მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით არსებობს ადამიანის ორი აღდგომა: პირველი და მეორე. პირველი ამქვეყნიური ცხოვრების დროს ხორციელდება ძველ ბუნებაში მყოფ ადამიანზე, როდესაც იგი ეკლესიაში ზებუნებრივი მადლის (ნათლისღების, მირონცხების, აღსარების, ზიარების და ა.შ.) მოქმედების შედეგად ახალ ქმნილებად გარდაიქმნება ქრისტეში: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3. 5). „რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაი საუკუნო, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად" (იონ. 5. 24). ე.ი. სულიერი სიკვდილისაგან, რომელშიც ყველა ადამის ცოდვაში მყოფნი ნათლისღების შემდეგ სულიერ ცხოვრებას შეუდგებიან. ეს არის „პირველი აღდგომა" (გამოცხ. 20. 5). შესაბამისად, დანარჩენი კაცობრიობა რჩება ძველ ბუნებაში, სულიერი სიკვდილის პირობებში, იგივე ცოდვის მონობაში. ხოლო ახალ ადამში (ქრისტეში) მყოფნი „არა ხორცთაებრ ვლენან, არამედ სულისამებრ" (რომ. 8. 1), ე.ი. თუკი ქრისტეს მადლში იმყოფები და ხარ ახალი ქმნილება ქრისტეში, მაშინ „ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ" (რომ. 8. 33). ნათელღებულებში სამშვინველის ბუნება ახალია (ახალ ადამშია), მადლით მომქმედია და ამიტომაც ცოცხალია; ხოლო ხორცის ბუნება ძველია (ვნებანი, ხრწნადი, მოკვდავი), ამიტომ ის კვდება. ვისი სამშვინველიც (душа) არ აღმდგარა მადლში პირველი აღდგომის დროს, ასეთთა ორივე ბუნება (ხორცი, სამშვინველი) ძველია, უმადლოა. მათზე მოქმედებს მხოლოდ საყოველთაო (და არა მაცხოვნებელი) მადლი, ადამისეული და არა ქრისტესეული. ქრისტეს (მაცხოვნებელი) მადლი კი შეუზღვავად მოქმედებს. ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, მადლში მოღვაწე ქრისტიანი ქრისტეს სხეულშია, ხოლო ეკლესიის მიღმა, ძველ ადამში მყოფნი ეწინააღმდეგებიან მადლს (სხვაგვარად ადამი და მასთან ერთად ყველა ადამიანი ვერ დაეცემოდა).
მეორე აღდგომის დროს ყველა აღდგება სხეულებით: ერთნი (ადამისეულით) სამსჯავროსთვის, მეორენი (ქრისტესმიერით) ზეციური სასუფეველისთვის. ადამისეულ „ხორცში" მყოფად იწოდება ძველი ადამიანი თავისი ხორცითა და სამშვინველით სულის („სულიწმინდის") გარეშე მყოფი. ამიტომ, არსებითად ის დაცემული (ბოროტი) ბუნებისა და ნების გამომხატველია: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფს. 48. 13). ხრწნადი სხეულის შეცვლა ახალით, უხრწნელით განხორციელდება მეორე, საყოველთაო აღდგომის დროს ადამისეულ ძველ ბუნებაში მყოფნი და ახალ ადამის (ქრისტეს) ბუნებაში მყოფნი განიყოფიან ერთმანეთისაგან: „ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაი, ეგრეთცა ზეცისაგანნი იგი" (1 კორ. 15. 48). ვიდრე ხორცში ვართ, სულიერი ბრძოლის ასპარეზზე ვართ. პავლე მოციქული ბრძანებს: „ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა... აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ხორცითა შჯულსა ცოდვისასა" (რომ. 7. 23-25). „ესე უწყით, რამეთუ ძველი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაითა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისაი, რაითა არღარა ვჰმონებდეთ ჩვენ ცოდვასა" (რომ. 6. 6), და კვალად: „ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქმით" (გალ. 5. 24). ამიტომ ჯერ კიდევ მოკვდავ სხეულებს პავლე მოციქული ქრისტეს სხეულის წევრებად მოიხსენიებს, ვინაიდან მათში მოქმედებს სულიწმინდა. ხრწნად სხეულში მადლის მკვიდრობით ძველი ბუნება ახლად გარდაიქმნება, ვინაიდან მადლი მისი შეძენილი თვისება (აქციდენცია) ხდება — „რომელმან გარდაცვალნეს ხორცი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანა-ხატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა, შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა" (ფილ. 3. 21).
მეორე საყოველთაო აღდგომის დროს ახალ ადამში მყოფთ სხეულებიცა და სამშვინველიც არა ძველი ადამიანის, არამედ „ზეციური ადამიანის" (1 კორ. 15. 47) ექნებათ, ე.ი. ახალ ადამში არსებითად მადლით გარდაქმნილი, სხვაგვარი ბუნებრივი მახასიათებლებით გამოირჩევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრისტეში მყოფებში მადლი შინაგანად (იმანენტურად) მოქმედებს, და არა მხოლოდ გარეგნულად (ტრანსცენდენტურად), როგორც ეს დედაეკლესიის მიღმა მყოფებშია — „საკუთარი თავისთვის რჯულ არიან". ეს მშვინვიერი, ძველი კაცია „ხოლო სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად" (1 კორ. 2. 14). ხოლო ქრისტეში მყოფებს „გონება ქრისტესი გუაქუს" (1 კორ. 2. 18), რაც ნიშნავს, რომ ადამისეულსა და ქრისტესეულს განსხვავებული ბუნებრივი მახასიათებლები აქვთ. ერთიც და მეორეც ადამიანისთვის შინაგანად დამახასიათებელი, ნიშანდობლივი ხდება. მადლი „ჰიპოსტირდება" (პალამას ტერმინი) რჩეულებში, ე.ი. ადამიანი განიღმრთობა და სასუფეველის ღირსი ხდება, ხოლო ძველ ბუნებაში მყოფებში ბოროტი სული „ჰიპოსტირდება".
ქრისტიანებში თავად ღმერთი „შეიქმს თქუენთა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2. 13), ხოლო ძველ ადამში მყოფნი: „პირველი გიგი წარხდა" (2 კორ. 5. 17). ე.ი. წარწყმდება. „ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცად" (1 კორ. 15. 17) იწოდება „ახალ ადამად", ხოლო ეკლესია „ახალ ქმნილებად". ამიტომ ხდება არა ძველ ადამში მყოფის რეაბილიტაცია, არამედ ზებუნებრივი მოქმედებით ქრისტეში განათლებული ადამიანის შექმნა — ხელთუქმნელი მადლით ქმნილ ბუნებაში „ჰიპოსტირდება" ხდება ნათლისღებით, მირონცხებით, ზიარებით... სხვა საღმრთო საიდუმლოებების წყალობით.
ამიტომ ერთობ მნიშვნელოვანია ტერმინების სწორი გამოყენება, კერძოდ „მკვდრის აღდგენა" (ნათლისღებით ძველი კვდება, ახალი იბადება) და არა ძველის აღორძინება, „ახალის შექმნა", არა ძველის რეკონსტრუქცია „ფსიქოთერაპიის" მეშვეობით, როგორც ეს ელინისტურ ქრისტიანობაშია. ამან გამოიწვია ნახევრადორიგენისტული (აპოკატასტური) თეზების შემოჭრა ეკლესიის წიაღში. თუკი შესაძლებელია ძველის აღორძინება, კურნება და მისთანანი (ი. ვლახოსი), მაშინ ის არა ქრისტეთი (ახალი ადამით) აკეთებს ამას, არამედ საკუთარი ძალებით, თვითუფლებრიობით, რაც პლატონურ-ორიგენისტული შეხედულების კლასიკური ნიშანია.
ამრიგად: ყოველივე ქმნილი მხოლოდ მადლით ცოცხლობს, ხოლო მადლის გარეშე — კვდება. ამიტომ საყოველთაო აღდგომის დროს მადლში მყოფნი ცხონდებიან, ხოლო ძველ ბუნებაში მყოფნი — წარწყმდებიან.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია