აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
* * *
ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
* * *
რა ზომითაც მზის სხივებია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით უფრო მეტადაც, მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი.
* * *
უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
გამარჯვების ღვაწლის გარეშე არ არსებობს გვირგვინი, ზეიმი კი - გამარჯვების გარეშე.
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
დეკარტეს ოცნება სულთა დროისა და სივრცისაგან დამოუკიდებლობის შესახებ - სრული უაზრობაა. ყველაფერი შემოსაზღვრული, აუცილებლობით სივრცეზეა დამოკიდებული.
მეუფე ეგნატი
* * *
ზეცას ადვილად ვერ მოვიპოვებთ, თუ ზეცის ღირსეულად არ იცხოვრებთ.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
* * *
ზეცაში ადის არა ის, ვინც ბევრი წაიკითხა და დაიზეპირა, არამედ ის, ვინც წმიდა, უბიწო ცხოვრებით ცხოვრობს წერა - კითხვაც რომ არ იცოდეს.
ღირსი მამა თეოდორე სტუდიტი
* * *
ზეცის გამოცდილება სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ სული იქ გარდაცვალებამდე მიჰყავთ, რათა უჩვენონ მისთვის განკუთვნილი ადგილი ან ის, რისი შეცნობაც სურს.
* * *
ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ზეცის ჭეშმარიტი ქრისტიანული გამოცდილების სამი თავისებურება - ეს არის ზეაღსვლა სულისა, ანგელოზების მიერ სულის თანხლება, ზეცის მკვიდრ სულთა მიგებება, რომელთაც უერთდება კიდეც.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
* * *
მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე; მაშ, რატომ გავურბივართ ზეციურ მადლს შრომის მიზეზით?
* * *
ხშირად იფიქრე ზეციურ სიკეთეთა შესახებ და შენში მიწისადმი და მიწიერი ტკბობისადმი აღარანაირი სიყვარული აღარ შემოვა.
წმ. ნილოს სინელი
* * *
რომ იცოდე, თუ როგორი სიტკბო ელის მართლის სულს ზეცაში, მაშინ გადაწყვეტდი, რომ დროებით ცხოვრებაში მწუხარებანი, დევნა და ცილისწამება მადლობით მოგეთმინა. თვით ეს ჩვენი სენაკი მატლებით სავსე რომ ყოფილიყო და ამ მატლებს მთელი ჩვენი დროებითი ცხოვრების მანძილზე ჩვენი სხეული ეჭამათ, მაინც მთელი სურვილით უნდა დავთანხმებოდით ამას, რათა არ დაგვეკარგა ის ზეციური სიხარული, რომელიც ღმერთმა მის მოყვარულებს განუმზადა.
წმიდა სერაფიმე საროველი