ქრისტეანმა იცის - საიდან იღებენ საწყისს მთელი ჩვენი უბედურებანი: ავადმყოფობა, სიკვდილი, ბოროტება, მტრობა, ყველა ვნება, ცოდვანი, ადამიანთა ბიწიერებანი - ყველაფერი დაიწყო სამოთხეში ჩვენი წინაპრების მიერ ღმრთის მცნების დარღვევით!
ღმერთმა ადამიანი შექმნა უმაღლესი ბედნიერებისა და ნეტარებისათვის, მთელი ხილული სამყარო იქმნა მოწყობილი, როგორც უმდიდრესი და უდიდესი სამეფო ადამიანისათვის - მისი მეფისა და მბრძანებლისათვის. მაგრამ ყველაზე დიდი სიხარული ღმერთთან მადლის მიერ ერთობაში მის მიმართ სიყვარულში მდგომარეობდა. ადამიანს თავისი ნებით, მთელი გულით რომ ჰყვარებოდა უფალი - ის შექმნილი იყო თავისუფალი, ე. ი. მას რჩებოდა შესაძლებლობა განშორებოდა თავის შემოქმედს. მისი სიყვარული რომ გამოეცადა - უფალმა ადამს მცირე მცნება მისცა - არ ეჭამა ნაყოფი მხოლოდ ერთი ხიდან, ამასთანავე მას შეეძლო ესარგებლა და ესიამოვნა მთელი ედემის ბაღის ნაყოფებით. ღმერთმა ამ აკრძალვას თან დაურთო შემაძრწუნებელი გაფრთხილება - თუ ადამი შეჭამს ამ ხის ნაყოფს - იქნება სიკვდილისაგან დატყვევებულიო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ღმერთმა შექმნა სიკვდილი და პირველივე ადამიანს დაემუქრა ამით ურჩობის შემთხვევაში - არა! უფალი თითქოსდა ეუბნებოდა: „თუ შენ უგულებელყოფ ჩემს სიტყვას და ზურგს შემაქცევ მე, მაშინ მეც განვდგები შენგანო"! მაგრამ სულიერ არსებათათვის სიცოცხლე ხომ ღმერთია, ღმრთის განშორება ადამიანისათვის შეიქმნა საშინელი სასჯელი, მისი განხრწნისა და ნაწილებად დაშლის საწყისი.
ადამიანმა დაცემისთანავე დაიწყო სულიერად და ხორციელად კვდომა! როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს:"სიკვდილი, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, ღმრთისაგან განშორებაა, ხოლო „საწერტელი სიკვდილისა ცოდვაჲ" (1 კორ. 15,56). ადამმა მიიღო რა ეს „საწერტელი" აღმოჩნდა ცხოვრების ხისგან, სამოთხიდან და ღმრთისაგან განდევნილი, რასაც უცილობლად მოჰყვა სიკვდილი" (2 – я сот. главолюбви, 93). ადამმა დაკარგა ღმრთის კეთილგანწყობა თვისადმი, იქმნა ვითომდა, ღმრთისათვის უცნობი, აღმოჩნდა რისხვისა და განგდებულობის ბეჭდის ქვეშ. ასეთ მდგომარეობაში პირველი ადამიანები შობდნენ შვილებს - და მათი შვილები ჩასახვისა და შობისთანავე აღმოჩნდნენ იმავე განშორებულობის აჩრდილის ქვეშ, წინაპართა ცოდვებისა და უსჯულოების ზიარნი (ფსალმ. 50.7). სრულიად ყველანი აღმოჩნდნენ თავიანთივე „ბუნებით შვილნი რისხვისანი" (ეფეს. 2.3). ამჟამად, ჩვენ ყველანი „ვიბადებით ცოდვილნი ჩვენი შემცოდე მამამთავარ ადამისაგან, დამნაშავენი - დამნაშავისაგან, ცოდვის მონები - ცოდვის მონისაგან, წყევის ქვეშ მყოფნი და მკვდარნი - წყევის ქვეშ მყოფისა და მკვდრისაგან..." (Св. Симеон Нов. Богосл. 66).
მიუხედავად ამისა ზოგიერთნი თვლიან რომ ეს უსამართლობაა: განა ადამის შთამომავალნი დამნაშავენი არიან მის ცოდვაში, მითუმეტეს - როგორ შეიძლება უდანაშაულო ჩვილები ჩაითავლონ ცოდვილებად შობისთანავეო? მაგრამ განა ცოტაა ძველსა და ახალი აღთქმის ისტორიაში მაგალითები იმისა, თუ შვილები როგორ იმკვიდრებენ წინაპართაგან ან კურთხევას ან წყევას, რომელიც ადევს მათ საგვარეულოს, თითქოს მშობელთა ცხოვრება გრძელდება მათში, ისევე როგორც ხის ფესვების სისუსტე ან სიძლიერე ვლინდება მის ტოტთა სიცოცხლეში. განა იგივეს არ ვხედავთ ირგვლივ, თუ მდიდარი მშობლების შვილები შობისთანავე როგორ სარგებლობენ სიმდიდრის სიკეთით, ღარიბთა შვილები კი - დაბადებისთანავე იტანჯებიან უკმარისობით? თავადის შვილები შობისთანავე როგორ სარგებლობდნენ პატივითა და სათავადო ტიტულებით, მონის შვილები კი ატარებდნენ თავიანთ ბავშვობას დამცირებაში... განა ეს უსამართლობაა? მაგრამ აი, ერთი შრომობდა, მეორე კი დაუდევარი იყო, ერთმა პატივი მოიხვეჭა, მეორემ კი დაიმცირა თავი, შესაბამისი ხვედრი გადსცეს შვილებსაც - მაგრამ მათ შეუძლიათ გამოასწორონ თავიანთ წინაპართა შეცდომები და აირჩიონ გზა ბედნიერებისაკენ.
წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე გამოჩენილ, მეფის მიერ საყვარელ თავადს, მხილებულს მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ჩამორთმეული აქვს სათავადო უპირატესობანი და გადასახლებულია შორეულ მხარეში, მამულში დაბრუნების აკრძალვით. გადასახლებაში მას უჩნდებიან შვილები - ისინი დაბადებიდანვე, პირადულად უდანაშაულონი, აღმოჩნდებიან გაძევებულნი, მოსაწყენ, ველურ და ცივ მხარეში, სათავადო უპირატესობა ჩამორთმეულნი, მეფის წყალობისაგან გარიყულნი. მაგრამ ეს გაძევებულობა და გარიყულობა განა „უდანაშაულოთა სასჯელია" მეფის უმოწყალობით, სხვისი დანაშაულის გამო? განა ეს მათი წინაპრის მიერ ჩადენილი დანაშაულისაგან თავისთავად გამომდინარე შედეგი არაა? მაგრამ მათ, მაინც ეძლევათ უფლება დაუმოწმონ მეფეს თავიანთი ერთგულება, სიტყვით და საქმით დაამტკიცონ, რომ არ გაიმეორებენ თავიანთი მამის თვითნებობას - და მეფეც სიხარულით, არა მარტო აღადგენს მათ ყველა სათავადო უფლებებში - არამედ იშვილებს კიდეც!
გოლგოთაზე, ჩვენი გულისათვის დაკლული, განკაცებული ღმრთის ძის მსხვერპლით - გამოსყიდულნი ვართ წყევისაგან! ვინც ირწმუნა მისი, წმ. ნათლისღების საიდუმლოში გახდა ზიარი იმ ჯვარზე სიკვდილისა, ვინც თვით ცხოვრებით დაამოწმა თავისი ერთგულება და მორჩილება - ის ღმრთისაგან ნაშვილები ხდება! ასე რომ, მამამთავრისაგან ჩვენი ცოდვიანი მემკვიდრეობა უსამართლობად მარტო მაშინ გვეჩვენება, როდესაც გვავიწყდება, რომ ქრისტეში თითოეულ ადამიანს შეუძლია მოიხვეჭოს იმაზე მეტი, ვიდრე დაკარგა ადამში.
„დაე, ნურავინ იფიქრებს, თითქოს მან განიცადა ზიანი წინაპართა გამო - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი - „თუ ჩვენ მოვინდომებთ მივაღწიოთ ყოველივე იმას, რისი მოცემაც აღგვითქვა ქრისტემ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ მოცემულია უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ დავკარგეთ... რაზედ სტირ - მითხარ მე? იმაზედ რომ ადამმა, შესცოდა რა, მოკლებულ გყო შენ სამოთხეს? გამოსწორდი, მოშურნე იყავ სათნოებებში და მე შენ არა სამოთხეს, არამედ თვით ცას განგიღებ" (Собр. Соч. т.9б. 10).
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
Xareba.net - ის რედაქცია