მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან განსაზღვრა ერესების შინაარსი, თუ რამდენად დამანგრეველია მათი მოქმედება — ისინი განაშორებენ ადამიანს ღვთისაგან და მას წარწყმედისაკენ მიაქანებენ. მამათა სწავლებანი ერესების რაობისა და მათთან დამოკიდებულების შესახებ განსაკუთრებული სიმკაცრითაა აღბეჭდილი. გვიკრძალავენ ერეტიკოსებთან და განხეთქილების მომქმედებთან ურთიერთობას. ბუნებრივია, იგულისხმება ღვთისმსახურება და ერთობლივი ლოცვა.
ამჯერად მკითხველის ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორია კანონიკური ტრადიცია, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ „მართლმადიდებლების" ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, გავერკვეთ, რა მოიაზრება ერთობლივ ლოცვაში და რა — არა.
მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ-კანონიკური განსაზღვრებების თანახმად, რომლებიც ასახულია „დიდ სჯულისკანონში", ერთობლივი ლოცვების ნებისმიერი ფორმა (სახლში, მით უფრო ტაძარში) კატეგორიულად იკრძალება (ქვემოთ იხილეთ ჩამონათვალი). ლოცვა ერთობლივია, თუკი სახეზეა შემდეგი პროცესები:
1. როდესაც ემთხვევა მათი „ლოცვის" დრო და ადგილი;
2. როდესაც არსებობს საერთო სურვილი, მიღწეულ იქნას ერთობლივი მიზანი (ეკუმენისტური გაერთიანება ერეტიკოსებთან), რისთვისაც ხორციელდება მსგავსი „ლოცვები".
3. როდესაც დაცული აქვთ თავიანთი (ეკუმენისტური) დღის წესრიგი, ამ თანმიმდევრულობით აღასრულებენ „ლოცვით" კანონს.
4. როდესაც არსებობს სურვილი თავიანთი ქცევებით, შეხედულებებით, მისწრაფებებით წარმოაჩინონ მზაობა, რომ თანამონაწილე გახდნენ მათი (ეკუმენისტური) „ღვთისმსახურებისა".
როგორც მოგახსენეთ, მსოფლიო ავტორიტეტის მქონე წმინდა კანონები კატეგორიულად გვიკრძალავენ ერეტიკოსებთან, იუდეველებთან, წარმართებთან ერთობლივ ლოცვას. ეს კანონებია:
1. წმიდა მოციქულთა მე-10 კანონი;
2. წმიდა მოციქულთა მე-11 კანონი;
3. წმიდა მოციქულთა 45-ე კანონი;
4. წმიდა მოციქულთა 65-ე კანონი;
5. წმიდა მოციქულთა 71-ე კანონი;
6. ლაოდიკიის კრების მე-6 კანონი;
7. ლაოდიკიის კრების მე-9 კანონი;
8. ლაოდიკიის კრების 32-ე კანონი;
9. ლაოდიკიის კრების 33-ე კანონი;
10. ლაოდიკიის კრების 34-ე კანონი;
11. ლაოდიკიის კრების 37-ე კანონი;
12. ანტიოქიის კრების მე-2 კანონი;
13. IV მსოფლიო კრების 1 კანონი (ადასტურებს ლაოდიკიისა და ანტიოქიის ადგილობრივი ეკლესიების კანონებს);
14. VI მსოფლიო კრების მე-2 კანონი (ადასტურებს იმავე კანონებს);
15. VII მსოფლიო კრების 1 კანონი (ადასტურებს იმავე კანონებს);
აღნიშნული კანონების მარტივი შედარებითაც აღმოვაჩენთ, რომ წმ. მამები განსაკუთრებული სიმკაცრით ეკიდებიან ერეტიკოსებთან ნებისმიერი სახის ერთობლივ ლოცვას. ეს მკაფიოდ ჩანს წმ. კანონებში. ფაქტია, რომ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვის პრაქტიკა ყველა ეპოქაში აწუხებდა ეკლესიას. შესაბამისად, ერთობლივი ლოცვის აკრძალვაც, კანონიკური სამართლის ფარგლებში, ყველა პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი.
კანონებიდან ასევე ირკვევა, რომ წმ. მამები გვიკრძალავენ ერეტიკოსებთან არა მხოლოდ საღვთისმახურო ლოცვის სახეობას, არამედ ნებისმიერ ლოცვას.
მაგალითად: წმიდა მოციქულთა მე-10 და მე-11 კანონები შეგვაგონებენ:
„თუ ვინმე ილოცებს უზიარებელთან (მე-11. განკვეთილ სამღვდელო პირთან) ერთად, თუნდაც სახლში, ისიც უზიარებელი უნდა გახდეს (მე-11. განიკვეთოს).
სიტყვები „თუნდაც სახლში" მკაფიოდ გამოკვეთს, რომ აკრძალვას ექვემდებარება არა მხოლოდ საღვთისმსახურო (ევქარისტიაში, ლოცვაში) მონაწილეობა, არამედ ნებისმიერი სახის ერთობლივი ლოცვა.
მოციქულთა 45-ე კანონი მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისაგან ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვის სახეობებს: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
როგორც ვხედავთ, კანონი არ განასხვავებს ლოცვის სახეობას, ე.ი. ერეტიკოსებთან ნებისმიერი სახის ერთობლივი ლოცვის შემთხვევაში უნდა განიკვეთოს.
როდესაც მოციქულთა კრების 65 (2) კანონი გვიკრძალავს იუდაურ ან ერეტიკულ სინაგოგაში შესვლას ერთობლივი ლოცვის შესასრულებლად, ცხადია, არ იგულისხმება საღმრთო ევქარისტია და „საერთო ბარძიმით" ზიარება, ვინაიდან იუდეველებთან არ აღესრულება საღმრთო ლიტურგია. შესაბამისად, არ შეიძლება არსებობდეს „საერთო ბარძიმის" მიღების პრაქტიკა. აქაც იგულისხმება ნებისმიერი ერთობლივი ლოცვის პრაქტიკა და ის იკრძალება!
ყურადსაღებია ზემოთ მითითებული კანონების ავტორიტეტული კანონისტებისა და განმმარტებლების კომენტარებიც. ყველა ავტორიტეტული კანონისტი (ბალსამონი, ზონარა, ერესტინი) აღიარებს, რომ აკრიბიის (კანონის უპირობო დაცვა) პრინციპის საფუძველზე დაუშვებელია ნებისმიერი სახის ერთობლივი ლოცვა, როგორც სასულიერო პირების, ისე ერისკაცებისათვისაც.
თეოდორე ბალსამონი (ანტიოქიის პატრიარქი) შეგვაგონებს:
„გამონათქვამი „ერთობლივი ლოცვა" იგივეა თქვა: „იქონიე ჩვეულებრივი ურთიერთობა", „იყავი კეთილგანწყობილი ერეტიკოსების ლოცვისადმი", ვინაიდან ასეთებს, ვით განყენებულებს, გვმართებს განვეშოროთ და არ ვიურთიერთოთ მათთან".1
„ერეტიკოსი გახლავთ ის, ვინც მცირედშიც გადაუხვევს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ვინაიდან ყველა აქ ჩამოთვლილი (ლათინი, მონოფიზიტი, მონოთელიტი, ნესტორიანელი) დიდად და შეუქცევადად განეშორნენ მართლმადიდებელ ეკლესიას. მით უფრო ვერ გვექნება მათთან ურთიერთობა მადლში, სულიერი შვილობის აღქმაში. ის გვეძლევა წმინდა ლოცვებითა და მრავალი კურთხევით, რათა ჩვენც განყენებულნი არ გავხდეთ კანონებით.
„განყენებულთან ურთიერთობაში მყოფი თავადაც გახლავთ განყენებული".2
იოანე ზონარა ამბობს:
„კანონი დიდ ცოდვად მიიჩნევს, თუკი ქრისტიანი სალოცველად შედის იუდეურ სინაგოგაში ან ერეტიკულ საკრებულოში. მოციქულის თქმით: „ანუ რაი შეტყუება არს ქრისტეს ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა? (2 კორ. 6. 5). რაც შეეხება ერეტიკოსთა საკრებულოს, მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ქადაგებას, მართლმადიდებელმა არ უნდა მიაგოს პატივი და კატეგორიულად უარყოს ის. სინაგოგაში სალოცველად შესულს, ვით მძიმედ შემცოდეს, აღნიშნული კანონი ორგვარ სასჯელს ადებს, ე.ი. ასეთი მთლიანად განიყენება და განიკვეთება ეკლესიიდან".3
„ვინც ლოცულობს განკვეთილთან ან ურთიერთობაში არმყოფთან ერთად, კანონის თანახმად ეპიტიმიას ექვემდებარება. თანამოაზრეობაში არმყოფთან ამგვარი ურთიერთობა მრავალთათვის საცთურის საბაბი ხდება და იწვევს ეჭვს მისდამი. ამავე დროს გვეფიქრება, რომ ის შეიბილწება მათთან თანალოცვით".4
ალექსი არესტინი ამბობს:
„იუდაურ სინაგოგაში ან ერეტიკულ საკრებულოში მათთან მლოცველი განიყენება სასულიერო ხარისხიდან".
