
ესქატოლოგიური სწავლების თანახმად, ბოლო ჟამს მართლმადიდებელი ეკლესიის პარალელურად იარსებებს ანტიეკლესია. მისი (ანტიეკლესიის) ყველა სახის გამოვლინებანი უკვე აშკარაა და თვალსაჩინო. ერთიღა აკლია: მათი (ერეტიკულ-წარმართულ-იდეოლოგიური) საბოლოო გაერთიანება ერთიან „სხეულში", ე.ი. ანტიქრისტეს რელიგიაში.
მოგეხსენებათ, ეკლესია სხეულია ქრისტესი, ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, ღვთივრჩეულთა კრებულია. მასში მყოფი ყველა წევრი თავისებურად უნიკალურია, განსაკუთრებული (მაცხოვნებელი) მადლითაა დაჯილდოებული, ე.ი. ეკლესიის ყველა წევრი მისთვის განკუთვნილი ტალანტის (სულიწმინდის ნიჭის) მატარებელი, მისი განმრავლების („მადლი მადლისა წილ") ის სასუფეველის შვილი ხდება. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი თავისუფალი მოქალაქეა (თუნდაც სამოქალაქო მონობაში იმყოფებოდეს), თავისუფლებაში კი ვგულისხმობთ ცოდვისაგან თავისუფლებას: „სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგანთავისუფლნეს თქუენ" — პრინციპი, რომელიც გახლავთ ქვაკუთხედი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა.
ანტიეკლესიაში ყველაფერი საპირისპიროდ ხდება: ჭეშმარიტების სანაცვლოდ სიცრუეა, მადლის სანაცვლოდ — უმადლობა, თავისუფლების სანაცვლოდ — მონობა და ა.შ. ისიც (ანტიეკლესია) „საკრებულოა", „სხეულია", ადამიანთა კავშირია, მაგრამ სულ სხვა სახისა და ბუნების. ანტიეკლესია თავის თავში მოიცავს ეშმაკის სულს და მასში გაერთიანებულნი ანტიქრისტეს „ეკლესიის სხეულში" აღმოჩნდებიან. ეს იქნება ჭეშმარიტი ეკლესიის, ნავსაყუდელის წინააღმდეგ ბოროტი სულით გაერთიანებულთა კრებული. მის „სხეულში" მყოფნი ერთსახოვან უმადლო ბრბოდ, მასად, სულიერ ზომბად გადაიქცევიან, ყველანი სოდომური ორგიის მსგავსი ერთობით გაერთიანდებიან. ერთი სიტყვით, ანტიეკლესიის საკრებულოს წევრი იქნება ანტიპოდი, გადაბრუნებული ანალოგი ქრისტიანისა და ქრისტიანობისა. ისაა ჭეშმარიტად სატანის ეკლესია, დემონური სულით შეპყრობილთა საზოგადოება და არა ინდივიდების ერთობა — მათ ხიბლავთ, ატყუილებთ ეშმაკი, ეს არის საბრალო საზოგადოება.
მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ჭეშმარიტად პიროვნებაა, ის ცხოვრობს პირადი ცხოვრებით და არ ავიწყდება, რომ ყოველივე მის ცხოვრებაში ღვთის საჩუქარია. ის მადლობს ღმერთს ყველაფრისათვის, მხოლოდ მასში ეძებეს ნუგეშს და სთხოვს ცოდვებისაგან განთავისუფლებას. ანტიეკლესიაში („მხეცის სხეულში") ვერავინ განთავისუფლდება ცოდვისაგან, იქ ყოველნი: „მცირენი და დიდნი და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი — რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯვენასა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა" (გამოცხ. 13. 16). ანტიეკლესიის ბეჭედის ქვეშ მყოფ კაცობრიობას წაერთმევა ის საყოველთაო (მოსამზადებელი) მადლიც, რომლითაც არსებობდა და მთლიანად ბოროტი აზრის, ნების, მოქმედების ამარა დარჩება. ანტიეკლესია თავის თავში მოიცავს როგორც საერო (პოლიტიკურ, იდეოლოგიურ), ის რელიგიურ (ერეტიკულ, წარმართულ, ჯადოქრულ, მისნურ, შამანურ და ა.შ.) მიმდინარეობებს. ამიტომ ანტიქრისტე (მხეცი) თავის „სხეულში" გააერთიანებს რელიგიებს (მათ შორის მართლმადიდებლობის მოღალატე სასულიერო პირებსა და ერისკაცებს), ასევე საერო საზოგადოებებს, რომლებმაც უარი უთხრეს ჭეშმარიტ ღმერთს, მის ეკლესიას და ზარ-ზეიმით მიიღეს ანტიეკლესია.
დედაეკლესიაში ადამიანი ადამიანისთვის მოყვასია, ქრისტეს სიყვარულით გამსჭვალული საზოგადოება, „მცირე სამწყსოა", რომელმაც იცის საიდან მოდის და საით მიდის. ანტიეკლესიაში კი ადამიანი ადამიანისთვის მგელია. მაგრამ ეს ურთიერთმტრობა სულაც არ ასუსტებს ეშმაკს, პირიქით — აძლიერებს მას. მხეცის „სხეულში" თამაშის წესები იმგვარია, რომ ვინ არ უნდა იბრძოდეს და იღვწოდეს, საბოლოოდ ყველა ანტიქრისტესთვის იბრძვის და იღვწის.
დედაეკლესიაში, თუმც ადამიანი გრძნობს ცოდვით დაცემულობას, ის დაჯილდოებულია მადლით, რომლითაც ძალუძს ბოროტი საწყისების დაძლევა საკუთარ თავში. ე.ი. ქრისტეს ღმერთკაცობრივ სხეულში ადამიანს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მხეცს. მართლმორწმუნე ქრისტიანს ეძლევა „იარაღი" მხეცის წინააღმდეგ — ეს იარაღი არის ქრისტეს ჯვარი!
ქრისტიანის ძალა ჯვარშია — ჯვარცმის გარეშე არ არსებობს აღდგომა. პირველქმნილი ცოდვის შედეგად ადამიანი ცოდვისა და სიკვდილის თანაზიარი გახდა. პავლე მოციქულის თქმით, მასში „ცოდვის კანონი" ამოქმედდა. ძველ ადამში მყოფი საზოგადოება ვერ გათავისუფლდება ცოდვის მონობისაგან „ახალი ადამის" — ქრისტეს გარეშე, მისი ჯვარცმისა და აღდგომის თანაზიარების გარეშე.
ამრიგად, სამყაროში ეკლესიასა და ანტიეკლესიას თავიანთი სიმბოლოები და საიდუმლოებები გააჩნიათ. ერთია „ცხონების საიდუმლო", მეორე — „უსჯულოების საიდუმლო". პირველის სიმბოლო ჯვარია, მეორესი — ანტიქრისტეს ბეჭედი. კაცობრიობა ამ ორ სიმბოლოსა და საიდუმლოს შორის წარმართავს თავის ცხოვრებას. სწორედ ეს ორი არჩევანი ყოფს კაცობრიობას: ერთნი საუკუნო ცხოვრების, მეორენი საუკუნო წარწყმენდის ღირსნი ხდებიან. ორივე საიდუმლო ისტორიული პროცესის პირობებში ვითარდება. „უსჯულოების საიდუმლო" თავის თავში მოიცავს სამოციქულო ეკლესიისაგან განდგომილ ყველა ერეტიკოსსა და იდეოლოგს.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე „ჯვრის საიდუმლო" და „უსჯულოების საიდუმლო". როგორც ქრისტეს ჯვრის საიდუმლოში იყო დაფარული (წარმართებისა და იუდეველებისათვის) ცხონების საშუალება, ამის საპირისპიროდ „უსჯულოების საიდუმლოში" გარკვეული პერიოდი დაფარული იქნება ანტიქრისტეს ბეჭედის მნიშვნელობა (თანამედროვე წარმართებისა და იუდეველებისათვის), ისე რომ ვერც კი გაიაზრებენ (ბოროტი სულის მონობის გამო), როგორ აღმოჩნდებიან ანტიქრისტეს მახეში. ცხადია, უსჯულოების საიდუმლო განცხადებულია განდობილი პირებისათვის, „ქურუმებისათვის". სწორედ მათი ცბიერი, მზაკვრული გეგმებისამებრ წარიმართება „ახალი მსოფლიო წესრიგის" ჩამოყალიბება, ანტიქრისტეს გეგმების ხორცშესხმა.
ქრისტეს ეკლესიის ერთგული შვილი ჩაწვდება ბოროტის გეგმას, მისი ნიშნების გამოჩენას. ეს ნაწინასწარმეტყველებია წმ. წერილში. ამ საღვთისმეტყველო ესქატოლოგიის გასააზრებლად სულაც არ არის საჭირო აკადემიური ღვთისმეტყველება; საკმარისია უბრალოებით ჭვრეტა ღვთის ნებისა, ეკლესიის წმ. მამათა სწავლების გათავისება. ამის შესაძლებლობა კი ანტიეკლესიის წევრებს აღარ ექნებათ.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია