სასწაულის არსის დაზუსტებისათვის, პირველ ყოვლისა, წმიდა წერილში ნახსენებ ძირითად სახელწოდებებს მოვიხმობთ.
წმ. მამათა შენიშვნით სასწაული იწოდება ა) ძალებად: „ხოლო იესუ გულისხმაყო მეყვსეულად თავით თვისით განსრული იგი ძალი მისგან" (მარკ. V 30); ბ) საკვირველ საქმეებად: „საკვირველ არიან საქმენნი შენნი უფალო" (ფს. XVII 23);გ) ნიშნებად: „ღვთისმიერ თქვენ და მომართ, ძალითა და ნიშნებითა და სასწაულებათა, რომელნი იგი ქმნა ღმერთმა მის მიერ შორის თქვენსა, ვითარცა იგი თქუენცა უწყით" (საქმე II 22).
სამგვარი სახელწოდება სასწაულისა, წმიდა წერილში სხვადასხვაგან მითითებული, სასწაულის ნაირფეროვნებაზე მეტყველებს (2 კორ XIV. 2 ებრ, II 34).
პროტოპრესვიტერ გრიგორ დიაჩენკოს განმარტებით, სასწაულის ზუსტი განსაზღვრება ამგვარია: „სასწაული არის ზებუნებრივი, საოცარი მოვლენა, რომელსაც თავისი ჭეშმარიტი მიზეზი და მიზანი გააჩნია, რომელიც არ ექვემდებარება ბუნებრივ ძალასა და კანონებს, არამედ მხოლოდ ღვთაებრივი ძალით აღესრულება. ზებუნებრივი მოქმედებით ის ადამიანის რელიგიურ-ზნეობრივი შთაგონების წყაროს წარმოადგენს.1
ამრიგად, სასწაული ზებუნებრივი მოვლენაა, რომელიც ზებუნებრივივე ძალით ხორციელდება. შესაბამისად ვამტკიცებთ, რომ ის სავსებით განხორციელებადია როგროც ფიზიკურად, ასევე ლოგიკურადაც.
ბუნების მხრიდან სასწაულს არ შეიძლება წინააღმდეგობა ელოდებოდეს, ვინაიდან ბუნება თავად ექვემდებარება თავის შემოქმედს. იგი სწორედ ღვთის მიერ მინიჭებული ძალით მოძრაობს. ასევე ღვთის ნებით შეიძლება მოხდეს მასში ესა თუ ის ცვლილებაც. მაგალითად: მზე და ყველა ციური არსება ღვთის კანონზომიერებით მოძრაობს, მაგრამ ნებისმიერი მათგანი შესაძლოა გაჩერდეს, თუ ამას ღმერთი ინებებს თავისი ღვთაებრივი ძალით, რაც უკვე სასწაულია.
სასწაული არ ცვლის და არც არღვევს ბუნების კანონებს, არამედ მხოლოდ დროებით აჩერებს მის დინებას. ყურადსაღებია, რომ ეს შეიძლება მხოლოდ კერძო შემთხვევაში და ადგილზე მოხდეს — იქ, სადაც ზებუნებრივი მოქმედების საჭიროებას ხედავს უფალი.
ამიტომ სასწაულამდეც და სასწაულის შემდეგაც ბუნების კანონები უცვლელი რჩება და კანონზომიერად გრძელდება. როდესაც ზეციური მნათობი სასწაულებრივად არ ასრულებს თავის ფუნქციას გარკვეულ შემთხვევასა და ადგილზე, სხვაგან ის ჩვეულებრივად განაგრძობს მოქმედებას. მაგალითად, თუ გარკვეულ ტერიტორიაზე ღვთის განგებით ცეცხლი არ წვავს, წყალი არ ძირავს და ა.შ. - სხვა დანარჩენ სივრცეში ეს სტიქიები თავის ბუნებრივ თვისებებს ინარჩუნებენ.
მავანი იტყვის, რომ ბუნების სასწაული არ შეესაბამება თვით ბუნების მოთხოვნას. უდავოდ ასეა, მაგრამ სასწაული არა ბუნებას, არამედ ადამიანს სჭირდება. მან დაარღვია დასაბამისმიერი კავშირი ღმერთთან. სწორედ ამის გამო სჭირდება მას ზებუნებრივი გამოცხადება, რათა სასწაულის მეშვეობით შეიცნოს ჭეშმარიტი ღმერთი.
ამრიგად, ყოვლისშემოქმედ ღმერთს ყოველთვის შეუძლია ზებუნებრივი ძალებითა და კანონებით იმოქმედოს. ღვთის სასწაული ხანდახან საჭირო ხდება უმაღლესი რელიგიური მიზნისათვის — წამოდგეს დაცემული ადამიანი, რომელსაც უამსასწაულოდ არ ძალუძს სულიერი წარმატების მიღწევა. (გაგრძელება...)
1 Есть ли Теперь Чудеса. Гр.Даченко. М. 2001. გვ.2.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია