წმიდა წერილის მრავალი ადგილი მიუთითებს იმაზე, რომ ანტი-ქრისტეს მეფობისას ამქვეყნად ენუქი და ელია თეზბიტელი წარ-მოიგზავნებიან.
1. წინასწარმეტყველ მალაქიასთან: და აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსვლისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის (მალაქია, 4, 5-6).
2. იესუ ზირაქის ძესთან: ა) ენუქის შესახებ: ენუქი სათნო ეყო უფალსა და აღყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა (ზირაქი, 44, 16). ბ) ელიას შესახებ: ატაცებულ იქმენ ცეცხლის გრიგალით ცეცხლოვანი ცხენების ეტლზე; განწესებული იყავი დროზე სამხილებლად, რათა დაგეცხრო უფლის რისხვა, ვიდრე სიშმაგემდე მიაღწევდა, შვილისკენ მოგექცია მამის გული და იაკობის შტოები აღგედგინა (ზირაქი, 48, 9- 10).
3. მათე მახარებელთან: ელია მოვიდეს პირველად და კუალად - აგოს ყოველი (მათე, 17, 11).
4. გამოცხადებაში, დაფარულთა მჭვრეტელი, ელიასა და ენუქის მოღვაწეობას, სიკვდილსა და აღდგომას დაწვრილებით აღგვიწერს: და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაჲსწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ ჯერ - არს მოკუდომაჲ მისი. ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაჲსწარმეტყველებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენგზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა - ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა - იგი უფალი მათი ჯუარს - ეცუა. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარესა შინა. და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი. და შემდგომად სამისა მის დღისა და ნახევრისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და დადგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა მათ: "აღმოვედით აქა!" და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა (გამოცხადებაჲ, 11, 3-13).
ზემომოყვანილი წმიდა სიტყვებიდან შეიძლება გავარკვიოთ, რომ ა) ელია და ენუქი ძაძით იქნებიან შემოსილნი; ბ) იწინასწარმეტყველებენ 1260 დღის განმავლობაში; გ) აღიჭურვებიან ძალაუფლებით - დაახშონ ზეცა წვიმისათვის, წყალი სისხლად გადააქციონ და დედამიწაზე ყოველგვარი სნეულებანი წარმოგზავნონ; დ) ათასორასსამოცი დღის, ე. ი. თავიანთი მსახურების დამთავრების შემდეგ, ბრძოლაში ჩაე-ბმებიან ანტიქრისტესთან, რომელიც მათ დაამარცხებს და მოკლავს; ე) მათი სხეულები არ დაიმარხება და იერუსალიმის ქუჩაში სამ-დღენახევრის განმავლობაში ეყრება; ვ) ამის შემდეგ, ყველას თვალწინ, აღდგებიან და ღრუბლებით ზეცაში აღიყვანებიან; ზ) მოხდება მიწისძვრა, რის გამოც ქალაქის მეათედი ნაწილი დაინგრევა.
ელიასა და ენუქის მოსვლის შესახებ წმ. იოანე დამასკელი წერს: "მაშინ წარმოიგზავნებიან ენუქი და ელია თეზბიტელი და მამების გულებს შვილებისკენ, ანუ ებრაულ სინაგოგას უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესკენ მიაპყრობენ და ანტიქრისტეს მიერ მოიკვლებიან" (წიგნი მე - 4, თავი 27 - ე).
წიგნიდან "წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"