წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი ერთ-ერთი უდიდესი წინ-ასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.
ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე ახაბის ზეობისას მოუწოდა.
უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9). საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
წმიდა ილია მართალი (ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე) 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძველი სტილით) დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო: დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. მასთან გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა წმიდანის ცხოვრებაში. ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში გააგრძელა. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა და დაობლებული ოჯახის მეურვეობა მამიდა მაკრინემ იტვირთა. 1857 წელს ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ილია ძალიან ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ძველი ქართული წიგნებით იყო დაინტერესებული. აკადემიური მოსწრებაც მაღალი ჰქონდა, მაგრამ ილიას იურიდიული განათლების ოფიციალური მოწმობა არ აინტერესებდა. მან მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და 1861 წელს ღრმად და მრავალმხრივ განსწავლული დაბრუნდა საქართველოში. „რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?.. შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და ამ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?" - ეკითხებოდა ოცდაოთხი წლის ყმაწვილი საკუთარ თავს. ამის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ მას საქართველოსთვის არ ეფიქრა. საჭირო იყო ერის გამოღვიძება, მართალი სიტყვის თქმა... ილიაც არ ერიდებოდა მწარე მხილებას. ილიას მიაჩნდა, რომ „როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა", რომელსაც „აღარ ახსოვს ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე არად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც... თავისი ისტორია არ ახსოვს", ამიტომაც ახსენებდა თანამემამულეებს წარსულ დიდებას, ქართველთა თავდადებას რწმენისა და მამულის დასაცავად: „რა არ გარდაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გევუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავინ შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას?... დრო-ჟამი ამას გვიქადის" („რა გითხრათ? რით გაგახაროთ?")...
ეროვნული ინტერესები აიძულებდა ილიას, ისტორიკოსის ფუნქციები ეკისრა: მატიანეებს უღრმავდებოდა, იძიებდა, იკვლევდა და საქართველოს ღირსების შემლახველებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ღირსეულ პასუხს სცემდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წერილების ციკლი „აი, ისტორია" და „ქვათა ღაღადი". განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე ცხოვრების ამსახველ „შინაურ მიმოხილვებსაც" - „ივერიის" საპროგრამო წერილებს, რომელთაც ილია მიზნად უსახავდა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენას, ფეხზედ დაყენებას და დაცვას ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან".
დიდი ქართველი მოღვაწე ხშირად იმეორებდა: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო". იგი ზრუნავდა ენის სიწმინდისათვის, იბრძოდა მისი უფლებების დასაცავად სკოლებში. 1881 წელს, როცა კავკასიის სასწავლო ოლქის უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს ქართული ენის გაძევება სკოლებიდან, მან სტატიაში „ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო" დაასაბუთა, რომ „უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია, მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის... გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა"... ამ გამო-სვლამ შედეგიც გამოიღო. ის მინიმალური უფლებები, რომლებიც ქართულ ენას შეუნარჩუნდა სკოლებში, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ილიას ბრძოლის შედეგი იყო.
ილიამ ჩაუდგა სული ბევრ ეროვნულ საქმესაც: მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებისა.
ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?" მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ: 1905 წლის ოქტომბერში დასწრებია წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრების, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად.
ილიას მოღვაწეობა იმდენად აღიზიანებდა და აშინებდა ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი სატანური მოძღვრების გზააბნეულ მიმდევრებს, რომ ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს...
1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!" - დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული. მთელი საქართველო დასტიროდა წმიდა ილიას ცხედარს.
კავკასიის სამხედრო სასამართლომ ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამ სოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთაც თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში - შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან".
ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა":
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!"
1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი".
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღეა. 1977 წელს როდესაც ილია II აღსაყრდა საპატრიარქო ტახტზე, მძიმე მდგომარეობაში იყო ჩვენი ეკლესია, მცირე იყო მორწმუნეთა რაოდენობა, კომუნისტური რეჟიმი ბატონობდა მთელს ქვეყანაში და მიუხედავად ამისა, მან მოახერხა დამოწაფება და დაბრუნება ქართველი ხალხისა ეკლესიაში, სწორედ ეკლესიის წიაღში აღიზარდნენ, შემდგომში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მრავალნი მებრძოლნი. მან მოდრიკა მაშინ სარწმუნოებისაკენ ბევრი ჩინოვნიკი კომუნისტიც, ზოგიერთი მათგანი, მას, საიდუმლოდ აბარებდა აღსარებას, ასე იწყებდნენ ახალ ეკლესიურ ცხოვრებას საქართველოში...
მან, ღვთის ძალითა და მადლით მოახერხა და ააღორძინა საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრება, მან გახსნა სასულიერო სასწავლებლები, მაშინ როდესაც ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო, იგი იყო და არის მშვიდობისმყოფელი ყველგან და ყველა საკითხში, რომელიც ადამიანთა და ერთა ურთიერთობებს შეეხება, მან პირველად საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში მოთხოვა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს გაეუქმებინა სიკვდილით დასჯა...
ვულოცავთ მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს. ღმერთმა ინებოს ჩვენი პატრიარქების და ჩვენი მეუფეების ლოცვით, მშვიდობით კეთილდღეობა და გამთლიანება ჩვენი ქვეყნისა!!!
ამინ!!!
Xareba.net - ის რედაქცია