ანტიქრისტეს მოსვლის პერიოდში, მისი ზეგავლენის მიღმა დარჩება მხოლოდ მცირერიცხოვანი სამწყსო, იგივე „მცირე სამწყსო". ისინი, ვინც შეინარჩუნებენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებას. მართლმორწმუნე ქრისტიანი ანტიქრისტესა და მისი ძალებისთვის იქნება დაბრკოლების ლოდი, ერთადერთი ნაპრალი სატანურ „ჰარმონიაში". ცხადია, ეს იქნება დიდი მწუხარების ჟამი, რაც არ ყოფილა ჯერ დედამიწაზე. ეს იქნება მოწამეობის ახალი ეპოქა, ტანჯვა უფრო მეტად სულიერი, ვიდრე ფიზიკური, როგორც აღწერილია გამოცხადების წიგნში: „ვაი არს ქუეყანისა და ზღუისა, რამეთუ გარდამოხდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა" (გამოცხ. 12. 12). მათე მახარებელიც ბრძანებს: „რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისათა, ვიდრე აქამომდე, არცაღა ყოფად არს" (გამოცხ. 24. 12).
დაე, დაგვცინონ, გვდევნონ და შეურაცხგვყონ, მართლმორწმუნე ქრისტიანი არ ცხოვრობს ამასოფლისათვის, არ მისტირის ამქვეყნიურ პატივსა და დიდებას. ერთადერთი ადარდებს — როგორ შეხვდება უფალს აღსასრულის ჟამს.
მავანისთვის ჩვენი სარწმუნოება ოპიუმია. ჩვენთვის გასაგებია მათი პათოსი, ვინაიდან არ ძალუძთ იმის ხილვა, რასაც ხედავს და გრძნობს მართლმორწმუნე ქრისტიანი. მავანს არ განუცდია, არ უგემია სულიერი სამწყსოს სურნელი, ღვთის მადლის მოქმედება თავის თავზე. ქრისტიანი ცოცხლობს ქრისტეს აღდგომის სიხარულით, სასოებით, რომ ნუგეშინისცემული იქნება აღსასრულის ჟამს.
მავანმა შეიძლება დაგვცინოს, მაგრამ არასდროს მივცემთ მათ უფლებას დაამახინჯონ სახარებისეული სწავლება, ჩვენი სარწმუნოებრივი დოგმატები და კანონები. არასდროს მივცემთ უფლებას, თავიანთი ბინძური მიზნებისთვის გამოიყენონ ჩვენი სარწმუნოება. ამაზე დიდი დასაკარგი ჩვენ არაფერი გვაქვს.
პავლე მოციქული ბრძანებს: „არა გუაქუს აქ საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ". ეს „მერმე" არის „ახალი ცა და ახალი მიწა", რომელიც განმზადებულია ღვთივრჩეულთათვის. ზეციურ „ქალაქს" არაფერი აქვს საერთო ამქვეყნიურ ცივილიზაციასა და მსოფლიო მმართველობის სისტემასთან. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო არც ცეზარო-პაპიზმთან. ჭეშმარიტი ქრისტიანი მათი ზემოქმედებისა და ზეწოლის მიუხედავად რჩება ერთგული მართლმადიდებლობისა. ესაა მისი მოწოდება, ხოლო ის ქრისტიანები, რომლებიც შეუერთდებიან მავანთ ეშმაკისეულ „ოსანაში", არსებითად ქრისტეს მოღალატეები არიან. მათთვის მართლმადიდებლობა უბრალოდ ინსტრუმენტია, რომელსაც იყენებენ თავიანთი ბნელი მიზნების განსახორციელებლად.
არანაირი ქრისტიანული კონფესიების ერთიანობა არ არსებობს — ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან ერთად ქრისტეს სიყვარულში. „ახალი ცა და ახალი მიწა" — აი ის ერთადერთი სანუკვარი ნატვრა, რომელიც არის საბოლოო მიზანი ქრისტიანისა. ის მარადიულია და ხელთუქმნელია, რომელიც არსებობს სხვა მიწასა და სხვა სამყაროში: „და ვიხილე ცაი ახალი და ქუეყანა ახალი, რამეთუ პირველი გიგი ცაი და პირველი ქუეყანა წარხდეს" (გამოცხ. 21. 1). „და ღამე არა იყოს მუნ და არა სახმარ იყოს ნათელი და მზე, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნენ იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 22. 5).
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია