როგორ მივხვდეთ, ვინ არის ჭეშმარიტად ღვთივგანბრძნობილი სულიერი მამა („სტარეცს" რომ ვუწოდებთ) და ვინაა მისით მოხიბლულის პაროდია?! ეს ჩვენი დროების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხია. გამოწვეულია მრევლსა და ზოგადეკლესიურ ადამიანებში „სასწაულთმოქმედ", „მჭვრეტელ" სასულიერო პირთა ძიების სურვილით. უცნაურად აღტყინებული საზოგადოება, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, როგორ განასხვავოს სულიერი მოძღვარი მოხიბლულისაგან, ყველგან ამ „მაღალ სულიერებას", „ქარიზმას" ეძებს. სულიერ ცხოვრებაზე ზედაპირული შეხედულებების და შთაბეჭდილებების გამო ის ეშმაკის მახეში ვარდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ შევცდეთ არჩევანში. საამოსოდ ორი ურთიერთსაპირისპირო მოვლენის თვისობრივი დახასიათება გვჭირდება.
1. ღვთივგანბრძნობილი სულიერი მოძღვარი (იგივე „სტარეცი", გამოცდილი ბერი, ხუცური) არის სულიწმინდის ნიჭით დაჯილდოებული ღვთის ნების უშუალოდ გამტარებელი ადამიანი. ეს განსაკუთრებული მოწოდებაა ღვთისა. ამ ადამიანს ცხადად ესმის ღვთის ხმა თავის სულში. მასზე, მისნაირებზე აღესრულება ღვთის სიტყვები:
„არა იტყოდეს თავის თვისით, არამედ რაოდენი-რაი ესმეს (სულიწმინდისაგან) იტყოდეს და მომავალი იგი გითხრას თქუენ" (იონ. 16. 13).
ამრიგად, ღვთივგანბრძნობილი მოძღვარი უთუოდ ფლობს რომელიმე (ან რამდენიმე) სულიერ ნიჭს, პირველყოვლისა სულთა განსხვავებისას, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინასწარმეტყველებაი, რომელსამე განკითხვაი სულთა, და სხვასა..." (1 კორ. 12. 10).
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: „სახიფათოა მიითვისო სტარცობის ვალდებულება, რომლის შესრულება მხოლოდ სულიწმინდის კარნახით არის შესაძლებელი, მაშინ, როდესაც ეშმაკთან ურთიერთობა არ გაწყვეტილა და ჭურჭელი იბილწება ეშმაკის მოქმედებით (ე.ი. ჯერ არ მიუღწევია უვნებელობას). სახიფათოა ასეთი პირფერობა და დამღუპველია თავისთვისაც და მოყვასისათვისაც, დანაშაულია, მკრეხელურია წინაშე ღვთისა".1
„სტარცული" ხელმძღვანელობა მართლმადიდებლური ასკეზის ნაწილია, ის არ მოიაზრება არა ცალკეულ ღვაწლად, არამედ კომპლექსურად სხვა ასკეტურ პრაქტიკასთან, როგორებიცაა ლოცვა, მარხვა, სულიერი წიგნების კითხვა, ჭეშმარიტი სწავლების აღმსარებლობა და ა.შ.
ღვთივგანბრძნობილ მამას განსჯის უნარი უნდა ახასიათებდეს, ეს აუცილებელი პირობაა. თუკი ის აფრქვევს აბსურდულ აზრებს, წმ. გარდამოცემის საპირისპირო სწავლებას, მაშინ ის არა სულიერი მოძღვარი, არამედ ცრუმოძღვარია. ასეთის რჩევები მხოლოდ დაგვაზიანებს.
ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი (სტარეცი) არასდროს მოახვევს სხვას თავის ნებას, არ წაართმევს თავის გზას არჩევანს. მოხიბლული კი ყოველთვის მოითხოვს უსიტყვო მორჩილებას. ეს მკაფიო ნიშანია, რომლის აღმოჩენის შედეგად უნდა გაექცე ასეთ მოძღვარს. ხოლო ვინც მიანდობს თავის სულიერ ცხოვრებას სულიერ მოძღვარს, მას განსაკუთრებული სიხარული და თავისუფლება ეუფლება ღმერთში.
ყალბი, მოხიბლული მოძღვარი წინ ეღობება ღმერთს, თავის ნებას ღვთის ნებაზე მაღლა აყენებს, რასაც თანმხლებად მოჰყვება მონობა, დათრგუნვა, სევდა, მოწყინება. გარდა ამისა, სულიერად მთლიანად იწამლება პიროვნება, ეთრგუნება ნება, მახინჯდება ჭეშმარიტი სწავლება. ამავე დროს, ვერ გრძნობს იგი ვერანაირ პასუხისმგებლობას ჩადენილის გამო.
ღვთივგანბრძნობილი მოძღვარი, პირველყოვლისა გახლავთ წმ. სამოციქულო ეკლესიის, მისი გარდამოცემის ერთგული შვილი. ასეთი მოძღვარი ჭეშმარიტი მამაა, რომელსაც უყვარს ქვეშევრდომი, თანაუგრძნობს, თანაჯვარსეცმის მოყვასისთვის. ის ამავე დროს ძმაცაა, რომელიც ითვალისწინებს მოწაფის ნათქვამს.
ასეთი სულიერი ხელმძღვანელობის მიზანი არის ორ პიროვნებას შორის მადლომოსილი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ესაა ურთიერთობა მასწავლებლისა და მოწაფისა, რომელიც არის ძიებაში, რომლის ცხოვრებაც სულიერმა მოძღვარმა არა თავისკენ, არამედ ქრისტესკენ უნდა წარმართოს.
გავიმეოდებთ: სულიერი ხელმძღვანელობის მიზანი არ გახლავთ მუდმივად თავს მოგახვიონ საკუთარი იდეები; არა, მოძღვარი ეხმარება მოწაფეს იპოვოს და განავითაროს საკუთარი მოწოდება და გზა ღმერთთან ურთიერთობის პროცესში.
სულიერი მოძღვარი იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, ვით თანამუშაკი და ხელმძღვანელი, მას მიჰყავს ადამიანის სული ღვთისაკენ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მისთვის განკუთვნილი გზით. სულიერი მოძღვარი ვალდებულია პატივი სცეს მორჩილის თავისუფლებას, აქ არ მოიაზრება ბრმა მორჩილება, არამედ გაცნობიერებული, გულწრფელი და სრული თანამსახურება.
ურთიერთნდობის შედეგად იბადება სულიერი ურთიერთობა ღმერთში. თუკი მორჩილი შენიშნავს, რომ მოძღვარს ის არა ღვთის, არამედ საკუთარი მე-ს დამორჩილებისაკენ მიჰყავს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მასთან სულიერი ურთიერთობა.
ამრიგად: ღვთივგანბრძნობილი სულიერი მოძღვარი ისაა, ვინც თავის თავს არასდროს მიიჩნევდა ასეთად, იმიტომ რომ არასდროს ფიქრობდა საკუთარ თავზე აღმატებულად. იგი ვერ ხედავს თავის თავში რაიმე ღირსებას, არამედ მთელი შინაგანი მზერა საკუთარი უძლურებისაკენ აქვს მიმართული.
სულიერი მოძღვარი ისაა, ვის გვერდითაც შენი შეკითხვა ბუნებრივად პოულობს პასუხს, რადგან თავად სულიწმინდა ალაგებს ყოველივეს თავის ადგილზე და მასთან ურთიერთობით ხარ შინაგანად განახლებული.
სულიერი მოძღვრობა განისაზღვრება არა განვლილი წლებით, (თუმცა მათ ხშირად ხანგრძლივ სიცოცხლეს ანიჭებს უფალი), არამედ სულიერი სიმწიფის საზომით, ქრისტეში ცხოვრებით.
ასეთი მოძღვარი და მისი ქვეშევრდომნი არასდროს ეძებენ ზებუნებრივ ნიჭებს (როგორც ამას მოხიბლულნი აკეთებენ). სულიერი მოძღვარი ფლობს სულიწმინდის ნიჭებს, მაგრამ არ მიიჩნევს მას საკუთარ ქარიზმად, არამედ ეს ნიჭები ადამიანთა საჭიროებისამებ თავისთავად ვლინდება მათ ცხოვრებაში.
ადამიანები მიილტვიან „სასწაულთმოქმედებისაკენ", მაგრამ სულიერი მოძღვრის არსი სულაც არ არის რაღაც სასწაული უჩვენოს მათ. მისი ამოცანაა დაეხმაროს ადამიანს სულიერი სიხარულის მოძიებაში. ასევე მისი ამოცანაა, შეაგონოს, თუ საჭიროა შეაჩეროს მრუდე გზას შემდგარი ადამიანები.
2. უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგადი რელიგიური ატმოსფერო დღეს სულაც არ არის ქრისტიანული, არამედ წარმართულია. ეს „სული" ახალმოქცეულს მოაქვს ეკლესიაში. ამ სულისკვეთებისაგან ეკლესიაში მოსულის განთავისუფლება სულიერი მოძღვრის პირდაპირი მოვალეობაა. მოხიბლული მოძღვარი კი ამა სოფლის სულს ქარიზმატულ მნიშვნელობას ანიჭებს, ყველაფერში სასწაულებს ხედავს. შედეგად, ქვეშევრდომიც მასში „საკვირველმოქმედ" მამას ხედავს. აქედანაა ის ისტერიული, მოხიბლული შეფასებანი ყოველივესი (რელიგიური წიგნები, ფილმები, ქადაგებები), სადაც აქცენტები „ზებუნებრივ" გამოვლინებებზეა, მათ შორის წმინდანებზეც. ამ დროს ნაკლები ინტერესით აშუქებენ ძირითად ღვაწლს წმინდანისას, რომ არაფერი ვთქვათ მის საღვთისმეტყველო სწავლებაზე, რაც ნაკლებად საინტერესოა ფართო აუდიტორიისათვის.
ასეთი ფსიქოტიპაჟის მრევლი მზადაა ბრმად მიენდოს ნებისმიერ მოძღვარს, რომელშიც მსგავს „ქარიზმას" შეამჩნევს. ის ღმერთზე აღმატებული ხდება კოლექტივში (ცხადია, ხმამაღლა ამას არავინ აღიარებს).
ფსევდომოძღვრობა ნეგატიური მოვლენაა მართლმადიდებლურ წიაღში. ესაა მოძღვრული ინსტიტუტის ბოროტად გამოყენების მცდელობა. ასეთი „მოძღვრის" მთავარი ამოცანაა ყველაფერი გააკეთოს, რათა დაექვემდებაროს ქვეშევრდომის ნება და ცნობიერება. ის თვითმარქვია ავანტიურისტია, მიიწერს იმ „ღირსებებს", „პატივს", მას რომ არ ეკუთვნის. ეს სულისწარმწყმედი მსახიობობაა, საბრალო კომედიაა. მრავალი გამოუცდელი ადამიანი გახდა მსხვერპლი მსგავს ცხვრის ტყავში გახვეული მგლებისა.
ასეთი „მოძღვარი" ინიღბება ყალბი თავმდაბლობით, თუმცა როგორც კი შეეხები მის „მტკივნეულ" საკითხს, მყისიერად კარგავს წონასწორობას. ასეთი „მტკივნეული" შეიძლება იყოს სხვა რელიგიებში მადლის, ცხონების აღიარება (მაგალითად. არქ. ილი ნოზდრინი გამოირჩეოდა მსგავსი აზრებით).
ეშმაკისეული ხიბლით შეპყრობილი მოძღვარი იჩემებს ქარიზმატულ ლიდერობას, ამავდროულად კი ერეტიკული სწავლებისა და ცხოვრების წესის პროპაგანდისტია.
ყალბი სულიერი ავტორიტეტების მომრავლება სასულიერო პირთა შორის წმ. გარდამოცემის ვერ შეცნობით, ამპარტავნობით, ქედმაღლობითა და ჭეშმარიტი თავგანწირული სიყვარულის არქონითაა გამოწვეული.
მთავარი მიზეზი ისაა, რომ ასეთი მოძღვარი არად მიიჩნევს პირველქმნილ ცოდვას და მის შედეგებს ადამიანის ცხოვრებაზე. ჭეშმარიტი სულიერი მოღვაწეობის არსი კი სწორედ ადამიანის დაცემულობის გააზრებასა და დაცემული ბუნების აღდგენაშია. მოხიბლული მოძღვარი ვერ იაზრებს ცოდვისმიერი სიმძიმის მნიშვნელობას. მას ეჩვენება, რომ თავისი „ღვაწლით" უკვე დიდი ხანია განიწმინდა ცოდვებისაგან, ამიტომაც ვნებებს სათნოებებს უწოდებს და ეს ვნებიანი ცოდვისმიერი თესლი კი მისნაირ „ნოყიერ ნიადაგზე" ეცემა. შედეგიც სახეზეა!
1 Соч. Еп. Игнатия Брианчанинова. Т. 4. СПБ. С. 94.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე