ერეტიკულ ყაიდაზე გადასვლის შემდეგ დასავლეთის ეკლესიამ აღმოსავლეთის ეკლესიის გადაბირება მოიწადინა. ამ მიზნით გამოიყენეს „გაერთიანების" თავისებური ფორმა — უნია. სანამ უშუალოდ უნიის საკითხს განვიხილავდეთ, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ის ისტორიული ასპექტები, საფუძველს რომ უმზადებდა ამ ერეტიკულ გაერთიანებას.
საქმე ისაა, რომ განკაცებული ღმერთის (ე.ი. ქრისტეს, ვით სრული ღმერთისა და სრული კაცის (გარდა ცოდვისა)), შეურევნელად და განუყრელად აღიარება შეუძლებელი აღმოჩნდა წარმართული (ელინისტური) და იუდაური წარმოდგენების მქონე საზოგადოებებისათვის. ერესები ყოველთვის ამ ორი წყაროდან იკვებებოდა. შესაძლოა ისინი ხშირად მტრობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ძე ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველთვის ერთიანდებოდნენ (გავიხსენოთ პილატე, ჰეროდე, კაიაფა). ვერც ელინიზმი და ვერც იუდაიზმი ვერ ეგუებოდა იმ ჭეშმარიტებას, როგორ იყო შესაძლებელი ცოდვილ კაცობრივ სხეულთან ღმერთის შეერთება. ამიტომ ისინი ცდილობდნენ ქრისტიანობისთვის გნოსტიკური ხასიათი მიეცათ, ე.ი. იუდაიზმთან ან წარმართობასთან შეთხზულ ვარიაციაში წარმოეჩინათ. მომდევნო ერესების მიზანიც ეს იყო: ქრისტე ან მხოლოდ ღმერთად ან მხოლოდ კაცად, ხოლო განკაცება მოჩვენებით მოვლენად ეღიარებინათ.
აი, ეს წარმართულ-იუდაური სინთეზი, ვით ცრუ საკრალური საფუძველი, შემოიჭრა ქრისტიანულ წიაღში და იქ გაჩაღდა ბრძოლა ჭეშმარიტების წინააღმდეგ.
პირველ საუკუნეებში გნოსტიკური ერესები შხამიანი სოკოებივით ამოდიოდა. არსებითად ისინი იმეორებდნენ წარმართულ-იუდაური მსოფლმხედველობებს, ოღონდ ქრისტიანული ტერმინებით კი იყვნენ გაჯერებული. ამ ნიადაგზე უფრო მძლავრი ერესები ჩნდებოდა.
მსოფლიო მასშტაბის პირველი ერესი ორიგენიზმს.
მომდევნო ერესებიც, ასე თუ ისე ძირითად ერეტიკულ გზას მიჰყვებოდნენ: ქრისტე ქმნილი მესიაა, ხოლო ღმერთი ტრანსცენდენტურია (მიღმიურია), არ ერევა ადამიანის ცხოვრებაში და ის (ადამიანი) თავისი ბუნებრივი შესაძლებლობებით ანხორციელებს გადარჩენას. მსგავსი ერეტიკული სწავლებების თანახმად, ადამიანის ბუნება არ დაცემულა პირველქმნილი ცოდვით, ვინაიდან მისი „სამშვინველის გონივრული ნაწილი ღვთაებრივია". ელინიზმის ეს უცვლელი კონცეფცია დაედო საფუძვლად აღმოსავლეთში ორიგენიზმის, ხოლო დასავლეთში — პელაგიანობის განვითარებას. ესაა ჩვენი მთავარი სათქმელიც: აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უნიატური გადაკვეთის ძირითადი მიზეზი სწორედ ამ ორი ცრუსწავლების საერთო (ელინისტური) საფუძვლებია. აქედანაა მათი საერთო „რომაელობაც", ე.ი. მოგვიანებით უნიატური გაერთიანება არა ჭეშმარიტების, არამედ წარმართობას ეფუძნებოდა.
პელაგიმ საღვთისმეტყველო კონცეფცია ადამიანის ცოდვით დაუზიანებლობის პრინციპზე ააგო. მადლში ის ადამიანის ბუნებრივ თვისებებს („თავისუფალი ნება", „მოღვაწეობა") მოიაზრებდა და არა ხელთუქმნელ მადლს სულიწმინდისა, ნათლისღების შედეგად რომ ეძლევა ყოველ ჩვენგანს. ცოდვა მათი აზრით, რაღაც შემთხვევითი მოვლენაა, რომელიც ადამიანმა თვითნებურად აირჩია (იმავეს ამბობენ თანამედროვე ნეოპელაგიანელები — მოდერნისტები). რაკი ცოდვა მარტოოდენ ადამიანის არჩევანია (და არა ბუნებრივი, შეუქცევადი ლტოლვა პირველქმნილი ცოდვით დაცემული ადამიანისა. მოც. პავლე), შესაბამისად, ადამიანს შეუძლია არც ჩაიდინოს ცოდვა, საამისოდ მას არანაირი სხვა მადლი, გარდა საკუთარი თვითუფლებრივობისა, არ სჭირდება; ე.ი. თურმე ადამიანს ავტონომიურად შეუძლია გახდეს უცოდველი. თუკი ადამიანი თავისთავად „ღვთაებრივის" მატარებელია, პრინციპი პირველქმნილი ცოდვის შედეგად „ადამში ყველამ სცოდა"-ს (რომ. 5. 12), აღდგეს! არაფერია, მაშინ განკაცებული ღმერთიც რა საჭიროა?! ქრისტეს — ქმნილი მესიის სტატუსი ენიჭება; ე.ი. მას არა მხსნელის, არამედ უბრალოდ „კეთილი ადამიანის", „მასწავლებლის" ფუნქცია ეკისრება.
პელაგიანობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის ეკლესიის საზრისზე. მეტიც: სწორედ აღმოსავლეთი კარნახობდა ე.წ. დღის წესრიგს. ამის უტყუარი დასტურია ორიგენისტული მწვალებლობა, რომელმაც ჯერ ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლაზე და შემდეგ მთელ აღმოსავლეთზე იქონია ზეგავლენა. ორიგენისტი ბერების ეგვიპტის უდაბნოდან განდევნის შემდეგ, მათ დასავლეთშიც იპოვეს თავშესაფარი და ნახევრადპელაგიანობას (სინერგიზმს) ჩაუყარეს საფუძველი.
ორიგენე (ისევე როგორც ევაგრე) ერთი ხელით ელინიზმს, მეორეთი „ქრისტიანობას" ავრცელებდა. ადამიანის „სამშვინველის გონივრული ნაწილის ღვთაებრივ ცეცხლთან ემანაციით" (შერწყმით), ისინი ადამიანში ღვთაებრივ აწყისებს ხედავდნენ, რომელსაც თურმე თვითუფლებრივად შეუძლია გადარჩენა. მეხუთე მსოფლიო კრებაზე ორიგენესა და ევაგრეს სწავლებათა ანათემის მიუხედავად, ეს სწავლება ფარული სახით მაინც აგრძელებდა (და დღესაც აგრძელებს) „ავტორიტეტის" შენარჩუნებას. თუკი ორიგენიზმის მკაფიო გამოვლინებები (საყოველთაო აღდგომა, ციკლების სამყარო და ა.შ) მნიშვნელოვანწილად უარყვეს აღმოსავლეთში, მაგრამ სხვა სწავლებებმა (წინაგანსაზღვრულობის, ადამიანის „ღირსების", „დამსახურების", „თვითგადარჩენის" და ა.შ.) „იატაკქვეშა" საქმიანობით, სამწუხაროდ, ეკლესიის წიაღშიც იპოვეს ადგილი. გვულისხმობთ „მართლმადიდებლურ ორიგენიზმს". აღმოსავლური ორიგენიზმისა და დასავლური პელაგიანობის შეხმატკბილებული თანაარსებობა გახლდათ უნიისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ასე მომზადდა საფუძველი ნახევრადპელაგიანური სინერგიის სახით და დამკვიდრდა ეკლესიაში.
ამრიგად, განღმრთობის ელინისტურ-ქრისტიანული კონცეფცია ორიგენესაგან იღებს სათავეს. სწორედ ის ამბობდა: „ქრისტეში ორი ბუნების ამგვარი ურთიერთსაპირისპირო თვისებებით შეერთებისას, ბუნებრივად, შეუდარებელი ძალის მიერ სუსტი ბუნების თვისებათა ერთგვარი გაქრობა, ჩაქრობა უნდა მომხდარიყო".1
მოგვიანებით ნესტორიანელობისა და მონოფიზიტობის ნაირსახეობათა გავრცელებაც ზემოთ მითითებული ელინისტური საფუძვლებით ხორციელდებოდა.
ნესტორიანელობაც აკნინებდა ქრისტეს ღმერთკაცობრივ ბუნებას, რაც შეუძლებელს ხდიდა ადამიანის ცხონებას. ნესტორიანელები (როგორც ყველა ერეტიკოსი) ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებდნენ ქრისტეს ბუნებას მისი ჰიპოსტასისაგან. ისინი მიიჩნევდნენ, რომ „ორი ბუნება" უკვე ნიშნავდა „ორ პირს", ამიტომ მათთვის მაცხოვარი იყო ღმერთთან შეერთებული კაცი და არა განხორციელებული ღმერთი. ლოგიკური აზრი ასე ვითარდება: ვინაიდან ქრისტეს წაართვეს ადამიანის გამოსყიდვის უფლება, ადამიანი ღმერთის გარეშე, საკუთარი ძალისხმევით ახერხებს „განღმრთობას".
ნესტორიანელობის საპირისპიროდ მონოფიზიტები ქრისტეს განიხილავდნენ არა „ორ პირად", არამედ ქრისტეს ღვთაებრივსა და კაცობრივ ბუნებებს საღმრთოში აერთიანებდნენ.
მონოფიზიტები ირწმუნებოდნენ: იესომ კაცობრივისა და ღვთაებრივის შეერთების შედეგად, ე.ი. მხსნელის ჩასახვის დროიდან, განიცადა იმგვარი ცვლილება, რომ უკვე აღარ იყო კაცობრივი სხეულის ერთარსი, არამედ გახდა უხრწნელი და უცხო ყველაფრისა, რაც ლოგიკურად დაკავშირებულია მოკვდავობასა და ხრწნასთან, რომ სახეცვლილ და განღმრთობილ ღვთაებრივ ერთობაში კაცება ვეღარ გამოვლინდებოდა, რომ ის დაიჩრდილებოდა ღვთაებრივთან შერწყმით. მათი თვალსაზრისით, კაცება ქრისტეში ღვთაებრივის ზემოქმედების შედეგად იყო პასიური ობიექტი. კაცება იჩრდილება ღვთაებით (როგორც ორიგენიზმში). მხოლოდ კაცობრივი გონება ქრისტეში, ვით „ღვთაებრივი ნაწილი" ინარჩუნებს ყოვლისმცოდნეობას. შედეგად, განღმრთობის პროცესში არა ხელთუქმნელი მადლისა და ქმნილის (კაცობრივის) ურთიერთობაა, არამედ ხელთუქმნელის ხელთუქმნელთან, მსგავსისა — მსგავსთან. ცხადია, ამ მოცემულობაშიც შეუძლებელია განღმრთობის ჭეშმარიტი გააზრება, ე.ი. ადამიანის ქმნილი ბუნება კი არ განიღმრთობა ღვთაებრივით, არამედ ადამიანი თავისი „ღვთაებრივი ღირსებებით" („სამშვინველის გონივრული ნაწილი"), ვით ღვთაებრივით, ანხორციელებს თავის გადარჩენას. აქედანაა ნახევრადპელაგიური სინერგიზმის სწავლებაც: ღვთაებრივის ოდნავი უპირატესობის პრინციპით, კაცობრივი ბუნება თვითუფლებრივად, პრაქტიკულად თანაბარი უფლებებით თანამუშაკობს ღმერთთან. ამას ნიშნავს მსგავსის მსგავსთან გაერთიანება. ადამიანი ავტონომიურად „მუშაკობს", „იღვწის", ღმერთი კი „აჯილდოებს" მას. ე.ი. ადამიანის (და არა ღვთის მადლის) „დამსახურებაა" კეთილი აზრისა თუ კეთილი საქმეების კეთდება. ღმერთი მიღმიურია (ტრანსცენდენტური და არა იმანენტური), არ ერევა ადამიანის ცხოვრებაში, თუმც გარეგნულად აღიარებენ ღვთის მადლსა და შეწევნას.
რაკი, ელინიზმის „წყალობით" ადამიანი ასეთი „ღირსებებით" არის შემკული, ამას ლოგიკურად ახალი ერეტიკული სწავლებების განვითარება უნდა მოჰყოლოდა. ყველა მომდევნო ერესი ქმნილისა და ხელთუქმნელი ბუნების გაუგებრობამ გამოიწვია. დასავლეთში ფილიოქვეს ერესის წარმოშობასაც ელინისტური საფუძვლები აქვს. თუკი „სულიწმინდა ძისაგანაც გამოვალს", ხოლო ძემ თავისი უფლებამოსილება მთელ ეკლესიაზე პეტრე მოციქულს, შემდეგ პაპებს გადასცა. ასე გამოდის: პაპების (როგორც „ქრისტენაცვალები" დედამიწაზე) „განკარგულებაშია" სულიწმინდის გამომავლობაც. ე.ი. თავად არიან „მადლის საწყისები", აქედან მომდინარეობს საღმრთო ენერგიების ქმნილ ბუნებად გამოცხადების პაპისტური დოგმატი — ვინაიდან ის შეიცავს ქმნილი ბუნების „გაღმერთებისა" და ხელთუქმნელის (საღმრთო ენერგიების) ქმნილ ბუნებად დაკნინების ტენდენციას. ე.ი. ქმნილი პაპები (ვით „ქმნილი მესიები") ეტაპობრივად ანვითარებენ თავიანთი „ღვთაებრივი წარმომავლობის" კონცეფციას. ფილიოქვეს მოჰყვა პაპის პრიმატის (უფლებამოსილებით პირველის) დოგმატი, რისი ლოგიკური განვითარებაც იყო „პაპის უცდომელობა". იმავე სულისკვეთებისაა საღმრთო მადლის ქმნილებად გამოცხადება: ღმერთი ტრანსცენდენტურია და არანაირი საღმრთო ენერგიებით არ ერევა ადამიანის განღმრთობის პროცესში, საამისოდ პაპის უფლებამოსილებაც სრულიად საკმარისია — ის იძლევა „მადლსაც", „წყალობასაც" და „კურთხევასაც" (ღმერთო დაგვიფარე!).
აღმოსავლეთიც ცდილობს არ ჩამორჩეს დასავლეთს. ხატმებრძოლეობაც არსებითად წმ. ხატებში დამკვიდრებული ხელთუქმნელი მადლის უარყოფის ერესია — ადამიანს არ სჭირდება ხატების მეშვეობით საღმრთო ენერგიების მოქმედება.
არც დასავლური პაპიზმის იდეა ჩასახულია აღმოსავლურზე უწინ. ჯერ კიდევ წმ. რომის პაპი გრიგოლ დიოლოღოსი საყვედურობს კონსტანტინოპოლის პატრიარქს „მსოფლიო პატრიარქის" ტიტულის შემოღებას. მართალია, დასავლეთში მან დოგმატური მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ ბოლო წლებში განვითარებული „აღმოსავლური პაპიზმის" იდეა არა დასავლური, არამედ სწორედ რომ აღმოსავლეთის პირმშოა. აღმოსავლეთში (რომაელობის კონცეფცია) ეკლესიაში ელინების (ბერძნების) სხვა ერებსა და ადგილობრივ ეკლესიებზე უპირატესობის ტენდენციები ეტაპობრივად ვითარდებოდა. გამორჩეული ბერძენი წმინდანების სწავლებანი (კრებსითი სწავლების მიუხედავად) უპირატესად, უპირობო, უცდომელ ავტორიტეტად ცხადდება. ეს მკაფიოდ გამოჩნდა აღმოსავლეთის დამოკიდებულებაში დასავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როცა ნეტ. ავგუსტინეს, ნეტ. იერონიმესა და, რაც მთავარია, კართაგენის 418 წ. ავტორიტეტული კრების განსაზღვრებები პირველქმნილი ცოდვის შესახებ ნაწილობრივ იქნა აღიარებული — საკუთარი ინტერპრეტაციებისამებრ განმარტეს კართაგენის ანთროპოლოგიური სწავლება. ცხადია, წმინდანები არასდროს აყენებდნენ თავიანთ თავსა და სწავლებას ეკლესიის კრებსით სწავლებაზე მაღლა, ისევე როგორც მოციქული პეტრე არ პირველობდა მოციქულებზე, მაგრამ აღმოსავლეთში არსებული „ელინისტური სინდრომი" მაშინაც და დღესაც კარნახობს სტოსს. „ელინების უპირატესობის" (ვით ჭეშმარიტი რომაელობის) თეზა ნელ-ნელა „აღმოსავლეთის პაპიზმში" გადაიზარდა.
ასე რომ, „რომაული ჭკუისმასწავლებლობა" ერთნაირად ნიშანდობლივია როგორც დასავლეთისთვის, ისე აღმოსავლეთისთვის, მეტიც:
თუკი დასავლეთის პაპისტებმა თავიანთი პირველობა პეტრე მოციქულის პიროვნებაზე ააგეს, აღმოსავლეთმა წმ. სამების პირთა შორის მამა ღმერთის უპირატესობაა, „მონარქიას" დაეყრდნო, ამის კონცეპტუალური საფუძვლები არა დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთში (ელინიზმში, ორიგენიზმში) მოიძებნება.
ამდენად, პაპიზმიც ორგვარი (დასავლური და აღმოსავლური) არსებობს. თუკი დასავლეთში ის „პაპის უცდომელობაზე" ააგეს, „აღმოსავლური პაპიზმი" არანაკლებ სახიფათო მოვლენაა.
ასე რომ, მეთხუთმეტე საუკუნეში მომწიფებული უნია პაპისტებისა და „მართლმადიდებლების" გაერთიანების ვნება, სინამდვილეში ისტორიულად განვითარებულ ერეტიკულ სწავლებათა ლოგიკური შედეგია. ამ პროცესებს ღიად თუ ფარულად ხელმძღვანელობდა როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთი. დასავლელი და აღმოსავლელი ეკუმენისტებისა და მოდერნისტების ურთიერთსიახლოვეც. სწორედ ზემოხსენებული ერეტიკული სულისკვეთების გათვალისწინებით გახდა შესაძლებელი, თუმცა საბოლოოდ მაინც შეუმდგარი და განწირული, ვინაიდან „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ეკლესიას!".
1 Идея обожения в древневосточной Церкви. И. Попов.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია