„რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ,
მანცა ქმნეს და უფრო ისი ამისს ქმნეს, რამეთუ მე მამისა მოვალ." (ინ. 14.18)
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ უდიდესი სასწაულები აღასრულა თავისი ღვთაებრივი მოვლინების დასამტკიცებლად და კაცობრიობის საცხონებლად. მაცხოვარი არა მხოლოდ თავად აღასრულებდა სასწაულებს. მან მოციქულებსაც, მათი მეშვეობით კი ყველა მორწმუნეს, მისცა სულიწმიდა, რომელიც აღასრულებდა და ახლაც აღასრულებს სასწაულებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებას.
მოციქულების, განსაკუთრებით პეტრესა და პავლეს უდიდესი სასწაულები, აღწერილია „საქმე მოციქულთაში". ყურადსაღებია, რომ ეს სასწაულები მოთხრობილია პავლე მოციქულის მოწაფის ლუკა მახარებლის მიერ. ის თვითონ იყო მრავალი სასწაულის თვითმხილველი.
პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში პირდაპირ საუბრობს ამ სასწაულების შესახებ. მოგეხსენებათ, პავლე მოციქული არ გახლდათ თორმეტ მოციქულთაგანი. მოციქულებრივ ღვაწლზე ის თვით მაცხოვრის გამოცხადების შემდეგ იქნა დადგენილი. როგორც ცნობილია, მას ჰყავდა მტრები, რომლებიც ამბობდნენ, რომ პავლე არ იყო მოციქული. ამიტომ წმ. პავლე მოციქული კორინთელებს წერს: „არამედ სასწაული იგი მოციქულისავე იქმნა თქუენ შორის ყოვლითა მოთმინებითა, სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა" (2 კორ. 12,12) იმავე შინაარსისაა პავლე მოციქულის მიმართვა რომაელებისადმი: „რამეთუ არა ვიკადრო რისამე სიტყუად, რომელი – იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ დასამორჩილებლად წარმართთა სიტყვთა და საქმითა. ძალითა სასწაულებისა და ნიშნებისთა, ძალითა სულისა და ღმრთისათა, რათა მე იერუსალიმითგან და გარემო ვიდრე ილორიკიადმდე აღვასრულო სახარება იგი ქრისტესი" (რომ. 15.18.19).
გარდა ამისა, პავლე მოციქულის მიერ დაარსებულ ეკლესიებში ქრისტიანები უამრავ სასწაულს აღასრულებდნენ. ასე მაგალითად, კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული სხვადასხვა სულიერი ნიჭების არსებობის შესახებ წერს: „და სხვისა სარწმუნოება მისივე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათა მისგანვე სულისა, რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინასწარმეტყველება, რომელსამე განკითხვა სულთა, და სხუასა თესლად-თესლადი ენათა, და სხუასა თარგნება ენათა: (კორ. 9-10) ანუ ქრისტიანთა შორის ზოგიერთები სნეულებს კურნავდნენ, ზოგი მომავალს წინასწარმეტყველებდა, ზოგიც უცხო ენებზე მეტყველებდა და ა.შ.
მაგრამ, მოდით, კვლავ წმ. პავლე მოციქულის სასწაულებრივ ცხოვრებას მივუბრუნდეთ. როდესაც პავლე მოციქული შეიპყრეს და ხომალდით რომში გააგზავნეს, უეცრად ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა. გრიგალი მოგზაურებს თოთხმეტი დღის განმავლობაში აქეთ-იქით მიაქანებდა. არავინ იცოდა, რა ბედი ელოდათ, მაგრამ მათ უფლის ხელი იცავდა. ქარიშხლის დროს პავლეს ანგელოზი გამოეცხადა და შეჰპირდა, რომ ყველა, ვინც მასთან იქნებოდა, გადარჩებოდა. ბოლოს ხომალდი მეჩეჩზე დაჯდა. მეომრებს პატიმრების ამოხოცვა სურდათ, მაგრამ ასისთავმა, რომელსაც პავლეს გადარჩენა გულით ეწადა, ისინი შეაჩერა. მან ყველას უფლება მისცა, ვისაც როგორ შეეძლო, თავი ისე გადაერჩინა. კუნძულ მალტის მცხოვრებლებმა მოგზაურები გულთბილად მიიღეს და სანაპიროზე ცეცხლი დაანთეს. როცა პავლე მოციქული კოცონზე ფიჩხის კონას დებდა, იქიდან იქედნე (გველი) გამოძვრა და ხელზე დაეკიდა. ეს რომ კუნძულელებმა ნახეს, თქვეს: როგორც ჩანს, ეს ადამიანი დიდი ბოროტმოქმედია, რადგან ხომალდის დაღუპვას გადაურჩა და მაინც კვდებაო. მაგრამ მოციქულმა იქედნე მშვიდად მოისროლა ცეცხლში, თვითონ კი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულით გაოცებულმა ადგილობრივებმა იგი რომელიღაც ღმერთად აღიარეს, ხოლო როცა მოციქულმა კუნძულის მმართველის მამა განკურნა და სხვა სასწაულებიც აღასრულა, მის მიმართ ღრმა პატივისცემით განიმსჭვალნენ.
არანაკლები სასწაულებითაა აღბეჭდილი პეტრე მოციქულის ცხოვრებაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოციქულის მიერ სიმონ მოგვის ძლევის ამბავი. მოგვი ჯადოქრობითა და ცრუ სასწაულებით ხალხს უჩვენებდა წინმავალსა და ზურგს უკან მომავალ აჩრდილებს და ირწმუნებოდა, ესენი გარდაცვლილთა სულებიაო. კიდევ: უჩვენებდა ვითომცდა მის მიერ მკვდრეთით აღდგენილ ადამიანებს, რომლებიც თაყვანს სცემდნენ მას, როგორც ღმერთს. ერთიც: ვითომცდა კოჭლებს და ხეიბრებსაც კურნავდა, შემდეგ კი ყველას დასანახად ახტუნავებდა და არბენინებდა მათ; ასე ათვალსაჩინოებდა თვალთმაქცი მოგვი საკუთარ ძალმოსილებას. სინამდვილეში ეს იყო მხოლოდ მოჩვენებითი, ცრუ საკვირველებანი, მსგავსი იმისა, რასაც ზღაპრული პროთევსი იქმდა, ზღვათა გულთმისანი მოხუცი, წარმართ ბერძენთა ერთ-ერთი „ღვთაება". იგი ხან ორსახიანი იყო, ხან თხა, ხანაც გველი ან ფრინველი, ზოგჯერ ცეცხლის ალიც და ა.შ. ერთი სიტყვით, უგუნურთა საცთუნებლად ნებისმიერ სახეს იღებდა, მასში ბოროტი სული - დემონი მოქმედებდა.1
როცა პეტრე მოციქული რომს ჩავიდა, შეიტყო, რომ უკეთური სიმონ მოგვი თავს ქრისტეს უწოდებდა და ხალხის წინაშე დიდ-დიდ „სასწაულებს" აღასრულებდა, იგი ჭეშმარიტი საღმრთო მოშურნეობით აღივსო და სიმონის სახლისკენ გაემართა. აქ დიდძალი ხალხი შეკრებილიყო. წმიდა პეტრე მოციქულმა ასე უთხრა მათ: მე თქვენ ჭეშარიტებას გეუბნებით მასზე - სიმონ მოგვი ეშმაკისგანაა.
შემდეგ შავ ძაღლს მიუახლოვდა და უბრძანა: - წადი და გადაეცი სიმონს, პეტრეა მოსული, ქრისტეს მოციქული და შენთან შემოსვლა სურს!
მართლაც ადგა ძაღლი და შევიდა სიმონთან და ყველას გასაგონად ადამიანური ხმით გადასცა ნაბრძანები. ამის გაგონებაზე სახლის წინ შეკრებლთ თავზარი დაეცათ. სიმონმა კი, თავის მხრივ, უკან გამოაგზავნა ძაღლი და დააბარა - შემოვიდეს პეტრე!
როცა წმინდა მოციქული სახლში შევიდა, მოგვმა ყველას დასანახად დაიწყო ჯადოქრობა მის წინაშე, პეტრემ კი უფრო დიდი და საკვირველი სასწაულები აღასრულა და სძლია მას ქრისტეს ძალით. ამ სასწაულთაგან ერთს მოიხსენიებს უდიდესი ბერძენი საეკლესიო მემატიანე ეგეზიპე, რომელიც დაახლოებით მოციქულთა დროს ცხოვრობდა. ეს სასწაული შემდეგში მდგომარეობდა: რომში სამეფო გვარის ერთ კეთილშობილ ქვრივ დედაკაცს ვაჟიშვილი გარდაეცვალა, დედა უნუგეშოდ დასტიროდა უდროოდ მომკვდარ ჭაბუკს. ახლობლებს, ბუნებრივია, ძალზე ეცოდებოდათ შვილმკვდარი დედა, გაახსენდათ რომში მყოფი პეტრეც და სიმონ მოგვიც, გავრცელებული ხმები, რომ მათ ძალუძთ მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგენა და აი, ზოგმა პეტრეს მოუწოდა, ზოგმა სიმონ მოგვს. ჭაბუკის დაკრძალვის დღეს უამრავი ხალხი შეიკრიბა. წმიდა პეტრე მოციქულმა ყველას გასაგონად ასე უთხრა სიმონ მოგვს: - რომელი ჩვენგანიც მკვდრეთით აღადგენს ამ მიცვალებულ ჭაბუკს, მისი მოძღვრება უნდა იქნას აღიარებული ჭეშმარიტად.
ხალხმა მოიწონა მოციქულის გადაწყვეტილება. სიმონმა კი თავისი ჯადოსნური მანქანების იმედით, ასე მიმართა ხალხს: - მე რომ მკვდრეთით აღვადგინო ჭაბუკი, თუ მოკლავთ პეტრეს? - ცოცხლად დავწვავთ შენს თვალწინ! - იხუვლა ხალხმა. და აი, სიმონ მოგვი მიცვალებული ჭაბუკის სარეცელს მიადგა და თავის გრძნეულებას შეუდგა. დემონთა შეწევნით მან მხოლოდ იმას მიაღწია, რომ მკვდარმა თავი გააქანა. ხალხშიც ბევრი აყვირდა - გაცოცხლდა, გაცოცხლდაო! მათ უმალვე პეტრე მოციქულის შეპყრობა და დასაწვავად წაყვანა ისურვეს, მაგრამ უფლის მოციქულმა თავდაჯერებით შემართა ხელი, სთხოვა ხალხს დაწყნარებულიყვნენ. როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, თქვა: ძმანო რომაელნო! თუკი ჭაბუკი ცოცხალია, მაშინ წამოდგეს, დაილაპარაკოს და გაიარ-გამოიაროს! ხოლო ვიდრე ამას არ დაინახავთ, ნუ დაეჭვდებით, რომ სიმონი თავისი ჯადოქრობით გაცთუნებთ! უკეთური სიმონ მოგვი დიდხანს უტრიალებდა გარდაცვლილის სარეცელს, შეწევნად უხმობდა ბოროტ სულებს, რათა ფეხზე წამოეყენებინა ჭაბუკი, მაგრამ უშედეგოდ; ამდენი ხალხის წინაშე გაწბილებულმა გაქცევა მოიწადინა, მაგრამ არ გაუშვეს. წმიდა პეტრე კი ჭეშმარიტი სასწაულმოქმედი, ვისაც ტაბითა ჰყავდა მკვდრეთით აღდგენილი და სხვა მრავალი დიდი სასწაულიც აღესრულებინა, მოშორებით დადგა, თვალნი და ხელნი ზეაღაპყრო და ლოცვა დაიწყო:
- უფალო იესო ქრისტეო, რომელმან გვიბრძანე შენი სახელით აღგვედგინა მკვდრეთით შესვენებულნი! გევედრები, განაცოცხლე ჭაბუკი ესე, რათა შეიცნონ აქ მყოფმა ადამიანებმა, რომ შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი და არავინ არს თვინიერ შენსა უფალი.
ამ ლოცვის შემდეგ მიცვალებულ ჭაბუკს მიუბრუნდა და შესძახა:
- ჭაბუკო, აღდეგ! შენ განგკურნავს და მკვდრეთით აღგადგენს უფალი ჩემი იესო ქრისტე! და ჭაბუკმა უმალვე თვალი გაახილა, წამოდგა, გაიარა და ლაპარაკიც დაიწყო!
მაშინ ხალხმა შეჰღაღადა:
- ერთია ღმერთი და არავინაა სხვა თვინიერ პეტრეს მიერ აღიარებულისა! სიმონ მოგვმა კი ეშმაკის ძალით საკუთარი პირისახე ძაღლისას მიამსგავსა და გაქცევას შეეცადა, მაგრამ ხალხმა შეიპყრო იგი და მოკვლა დაუპირა. პეტრე მოციქული წინ აღუდგა მათ, არ მისცა ამის საშუალება. კიდევ მრავალი ცრუ სასწაული უჩვენა ხალხს სიმონ მოგვმა, მაგრამ პეტრე მოციქულთან ყოველთვის შერცხვენილი, წაგებული დარჩა. ყველა მემატიანე ერთხმად მოგვითხრობს წმიდა პეტრე მოციქულის საბოლოო გამარჯვების შესახებ. მასთან მეტოქეობა სიმონ მოგვს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რაკი ვერაფრით შეძლო უფლის მოციქულის ძლევა, მოგვმა უთხრა ხალხს, მე ზეცად ავმაღლდებიო და ამ დიდი სასწაულის სახილველად მრავალი შეკრიბა. მან თავის მსახურ ყველა ბოროტ სულს მოუხმო, თავი დაფნის გვირგვინით შეიმკო, შუაგულ რომში ერთი მაღალი შენობის სახურავზე ავიდა და იქიდან მრისხანე ხმით მიმართა ხალხს:
- რომაელებო! რადგან თქვენ დღემდე თქვენს სიცოფეში ჰგიებთ და ჩემგან ზურგშექცეულნი პეტრეს შეუდგებით, ამიტომ მეც, აი, გადავწყვიტე მიგატოვოთ. აღარც თქვენს ქალაქს დავიცავ ამიერიდან, არამედ ვუბრძანებ ჩემს ანგელოზებს თქვენს თვალწინ ხელთ აღმიტაცონ და ზეცად ამამაღლონ ჩემს მამასთან, საიდანაც უდიდეს სასჯელს მოგივლენთ იმისათვის რომ არ ისმინეთ ჩემი სიტყვები და არ ირწმუნეთ ჩემი საქმეები!...
- თქვა ეს მოგვმა და ხელგაშლილი ჰაეროვან სივრცეში გადაეშვა! ბოროტი სულები აკავებდნენ მას და ისიც ჰაერში ფრენდა, მაღლა-მაღლა მიიწევდა. ამის დანახვაზე ხალხი დიდად გაკვირვებული ეუბნებოდა ერთმანეთს: ეს ღვთის საქმეა! ჰაერში სხეულით ფრენა სხვას არ შეუძლია!
დიდმა პეტრე მოციქულმა ხმამაღლა, ყველას გასაგონად დაიწყო ლოცვა ღმერთის წინაშე.
- უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო! ამხილე ამ მოგვის საცთური, რათა შენი მორწმუნეები არ ცდუნდნენ! შემდეგ კი ბოროტი სულები შერისხა:
- ეჰეი, თქვენ, დემონებო, გიბრძანებთ ჩემი ღმერთის სახელით: ნუღარ დააფრენთ მაგას, არამედ დატოვეთ იქ, სადაც ახლა იმყოფება!
დემონებმაც, მოციქულთაგან შერისხულებმა, მიატოვეს სიმონ მოგვი. ის შეჩვენებული ქვე დაემხო. დავარდა ძირს ამპარტავნებით შეპყრობილი ეშმაკი. ამის მხილველი ხალხი დიდხანს გაიძახოდა: დიდ არს პეტრეს მიერ აღიარებული ღმერთი! ჭეშმარიტად არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა პეტრეს ღმერთისა! პეტრეს უფალი, იესო ქრისტე — ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი!
მიწას დანარცხებული სიმონ მოგვი ძალზე მძიმედ დაშავდა. ღმრთის განგებით ის ჯერაც ცოცხალი იყო, რათა ცხადად შეეცნო თავისი უკეთურებაც და ბოროტ სულთა უძლურებაც უფლის წმიდა მოციქულის წინაშე, რათა ბოლომდე სირცხვილეულქმნილს გულისხმა ეყო ჭეშმარიტი ღმერთის ყოვლადძლიერება. ძვალ-რბილი გაერთიანებული ჰქონდა და აუტანელი ტკივილი ტანჯავდა მოგვს, მაგრამ არც სინანულის სიტყვა დასცდენია და არც ჭეშმარიტი ღმერთის ძალმოსილება უღიარებია; ამიტომაც მეორე დილას წამებით აღმოხდა არაწმიდა სული, დემონებმა იგდეს ის ხელთ და უმალ სატანასთან, თავის მამასთან, ჯოჯოხეთში გააქანეს.2
წმიდა პეტრე მოციქულისა და სიმონ მოგვის, ღვთისა და ეშმაკის ამ ურთიერთშებრძოლებამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა ჭეშმარიტი სასწაულის არსი და ცრუ სასწაულების დემონური ხასიათი. მომდევნო თავებში კიდევ მივუბრუნდებით ცრუ სასწაულების არსის განხილვას, მანამდე კი ჭეშმარიტი სასწაულების მნიშვნელობაზე ვისაუბროთ.
როგორც წმიდა გადმოცემიდან არის ცნობილი, ჭეშმარიტი მოძღვრების შერყვნას უკვე პირველ საუკუნეებშივე ცდილობდნენ. ამის შესახებ ჯერ კიდევ იესო ქრისტე აფრთხილებდა თავის მოწაფეებს: „შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსვლა, ხოლო ვაი, ვისგან მოვიდეს" (ლუკ. 171) მართლაც, მალე გამოჩნდნენ ცრუ მოძღვრები, ცრუ წინასწარმეტყველები, რომლებიც ღვთის სიტყვას ამახინჯებდნენ და ხალხში ერეტიკულ შეხედულებებს ამკვიდრებდნენ.
ამგვარი სწავლებების ცდომილებასა და მწვალებლურ ხასიათს მოციქულებისა და მათი მოწაფეების მიერ ქმნილი სასწაულები ააშკარავებდა. მღვდელმოწამე ირენეოს ლეონელმა (202წ.) ათი წიგნი დაწერა ერეტიკოსების სამხილებლად. იგი ამბობდა: ’’იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფენი საღვთო მადლით, ადამიანების კეთილდღეობისთვის ახდენდნენ სასწაულებს, ზოგიერთები ჭეშმარიტად განაგდებდნენ დემონებს, ბოროტი სულებისგან განთავისუფლებულნი ხშირად მორწმუნენი ხდებოდნენ და ეკლესიაში მოდიოდნენ. ზოგს მომავლის ჭვრეტის ნიჭი ეძლეოდა. სხვები ხელდასმით კურნავდნენ სნეულებს, მეტიც - მკვდრებსაც აღადგენდნენ. იყვნენ ჩვენთან ასეთები მრავალი წლის განმავლობაში’’.3 ერეტიკოსების შესახებ კი მღვდელმოწამე წერდა: „მათ არ შეუძლიათ არც ბრმებისთვის თვალის ახელა, არც ყრუ-მუნჯების ამეტყველება, არც ბოროტი სულების განდევნა კაცთაგან, არც ავადმყოფების განკურნება. რაოდენ შორს არიან იმისგან, რომ აღადგინონ მიცვალებული, როგორც მაცხოვარი და მოციქულები აკეთებდნენ ამას ლოცვით. იმდენად შორს არიან ყოველივე ამისგან, რომ არც კი სჯერათ, თუ ეს შესაძლებელია!"4
ღვთის ძალა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ქრისტიანების დევნის პერიოდში. იმხანად მრავალმა დიდი სასწაულებით დააგვირგვინა თავისი ცხოვრება.
ერთი მათგანი იყო წმ. პოლიკარპე სმირნელი. თვითმხილველებმა აღწერეს მისი ცხოვრება, სადაც ვკითხულობთ: „სმირნაში ქრისტიანების დევნა დაიწყო, პოლიკარპეს ჯერიც დადგა. წარმართებმა და იუდეველებმა ხმამაღლა მოითხოვეს მისი დასჯა. ამ დროს პოლიკარპე მეგობრების დაჟინებული თხოვნით ქალაქგარეთ იმყოფებოდა. იქ იგი ეკლესიის მშვიდობისათვის დღედაღამ ლოცულობდა. ერთხელ მან ჩვენებაში იხილა, რომ მისი სასთუმალი იწვოდა. ამან პოლიკარპე მიახვედრა, რომ ცეცხლში დაწვა ელოდა. მეგობრებმა აიძულეს იგი სოფელში გახიზნულიყო, მაგრამ წარგზავნილმა მეომრებმა იქაც მიაკითხეს. პოლიკარპეს შეეძლო თავი აერიდებინა მათთვის, მაგრამ თქვა: დაე აღსრულდეს ნება ღვთისაო და თავად შეეგება სამტროდ მოსულთ.
როცა წმიდა მამა ცირკში შეიყვანეს, მასთან ერთად რამდენიმე სხვა მორწმუნემაც გაიგონა ხმა ზეციდან: „განმტკიცდი პოლიკარპე". იუდეველები და წარმართები პოლიკარპეს დასჯას ხმამაღალი შეძახილებით მოითხოვდნენ - სურდათ, ლომებთან ჩაეგდოთ იგი, მაგრამ გასართობი თამაშობანი უკვე დამთავრებული იყო და ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნებოდა. მაშინ ხალხმა პოლიკარპეს ცოცხლად დაწვა მოითხოვა. ამას პროკონსული დაეთანხმა.
კოცონისთვის შეშისა და ფიჩხის შესაგროვებლად ყველაზე გულმოდგინედ იუდეველები ირჯებოდნენ. უნდოდათ ეპისკოპოსი კოცონთან რკინის ჯაჭვით დაებათ, მაგრამ მოხუცმა ითხოვა ამ განზრახვაზე ხელი აეღოთ. შეუსრულეს ეს თხოვნა — მხოლოდ ხელები შეუკრეს ზურგს უკან. ეპისკოპოსმა კოცონზე თავისით ააბიჯა. ცეცხლის ალი მას გარს შემოევლო, მაგრამ სხეულს, რომელიც კეთილსურნელებას გამოსცემდა, არ შეეხო, მაშინ იგი მხედრებმა გრძელი შუბით განგმირეს. დაღვრილმა სისხლმა კოცონი ჩააქრო. იუდეველებმა შეამჩნიეს, რომ ქრისტიანებს უნდოდათ მოწამის სხეულის წასვენება, ამიტომ მათ პროკონსულს ნეშტის დაწვა მოსთხოვეს, რათა ქრისტეს მსგავსად არ ეცათ თაყვანი მისთვის."5
მესამე საუკუნის მღვდელმთავართაგან სულიერი ნიჭებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა წმ. კვიპრიანე კართაგენელი. მისი ეპისტოლეებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ნათლისღებისას მან ზეგარდმო მიიღო მომავლის ჭვრეტის ნიჭი. 249 წელს ის კართაგენის ეკისკოპოსად აკურთხეს. 250 წელს კი რომის იმპერატორმა დეკიუსმა ქრისტიანების მორიგი დევნა დაიწყო.
