შვილები ტირილით უსმენდნენ მამას და არწმუნებდნენ, რომ იგი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა და იქნებოდა მათთან ერთად. და ეუწყა ქსენოფონტეს ხილვაში, რომ უფალმა გაუგრძელა მას სიცოცხლე. გამოჯანმრთელების შემდეგ ქსენოფონტემ შვილები კვლავ სასწავლებლად გაგზავნა. ზღვაზე მათ საშინელი ქარიშხალი დაატყდათ თავს. ტალღები აქეთ-იქეთ ახეთქებდნენ ხომალდს. ძმები უფალს შველას ევედრებოდნენ. გემის კაპიტანი და მეზღვაურები გადასხდნენ პატარა, მაგრამ უსაფრთხო ნავში და ძმები თავიანთი მონებით განსაცდელში მიატოვეს. ტალღები ყველა მხრიდან ეხეთქებოდნენ და ამსხვრევდნენ ხომალდს. ძმებმა ტანსაცმელი გაიხადეს, რათა უფრო დიდხანს შესძლებოდათ წყლის ზედაპირზე გაჩერება. ყმაწვილები ტირილით უხმობდნენ მშობლებს, თითქოს ისინი მათ წინ იდგნენ:
– ძვირფასო დედა, ძვირფასო მამა, იცოცხლეთ დიდხანს, ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვიხილავთ.
შემდეგ ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ:
– საყვარელო ძმაო, ჩემო თვალის ჩინო, რა საშინლად ვშორდებით ერთმანეთს! სად არის მშობელთა ლოცვა ჩვენთვის? ააღწია თუ არა ღმერთთან ჩვენთვის თქმულმა ერთმა ლოცვამ მაინც? და თუკი მაინც ააღწია, ალბათ ჩვენი ცოდვების გამო არ იქნა შესმენილი. მამა, შენ, რომელიც ასე ზრუნავდი ჩვენთვის, მკვდრებსაც კი ვერ გვიხილავ! დედა, რომელიც თავისი შვილების ქორწინებაზე ოცნებობდა და მათთვის საქორწინო დარბაზს ამზადებდა, მათ კუბოებსაც ვერ იხილავს! თქვენ იმედოვნებდით, რომ ღრმა მოხუცებულობაში ჩვენ დაგასაფლავებდით. ახლა კი თქვენ არ ძალგიძთ აღასრულოთ ჩვენთვის ეს ბოლო მოვალეობა.
წყალში გადაშვებამდე ისინი გადაეხვივნენ ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით: "თავს უშველე ძმაო, და მომიტევე". ღმერთს კი შეჰღაღადეს: "სიკვდილშიაც ნუ დაგვაშორებ უფალო, დაე ერთმა ტალღამ დაგვფაროს და ზღვის ერთი ცხოველის სტომაქი გვექცეს კუბოდ".
– "თავს უშველეთ, მეგობრებო, და მოგვიტევეთ!" – დაუძახეს თავიანთ მონებს. და როდესაც გემმა ჩაძირვა დაიწყო, ხელი ჩაჭიდეს ხის კოჭებს, ტალღებმა ისინი ერთმანეთს დააშორეს.
ღმერთმა ყმაწვილები გადაარჩინა. ისინი სხვადასხვა ქვეყნის ნაპირებთან გამოირიყნენ: მონები ერთ მხარეს, იოანე – მეორე და არკადი – მესამე მხარეს. არც ერთ მათგანს არ უხაროდა გადარჩენა, რამდენადაც განიცდიდა დანარჩენების დაღუპვას.
და კვლავ ბუნებაში ყველაფერი დამშვიდდა. ზღვა, რომელიც გუშინ მძვინვარებდა და ხალხს ღუპავდა, დღეს მომღიმარე უცოდველ ჩვილს ჰგავდა.
დამწუხრებული იოანე ათვალიერებდა ნაპირს, რომელზეც გამოირიყა და ფიქრობდა: "როგორ წარვსდგე ადამიანების წინაშე? სჯობს, მონასტერში ბერებთან წავიდე და იქ სიღარიბესა და თავმდაბლობაში ვემსახურო უფალს, ჩემს გადამრჩენელს. უფალმა ალბათ იმიტომ არ შეისმინა ჩვენი ლოცვა, რომ მშობლებს ჩვენი დაქორწინება და ჩვენთვის თავიანთი დიდი ქონების დატოვება სურდათ. ჩვენ კი, ალბათ წუთისოფლის ამაოებაში ჩაფლულნი სულიერად დავიღუპებოდით. და აი, ყოვლისმპყრობელმა საუკეთესო ხვედრი გამოგვიგზავნა.
– უფალო, – ამბობდა იგი ცისკენ ხელაპყრობილი, – შენ გადამარჩინე მე ზღვის ტალღებისაგან, გადაარჩინე სიკვდილისაგან ჩემი ძმაც, მონა შენი არკადი; და თუ გადაარჩენ, გაუნათე გონება და მიმართე იგი მონაზვნური ცხოვრებისაკენ. გადაარჩინე ჩვენი კეთილი მონებიც, ნურც ერთს ნუ დაღუპავ ზღვაში, ინებე, რომ თითოეულმა მათგანმა ადიდოს შენი სახელი.
იოანე ნაპირიდან ქვეყნის სიღრმისკენ გაემართა და ბერთა სავანეს მიადგა. მეკარემ ჩააცვა, დააპურა და სადაურობა გამოჰკითხა მას. იოანე ამ სავანეში დასახლდა და მალე ბერადაც აღიკვეცა.
არკადიც გადარჩა. წყალმა იგი წმიდა მიწის ნაპირზე გამორიყა. აქ მას ერთმა კეთილმა კაცმა ძველი ტანსაცმელი მისცა. მან ჩაიცვა, ახლომდებარე ეკლესიაში შევიდა და თვალცრემლიანი შეუდგა ლოცვას ძმის გადარჩენისათვის. მან დაიძინა და იხილა თავისი ძმა იოანე, რომელმაც უთხრა: "რატომ დამტირი ასე მწარედ, ღვთის წყალობით ცოცხალი ვარ, ნუ ნაღვლობ". არკადიმ გამხნევებულმა გაიღვიძა და ღმერთს მადლობა შესწირა.
– როგორ მოვიქცე? – დაფიქრდა იგი. – დავბრუნდე მშობლებთან? ძმის გარეშე რომ მნახავენ, დამწუხრდებიან... სწავლა გავაგრძელო და მერე დავბრუნდე? ძმის გარეშე რომ მნახავენ, აქვითინდებიან... მამაჩემი ყოველთვის ანიჭებდა უპირატესობას მონაზვნურ ცხოვრებას... წავალ მონასტერში და ბერად აღვიკვეცები.
წმიდა მიწის ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულების შემდეგ იგი შეუდგა მონაზვნური ცხოვრებისთვის შესაფერისი ადგილის ძებნას და შეხვდა ერთ შორსმჭვრეტელ ბერს, რომელმაც პირდაპირ უთხრა: "ნუ ნაღვლობ – შენი ძმა, ისევე როგორც გემზე მყოფი ყველა მონა, ცოცხალია, ყოველი მათგანი ბერად აღიკვეცა, შენი ლოცვა შესმენილია. მოვა დრო და შენ ძმას შეხვდები". სწორედ ამ ბერმა წმიდა ხარიტონის ლავრაში ბერად აღკვეცა იოანე.
მას შემდეგ, რაც ჩაიძირა გემი, რომელსაც სასწავლებლად მიჰყავდა ქსენოფონტესა და მარიამის შვილები, ორი წელი გავიდა. ქსენოფონტემ ბეირუთში გაგზავნა თავისი მონა იოანესა და არკადის მოსანახულებლად და იმის გასარკვევად, თუ როდის დაასრულებდნენ ისინი სწავლას. მამას უკვირდა, რომ ამ ხნის განმავლობაში შვილებისაგან არცერთი წერილი არ მიუღია. რადგან ბეირუთში იოანე და არკადი არ აღმოჩნდნენ, მონა ათენში გაემგზავრა: ფიქრობდა, იქნებ შეიცვალეს გადაწყვეტილება და ელინური განათლების ცენტრში გაემგზავრნენო. მაგრამ ვერც იქ იპოვა ისინი და ვერც რაიმე შეიტყო მათ შესახებ. უკვე ემზადებოდა ბიზანტიაში დასაბრუნებლად, როდესაც შემთხვევით იერუსალიმში მოსალოცად მიმავალ ბერს შეხვდა, მას მისი სახე ეცნო – ის აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ მონათაგანი, რომლებიც იოანესა და არკადის მგზავრობისას ახლდნენ. მისგან შეიტყო გემის დაღუპვის ამბავი. მონამ უთხრა: "მხოლოდ მე გადავრჩი, მაგრამ ამ უბედური შეტყობინებით შინ დაბრუნებას, მონაზვნური ცხოვრება ვარჩიე და აქ დავრჩი. ახლა უკვე ბერი ვარ და იერუსალიმში მოსალოცად მივემგზავრები".
წარგზავნილი კონსტანტინოპოლში სამწუხარო ცნობით დაბრუნდა... აი უკვე სახლშია, ნაცნობ ოთახებში, მაგრამ მისი გული დამწუხრებულია, იგი დუმს. მარიამმა მოიხმო იგი და შიშით ჰკითხა:
– როგორ არიან ჩვენი შვილები?
– კარგად, – უპასუხა მან.
– მათი წერილები სადღაა?
– გზაში დავკარგე.
– მართალი მითხარი, – თქვა საცოდავმა დედამ. მაშინ მონა ატირდა: "სამწუხაროდ, ქალბატონო, შენი საყვარელი შვილები დაიღუპნენ, გემი დაიმსხვრა და ისინი დაიხრჩვნენ".
ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა – არც სასოწარკვეთილი ყვირილი, არც ჩივილი, არც ქვითინი... დუმდა შეცბუნებული მონა, დუმდა ქალბატონიც, შემდეგ ჩუმად წარმოთქვა: "კურთხეულია უფალი, ყველაფერი ისე მოაწყო, როგორც მას ენება. კურთხეულ იყოს სახელი მისი უკუნითი უკუნისამდე. უფალმა მომცა, უფალმა წაიყვანა, და ყველაფერს, რასაც აკეთებს, ჩვენდა სასიკეთოდ აკეთებს..." მონას უბრძანა შვილების დაღუპვის შესახებ არავისთვის ეთქვა.
საღამოს, მრავალი მსახურის თანხლებით, მოვიდა ქსენოფონტე და მაგიდასთან მიჯდა, რადგან დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საჭმელს. მარიამმა გაუმხილა ქმარს თავს დამტყდარი უბედურება.
ყრუ გმინვა აღმოხდა მას მკერდიდან, მაგრამ სძლია თავს და თქვა: "კურთხეულ იყოს სახელი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნისამდე... ნუ გლოვობ: მჯერა, რომ უფალი არ დაუშვებდა ჩვენი შვილების დაღუპვას, იმედი მაქვს, რომ უფალი გვანუგეშებს დამწუხრებულ მშობლებს, ვილოცოთ მთელი ღამე და ნახავ, უფალი გაგვიმხელს ჩვენი შვილების შესახებ"... ისინი ჩაიკეტნენ თავიანთ სამლოცველოებში და მთელი ღამე თვალცრემლიანი ლოცულობდნენ. დილას მიწვნენ დასაძინებლად ცალ-ცალკე ოთახებში და თითოეულს ჰქონდა ხილვა. მათ იხილეს თავიანთი შვილები დიდებით წარდგომილნი იესო ქრისტეს წინაშე. იოანესთვის მომზადებული იყო სამეფო ტახტი, გვირგვინი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი კვერთხი. არკადის ხელში ჯვარი ეკავა, მის თავზე ვარსკვლავების გვირგვინი ბრწყინავდა. მშობლებმა ერთმანეთს სიზმრები მოუთხრეს და მიხვდნენ, რომ მათი შვილები ცოცხლები არიან და რომ უფალი მფარველობს მათ.
– მარიამ, – თქვა ქსენოფონტემ, – რატომღაც მგონია, ჩვენი შვილები იერუსალიმში არიან. წავიდეთ იქ, მოვილოცოთ წმიდა ადგილები და იქნებ ჩვენ შვილებსაც შევხვდეთ...
და ისინი სამზადისს შეუდგნენ. გასცეს შესაბამისი განკარგულებები, უხვად გაიღეს მოწყალება, საჭირო რაოდენობის ოქრო თან წაიღეს და იერუსალიმისაკენ დაიძრნენ. იქ, წმიდა ადგილების მონახულების შემდეგ, შვილების ძებნას შეუდგნენ. პალესტინაში ისინი შეხვდნენ ერთ-ერთ თავიანთ ყოფილ მონას, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მის გარდა ყველანი დაიხრჩვნენ. იორდანიაში კი შეხვდნენ იმ შორსმჭვრეტელ ბერს, რომელმაც ბერად აღკვეცა მათი ძე – არკადი. როდესაც მასთან კურთხევისთვის მივიდნენ, მან წარმოსთქვა: "რამ მოგიყვანათ იერუსალიმში, თუ არა დაკარგული შვილების ნახვის იმედმა, ნუ დარდობთ, თქვენი ვაჟები ცოცხლები არიან და უფალმა სიზმარში გაგიცხადათ ის დიდება, რომელიც მათ ელოდებათ. როდესაც აქედან წმიდა ქალაქში დაბრუნდებით, ნახავთ თქვენ შვილებს"...
მშობლების დამშვიდების შემდეგ ბერი სასწრაფოდ გამოეთხოვა მათ, წავიდა იერუსალიმში, მივიდა ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარში და წმიდა გოლგოთასთან მიწაზე დაჯდა. ამ დროს ახალგაზრდა მონაზონი იოანე – ქსენოფონტეს შვილი შორეული სავანიდან მოვიდა იერუსალიმში სიწმინდეების თაყვანსაცემად. იგი მივიდა ბერთან კურთხევისთვის, ბერმა კი უთხრა, რომ მისი მშობლები მას ეძებდნენ და მალე მოვიდოდნენ აქ და რომ თავად ის ძმას ეძებდა.
– გვერდით მომიჯექი, – უთხრა ბერმა, – და მალე იხილავ შენს ძმას. მართლაც მოვიდა მეორე ახალგაზრდა ბერი, არკადი. მაგრამ რა ძნელი იყო მისი ცნობა: ფიზიკური შრომისაგან სახე ჩამოჭკნობოდა, უზომო მარხვისაგან თვალები მილეოდა. როგორც კი შეამჩნია ნაცნობი ბერი, არკადი მიიჭრა მასთან და უთხრა: "მამაო, შენ მიატოვე შენი ყანა, უკვე მესამე წელია არ მოგინახულებია, ბევრი ღვარძლი ამოიზარდა მასზე და დიდი შრომა მოგიწევს მის გასამარგლად".
– იცოდე, შვილო, – უპასუხა ბერმა, – დროგამოშვებით მე გნახულობ შენ და მწამს, რომ შენს გულში არა ღვარძლი, არამედ მხოლოდ ხორბალი... გვერდით მომიჯექი. არკადი დაჯდა. ასე ისხდნენ ძმები ბერის აქეთ-იქეთ და ვერ ცნობდნენ ერთმანეთს. მაგრამ როდესაც ბერმა ჰკითხა იოანეს მისი წარმომავლობის შესახებ და იოანემ დაასახელა თვისი მამა და ძმა არკადი, ძმები ტირილით გადაეხვივნენ ერთმანეთს. ორი დღის შემდეგ ქსენოფონტე და მარიამი იორდანიიდან დაბრუნდნენ და გოლგოთაზე, უფლის საფლავთან სალოცავად მივიდნენ. აქ შეხვდნენ ისინი იმ შორსმჭვრეტელ ბერს, რომელიც დაჰპირდა შვილებთან შეხვედრას და სთხოვეს პირობა შეესრულებინა. ორივე ახალგაზრდა ბერის გვერდით იდგა, მაგრამ მათ ნაბრძანები ჰქონდათ ჩუმად ყოფილიყვნენ და თავი არ აეწიათ. შვილებმა იცნეს მშობლები და ხარობდნენ, მაგრამ მშობლები ვერ ცნობდნენ მათ, რადგან ძალიან გამოცვლილიყვნენ და თანაც ბერულად იყვნენ შემოსილნი.
– წადით იქ, სადაც დაბინავდით, – უთხრა ქსენოფონტესა და მარიამს ბერმა, – მოგვიმზადეთ ტრაპეზი, მე ჩემს მოწაფეებთან ერთად მოვალ და შემდეგ გაგიმხელთ სად არიან თქვენი შვილები.
და აი, იოანე და არკადი ბერთან ერთად თავიანთ მშობლებს ესტუმრნენ.
– როგორ არიან ჩვენი შვილები? – ეკითხებიან ბერს ქსენოფონტე და მარიამი.
– ნუ ნაღვლობთ თქვენს შვილებზე, ისინი კეთილ ღვაწლში არიან. – პასუხობს ბერი.
– როგორ მომწონს შენი მოწაფეები, – უთხრა ქსენოფონტემ ბერს, – როგორ გავიხარებდი, ჩვენი შვილებიც ასეთები რომ იყვნენ: ჩემი სული ისწრაფვის ამ ახალგაზრდებისაკენ, როგორც კი დავინახე ისინი, რაღაც სიხარული ვიგრძენი.
– შვილო, – მიმართა არკადის მამამ, – მომიყევი სად დაიბადე, ვინ აღგზარდა, აქ როგორ მოხვდი. როგორც კი არკადიმ თხრობა დაიწყო, მშობლებმა იცნეს თავიანთი შვილები და შეხვედრით გამოწვეული პირველი სიხარულის შემდეგ, ადიდეს უფალი, რომელმაც შეახვედრა ისინი. იოანე და არკადი უფლისკენ მიმავალ სწორ გზაზე იდგნენ. ქსენოფონტე და მარიამი მიხვდნენ, რომ მათაც უნდა გაეზიარებინათ შვილების ცხოვრების წესი, მით უფრო, რომ ისინი უკვე დიდი ხანი მონაზვნურად ცხოვრობდნენ. შორსმჭვრეტელმა ბერმა შეასრულა მათი სურვილი – აღკვეცა ისინი და ამის შემდეგ ყველანი დაშორდნენ ერთმანეთს. არკადი მშობლებთან დამშვიდობების შემდეგ ბერთან ერთად უდაბნოში წავიდა. ქსენოფონტემ რწმუნებულის მეშვეობით გაყიდა თავისი სახლ-კარი ბიზანტიაში. მარიამი დედათა სავანეში წავიდა. თითოეული მათგანი ღვთისათვის სათნო გახდა და ღვთისაგან დიდი წყალობა ეღირსათ.
იოანემ და არკადიმ მნათობთა მსგავსად გაიბრწყინეს მეუდაბნოეთა შორის, თავიანთი სიკვდილის დრო იწინასწარმეტყველეს და სული უფალს მიაბარეს.