
მესამე ათასწლეულში მოვლენები ისე განვითარდა, რომ მოდერნისტულ-ეკუმენისტურ-პაპისტურად განწყობილი „მართლმადიდებლები" სულ უფრო აქტიურ ნაბიჯებს დგავენ პაპისტური ერთპიროვნული მმართველობისთვის ეკლესიაში. არადა მართლმადიდებელი ეკლესია პირველივე საუკუნიდანვე (მოციქულთა კრება) კრებსითი ცნობიერებით ანხორციელებდა ეკლესიის მართვას. ამას ადასტურებს როგორც წმ. წერილი, ისე მსოფლიო კრებების პრაქტიკა. ამჯერად წმ. წერილის სწავლებაზე ვისაუბროთ.
წმინდა წერილი არაორაზროვნად გვმოძღვრავს: უფლებამოსილებით პირველობა, რაც შესაძლოა, არსებობდეს ადამიანთა სხვადასხვა ფორმის ურთიერთობასა და პირობებში, უარყოფილია ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა საზოგადოებაში.
„უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ხელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაი, იყავნ თქუენდა მსახურ, და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფა, იყოს იგი თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისა არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის" (მათ. 20. 25. 28).
მაცხოვარი მკაცრად ამხელს მოციქულთა ყოველგვარ ამპარტავნულ თუ დიდებისმოყვარულ მისწრაფებას, რომელიმე მათგანის უპირატესად სახელდების სურვილს, იგი საყვედურობს თავის ორ მოციქულს, რომელთაგან „ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით" სხდომას ითხოვდა: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ" (მათ. 20. 20). ცხადია, ეს სიტყვები ყველა მოციქულს ეხება, არც პეტრე მოციქულია გამონაკლისი, რომლის „მითოლოგიურ პირველობაზეც" ააგეს პაპისტებმა თავიანთი მმართველობის სტრუქტურა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ არავის ადგენენ, არავის აღიარებენ „პირველად" მოციქულთა შორის. მაგალითად, მოციქულთა კრებას არა მოციქულთა თავი პეტრე, არამედ უფლის ხორციელი ძმა იაკობი ხელმძღვანელობდა, ხოლო კრებსითად გაიზიარეს არა პეტრეს, არამედ პავლე მოციქულის მოსაზრება (საქმე 15). ამით ავტორიტეტული ფორმით პირველად დადასტურდა აზრი, რომ უფლებამოსილებით პირველობას არ გააჩნია კანონიკური საფუძვლები.
უფლის ამაღლების შემდეგ მოცოქულები ყველა გადაწყვეტილებებს (მოციქულის არჩევას — საქმე 1. 23; დიაკვნების ხელდასხმას, გამორჩევას — საქმე 6. 5-5; ვინმეს სადმე გაგზავნას — საქმე 11. 22) მოციქულები ერთობლივად იღებდნენ.
ისმის კითხვა: თუკი უფლებამოსილებით (და არა პატივით) პირველობას აქვს რაიმე დასაყრდენი წმ. წერილში, მაშინ რატომ აკეთებდნენ ყოველივე ამას მოციქულები ერთად, კრებსითად? იმიტომ რომ არა ერთი (პეტრე), არამედ ყველანი ერთად იყვნენ მსოფლიო ეკლესიის წინამძღოლნი. თუკი პეტრე მოციქულს რომსა და მეტწილად იუდეველებში ერგო ქადაგება, ანდრია მოციქულს — საქართველოში, თომას — ინდოეთში და ა.შ. ხვდათ წილად.
კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ: კათოლიკეები ირწმუნებიან, რომ რომის პაპის მთელ ეკლესიაზე უფლებამოსილებით პირველობა პეტრე მოციქულის პირველობით არის განპირობებული. ჯერ ერთი ანდრია მოციქულმა მოუწოდა პირველმა პეტრეს და არა პირიქით. კიდევ უფრო ვრცელი განმარტებისთვის „კათოლიკეთა სამხილებელ მართლმადიდებლურ კატახიზმოს" დავესესხოთ.
თავი I — რომის პაპის პირველობის შესახებ:
კითხვა: სწორად ირწმუნებიან კათოლიკეები, თითქოს რომის პაპი არის თავი ეკლესიისა და ღმერთის მოადგილე დედამიწაზე?
მიგება: არა, არასწორია. ეკლესიის თავი თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეა; წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ ღმერთმა „ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზესთა ყოველთა ეკლესიისა, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსება იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო" (ეფ. 1. 22-23).
კითხვა: ეკლესიის მეთაურად დედამიწაზე მოციქულთაგან ვინმე ხომ არ დაადგინა იესო ქრისტემ?
მიგება: არა, არ დაუდგენია; უფალმა აუკრძალა კიდეც მოციქულებს ფიქრი პირველობასა და უფროსობაზე (მარკ. 10. 35-44).
კითხვა: როგორღა ამტკიცებენ კათოლიკეები, თითქოს უფალმა მოც. პეტრე დაადგინა მეთაურად ეკლესიისა და ღმერთის მოადგილედ დედამიწაზე?
მიგება: კათოლიკები დიდად ცდებიან იმის გამო, რომ პეტრე მოციქულის მიმართ მაცხოვრის მიერ თქმული სიტყვები არასწორად ესმით: „...შენ ხარ კლდე და კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას" (მათ. 16. 18-19).
კითხვა: რას ნიშნავს სიტყვები: „ამას კლდესა ზედა"?
მიგება: წმ. იოანე ოქროპირი თავის 53-ე საუბარში მათეს სახარების შესახებ ამბობს: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო, ანუ აღმსარებლობის რწმენაზე; იგივე აზრი აქვს ნეტარ ავგუსტინეს: „კლდეს" უწოდებს მაცხოვარი არა პეტრეს, არამედ მის რწმენას ძე ღვთისას მიმართ. აი ისიც: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა".
კითხვა: რა მტკიცებები მოჰყავთ კათოლიკეებს წმ. სახარებიდან იმის შესახებ, რომ თითქოს მოციქული პეტრე დააყენა უფალმა ეკლესიის მეთაურად და თავის მოადგილედ დედამიწაზე?
მიგება: კათოლიკებს მოჰყავთ მაცხოვრის სიტყვები: „სვიმონ, სვიმონ, აჰა-ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი, ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი; და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი" (ლუკ. 22. 31-32). ამ სიტყვებიდან კათოლიკეები ასკვნიან, თითქოს პეტრე მოციქულს დაევალა დანარჩენი მოციქულების განმტკიცება, სხვა მოციქულებზე უფროსობა და მათზე ბატონობა. ასევე ამბობენ, თითქოს სიტყვები: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი" (იონ. 21. 15-17) ნიშნავდეს პეტრეს უფროსობას თვით მოციქულებზე.
კითხვა: როგორ უნდა ვუყურებდეთ მაცხოვრის სიტყვების კათოლიკეებისეულ განმარტებას?
მიგება: ზემოთ მოყვანილი განმარტება თავისთავად არასწორია და მცდარი. ერთი მხრივ, არავითარი საფუძველი არა აქვს „ცხოვართა" შორის ვიგულისხმოთ მოციქულები. მეორე მხრივ, მოციქულებს თავად არასდროს არ ჩაუთვლიათ პეტრე თავიანთ განმგებლად.
კითხვა: საიდან ჩანს ეს?
მიგება: ეს ჩანს მაცხოვრის სიტყვებიდან თორმეტი მოციქულის მიმართ, საიდანაც ცხადია, რომ მოციქულთათვის ერთადერთი მოძღვარი იესო ქრისტეა, და არა რომელიმე მოციქულთაგანი. აი, ეს სიტყვებიც: „ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქუენი, რომელი არს ცათა შინა" (მათ. 23. 8-9).
კითხვა: იქნებ ეს სიტყვები მოციქულთა გარდა ყველა ქრისტიანს ეხება?
მიგება: არა, რადგან მოციქულნი ქრისტიანებს თავიანთ შვილებს უწოდებდნენ (1 იონ. 2. 1-18).
კითხვა: საიდან ჩანს კიდევ, რომ მოციქულები არ თვლიდნენ პეტრეს თავის წინამძღვრად?
მიგება: ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ იერუსალიმში მოციქულთა კრებას წარმართავდა არა პეტრე, არამედ იაკობი (საქმე. 15. 13).
კითხვა: რა მიზანი ამოძრავებთ კათოლიკებს, როდესაც ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ მოციქულთაგან პეტრე იყო უფროსი, ანუ მათი წინამძღვარი?
მიგება: კათოლიკეთა აზრით, მოციქული პეტრე იყო არა მხოლოდ თავი ეკლესიისა, არამედ ქალაქ რომის ეპისკოპოსიც და აქედან გამომდინარე ასკვნიან, რომ რომის პაპი, როგორც მემკვიდრე მოციქული პეტრესი, არის თავი მთელი ეკლესიისა.
კითხვა: სინამდვილეში თუ იყო პეტრე მოციქული რომის ეპისკოპოსი?
მიგება: ფრიად საეჭვოა. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: „და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო, ჩემდა, იაკობ და კეფა (პეტრე) და იოანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თვისთა, მარჯვენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისა, რათა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ" (გალ. 2. 7). როგორც აქედან ჩანს, პეტრე მოციქულს დავალებული ჰქონდა ქადაგება წინადაცვეთილებთან (იუდეველებთან) და გაუგებარია, როგორ შეიძლება იგი ყოფილიყო რომის ეპისკოპოსი (ანუ წარმართთა). გარდა ამისა, პავლე მოციქულმა, როგორც ცნობილია, რომაელ ქრისტიანებს გაუგზავნა ეპისტოლე, რასაც არ იზამდა იმ შემთხვევაში, იქ რომ ეპისკოპოსად პეტრე ყოფილიყო, გასათვალისწინებელია, რას ამბობს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „თანაც ვცდილობდი ისე დამეცვა ჩემი ღირსება, რომ არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა" (რომ. 15. 20)".1
სამწუხაროდ, იმავე ჟინი უფლებამოსილებით პირველობისა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და პატრიარქებსაც აღმოაჩნდათ, ოღონდ ერთი განსხვავებით: თუკი კათოლიკეები რომის პაპის უპირატესობას პეტრე მოციქულის „პირველობით" ასაბუთებენ, „აღმოსავლეთის პაპმა" თავისი პირველობა „მამა-ღმერთის, ვით ძესა და სულიწმინდაზე პირველის" თეზაზე ააგო, რითაც დაჩრდილა კიდეც პაპისტების ამბიცია (რაზეც უკვე ვისაუბრეთ პირველ თავებში). „აღმოსავლური პაპიზმი" გახლავთ ერთგვარი ვარიაცია ლათინური სწავლებისა ეკლესიაში რომის პაპების უფლებამოსილებით უფროსობისს (პრიმატის) შესახებ.
ამრიგად, წმ. წერილში არსად ჩანს რომელიმე მოციქულის უპირატესობა, რაც რომის, შემდეგ კონსტანტინოპოლის ეკლესიებს დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებზე უფლებამოსილებით წინამძღოლობას მიანიჭებდა, პატივით, როგორც იმპერიის დედაქალაქებისა, კი ბატონო. რომმა დიდი ხანია ეს „პატივიც" დაკარგა ეკლესიაში, ახლა ამ მცდარ გზას კონსტანტინოპოლის პატრიარქებიც დაადგნენ.
1 კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატახიზმო. I თავი.