კურუბიტში ჩასვლის დღეს კვიპრიანეს ძილში უფალი გამოეცხადა და ამცნო, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ ქრისტეს სახელისათვის მოკვდებოდა. მართლაც, სანამ გადასახლების ერთი წელი გავიდოდა, კვიპრიანე უკან დააბრუნეს და კართაგენის გარეუბანში ცხოვრების ნება მისცეს. რამდენიმე წარმართმა მხედარმა, მისდამი დიდი პატივისცემით გამსჭვალულმა, ეპისკოპოსს გაქცევაში დახმარება შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა. პროკონსულმა კვიპრიანეს იმპერატორის ბრძანების შესრულება და ღმერთების თაყვანისცემა მოსთხოვა. როცა მტკიცე უარი მიიღო, მან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა ქრისტიანი მამა. „ჩემი უსაფრთხოება და სიმტკიცე იესო ქრისტეშია, რომელსაც ვემსახურები, მოიქეცი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს, მე მზად ვარ" - უპასუხა კვიპრიანემ. განრისხებულმა პროკონსულმა ბრძანა ეპისკოპოსისათვის თავი მოეკვეთათ. ამით მას უნდოდა სხვებისთვის ეჩვენებინა, როგორ უნდა მოკიდებოდნენ მეფის ბრძანებას. ხალხი აღელდა „ჩვენც ჩვენს ეპისკოპოსთან ერთად მოვკვდეთ",- გაისმოდა ხმები. კვიპრიანე მშვიდად, სიხარულითაც კი შეხვდა განაჩენს. როცა დასჯის ადგილას მივიდნენ, მან თვითონ გაიხადა ზედა სამოსი და მუხლი მოიდრიკა, ილოცა, ხალხი აკურთხა და ანდერძად სასჯელის აღმსრულებლისთვის 25 მონეტის გადახდა დაიბარა. შემდეგ თვალები აიხვია, ქედი მოიხარა და ჯალათმაც თავისი საქმე შეასრულა. ქრისტიანებმა კვიპრიანეს სხეული მოწიწებით დაკრძალეს.6
უეჭველია, რომ პირველი სამი საუკუნის განმავლობაში მოწამეთა ცხოვრების მაგალითებმა უფლის მრავალი სასწაული ცხადყო. ეს იყო ქრისტიანთა სანუგეშოდ წარმართობაზე გამარჯვების მომასწავებელი მრავალი ნიში. ამ უტყუარმა მტკიცებულებებმა მოამზადეს საფუძველი ქრისტიანული სარწმუნოების საბოლოო გამარჯვებისათვის. დამაგვირგვინებელი გამარჯვება მეოთხე საუკუნეში აღსრულდა. ამის შესახებაც ვისაუბრებთ. (გაგრძელება...)
1 „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება”, 1997 წ. გვ. 16-20.
2 იქვე. გვ. 16-20.
3 Ириней Леонский. „Мужи Апостольские" М. 2008 გვ. 58.
4 იქვე. გვ. 59.
5 გვ. კოპლატაძე. „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია". თბ. 2010 გვ. 100-103.
6 გვ. კოპლატაძე. „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია". გვ. 155-156.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია