ჩვენს ერში გავრცელდა უცნაური ჩვეულება: ბევრ ადამიანს, რომელნიც თავს ქრისტიანებად თვლიან, დღესასწაულებზე ტაძრებთან მოყავთ ცხოველები, ასრულებენ მათზე რაღაცნაირ რიტუალებს, კლავენ, ჭამენ, სვამენ ღვინოს. აწყობენ ხამაურიან მხიარულებას და ამას ეძახიან „ღმრთისადმი მსხვერპლშეწირვას", დაკლულ ცხოველს კი „საღმრთოს". ბიბლიაში, ძველ აღთქმაში მართლაც არის მინიშნებული, ებრაელებისადმი მიცემული, კანონი - ღმრთისადმი ცხვრებისა და ხბოების მსხვერპლად შეწირვა: მაგრამ ამ მინიშნებას თავისი მიზანი ჰქონდა - ღრმად შთაეგონებინა ხალხისთვის ის გაგება, რომ უდანაშაულო მსხვერპლის სისხლს, მის წამებას ძალუძს განწმიდოს, გაანთავისუფლოს ცოდვისაგან ის, ვის გამოც იგი იყო შეწირული. ეს იყო წინასახე იმ მსხვერპლისა, რომელიც განხორციელებულმა ძე ღმრთისამ გოლგოთაზე გაიღო ადამიანთა ცოდვებისაგან გამოსასყიდად - და თუ ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვას ჰქონდა კიდეც რაიმე განწმედელი ძალა - იღებდა მხოლოდ იმ მსხვერპლისაგან, რომლის წინასახეც იყო იგი. იმის შემდეგ რაც ჩვენ ვართ გამოსყიდულნი ქრისტეს, ამ „სოფლის ცოდვათა აღმხმელი ტარიგის" უწმიდესი სისხლით (იოან. 1.29) - ეკლესიაში ყოველგვარი სისხლიანი მსხვერპლშეწირვა დაუშვებელია! ისინი კი, რომელნიც დღესაც ფიქრობენ ღმრთისადმი მსხვერპლის შეწირვას თხებისა და ცხვრების სისხლით - თვით ამითი ამჟღავნებენ, რომ არ აღიარებენ ქრისტეს მსხვერპლის ძალასა და მნიშვნელობას, ე.ი. იუდეველებთან ერთად უარყოფენ ქრისტეანობას!
მეორე მხრივ: ყოველი გონიერი ადამიანისათვის ნათელია ის, რომ ღმერთს არ ახარებს ცხოველთა კვლა, არ ტკბება ის დაღვრილი სისხლით. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში უფალი მეფსალმუნე დავით მეფის პირით ამბობდა: „ნუ ვჭამოა ხორცი ზვარაკთაჲ ანუ სისხლი ვაცთაჲ ვსვაა? შესწირე ღმრთისაჲ მსხვერპლი ქებისაჲ" (ფს. 49). ებრაელებს კი მიჰყავდათ ტაძარში ცხოველები დასაკვლელად - მაგრამ ეს იყო სიმბოლო: წვავდნენ რა საკურთხეველზე ან მთლიან საქონელს, ანდა მის საუკეთესო ნაწილს - ამით ისინი გამოხატავდნენ, რომ სწირავენ ღნერთს თავიანთ მთავარ გულისთქმას. უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეანებს ყოველთვის ქონდათ წესად, თავიანთი შრომის საუკეთესო ნაწილის ღმრთისადმი შეწირვა; მაგალითად მიწათმოქმედს ტაძართან მოჰქონდა* ნაყოფები, მეფუტკრეს თაფლი ან ცვილი, მევენახეს - ღვინო ან ყურძენი, მწყემსს ცხვარი. ეკლესიაში არსებობს განსაკუთრებული ლოცვები: „ახალ თაფლზე", „ახალ ღვინოზე", „ახალ ხილზე" და ა. შ. აგრეთვე არის ლოცვა ცხოველის დაკვლაზეც. ეს შემოწირულობანი ნაწილობრივ ეძლეოდათ ტაძრის მსახურთ, ნაწილობრივ ღარიბებს, ნაწილი კი, როგორც კურთხევა მიჰქონდათ სახლში შემომწირველთ. ამგვარად იკურთხებოდა მთელი მათი შრომა. მხოლოდ ასეთი აზრით ცხოველის დაკვლას შეიძლება ერქვას „მსხვერპლი" ე.ი. ღმრთისადმი შეწირული ძღვენი. მხოლოდ ასეთი სახითაა მიღებული ის ეკლესიაში. ეხლა კი - ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ ცხოველს, კლავენ, წვავენ, მადიანად შეექცევიან, უხვად აყოლებენ ღვინოს, მთვრალი ყვირილით იკლებენ გარემოს - და დარწმუნებულნი არიან რომ „მსხვერპლი შესწირეს" ღმერთს. ეს - მკრეხელური დაცინვაა უზენაესისა!
და კიდევ: იესუ ქრისტე ეუბნება თავის მიმდევართ: „ეკრძალენით თავთა თქვენთა ნუუკვე დამძიმდნენ გულნი თქვენი შვებითა (სლავურში „ნაყროვანებითა") და მთვრალობითა" (ლუკ. 21.34) - აქ კი ეგრეთწოდებულნი „ქრისტეანენი" უზომოდ ჭამენ ხორცს, თვრებიან ღვინით, უწესოდ მხიარულობენ - ამავე დროს ფიქრობენ, რომ ამით სათნო ეყვნენ ღმერთს...
ამის გარდა: ეს „ხორციანი" ნადიმები ძალიან ხშირად იმართება საეკლესიო დღესასწაულებზე, (განსაკუთრებით წმ. გიორგის დღეს) - თუმცა ეკლესიის კანონების მიხედვით, ყოველთვის, ყველა დღესასწაულზე როდი შეიძლება ხორცის ჭამა. გამოდის: საეკლესიო დღესასწაულებს იღებენ, ეკლესიის განჩინებებს კი, რომლებიც ეხება ამ დღეებს - უარყოფენ!
კანონების მიხედვით: ტაძარში ხორცის შეტანა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგანაც აქ აღესრულება „უსისხლო მსხვერპლშეწირვა" - ევქარისტია.
მიუხედავად ამისა, ბევრი, ეკლესიის ან მონასტრის ეზოში კლავს ცხოველს, ზოგჯერ სისხლს ტაძრის კედლებზე ასხამენ, მის კარებთან ყრიან თავებსა და ჩლიქებს, ზოგიერთს შიგნითაც კი შეაქვთ ხორცი ან სისხლი: ყოველივე ეს, რაღაც წარმართული რიტუალებით თანხლებული, მოგვაგონებს სატანისტების „მესას", რომელსაც ყოველთვის თან ერთვის ქრისტეანული სიწმიდის შერყვნა - რის გამოც ეშმაკი უწევს მათ თავის „სამსახურს".
ამას დაუმატოთ: თავიანთი მთვრალი ხმაურიანი ორგიებით ეს ცრუ ქრისტეანები ხშირად არ აძლევენ საშუალებას ჭეშმარიტ ქრისტეანებს წმიდა დღესასწაულების დროს მიიტანონ ტაძრებში, შინაგანი სიმშვიდით, ნამდვილი ღმრთის სათნო „მსხვერპლი ქებისაჲ" - გულითადი ლოცვანი, სინანული, დიდება, მადლობა, საზეიმო საგალობელნი, ხელს უშლიან მათ მშვიდი გულით და გაუფანტველი გონებით ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებთან მიახლებაში...
ასე რომ: ამ „მსხვერპლშეწირვებს" ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან არავითარი ურთიერთობა არა აქვს, ეს რაღაც საშინელი კარიკატურაა ქრისტეანობაზე - თითქოს ეშმაკი ამ ხალხის დახმარებით, როგორც მრუდე სარკეში ცდილობს დაამახინჯოს ყოველივე ის, რაც წმიდა და ძვირფასია ქრისტე - ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელისათვის. ეს წარმართობის აღორძინებაა, მაგრამ ქრისტეანობის სახელს ამოფარებული. აქ თაყვანისცემაა, მაგრამ არა ჩვენი ღმერთისა, არამედ იმ ღმერთისა, რომლის სახელი „მუცელია" (როგორც ამბობს პავლე მოციქული ფილიპ. 3.19). და ვაი, - იმ „მწყემსებს", რომელნიც ხედავენ ერის ამ ცდომილებას, მაგრამ არ გამოყავთ ის საშიში უფსკრულიდან, არ აჩერებენ, რამეთუ სწადიათ „თავიანთი თავის დამწყემსვა და არა მათთვის ჩაბარებული სამწყსოსი" (წმ. იოანე კრონშტადელის სიტყვები მომავალ მღვდლებზე). და აი, მათი მთავარი მამხილებელი საშინელ სამსჯავროზე იქნება წმ. დიდმოწამე გიორგი, რომელმაც თავისი სიყმაწვილე შესწირა კეთილსურნელოვან მსხვერპლად ღმერთს და გამოგვიცხადა ჩვენ ქრისტეანობის ძლევის ნიშანი წარმართობაზე.
წმიდაო გიორგი! დაეხმარე ჩვენს ერს, რომ განთავისუფლდეს ეშმაკის ამ ხიბლისაგან!
ამინ!
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
Xareba.net - ის რედაქცია
1. შენიშვნა: ეკლესიის კანონების მხედვით შიგ ტაძარში იკურთხება მხოლოდ: ღვინო, ზეთი, ხორბალი, ცვილი, ყურძენი. სხვა დანარჩენი ნაყოფები, მარცვლეული და ხორცი იკურთხება ეკლესიის გარეთ.