იოანე მთაწმინდელი - ათონის მთის ქართული კოლონიის ფუძემდებელი, ათონის ივერიის მონასტრის მაშენებელი, ექვთიმე ათონელის მამა. დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წარმოშობით დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო, (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი). დავით კურაპალატის კართან დაახლოებული მის ჯარსაც კი სარდლობდა, მაგრამ დატოვა ოჯახი, სასახლის კარი და ოთხთა ეკლესიის ლავრაში ფარულად შედგა ბერად. როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს „ზემო მიწები" დაუმტკიცა, სამაგიეროდ, მძევლად წაიყვანა დიდებულთა შვილები. მათ შორის იყო იოანეს მცირეწლოვანი ვაჟი - ექვთიმე. X საუკუნის 50-იან წლებში, იოანემ მცირე აზიაში, ულუმბოს მთაზე, ქართველ მონაზონთა წრე შექმნა და იქვე გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი. იგი ეახლა იმპერატორს და შვილი გამოსთხოვა. 965 წელს შვილთან და ბერებთან ერთად ათონის მთაზე გადავიდა და იქ ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა. ქართველებმა პირველად წმინდა იოანე მახარობლის ეკლესია ააშენეს, ხოლო 980-983 წლებში იოანემ იოანე თორნიკყოფილთან (თორნიკე ერისთავთან) ერთად ააშენა ქართული მონასტერი „ივირონი", რომლის პირველი წინამძღოლი თავადვე გახდა.
სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმიდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა, მაგრამ ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა და ქართულადაც ალაპარაკდა- მან მამამისს მოუთხრო, რომ მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: „რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?" - „მოვკუდები, დედოფალო", - მიუგია ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი". ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული „აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა". ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთმა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან". წმიდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას, შეუდგა ბერძნულიდან ქართულად საღმრთო წიგნების თარგმნას და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით. როდესაც კეთილმორწმუნე მეფემ, დავით კურაპალატმა, წაიკითხა მთაწმინდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო, ადიდა ღმერთი და ბრძანა: „მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა". ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: „ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი".
იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმინდა ექვთიმე გახდა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი. გარდაიცვალა წმიდა ექვთიმე 1028 წელს. იგი ათონის მთაზე დაკრძალეს.
გიორგი ათონელი(1009-1065) ქართველი პროზაიკოსი, მთარგმნელი, საეკლესიო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. განაგრძო ექვთიმე ათონელის საქმე - ბიზანტიური მწერლობის ქართულად თარგმნა, თუმცა სტილი შეცვალა - თარგმანი ზუსტად შეესაბამებოდა დედანს. დაიბადა თრიალეთში 1009 წელს. 6 წლისა ხახულის მონასტერში გადაიყვანეს, შემდეგ კონსტანტინოპოლში სწავლობდა. სამშობლოში დაბრუნებული ხახულის მონასტერში აღიკვეცა ბერად. მალე შავ მთაზე დაემოწაფა ქართველ ბერს გიორგი შეყენებულს და 3 წელი იქვე, რომანწმინდას მონასტერში ცხოვრობდა. 30 წლისამ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოილოცა და თავისი მოძღვრის შეგონებით, 1040 წელს, ათონზე მივიდა. იყო მონასტრის წინამძღვარი, თუმცა 1056 წელს წინამძღოლობას თავი დაანება, ანტიოქიაში დამკვიდრდა და ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა. 1057 წელს გიორგიმ ანტიოქიაში პატრიარქ თეოდოსის წინაშე დაიცვა ქართველთა საეკლესიო დამოუკიდებლობა.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა დაწვრილებით აღწერა მისმა მოსწავლემ გიორგი მცირემ (ხუცესმონაზონმა). 1060 წელს ბაგრატ IV–ის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა და მეფეს შეეწია საეკლესიო საქმეთა მოწესრიგებაში. გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში 1065 წელს. გიორგიმ დიდი ღვაწლი დასდო სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას, როგორც ათონზე, ისე საქართველოში. შეაკეთა ათონის მონასტერი, აღნუსხა ქართველ მოღვაწეთა საქმეები, შექმნა ქართული სამონასტრო კოლონიის ისტორია და აღწერა მონასტრის მაშენებელთა ცხოვრება. სიკვდილის წინ გიორგის საქართველოდან ათონზე 80 ობოლი ბავშვი მიჰყავდა აღსაზრდელად და ათონის ქართველთა ძმობის განსამტკიცებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი გზაში გარდაიცვალა. მოტირალ ბავშვთა სამგლოვიარო პროცესიამ აასვენა მისი ცხედარი კონსტანტინოპოლიდან ათონზე.
გიორგი ათონელის უმთავრესი ღვაწლი მაინც მისი ლირტერატურული საქმიანობით გამოიხატა. მან განაგრძო ექვთიმე ათონელის საქმე - ბიზანტიური მწერლობის ქართულად თარგმნა, თუმცა სტილი შეცვალა - თარგმანი ზუსტად შეესაბამებოდა დედანს, ამიტომ შთამომავლობამ გიორგის თარგმანებს ექვთიმეს თარგმანებისაგან განსხვავებით უწოდა „დიდი სვინაქსარი", „ დიდი კურთხევანი", „დიდი პარაკლიტონი" , „დიდი მარხვანი". საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული იყო ბასილი დიდის თხზულებათა თარგმანები.
გიორგი ათონელის ლიტერატურული ნიჭი და ეროვნულ-კულტურული კრედო ყველაზე მეტად გამჟღავნდა მის ორიგინალურ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში „ცხოვრებაჲ ნეტარის მამისა ჩვენისა იოვანესი და ეფთვიმესი". ეს არის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი საზღვარგარეთული ცენტრის - მთაწმინდის ანუ ივერთა მონასტრის შექმნის, მესაძირკვლეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის მხატვრული მატიანე. თხზულებას ცხადად ემჩნევა პუბლიცისტური სულისკვეთება, მაგრამ ყველაფერზე მაღლა მაინც ესთეტიკურად მოწესრიგებული აღქმა დგას, რომელშიც მძაფრად არის გადმოცემული ადამიანური ვნებები.
Xareba.net - ის რედაქცია