„რა საერთო აქვს ნათელს ბნელთან, ქრისტიანი არ უნდა დღესასწაულობდეს ერეტიკოსებთან და იუდეველებთან ერთად".5
წმ. ნიკოდიმ მთაწმინდელი:
„აღნიშნული (მოც. 45 კანონი) განსაზღვრავს: ის ეპისკოპოსი, პრესვიტერი ან დიაკონი, რომელიც ერეტიკოსებთან მხოლოდ ლოცულობს, თუმც არ იღებს მათთან ღვთისმსახურებაში მონაწილეობას, დაე განყენებულ იყოს — ვინაიდან ის, ვინც ლოცულობს განკვეთილთან ერთად (ერეტიკოსი სწორედ ასეთია), თავადაც (მოციქულთა მე-10 კანონით) თავადაც უნდა იქნას განყენებული. თუკი ერეტიკოსთან ერთად აღასრულა ღვთისმსახურება ვით სასულიერო პირთან, დაე განიკვეთოს. ვინაიდან სასულიერო პირი (კლირიკოსი), რომელიც თანამსახურობს განკვეთილთან (ასეთებად მოვიაზრებთ ერეტიკოსებს III მსოფლიო კრების მე-2 და მე-4 კანონებით), მოციქულთა მე-11 კანონის თანახმად თავადაც განიკვეთებიან".6
აქვე ვიტყვით იმასაც, რომ მათი (ერეტიკოსების) განკვეთა ან განყენება არ გახლავთ სიძულვილის გამოვლენა მათდამი. ეს არ ნიშნავს მათ მიმართ სიძულვილს, უსიყვარულობას, არ ნიშნავს ნარცისიზმს და საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას. არ ნიშნავს შეწყვუტო მათთან სოციალური თუ პოლიტიკური ნიშნით ურთიერთობა.
ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა — ესაა ლიტურგიკული, ეკლესიოლოგიური და დოგმატური გადახრა ჭეშმარიტებისაგან. წმ. გარდამოცემა და ჩვენი ეკლესიის ცხოვრება (ე.ი. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება) მკაფიოდ მოწმობს, რომ მხოლოდ დედაეკლესიაშია შესაძლებელი ცხონება, ე.ი. ქრისტეს სხეულში, რომლის თავი თავად იესო ქრისტეა. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ცხადია, ის არ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე სხეულის სახით. ამიტომ ერეტიკოსებს მოვუწოდებთ შეინანონ და დაუბრუნდნენ დედაეკლესიას.
მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მხოლოდ მართლმადიდებელისთვის არის ნებადართული, ვინაიდან მხოლოდ ისაა ნაწილი ქრისტეს სხეულისა, მასთან ორგანული ურთიერთობის გამომხატველი. ქრისტიანული ღვთისმსახურების ცენტრი გახლავთ საღმრთო ლიტურგია, ის კავშირშია სხვა საეკლესიო მსახურებებთან და საიდუმლოებებთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საღმრთო ლიტურგია გაიგივებულია თავად ეკლესიასთან. „ხოლო ეკლესია შეიცნობა საიდუმლოებებით". ასეგვასწავლის წმ. ნიკოლოზ კავასილა.
ამრიგად, საღმრთო ლიტურგია — ესაა ქრისტეში ადამიანების ურთიერთობა; ეს საერთო გამოხატულებაა იმ ადამიანებისა, ვინც უკვე იმყოფება ქრისტეს ერთიან სხეულში. ამიტომაც საღმრთო ლიტურგიაში მხოლოდ ის მონაწილეობს, ვინც მართლმადიდებლური ნათლისღების მეშვეობით უკვე შეუერთდა ქრისტეს სხეულს.
შესაბამისად, ერესი (მწვალებლობა) — ესაა სიძულვილი ეკლესიისა. განშორება მისგან, უარი ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობაზე, „ქრისტეს სხეულში" არყოფნის გამოვლინებაა. ისმის კითხვა: როგორ შეიძლება მათთან (ერეტიკოსებთან) თანამხასურება, თუკი მათ ნებაყოფლობით განაცხადეს უარი ეკლესიასთან ურთიერთობაზე?
ამიტომ ადგილი არ (ვერ) ექნება ტოლერანტულ, სენტიმენტალურ სიყვარულს, ამსოფლიურ სახით მის გამოვლინებას, ვინაიდან სულ სხვა ცნებაა ჭეშმარიტებაში სიყვარული და სულ სხვა — „სიყვარულის" ერეტიკული გამოვლინება.
ღვთისმახურებაში ერეტიკოსებთან ურთიერთობა ნიშნავს მათთან ღვთის მადლის აღიარებას, ე.ი. „ეკლესიებში" აღიარებას განკვეთილებში, ეკლესიად სახელდებას. ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით ამ დამოკიდებულებას ეკლესიოლოგიურ ერესამდე მივყავართ.
ბოლოს: ვინც ზემოთქმულის მიუხედავად, მაინც არაფრად აგდებს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონებსა და დოგმებს, ფაქტობრივად უარყოფს ერესებთან ეკლესიის საუკუნოვან ბრძოლას, უგულებელყოფს მართლმადიდებლური დოგმატების მნიშვნელობას; შედეგად, ტოლობის ნიშანს სვამს ჭეშმარიტებასა და ერესს შორის, რისთვისაც სამართლიანად იმსახურებს განყენებას. ეს ხომ აშკარა ღალატია მართლმადიდებლობისა!
1 ციტ. Прот. Анастасий Гоцопулос. Совместная молитва с еретиками. Ч. 1.
2 იქვე. А. Гоцопулос.
3 იქვე.
4 იქვე.
5 იქვე.
6 იქვე.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია