ისტორიული ქრონოლოგია მრავალი თანამედროვე პროცესის ახსნისა თუ განმარტების შესაძლებლობათა წყაროა. ელინური ფილოსოფია ამ თვალსაზრისით გამორჩეულია. თანამედროვე პოლიტიკურ თუ რელიგიურ მოვლენებზე მისი ზეგავლენა დღესაც მნიშვნელოვანია. ვგულისხმობთ გლობალურ საკითხებს, რელიგიური თუ პოლიტიკური ნიშნით მთელი მსოფლიოს გაერთიანებას რომ ჩაუყარა საფუძველი.
ამჯერად ვისაუბრებთ ძველბერძენ ფილოსოფოსთა (პლატონი, პლოტინი, პლეფონი) საზრისების ზეგავლენის შესახებ უპირველესად ბერძენ ქრისტიანებზე და შემდეგ მთლიანად რელიგიურ პროცესებზე. ამიტომ როდესაც ვკითხულობთ თანამედროვე ბერძენ თეოლოგთა და მოაზროვნეთა ნაშრომებს, ერთობ მნიშვნელოვანია ჩავწვდეთ შინაგან არსს: არის კი ეს ჭეშმარიტი სწავლების გამოვლინება თუ ელინური ფილოსოფიით ნასაზრდოებ „ელინისტურ ქრისტიანობასთან" გვაქვს საქმე?! სხვაგვარად რომ ვთქვათ: ხომ არ არის ეს შეხედულებები ელინისტური ფილოსოფიის ახლებური ვერსია?! იგივე ითქმის საერო (პოლიტიკურ, სოციალურ თუ სხვა) საკითხებზე. პლატონისეული სახელმწიფოს მართვის სტრუქტურა დღესაც არ კარგავს აქტუალურობას, მეტიც: „ახალი მსოფლიო წესრიგის" ემისრები აქტიურად იყენებენ პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის საზრისებს მსოფლიო გლობალური მართვის განსახორციელებლად. შედეგად ვიღებთ უსამართლო და სავალალო რელიგიურ და პოლიტიკურ სურათს: მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა ერეტიკულ-ფილოსოფიური შეხედულებებით იცვლება ისე ოსტატურად, რომ გულუბრყვილო და გამოუცდელი ქრისტიანი ვერც კი ხვდება სიცრუისა და მზაკვრობის მასშტაბებს.
თუკი გავავლებთ პარალელებს ელინისტურ ფილოსოფიასა და თანამედროვე რელიგიურ-პოლიტიკურ საზრისებს შორის მათში სახიფათო ერთაზროვნებასა და ერთსულოვნებას აღმოვაჩენთ.
სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ელინოფილიტიზმის ზეგავლენა თანამედროვე პროცესებზე. ერთი მხრივ ესაა ბერძნულ-ელინისტურ-რელიგიური კოლონიანიზმის ტენდენციები მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით, როდესაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო (ელინისტური ნიშნით) აყალიბებს „ახალ პენტარქიულ" სისტემას, რომელმაც რუპორის ფუნქცია უნდა შეასრულოს რელიგიათაშორის გაერთიანების პროცესში. აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ორიგენიზმის მნიშვნელობა რელიგიურ პროცესებზე: ორიგენიზმი სწორედ ელინისტური ფილოსოფიის საფუძვლებზე აღორძინდა. მეორე მხრივ: პლატონურმა იდეებმა კაცობრიობა მდიდრებად (მმართველები) და ღარიბებად (მუშები, მომსახურე მონები) უნდა დაყოს. ამის მკაფიო ნიმუშია თუნდაც კლაუს შვაბის თეორია ე.წ. სამყაროს „გადატვირთვის" (перезагруска) შესახებ, სადაც ის ირწმუნება, რომ ხალხს არ ექნება პირადი ქონება და ყველა ბედნიერი იქნება. ცხადია, ქონების ბატონ-პატრონი ე.წ. „მსოფლიო ელიტა" უნდა იყოს.
ასე რომ, სრულიად აშკარაა კაცობრიობის ერთიანი დამორჩილების ერთგვარი ფორმა — ელინოფილია: ერთი მხრივ, საეკლესიო ცხოვრება ელინური საეკლესიო იმპერიალიზმის პრიზმაში განიხილება და დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიები მის დაქვემდებარებაში უნდა მოიქცეს; მეორე მხრივ, თვალნათელია პოლიტიკურ-გლობალისტური გაერთიანება, სადაც მოქალაქე უბრალოდ „ჭანჭიკია" გლობალისტების ხელში.
უფრო კონკრეტულად: ზოგიერთი საღვთისმეტყველო სკოლა, როგორებიცაა მცირე აზიისა (კაბადოკიის) და ჩრდილო აფრიკისა (კართაგენი) უარყოფდნენ ელინისტური ფილოსოფიის მნიშვნელობასა და სარგებელს ქრისტიანობისათვის. იმავეს ვერ ვიტყვით ალექსანდრიისა და ანტიოქიის საღვთისმეტყველო სასწავლებლებზე. ისინი პირიქით, ანტიკური მემკვიდრეობის გამოყენებას საღვთისმეტყველო სისტემებში აუცილებელ პირობად მიიჩნევდნენ. სამომავლო „პერსპექტივაში" კი ეს ფაქტი ბერძნული ფილოსოფიის ავტორიტეტის საფუძველზე ახალი რელიგიის (სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების, შემდეგ რელიგიების) შექმნას უწყობდა ხელს. ამის მაგალითად პლატონის (IV ს. ძვ. წ.), პლოტინი (III ს. ჩვ. წ.), პლეფონი (XIV ს.) ფილოსოფიური მემკვიდრეობაც გამოდგება. მათ კონცეფციებში ეტაპობრივად იკვეთებოდა უნიატური (ერთიანი) რელიგიის შექმნის სურვილი პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის მეთაურობით. აღნიშნულმა ფილოსოფიურმა მიმდინარეობამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ისეთ აპოლოგეტებზე, როგორებიცა იყვნენ კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, ევაგრე; აგრეთვე, თეზების ნაწილობრივი ელემენტებით ზოგიერთი წმინდანის ღვთისმეტყველებაშიც კი შემოიჭრა ელინიზმი.
შემთხვევითი როდია, რომ ორიგენეს სწავლებაში პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის ზეგავლენამ საკვანძო ფუნქცია შეასრულა. მართალია, პლატონიზმისა და ორიგენიზმის სწავლებები ეკლესიამ ანათემას გადასცა, მაგრამ ამ იდეათა ახლებური გამოვლინებანი სხვადასხვა სახით, სამწუხაროდ, დღესაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საღვთისმეტყველო საზრისზე.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ფილოსოფიურ-რელიგიურმა სინთეზმა, როგორც რელიგიური, ისე საერო (პოლიტიკურ-სოციალური) თვალსაზრისით გაშალა ასპარეზი:
1) ერთიანი რელიგიის შექმნით.
2) ერთიანი სახელმწიფოს შექმნით.
მოკლედ შემოგთავაზებთ ამ ფილოსოფიური „ტრიადის" (პლატონი, პლოტინი, პლეფონი) კონცეფტებს.
პლატონი: გლობალური კონტროლის არქიტექტორი — ესაა მისი ცნობილი ნაშრომის „სახელმწიფო" საკვანძო იდეა. მასში პლატონმა აღწერა „იდეალური სახელმწიფოს წყობა", რომელსაც უნდა მართავდეს მმართველთა (მდიდრების) ვიწრო წრის კასტა. თანამედროვე ინტერპრეტაციაში ეს „ფილოსოფოსთა განდობილი წრე" გადატანითი მნიშვნელობით ტექნოკრატული (იგივე გლობალისტური) ელიტა გახლავთ. პლატონის კონცეფციის „იდეების სამყარო" (ეიდოსები) ადამიანთა ტოტალური ფიზიკური კონტროლის საფუძველთა-საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ „იდეალური ეიდოსების" შაბლონში კაცობრიობის მოქცევა ესახებოდა პლატონს „იდეალური სახელმწიფოს" ნიმუშად, სადაც მმართველებს (ტექნოკრატებს) „ეიდოსებით", თანამედროვე ინტერპრეტაციით „ერთიანი მსოფლიო წესრიგის", ციფრული ტოტალური კონტროლის მეშვეობით უნდა ემართათ მუშებისა (მონებისა) და ჯარისკაცთა მასები.
რელიგიური თეზების კუთხითაც პლატონმა, როგორც გითხარით ასევე გლობალური რელიგიის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. კერძოდ: ორიგენეს „საყოველთაო ცხონების" (აპოკატასტატისის) კონცეფცია ყველა რელიგიაში შეიჭრა. ჩვენთან მან უნიის, ეკუმენიზმისა და პანეკუმენიზმის სახით იჩინა თავი და უკვე ერთიანი უნივერსალური რელიგიის" (ანტიქრისტეს რელიგია) ფორმებს იძენს.
პლოტინი: ერთიანი მისტიკური გლობალიზმის პროექტის ავტორი, ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი გახლავთ. III საუკუნეში პლოტინმა პლატონის იდეების გლობალურ მისტიკურ სისტემაში ტრანსფორმირება მოახდინა. მისმა სწავლებამ „ემანაციის" (ადამიანის სამშვინველის საღმრთო საწყისებიდან გამომავლობა) შესახებ უდიდესი ზეგავლენა იქონია ბერძნულ ღვთისმეტყველებაზე (იხ. ჩვენი ნაშრომი „ნეოორიგენიზმის... გამოვლინებანი"). ეს იყო ქრისტიანობისა და ელინიზმის შერწყმის, სინთეზის იდეა, რომელიც ე.წ. „ქრისტიანული ელინიზმის" კონცეფციის სახით სულ უფრო მძლავრ ფორმას იძენს. პლოტინის სწავლება — სამყაროს „ერთიანობაში" თავმოყრა უნდა განიმარტოს, ვით რელიგიურ-სახელმწიფოებრივი საზღვრების ეზოთერული წაშლის იდეა, რომლის შედეგადაც „მსოფლიო სულის" ორგანიზმი უნდა ჩამოყალიბდეს. სწორედ ეს იდეა ამოძრავებს თანამედროვე გლობალისტ-ტექნოკრატთა და რელიგიურ მმართველთა უმრავლესობას.
პლეფონი: ბიზანტიელი ფილოსოფოსი გიორგ გემისტი (1355 წ.), დაირქვა სახელი პლეფონი (პლეტონი), რათა მიმსგავსებოდა თავის წინამორბედთ: პლატონსა და პლოტინს. პლატონის იდეების კვალდაკვალ, პლეფონიც ორი მიმართულებით (რელიგიური და პოლიტიკური) ავითარებს თავის კონცეფციას:
1) სახელმწიფოს რეფორმირება, სოციალურ-პოლიტიკური პროექტები, რაც საფუძველს ჩაუყრის კერძო საკუთრების ამოღების იდეას. (გავიხსენოთ თანამედროვე გლობალისტების, კერძოდ კლაუს შვაბის კონცეფცია: „წავართვათ ხალხს კერძო საკუთრება და ყველა ბედნიერი იქნება" (промышленная перезагруска)). პლეფონიც, წინამორბედთა მსგავსად, ადამიანებს სამ კატეგორიად ჰყოფს (მდიდრები, ღარიბები და მეომრები. აქვეა სასულიერო პირებიც მოაზრებული).
2) რელიგიური ნიშნით ის გახლავთ ცნობილი ფერარო-ფლორენციის უნიის (1439 წ.) აქტიური მონაწილე ბერძნების მხრიდან. იგი მხარს უჭერდა უნიის (მართლმადიდებლების კათოლიკებთან გაერთიანება) ხელმოწერას. მეტიც, ის სამომავლოდ ახალი ყოვლისმომცველი (ქრისტიანობა, ისლამი და სხვა) უნივერსალური რელიგიის შექმნის მომხრე იყო, სიკვდილის შემდეგ კი ეკლესიამ ანათემას გადასცა.
მან შეიმუშავა პოლიტიკური რეფორმის პროექტი, რაც ბიზანტიის კრიზისიდან გამოყვანას ისახავდა მიზნად. საამისოდ აუცილებლად მიიჩნევდა კათოლიკებთან და სამომავლოდ პერსპექტივით მუსლიმებთანაც გაერთიანებას. თავის ნაშრომში „კანონების წიგნი" ის სწორედ ამ იდეებს ავითარებდა.
ერთი სიტყვით, ეს „შესანიშნავი სამეული" (პლატონი-პლოტინი-პლეფონი), ვით გლობალური გაერთიანების იდეა, შეუმჩნეველი არ დარჩა არც გლობალისტ-ტექნოკრატებს, არც რელიგიურ გლობალისტებს. სწორედ ამის საფუძველზე „ახალი მსოფლიო წესრიგის" კონცეფცია აღორძინდა.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია