სარწმუნოების საკითხებში ინდეფერენტიზმის დანერგვას და მისი საპირისპირო სათნოების - აღმსარებლობის იგნორირებას, რომელიც ფაქტოფრივად მთელი ეკლესიის რეალური მდგომარეობაა, აქვს ერთი ძირითადი საფუძველი - ასეთი ინდეფერენტული, უჯვრო, უხერხემლო ქრისტიანობა მრევლს ასწავლა სასულიერო პირთა დიდმა ნაწილმა.
დღეს, ხშირად ეკლესიაში ვხედავთ "მამაოცენტრულ” დამოკიდებულებას, ნაცვლად ქრისტეცენტრული მიმართულებისა, რომელსაც არ ახასიათებს კომპრომისული და სარგებელს მორგებული ქრისტიანობა.
რა ხშირია შემთხვევა, როდესაც მრევლი და ზოგიერთი სასულიერო პირი ურევს მრევლის ინდივიდუალურ ლოცვა-კურთხევას, რაც უმეტესად მართლმადიდებლური სწავლების სწორი სულიერი ორიენტირის შენარჩუნებას ემსახურება, სარწმუნოების აღმსარებლობაში, რომელიც ქრისტიანს ნათლისღების თანავე ევალება.
ნათელღებული ქრისტიანი ან მისი ნათლია ფიცს დებს სარწმუნოების ერთგულებაში (შევუდგები ქრისტესა) და ბოროტის დაგმობაში. მრევლის დიდი ნაწილი კი თითქოს მოძღვარს ელოდება - მაკურთხებს კი მამაო ვუერთგულო სარწმუნოებას?! მრევლის დიდი ნაწილის უგუნურმა მორჩილებამ და ამავე დროს მოძღვრების დიდი ნაწილის ამ დამოკიდებულების დანერგვამ და მისით სარგებლობამ, შექმნა კომფორტული ქრისტიანობის დამღუპველი პრეცენდენტები.
საქმე გვაქვს კარგად გათვლილი, ვიტყოდი, მზაკვრული ცნებების აღრევის მცდელობასთან და შესრულებასთან. აქ ქრისტეს მცნების შესრულების ვალდებულება აღრეულია მოძღვრის ლოცვა-კურთხევის შესრულებასთან, რომელსაც არანაირი უფლება არა აქვს სახარებისეული მცნებების შესრულების კურთხევის აკრძალვა.
მსგავს დამოკიდებულებას ამხელს არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე. იგი წერს: "დღეს ამბობენ: დოგმატური საკითხებში საბრძოლველად და თეოლოგებთან ბრძოლაში ჩასართავად, უნდა იყო ძალიან სულიერი ადამიანი. მე ვეწინააღმდეგები ამ აზრს: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ოდესმე „ასკეტები" გავხდეთ. მაშ, დაე, მათ (ერეტიკოსებმა) დაუბრკოლებლად ატყუონ ხალხი?”. სამწუხაროდ სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო გამრავლდა ცრუ სწავლებები ეკლესიაში.
დღეს ქრისტიანები თითქოს განსაკუთრებულ "მოწამეობრივ" სიტუაციას ელოდებიან ნაცვლად ყოველდღიური აღმსარებლობის აუცილებლობისა ეკლესიაში გამრავლებულ ცრუ სწავლებათა წინააღმდეგ. ზოგიერთს თითქოს ბოროტი "შვებულებაში” გასული გონია და მის დაბრუნებისას "განსაკუთრებულ” თავდადებას გამოიჩენს.
ასე ვითარდება ინდეფერენტიზმის, სარწმუნოებრივი გულგრილობის იდეა, რომელიც რატომღაც "სამეუფეო გზად” მიიჩნევა და რომელიც აღმსარებლობის გამორჩეულ (გათვლილ) სიტუაციების მოლოდინშია.
მაგრამ რეალური სურათი და შედეგი ამ დამოკიდებულებისა არის ის, რომ ნაცვლად სულიერი აღმავლობისა მივიღეთ გულგრილი, გართობაზე, ქეიფზე და ხიბლზე ორიენტირებული მრევლის დიდი ნაწილი, რომელმაც ქრისტიანობის არსი დაკარგა.
დავით ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია