მას შემდეგ, რაც სასიძომ კეთილგონივრულად შეარჩია საცოლე, ხოლო ქალიშვილმა, - საქმრო, აღსრულდა ნება ღვთისა, ქორწინებაში ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. მთავარია, ისინი ისე მოიქცნენ, რომ ღვთისთვის სასურველი იყოს და მათი საქციელი არ გახდეს მათი უბედურების მიზეზი. რამეთუ ქორწინება, სიხარულის წყაროა, მეუღლეთა დაუფიქრებლობისა და თავქარიანობის წყალობით, შეიძლება იქცეს წყაროდ უბედურებისა.
იღბლიანია ქორწინება,თუ ის ეფუძნება ურთიერთსიყვარულს, ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემას, რასაც მოჰყვება მეუღლეთა შეხმატკბილებული ცხოვრებაც - ,,არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი საუნჯე, ვიდრე ცოლის სიყვარულია. როდესაც ცოლ - ქმარს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარს, მათ უფალი ამწყალობლებს. სადაც სიყვარულია, იქ სიმდიდრე, ბედნიერება და დოვლათია და პირიქით, თუ არ არსებობს სიყვარული, არ არსებობს არავითარი ხსნა, უსიამოვნებასა და ქაოსს დაუსადგურებია. მეუღლეთა ურთიერთსიყვარული არ უნდა იყოს დამყარებული რომელიმე მათგანის სილამაზეზე, არ უნდა ჩაიფერფლოს მაშინაც კი, როდესაც ერთ - ერთი მათგანი რაღაც მიზეზის გამო დაუშნოვდება ან დაავადდება. ამაში წმ. იოანე ოქროპირი, უწინარეს ყოვლისა, ბრალს დებს ქმრებს, რომლებიც ცოლებს მყისვე სტოვებენ, ოდეს ცოლების სილამაზე და მომხიბვლელობა ქრება".
ქმარს ცოლი უნდა უყვარდეს გამუდმებით და ძლიერად. ეს სიყვარული არ უნდა გაუნელოს უბედურებამ, განსაცდელმა, სიბრაზემ. წმ.იოანე ოქროპირი ასე მოძღვრავს ქმარს: ,,იზრუნე შენს ცოლზე, როგორც იესო ქრისტე ზრუნავს ეკლესიაზე. დაე, დაგჭირდეს შენი სულის გაღება მისთვის, ჭირთათმენა, მაინც ვერ შეძლებ გააკეთო ის, რაც იესო ქრისტემ გააკეთა ეკლესიისათვის’’.
ცოლი ჩვენი სხეულის აუცილებელი ნაწილია და სწორედაც ამგვარი დამოკიდებულება აიძულებს ქმარს მზრუნველობას უწევდეს ცოლს. არა მარტო იმისათვის უნდა გვიყვარდეს ცოლი, რომ იგი ჩვენი სხეულის შემადგენელი ნაწილია, არამედ იმიტომ, რომ უფალმა დააკანონა - ,,მიატოვებს კაცი თავის დედ - მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ" ( დაბად.2,24).
წმ. პავლე მოციქულის სიბრძნესაც ჩაუღრმავდი და დაუკვირდი - პირველად იწყებს სწავლებას ქრისტე და მისი ეკლესიის კეთილმსახურებით: ,,ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი თჳისი მისცა მისთვის" (ეფეს.5,25). შემდგომ უბრუნდება კაცობრივ საწყისს - ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც უყვარს ცოლი, თავისი თავი უყვარს. რადგან არავის არასოდეს მოუძაგებია თავისი ხორცი, არამედ უვლის და კვებავს, ვითარცა უფალი ეკლესიას; ვინაიდან მისი სხეულის ასოები ვართ, ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თვისას და დედას თვისას და შეერთვის თავის ცოლს და იქმნებიან ორივენი ერთ ხორც ( მეფეს. 28,30,31).
ცოლ - ქმარს შორის სიყვარულს აძლიერებს და განამტკიცებს, ორივეს მხრიდან, ერთმანეთის აუცილებლობის შეგრძნება. არც თანხმობა, არც ურთიერთგაგება და არც სიყვარული იქნება მათ შორის, თუკი თოთოეული მათგანი ცალ - ცალკე მოითხოვს სიყვარულსა და თანადგომას ისე, რომ თავად არაფრის გაღებას არ ისურვებს. ოჯახში, თავ - თავიანთი მოვალეობების აღსრულებას, შედეგად სიმყუდროვე და მშვიდობა, სიმტკიცე და ძლიერება მოსდევს. ისინი არ უკირკიტებენ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, მოთმინებითა და დიდსულოვნად იტანენ: წყენას, სიბრაზეს, დაძაბულ და გამოუვალ სიტუაციებს.
წმ.იოანე ოქროპირი სასტიკად კრძალავს ქმრის სიმკაცრეს ცოლისადმი, როგორც უკიდურესად ბარბაროსულს და ყოველმხრივ გაუმართლებელს. ცოლის მანკიერებათა დასაძლევად იგი გვირჩევს კეთილგონივრულ მოთმინებას და არა ჩხუბსა და აყალმაყალს. ცოლის უზნეობის დასათრგუნად ყველაზე უპრიანი ქმრის მხრიდან მოთმინება და ყურადღების გამოჩენაა. თანამეინახე ცხოვრებაში, შვილების დედა, უამრავ სიხარულის მომნიჭებელი, არ უნდა გავწიროთ მრისხანებისა და ბოროტებისთვის, არამედ სიყვარულით და სინაზით უნდა მოვეპყროთ.
საერთოდ, იოანე ოქროპირის სწავლებით ქმრის სიყვარული ცოლისადმი გონებას უნდა ემორჩილებოდეს და არა გრძნობას. ქმარმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს თავისი ცოლის სულიერი ფასეულობები, რათა დღენიადაგ იზრუნოს მისი სრულყოფისა და გაძლიერებისათვის. ქმარი, რომელიც ასე არ იქცევა, დამნაშავეა თავისი სინდისის წინაშე, ღვთაებრივი სამსჯავროს წინაშეც, თუკი გულგრილი დარჩება თავისი ცოლის სისუსტეებისა და ნაკლოვანებების მიმართ, არავითარ ზომებს არ მიიღებს მათ აღმოსაფხვრელად.
მეორეს მხრივ, იგი არ უნდა შეაკრთოს ყოველივე ამან და არც სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს ცოლის მიმართ. ქმრის მხრიდან ცოლის გამოსწორების ბევრად უფრო საიმედო საშუალებაა გონივრული მოქმედება, სიყვარული და თანადგომა. ,,ვთქვათ და ბევრი შესცოდა ცოლმა - ამბობს იოანე ოქროპირი - ყოველივე შეუნდე. თუკი ავი ზნე შენიშნე სიკეთისა და მოკრძალებისაკენ წარმართე მისი ცხოვრება. თუკი რაიმე მანკიერება აქვს, ეცადე, გამოასწორო. თუკი, თქვენი მრავალგზის ცდის მიუხედავად, ცოლი კვლავ გამოუსწორებელი რჩება, მტკიცედ დგას თავის მანკიერ ჩვეულებებზე - მაინც ნუ ჰკრავ ხელს, რამეთუ იგი შენი სხეულის ნაწილია, ვითარცა თქმულ არს: იყოს ორნი ერთ ხორც. დაე, ცოლის მანკიერებანი იყოს დაუთრგუნველი, შენთვის მაინც დიდი ჯილდოა განმზადებული ცათა შინა, ღვთის შიშის გამო ითმენ უამრავ უსიამოვნებას, რამეთუ იგა საკუთარი სხეულის ნაწილია’’.
წმ. იოანე ოქროპირი ქმარს ურჩევს ცოლის მანკიერებათა დასათრგუნად შემდეგი ზომები მიიღოს - შენს ცოლს - ამბობს იგი - უყვარს ფერუმარილი, მდიდრული სამოსელი, ჭორიკანა და ენაჭარტალაა, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ეს მანკიერება ერთად იყოს თავმოყრილი ერთ ქალში, მეტნაკლებად შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ასეთი ქალი წარმოგვიდგენია ავზნიანად და დაე, ქმარი ეცადოს მის გამოსწორებას. როგორ გამოასწოროს ასეთი ცოლი ქმარმა? იგი შედეგს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუკი თავიდანვე არ აუკრძალავს მას ყოველივე ამას და აკრძალვას აუცილებლად ყველაზე ნაკლები მანკიერებიდან დაიწყებს.
თუკი ყველაზე დიდი ნაკლიდან დაიწყებს ცოლის გამოსწორებას, უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდება. თავიდანვე შეაჩვიე, რომ თანდათანობით უარყოს. არც ის დაგავიწყდეს, რომ ამგვარი აკრძალვა მოფერებით და სიყვარულით უნდა ხდებოდეს. შეახსენე ხშირ - ხშირად, რომ მისი გარეგნული აღკაზმულობა სხვების თვალში სასაცილოა. დაარწმუნე, რომ მისი ფერუმარილით შეთითხნილი სახე ხშირად მრისხანებაშიც კი გაგდებს და რომ ზოგჯერ ულამაზესი ქალებიც კი კარგავენ ეშხსა და ლაზათს ზედმეტი ფერუმარილისაგან. არამც და არამც არაფერი დაგცდეს საშინელ სამსჯავროსა და სასუფეველზე (რამეთუ სულ წყლის ნაყვა იქნება შენი ლაპარაკი), დაარწმუნე, რომ შენს თვალში გაცილებით ლამაზია ბუნებრივი იერით, რაც ღმერთმა უბოძა და არც სხვებს მოსდით თვალში მისი გათხაპნილი და შეღებილი სახე. თუკი ყოველივეს მრავალგზის უმეორებს, სიბრაზით კი არა სიყვარულით, მიზანს აუცილებლად მიაღწევს და ბოლოს, ვეღარასოდეს იხილავ მის ფერუმარილით შეთითხნილ სახეს, წითლად შეღეებილ ტუჩებს, წარბებს მურით გამოკვეთილს. თუკი ამ მანკიერებებს აღმოფხვრი, ცოლს დაიმორჩილებ, შენი ნება - სურვილისამებრ მოიქცევა იგი ყველგან და ყოველთვის შენს მოსაწონ გადაწყვეტილებას მიიღებს. უზნეო და მოურჯულებელი ცოლის ნაცვლად, მალე ერთგული მონა და გამრჯე, მშრომელი დედაკაცი ამოგიდგება გვერდში.
ცოლზე გავლენა რომ განიმტკიცოს და სამუდამოდ შეინარჩუნოს, ქმარი ვალდებულია ქორწინების პირველი დღიდანვე შეუდგეს ცოლის აღზრდას, შემდგომ, აკვირდებოდეს მის ქცევებს, უთითებდეს, ვიდრე სრულყოფილებას არ აზიარებს მას.
წმ. იოანე ოქროპირი, საზოგადოდ, გვთავაზობს ამგვარი აღზრდის ნიმუშს: კეთილგონივრულად მოიქცევი, თუ გარკვეული ხნის მანძილზე, ეცდები თვალყური ადევნო ცოლს, შეისწავლო მისი ჩვევები, ხასიათი. ახალგათხოვილი ყმაწვილი ქალი დაბნეულია, ჩუმი და მოკრძალებული, ქმრის ხათრი, რიდი, პატივისცემა და შიში აქვს. თანდათანობით შეაჩვიე შენი ნება - სურვილის უსიტყვოდ აღსრულებას. ელაპარაკე არა მბრძანებლური კილოთი, არამედ მოფერებით და დაყვავებით, რამეთუ ისე არაფერი მოქმედებს ადამიანზე, როგორც მორიდებითა და სიყვარულით მეგობრული რჩევა - დარიგების მიცემა.
როგორ დაარწმუნებ მას შენს უსაზღვრო და უანგარო სიყვარულში? თუკი ეტყვი: არაერთგზის მქონდა საშუალება მდიდარი, კეთილშობილი დიდგვაროვანი ქალი შემერთო, მათ შენი თავი ვარჩიე, შენი კდემამოსილება, კეთილგონიერება, პატიოსნება. სხვათაშორის აღნიშნე, რომ გძულს ფუფუნება და ნუ გააგრძელებ ამაზე ბაასს, რომ უინტერესო და მოსაწყენი არ გახდეს. უთხარი, რომ მდიდარი ქალი იმიტომ არ დანიშნე, რომ სიმდიდრე და ფუფუნება მსწრაფლ წარმავალია, სულიერი სიმდიდრე კი წარუვალი და სულის სიმშვენიერე ოქროზე მეტად ბრწყინავს და ფასობს. ბრძენი, ზნეკეთილი, სათნო ქალწული მთელს ქვეყანაზე უძვირფასესი განძია. ამიტომ მიყვარხარ, მუხლს ვიყრი შენს წინაშე, გევედრრები და აღგითქვამ, რომ ყველაფერს ვიღონებ, რათა მიწიერი ცხოვრება ღირსეულად განვვლოთ და მომავალი საუკუნო სუფევის ნათელი გვაბრწყინვებდეს. თუკი უფალმა ინება და სამუდამო ცხოვრებას ვეღირსეთ, მარადიული სიხარული აღავსებს ჩვენს გულებს. მიყვარხარ ძლიერ, თავდავიწყებით, დაე, უკანასკნელი გროშიც არ მებადოს, უკიდურესი გაჭირვება და უბედურება დამატყდეს თავს, ყველაფერს ავიტან და გავუძლებ, ოღონდ შენ გიყვარდე. შვილებიც მეყვარება, როგორც შენი სიყვარულის ნაყოფი და შემდეგ წმიდა მათე მოციქულისა და მახარებლის სიტყვები უთხარ: ,,ღმერთს სურს, რომ ჩვენს შორის სიყვარული სუფევდეს’’. საღმრთო წერილიდანაც დაიმოწმე შემდეგი ადგილი: ,,ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ - მამას და შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ - ხორც’’ - ეს სიტყვები ხომ ოქროსა და მარგალიტზე უფრო ძვირფასია შენი ცოლისთვის. ნურც იმის დარდი შეგაწუხებს, რომ ამ სიყვარულისა და ყურადღების წილ ცოლი გაგულგოროზდეს. მთელი გულით შეიყვარე და ისიც შეგიყვარებს უანგაროდ და თავდავიწყებით. თუ კარგად მოიქცა, შეაქე და წაახალისე, შეცდომებზე მიუთითე, შეცდომა ყმაწვილქალებს ხშირად მოსდით. შეაჩვიე მოირთოს იმ აღკაზმულობით, რომელიც უფალს უბოძებია, სხვა სამკაულს ნუ მოძებნის გარდა პატიოსნებისა და უმწიკვლოებისა. ლოცვებიც ერთად აღავლინეთ, ერთად იარეთ ეკლესიაში და საეკლესიო საკითხავები ოჯახურ წრეში გაარჩიეთ. არ მოგერიდოთ ერთმანეთს ჰკითხოთ თქვენთვის გაუგებარი ადგილების შესახებ. თუ მატერიალურ სიდუხჭირეს იგრძნობ, ხშირად გაიხსენე მოციქულების - პეტრესა და პავლეს ცხოვრება, რომლებიც საუკეთესო მეუღლეები იყვნენ და თვით მეფეებიც დიდ პატივში იმყოფებოდნენ. აღნიშნე, თუ რა სიღარიბესა და გასაჭირში განვლეს მთელი ცხოვრება, არც შიმშილი დაჰკლებიათ და არც წყურვილი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე საშიში რამ, ღვთისმგმობელობა და ღმერთის შეურაცხყოფა, არასოდეს დასცდენიათ.
თუკი წვეულების გადახდას მოიწადინებ, კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში სტუმრები მოიპატიჟე, ვინც თქვენს ოჯახს ღვთის წყალობასა და მადლს მოუტანს და ერთიორად განამრავლებს სიკეთეს. ეცადე ცოლის გონებიდან თანდათან ამოძირკვო ცნებები: ,,ჩემი, შენი’’. უთხარი მკაცრად და სერიოზულად: მე არაფერი გამაჩნია საკუთარი, ყველაფერი შენ გეკუთვნის, მოფერებით როდია ნათქვამი ეს სიტყვები, არამედ მათში უდიდესი სიბრძნეა ჩადებული.
ამგვარად, შენ დააცხრობ მის სიბრძნეს, განდევნი მის სულში დაბუდებულ რისხვას. ესაუბრე უგულოდ კი არა, სიყვარულით, სითბოთი, პატივისცემით. თუკი შენ შეაქებ და პატივისცემითაც გაანებივრებ, არასოდეს ისურვებს სხვები აქებდნენ და ადიდებდნენ. ღვთის შიში შთაუნერგე და თავანკარა წყაროსავით იჩუხჩუხებს თქვენს ოჯახში ღვთის მადლი და წყალობა.
წმ. იოანე ოქროპირი