს განიცდის და ფრთხილად, აკურატულად ცდილობს მის დაბრუნებას ჭეშმარიტ გზაზე. სწორედ ამგვარად მოდის საღმრთო მადლი.
მამა პაისი მთაწმინდელი