
ხიბლის სულიერი სენის სიღრმისეული გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია მართლმადიდებელ ეკლესიაში. მრავალმა წმ. მამამ საფუძვლიანად განიხილა ეს საკითხი. მათ შორის გამოვარჩევდით წმ. ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) ნაშრომს „ხიბლის შესახებ". წმინდა მამამ დაწვრილებით აღწერა ეშმაკისეული ხიბლის სახეობები და მოგვცა მითითებებიც, როგორ ავიცილოთ ეს სულიერი სენი, როგორ დავიცვათ ჩვენი ლოცვითი ღვაწლი მისგან. ნაშრომის მიხედვით ჩვენ თეზა-ანტითეზის პრინციპისამებრ ვეცდებით წარმოვაჩინოთ განსხვავებები, რომლებიც ახასიათებს ლოცვის მართებულ და ხიბლისმიერ გამოვლინებებს.
თეზა: რა არის ხიბლი? ხიბლი არის ადამიანის ბუნების დამახინჯება, დაზიანება, შერყვნა სიცრუით. იგი ჩვენი წინაპრების დაცემითაა გამოწვეული და უკლებლივ ყველა ადამიანს ახასიათებს.
ანტითეზა: ჩვენ შორს ვართ ხიბლისაგან — ეს აზრი არის ყველაზე დიდი ხიბლი. ე.ი. თუკი ადამიანი მიიჩნევს, რომ ის სულაც არ არის ადამის ცოდვით დაცემული, მეტიც — თავის თვითუფლებრივ „ღირსებებზე" აკეთებს აქცენტს, იგი სულიერად მოტყუებულ მდგომარეობაში იმყოფება.
თეზა: დაცემულობის გააზრება, განცდა, აღიარება, ახალ მიზეზს გვაძლევს გლოვისთვის, რომ ტირილით შევთხოვოთ უფალ იესო ქრისტეს, რათა გამოგვიყვანოს ამ საპყრობილიდან.
ანტითეზა: მოხიბლული სულაც არ მიიჩნევს თავს დაცემულ პიროვნებად. ის ამაყობს „სამშვინველის გონივრული ნაწილის ღვთაებრივი საწყისებით" (ელინისტური ქრისტიანობა). ამიტომ მონდომებით, საკუთარი ძალისხმევით ემანაციურად შეერწყმება ღმერთს.
თეზა: ეშმაკის ხიბლის წყარო არის ცრუ აზრი! — მიზეზი სულიერი ზიანისა და დაღუპვისა. ხიბლი პირველად აზრებზე მოქმედებს და თუ იგი ადამიანმა მიიღო, აზროვნების წესის შეცვლად იწვევს, შემდეგ გადაეცემა გულს და რყვნის მის გრძნობებს.
ანტითეზა: ჩემი გონება, აზრები — ღვთაებრივი საწყისისაა, ამიტომ ცრუ აზრი არ მაქვს, არ შეიძლება მქონდეს.
თეზა: ლოცვის საფუძველი არის სინანული, განცდა საკუთარი ცოდვილობისა და უსუსურობისა.
ანტითეზა: სინანული არ წარმოადგენს ლოცვის წყაროს, თავის თავში დარწმუნებული ადამიანი, ოცნებობს მიაღწიოს მაღალ ლოცვით მდგომარეობას.
თეზა: ქრისტეს სწავლების ერთგული მოღვაწე ყველაფერში ემორჩილება ეკლესიის სწავლებას.
ანტითეზა: მოხიბლული თავისი ნებისა და გონების კარნახს მიჰყვება, მტერს ემორჩილება და თვითცდუნების მდგომარეობიდან ეშმაკისეული ხიბლის მდგომარეობაში გადადის.
თეზა: ლოცვის დროს დაუშვებელია რაიმე წარმოსახვის შეთხზვა და მისი მიღება, გნებავთ ეს წმინდა წერილიდან გადმოღებული სურათები იყოს. ასეთი სურათები კვებავს საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას, პატივმოყვარეობას, ამპარტავნობას და ასე იტყუებს თავს მთხზველი.
ანტითეზა: ლოცვის დროს წარმოსახვა — ეს არის ლოცვის სტიმულატორი. წარმოსახვით შეთხზული ყველა სურათი მისთვის გამოცხადების ტოლფასია. ასეთი მეოცნებე გამოდის ჭეშმარიტების არედან, შედის სიცრუისა და ხიბლის არეში.
თეზა: წმინდა მამები კრძალავენ არა მარტო წარმოდგენების საკუთარი ნებით შეთხზვას, არამედ იმ ოცნებებისა და ხილვების მიღებასა და თანაგრძნობას: „არაფრით არ მიიღო ის, რასაც იხილავ შენი გრძნობადი თვალებით, ან გონებით, შენს შიგნით, ან შენს გარეთ, იქნება ეს ქრისტეს, ანგელოზების, ან რომელიმე წმინდანის სახე თუ ნათელი" (წმ. გრიგოლ სინელი).
ანტითეზა: მოხიბლული მოღვაწე მონდომებით თხზავს ასეთ სურათებს, ეძებს, მიილტვის „ღვთის, ანგელოზების, წმინდანების" ხილვისაკენ. მეტიც: ასეთი „ხილვებისა" და „სასწაულების" ღირსად მიიჩნევს თავს, არეკლამებს თავის „წინასწრმეტყველურ" თუ „სასწაულთმოქმედების" ნიჭებს, თამამად წერს თავისი „ხილვების" შესახებ.
თეზა: ხიბლისკენ მივყავართ არა მარტო გონებას, არამედ გულის არასწორ მოქმედებასაც, როცა გული განუწმენდელია ვნებებისაგან, არაა განახლებული სულიწმინდის მიერ. ის სრულიად მოკლებულია ამის (ჭეშმარიტი ხილვების) უნარს.
ანტითეზა: უწმინდურ გონებას სურს ღვთაებრივი ხილვების ჭვრეტა, მაგრამ არ გააჩნია ამის საშუალება და ამიტომ თვითონ თხზავს ხილვებს. ამით თავსაც ატყუებს და სხვებსაც. ის სიცრუის არეშია, ბოროტ სულებთან ურთიერთობაში.
თეზა: ხიბლის კიდევ ერთი სახეობა „წარმოდგენაა" (Мнение). ამიტომ წმ. მამები კატეგორიულად გვიკრძალავენ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონას, არამედ გვირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ უღირსობის განცდას.
ანტითეზა: ხიბლის ამ სახეობით შეპყრობილი თავის თავზე „შეხედულებას", „წარმოდგენას" თხზავს და ფიქრობს, რომ მას მრავალი სათნოება და ღისრება გააჩნია და აღსავსეა სულიწმინდის ნიჭებით. მისი „წარმოდგენები" შედგება ცრუ გაგებისა და ცრუ შეგრძნებებისაგან; იგი მთლიანად ეკუთვნის სიცრუის მამას, ეშმაკს. რადგან ჭეშმარიტი და მადლმოსილი მგომარეობა არა აქვს, ის ამ ვითარებას მის მიერვე შეთხზული ყალბი „დამსახურებებით", „ღირსებებით" ცვლის. ეს „წარმოდგენები" თანდათან ძლიერდება და კვებავს ცრუ გაგებას.
თეზა: წმ. მამები კრძალავენ ყოველგვარ ტკბობას ლოცვის დროს.
ანტითეზა: მოხიბლული ტკბება საკუთარი თავით და თვითცდუნების მდგომარეობით, მცდარად, შეცდომით მიიჩნევს რა მას მადლმოსილ მდგომარეობად. ოსტატურად შენიღბულები, ზოგიერთების თვალში თავმდაბალნი ჩანან, მის მიღმა კი იმალება ამპარტავნება და ქედმაღლობა.
თეზა: მადლმოსილი მოღვაწე ერთგულად იცავს ეკლესიის დოგმატებს, წმ. გადმოცემას. ის ერესებთან მებრძოლი მართლმადიდებელი ქრისტიანია.
ანტითეზა: მოხიბლული თვითნებურად მსჯელობს დოგმატებზე. „ზენიჭების" ილუზიით შეპყრობილი საკუთარ სწავლებებს თხზავს, საიდანაც იბადება ერეტიკული სწავლებები. მისთვის უმნიშვნელოა წმინდა ეკლესიის დოგმატური და ზნეობრივი კანონები. ის აყოლილია ამა სოფლის სულს და თავისი „შემოქმედებითი" უნარებით თხზავს „ახალ-ახალ" ცრუსწავლებას.
თეზა: ჭეშმარიტი მოღვაწე არ მიიჩნევს თავს არც მლოცველად, არც რაიმე სხვა ღირსებების მქონედ.
ანტითეზა: მოხიბლული მხოლოდ გარეგნულად წარმოაჩენს თავს ასეთად, სინამდვილეში საშინელი მრისხანებით ეკიდება მათ, ვინც არად აგდებს მის „ღვაწლსა" და „წმინდანობას".
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე