სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ოდეს წმიდა ეკლესია შეგვკრებს ჩვენ, ქრისტიანეთა, მოხსენებად და თაყვანისცემად ვნებათა ქრისტესთა ამ დღესა შინა, ერთი ჰაზრი უნებლივად წარმოუდგება და უმეტესად განაკვირვებს გონებასა კაცისასა, ჰაზრი მას ზედა, თუ რაოდენი შრომა და ღვაწლი მიიღო მაცხოვარმან თავის თავზე ჩვენთვის და ჩვენ კი მცირესაცა შრომასა და ღვაწლსა არ ვითმენთ მისთვის; რაოდენი სიყვარული, რაოდენი მაგალითი გვიანდერძა მან ჩვენ და რა მცირესა ხედავს ჩვენ შორის განმზადებულებასა მიღებად მათდა და მადლობის გადახდად მათთვის.
არა შესაძლებელ არს მცირეთა სიტყვათა შინა აღწერად ყოველთა მათ, რაიცა ჰქმნა მაცხოვარმან ჩვენთვის. საშინელნი ტანჯვანი რომელნი მან მოითმინა თვით ამ დღეს ჩვენისა სიყვარულისათვის, შეადგენენ ერთსა მხოლოდ ნაწილს მისთა ღვაწლთა. შეიძლება ვსთქვა, რომელ მაცხოვარი არათუ მხოლოდ მოკვდა მასა ზედა, არამედ მრთელი თვისი ცხოვრება განატარა მას ზედა, გარნა ნუ იფიქრებთ, ძმანო, რომელ იგი იტანჯებოდა ამ სოფელში რომელთამე ხორციელთა ნაკლულებათა გამო. მართალია, მას ხშირად არ ჰქონდა სადა თავი მიედრიკა; იგი მოწაფეებითურთ იზრდებოდა მით, რასაც მიართმევდენ ერთგულნი მისნი მორწმუნენი; იგი ხშირად იმალებოდა მტერთაგან უდაბურთა ადგილთა შინა; გარნა ეს არ იყო მიზეზი მისისა მწუხარებისა: იგი იტანჯებოდა მხედველი საცოდავისა კაცთა ნათესავისა მდგომარეობისი, დაცემისა, უმეცრებისა, სიცოდვისა. თუ კი ჩვენცა, რომელნი თვითონაც ცოდვილნი ვართ და საწყალნი; გვემძიმება და სამწუხაროდ გვიჩნს ხედვა კაცის ბუნების წახდენისა და დაცემისა, როგორღა არ შეწუხდება უწმიდესი არსება, რომლისათვის თვით მცირე ცოდვა საძაგელ არს, მხედველი უღრმესისა კაცის ბუნების გაფუჭებისა და წახდენისა. ეს აწუხებდა და სწყლავდა გულსა მისსა ყოველთა დღეთა შინა ცხოვრებისა მისისათა. გარნა უკანასკნელთა ამათ დღეთა შინა, მან ბოლომდინ შესვა მწარე სასმელი ყოველთა ვნებათა და ტანჯვათა. არა უმიზეზოდ ეტყოდა იგი მოწაფეთა თვისთა ვენახსა შინა გეთსამანიისასა: მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე. არა უმიზეზოდ სამ გზის დაემხო იგი მიწასა ზედა წინაშე მამისა თვისისა მეტყველი: მამაო, უკეთუ არა შესაძლებელ არს თანა წარხდომა სასმელისა ამის, იყავნ ნება შენი. გარნა ნუ იფიქრებთ რომ მას ეშინოდა ხორციელისა ტანჯვისა, ცემისა, ლურსმნისა, ნერწყვისა, ჯვრისა; არა! ესრეთის არსებისათვის, ვითარცა იყო მაცხოვარი ჩვენი, ხორციელნი ტანჯვანი მცირედ გამოჩნდებიან წინაშე სულიერთა ტანჯვათა! მაცხოვარმა წინათვე უწყოდა, რომელ მოახლებულ არს დღე, რომელსა შინა მას ზედა აღიჭურვება ყოველი ბოროტება დაცემულისა კაცის ბუნებისა, როდესაც მტერი მისნი ცხადად გამოაჩენენ სადამდინ მიიყვანა ცოდვამ კაცის ბუნება. ძველმან მტერმან, დამთესველმან კაცის გულსა შინა ცოდვისა და მტრობისა, მოიხმარა აქ ყოველნი თვისნი ხერხნი და საშვალებანი დათრგუნვად და მოსპობად სასუფეველისა ღვთისა, რომელსა დაფუძნებად მაცხოვარი მოვიდა ქვეყანასა ზედა. როგორ არ შეწუხდებოდა ვიდრე სიკვდილამდე სული ქრისტესი, მხედველი საშინელთა მათ საქმეთა, რომელი ჰქმნეს მტერთა მისთა.
უბედური იუდა ფულზე მისყიდავს მოძღვარსა და მეგობარსა თვისსა: ეს იყო მაცხოვრისთვის უმწარეს ლურსმნებთა, რომელთა განსჭვალნეს ხელნი და ფერხნი მისნი.
ფარისეველთა და მოხუცებულთა ორგულთა, რჯულის სარწმუნოების ერთგულების სახისა ქვეშე, იხმარეს თვით უბნელესნი საშვალობანი დასჯად იესო ქერისტესსა: ეს უჩნდა მას უმეტესედ მძიმედ, ვიდრე ცემანი და ნერწყვანი.
უმადლო ერთი ურიათა, რომელსა მაცხოვარმან უყო ურიცხვნი კეთილნი საქმენი, რომელი გუშინ დღესასწაულებით მიეგება მას და ურაღადებდა: ოსანნავ ძესა დავითისასა დღეს კი, რათა სათნო ეყოს მთავართა და მოხუცებულთან, ჰყვირის: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი, ეგე! ესრეთი უმადლოება ხალხისა, ესრეთი დაუდგრომელობა მისგან გაბედნიერებულისა ერისა, ასწილ უმძიმეს იყო ჯვრისა, რომელი დასდევს მხართა ზედა მისსა!!
უმართლო მსაჯული პილატე განაჩენს მისთვის სასჯელსა სიკვდილისასა და მაშინვე თავად აღიარებს, რომ იგი არ ხედავს მის შორის არცა ერთსა ბრალსა; ესრეთი დავიწყება ყოვლისა სიმართლისა და მართლ - მსაჯულებისა უმეტესად სტანჯვიდა სულსა მისსა, ვიდრე ეკლისა გვირგვინი, რომელი დასდევს თავსა ზედა მისსა.
დასასრულ მხეცური სასტიკობა მხედართა, რომელთა თავის შესაქცევად მიაჩნდათ ტანჯვა კაცისა უბრალოისა, დასუსტებულისა და ძლივ ცოცხლისა, უმაგალითო ბოროტება ფარისეველთა და მოხუცებულთა, რომელნი ეცინოდენ ჯვარსა ზედა დამოკიდებულსა მომაკვდავსა, უგრძნობელობა ერისაგანთა, რომელნი, ხედვიდენ რა ჯვარსა ზედა დამოკიდებულსა, თავს იყრიდენ და ბასრობდენ მას, ამათ ყოველთა აღუწერელად შეავსეს სასმელი მისთა სალმობათა.
გარნა არა მიმხედველი ესრეთთა უმაგალითოთა სულიერთა და ხორციელთა ტანჯვათა, არა მიმხედველი მისა, თუ რა სახე მიიღო აქ კაცის ბუნებამან, მაცხოვარი არცა ერთს წამს არ შეარყევს სიყვარულსა თვისსა კაცთა ნათესავისადმი, არამედ, ილოცავს: მამაო, მიუტევე მათ, არა უწყიან, რასა იქმან!
აჰა რა ჰქმნა მაცხოვარმან ჩვენთვის! და რას მოითხოვს იგი ჩვენგნით ამათ ყოველთა წილ? მოითხოვს მხოლოდ მას, რომელ მისი სწავლა და ყოველი მისი მაგალიტი არ დარჩეს ჩვენთვის უსარგებლო, არამედ ვისარგებლოთ მით ჩვენისა განათლებისა და ბედნიერებისათვის. გარნა საუბედუროდ რა მცირესა ხედავს იგი ჩვენ შორის ერთგულებასა და მომზადებასა!
ჩვენ გვაკვირვებს, ჩვენ გვეძაგება იუდას ღალატობა და გასცემა; გარნა, ძმანო ჩემნო, ჩვენ კი არაოდეს არ უღალატებთა მაცხოვარსა! ღალატობა არ არის ყოველი ცოდვა, ყოველი დავიწყება მისისა სწავლისა? როდესაც ჩვენ დამვიწყებელნი მისისა სიყვარულისა ვცხოვრობთ და ვიქცევით წინააღმდეგ მისისა სწავლისა, ანუ უღალატებთ და უმტერებთ ერთი მეორესა, არა გავახსოვნებთა მაშინ იმას იუდას ღალატობასა?
ბნელი ორგულება მწყემსთ - მთავართა და მწიგნობართა ურიათასა, მათი სიძულილე, მათი გაქვავება განაღვიძებენ ჩვენს გულში მწუხარებასა, გარნა, ძმანო ჩემნო, საშინელი იგი ცოდვა ფარისევლობისა სრულიად მოისპოა ჩვენ ქრისტიანეთა შორის? ზოგიერთნი სიტყვანი და საქმენი, რომელთამე ქრისტიანეთა არ განაცოცხლებენა გულსა შინა იესოსსა ტანჯვათა მათ, რომელნი მან მოითმინა ფარისეველთაგან?
საღმრთოსა შინა წერილსა ამოვიკითხავთ ჩვენ, რომელ ქრისტიანე ცოდვის მოურიდებელი მეორედ ჯვარს აცვამს იესო ქრისტესა. საკვირველიც არ არის! შეუძლია გულგრილად უყუროს ცოდვათა ჩვენთა, რომელთა მოსპობისათვის მან ესოდენი მოითმინა? იტყვიან, რომ ამ ქვეყანაზე ყოველთა უდიდესი და უძლიერესი სიყვარული არის სიყვარული დედისა ნაშობისადმი თვისისა; რისთვის? მისთვის, რომ დედასა ძვირად უღირს შობა და აღზრდა ძისა თვისისა. ჩვენი სულიერი შობა და განათლება მაცხოვარსა უღირდა გამოუთქმელ და აღუწერელ ტანჯვად; ამისთვის არცა ერთი დედა ყვეყანასა ზედა ისე არ სწუხს მხედველი სიცუდისა და სიბოროტისა თვისისა შვილისა, როგორცა სწუხს მაცხოვარი მხედველი ჩვენისა უღირსებისა.
ურიათა,რომელთა სტანჯეს უფალი იესო ქრისტე, ერთი მაინც შესანდობელი მიზეზი ჰქონდათ, ის, რომელ მათ დაჯერებით არ იცოდნენ ვინ იყო იგი; ჩვენ კი ვიცით და გვრწამს იგი და გვიყვარს, მაშასადამე ჩვენ არცა ერთი შესანდობელი მიზეზი არ გვექნება და არა გვაქვს, როდესაც ვსტანჯავთ მას ჩვენისა სიცოდვითა და ურჩებითა.
მაცხოვარო ჩვენო, ჩვენთვის ჯვარცმულო! შენვე განაცოცხლე ჩვენ შორის გრძნობა დიდისა შენისა მსხვერპლისა, რომელი შესწირე ჩვენთვის; შენვე შეგვეწიე, რათა იგი არ დარჩეს ჩვენთვის უსარგებლოდ, არამედ იყოს ჩვენდა სახედ ყოველთვის და ყოველგან . ამინ.
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი