წინასწარმეტყველებები შეწყდაო რომ ვამბობთ, არ ნიშნავს რომ ეს სულიერი ნიჭი საერთოდ აღარ არსებობს. წინასწარმეტყველების ნიჭი გულისხმობს უფლის ნების განჭვრეტას ამა თუ იმ ადამიანსა და მოვლენაზე. ასეთი ნიჭი კი, რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მას მჭვრეტელობა ეწოდება.
მჭვრეტელობა მომავლის მკაფიო ხედვის ნიჭია, გამოითქმის კონკრეტული ადამიანისა თუ მოვლენის შესახებ. ღირსი მამა სილუანე ათონელი წერს: „მჭვრეტელობის ერთი სახე ცხოვრებისეული გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგი გახლავთ. მე მგონია, რომ ცხოვრების გარკევეული პერიოდის შემდეგ ჩვენც შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, როგორი კაცი დადგება ბავშვი,რომლის გარემო პირობებიც ვიცით, ისიც ვიცით, რომ ეს პირობები ახლო მომავალში არ შეიცვლება; თუ ბავშვი ცუდად არის აღზრდილი, ვფიქრობ, დიდი ფსიქოლოგობა არ დასჭირდება იმის გამოცნობას, თუ როგორი გზით გააგრძელებს იგი ცხოვრებას. ხოლო ჭეშმარიტი მჭვრეტელობა ღვთის ნიჭია, რომელიც ღვთისაგან წმინდა გულის ადამიანებს ეძლევა. ისინი ჭვრეტენ ღვთის ჩანაფიქრს კონკრეტულ ადამიანზე, რათა დანახული მათ სასიკეთოდ დროულად აუწყონ. როგორც ვთქვით, მჭვრეტელობა ღვთის ნიჭია, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ წმიდა მამას ეძლეოდა."1
ღირსი სილუანე ათონელი მჭვრეტელობის სამგვარ ნიჭზე საუბრობს. პირველია ბუნებრივი ინტუიცია, რომელიც მარხული ცხოვრებით ეძლევა ზოგიერთს. მეორე დემონური მოქმედებისმიერი ჭვრეტაა. მესამე არის მადლის საჩუქარი.
პირველი — ბუნებრივი ინტუიცია კეთილგონიერი, მორჩილი ადამიანისთვის სასარგებლოა, რამდენადაც ხელს უწყობს მას უფრო ფაქიზად დაიცვას ქრისტეს მცნებები მოყვასთან ურთიერთობაში. ამაყსა და ვნებიანს იგი ზიანს მოუტანს, რადგან ამრავლებს ვნებათა საბაბს და დიდ ასპარეზს ხსნის მათ დასაკმაყოფილებლად.
მეორენაირი მჭვრეტელობა განსაკუთრებით სახიფათოა. ვინც ამგვარ ნიჭს ფლობს, მას ადრე თუ გვიან ავადმყოფურად ერღვევა სულიერი ძალები, უმახინჯდება იერიც კი.
მესამენაირი — მადლის საჩუქარი უდიდეს პასუხისმგებლობას უკავშირდება. ის ამაყს საერთოდ არ ენიჭება, მისთვის კი, ვინც დაიმსახურებს, დიდი სულიერი ტანჯვის წყაროა. უნდა ვთქვათ, რომ სამგვარივე მჭვრეტელობა თავისებურად მტანჯველია. პირველი ბუნებრივი ინტუიციისა და ნერვულ-ფსიქიკურ შეგრძნებათა ამაღლების შედეგად გვევლინება. მჭვრეტელობის მეორენაირი ნიჭი დემონური ძალის სრულიად დამანგრეველი მოქმედებისა და გამხრწნელი თვისების შედეგად ტანჯვას გვგვრის. ეს ხშირად დიდი ხნის მერე საცნაურდება. ამგვარი მჭვრეტელობისას ხანდახან მჟღავნდება სხვათა ფიქრების წაკითხვის უნარი. და მაინც - ამგვარ მჭვრეტელთათვის ადამიანის შინაგანი სიღრმე მიუწვდომელი რჩება.2
მჭვრეტელობის ნიჭის გამოვლინების მრავალ მაგალითს ვპოულობთ ძველ პატერიკებში, სათნოებათ მოყვარეობაში, წმ. იოანე კიბისაღმწერელთან, ამბა დოროთუსთან და სხვა მამებთან. მოგითხრობთ ზოგიერთის შესახებ:
„აი სიხარულით აღსავსე ჩვენება, რომელიც წმიდა ანტონი დიდს მოევლინა, რომელიც განაცხოველებს მოსაგრეთა საღმრთო შურს, რომელიც ნათლად დაანახვებს ადამიანს სულის ნეტარ მდგომარეობას სიკვდილის შემდგომ და ამით ჭეშმარიტ სასოებას უღვიძებს მას, ეს ჩვენება წმიდა ამმონს შეეხება. იგი წმიდა ანტონის მოწაფეც იყო და მეგობარიც. ერთხელ გორაკის თხემზე მყოფმა მამა ანტონმა ცას ახედა და დაინახა, რომ ვიღაც ცად მაღლდება და ცეცხლოვან ზოლს ტოვებს ჰაეროვან სივრცეში, ხოლო ზეციდან გახარებულ ანგელოზთა გუნდი მიეშურება მისკენ, რათა კეთილად შეიწყნაროს და მეგზურად გაუხდეს. ანტონმა ლოცვა-ვედრებით მიმართა უფალს, რათა გაემხილა მისთვის ამ ხილვის მნიშვნელობა. და მაშინ ხმა მოესმა ზეგარდმო: ეს არის სული ამმონის, ნიტრიელი მონაზონისა!
ამ ჩვენების დროს, გორაკის თხემზე, წმიდა ანტონთან ერთად სხვა ძმებიც იყვნენ. როცა მოძღვრის გაკვირვება იხილეს, მიზეზი ჰკითხეს.ანტონმა უთხრა მათ: "ვიხილე მამა ამმონი და მესმა კიდეც მის შესახებო. 30 დღის შემდეგ ნიტრიის უდაბნოდან ძმები მოვიდნენ. მასპინძლებმა მოსულთ ჰკითხეს ამმონის შესახებ და შეიტყვეს — იგი მართლაც იმ დღეს და იმ ჟამს აღსრულებულიყო, რა დღესა და ჟამსაც წმიდა ანტონმა ჩვენებით იხილა ცად ამავალი სული, რომელსაც სიხარულით ეგებებოდნენ უფლის ანგელოზები.”3
„სკიტის წმიდა მამები ბოლო თაობების შესახებ წინასწარმეტყველებდნენ: რა ვქენით ჩვენ? ერთ-ერთმა მათგანმა, თავისი ცხოვრებით უდიდესმა, სახელად ისქორიონმა, უპასუხა: ჩვენ აღვასრულეთ ღვთის მცნებები.კვლავ იკითხეს: ჩვენს შემდგომ მომავალნი გააკეთებენ რაიმეს? მიუგო: ისინი ჩვენი საქმეების ნახევარს აღასრულებენ. მათს შემდგომ რაღა იქნება? და თქვა: ის ხალხი საერთოდ ვერაფერს აღასრულებს, მათ განსაცდელთა დათმენა მოუწევთ და ვინც ღირსეული აღმოჩნდება, ჩვენზე და ჩვენს მამებზე უპირატესი იქნება.”4
„ამბა იოანემ თქვა, რომ ერთმა ბერმა იხილა სამი მონაზონი, მდინარის პირას მდგარი და მეორე ნაპირიდან ხმა მოესმათ: აღაპყარით ცეცხლოვანი ფრთები და მოვედით ჩემდა. ორმა მათგანმა მიიღო ფრთები და მეორე ნაპირისკენ გაფრინდა, ერთი კი დარჩა. იგი მოთქმით გოდებდა და ყვიროდა. ბოლოს მასაც მიეცა ფრთები, მაგრამ არა ცეცხლოვანი, არამედ სუსტი და უძალო. მან ძნელად, წყალში ჩაძირვითა და წვალებით, გაჭირვებით მიაღწია ნაპირს. ეს თაობაც ასეა — თუ მიიღებს ფრთებს, ისინი ცეცხლოვანი კი არა, სუსტი და უძლური იქნება."5
„სხვა დროს, როდესაც ამბა ლონგინოზი თავის სენაკში იმყოფებოდა, იჯდა და მამები ესაუბრებოდნენ. უეცრად წამოდგა, არავისთვის არაფერი უთქვამს, სენაკიდან გამოვიდა და ნავსადგომისკენ გაეშურა. რომ მიუახლოვდა, ნავსადგურს ეგვიპტიდან მომავალი ხომალდი მოადგა. მასში ერთი წმიდა ბერი იჯდა, რომელსაც ლონგინოზთან საუბარი სურდა. სულიწმიდის მადლით ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, ილოცეს და ეგვიპტელმა თქვა, უფალო, მე ხომ გთხოვე, ბერს ჩემს შესახებ არაფერიშეეტყო და არ გარჯილიყო. ისინი ამბა ლონგინოზის სენაკში შევიდნენ, დილით კი ეგვიპტელმა ბერმა მიიძინა.”6
როგორც ვხედავთ, წმიდა მამათა მჭვრეტელობით ნიჭს თავისი სულიერი დატვირთვა და მიზანი აქვს. მას სულიერი ცხოვრებისათვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. მით უფრო მნიშვნელოვანია ეს ნიჭი თანამედროვე ქრისტიანებისათვის. მსგავსიამონარიდები უფრო გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად დაშორებულნი ვართ ძველი დროის მამებს,რაოდენი ღვაწლი გვმართებს ჩვენს დროში. (გაგრძელება...)
1 მ. დუბლინსკი. „Свобода и Послушание" М. 2002 წ. გვ. 205.
2 ახალმოწამე მ. ნოვოსელოვი, „წერილები კათოლიციზმის შესახებ" ვ. წამალაშვილი.
3 საქ. ეკლესიის კალენდარი 1991წ. გამონათქვამები წმ. ანტონისა. გვ. 296.
4 ძველი პატერიკი. გვ. 218.
5 იქვე. გვ. 219.
6 იქვე. გვ. 219.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია