ჩვენი მიზანია განვიხილოთ მორალისტის ფენომენი მართლმადიდებლური თვალთახედვით. ამისათვის, უპირველესად მორალის ზოგადად მიღებულ განმარტებას მივმართოთ.
მორალი წარმოადგენს სიკეთისკენ, უმაღლესი მორალური ღირებულებებისკენ, მორალური სრულყოფილებისკენ, ზნეობის დაცვისკენ მიმავალ გზას. მორალური თვისებები მოიცავს სამოქალაქო სიმწიფეს, მაღალ პიროვნულ პასუხისმგებლობას, თავგანწირვას, პატიოსნებასა და სამართლიანობას, სხვების და სხვათა მიმართ ჰუმანურ მოპყრობას.
საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მორალური ნორმების, იდეალებისა და პრინციპების სოციალურად მიღებული სისტემა, რომელიც მეტ-ნაკლებად არეგულირებს ადამიანის ქცევას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნორმებს ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ გააჩნია ქრისტიანული საფუძვლები. ხშირ შემთხვევაში ცალკეული ადამიანი ანვითარებს საკუთარ მორალურ იდეალებს, რომლისკენაც შემდეგ ისწრაფვის.
ამ ბუნდოვან, არამდგრად და მერყევ განსაზღვრებებზე ჩამოყალიბდა მორალისტის ფენომენი.
ვინ არის მორალისტი? ის არის ადამიანი,რომელიც ქადაგებს მორალს და ეთიკას და ხშირად სხვებს უკითხავს მორალურ ლექციებს. იგი ზედმეტად მიდრეკილია სხვების ჭკუის სწავლებისკენ და საკუთარი მორალური ღირებულებების თავის მოხვევისკენ.
მორალისტი გამუდმებით იძლევა რჩევებს, თუ როგორ ვიცხოვროთ სწორად და ხშირად აკრიტიკებს სხვების ქმედებებს. ამავე დროს, შესაძლოა თავად არ იყოს მის მიერ გაჟღერებული მორალური ნორმების და სათნოებების მკაცრი დამცველი.
მორალისტის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება გახლავთ ირონია ჭკუის სწავლების დროს . იგი ირონიული ფორმით მოიხსენიებს ადამიანებს, რომელთა გაკრიტიკება სურს და რომელნიც მორალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. აქვე არ უნდა აგვერიოს, გარკვეულად ხუმრობის ფორმით წარმოთქმული მხილებების თუ შეგინებების შემთხვევები, რომელნიც ზოგიერთ წმინდა მამასთან გვხვდება.
მორალისტი ირონიას უმწიკვლო ქმედებად მიიჩნევს, თუმცა ირონია სხვა არაფერია, თუ არა თვალთმაქცობა და თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, ან გადაკვრით დამცინავი ტონით ნათქვამი.
არქიმანდრიტი რაფაელი მართებულად შენიშნავს: „ადამიანი ღვთის ხატია. დაცინვა - მისი უშვერი სახით წარმოდგენის, ანუ მისთვის ღვთის ხატების ჩამორთმევის, მისი დამახინჯების სურვილია...დამცინავი ცდილობს დაამციროს მოყვასი, რათა თავისი მოჩვენებითი უპირატესობა გამოაჩინოს."
ამიტომ, მორალისტი, თუნდაც ის სასულიერო პირი ან მრევლის წევრი იყოს, როდესაც ირონიით საუბრობს - სცოდავს და მის სიტყვას არანაირი სულიერი სარგებელი არ მოაქვს. ჩვენ ხშირად გვხვდება მოწონებული და გაზიარებული მორალისტი სასულიერო პირების ქადაგებები სოციალურ ქსელში, როგორც ქართველების, ასევე სხვა ერების წარმომადგენლების. ამ დროს ადამიანებს, შესაძლოა გაუცნობიერებლად, გულის სიღრმეში სწორედ ეს დაცინვის სული იზიდავდეს, ამპარტავნული განცდით, რომ სხვაზე უკეთესია.
მორალისტისთვის დამახასიათებელია სწრაფი საუბარი, ჭარბი ინფორმაციის მოწოდება დროის მცირე მონაკვეთში. იგი მეტყველებაში თითქოს უბრალო და უშალოა. თუმცა სწორედ ეს არის ის მლიქვნელური „მანევრი", რომლის მიღმა იმალება სასაუბრო თემატიკის ძირითადი აზრი. ის ხშირად აუბრალოებს დოგმატურ საკითხს და დაჰყავს ის პრიმიტიულ დონემდე. ამ გამოვლინებით მორალისტი ხშირად მოდერნისტიც არის.
ჩვენს საზოგადოებაში უამრავი მორალისტი გვყავს პოლიტიკაში. აქ ის გვევლინება როგორც პარტიის წარმომადგენელი, საზოგადოებრივი აქტივისტი ან ფილოსოფოსი, რომელიც ცდილობს პოლიტიკური გადაწყვეტილებები მაღალ მორალურ პრინციპებს დაუქვემდებაროს და თვლის, რომ პოლიტიკა საყოველთაო სიკეთესა და სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს.
თუმცა, პოლიტიკური მორალისტები ხშირად დილემის წინაშე დგანან მორალურ იდეალებსა და რეალურ პოლიტიკურ ინტერესებს შორის პოზიციონირებისას. ამ დროს ისინი ამორალური ქცევების და რეალობის შენიღბვას იწყებენ ქრისტიანულ-ზნეობრივი "გამონათებების” წარმოჩენით, რეალურად კი დახვეწილი ტყუილით.
დაბოლოს, მორალისტი თვითგადარჩენის რელიგიის წარმომადგენელია. მას მტკიცედ მიაჩნია, რომ საკუთარი ძალისხმევით, მორალურ-ზნეობრივი ნორმების ქადაგებით, მათი გარეგნული შესრულებით, თვითონაც და საზოგადოებაც გადარჩება.
მორალისტი სინამდვილეში იგივე მწიგნობარი და ფარისეველია, რომელთა სულისკვეთება მკაცრად განსაჯა მაცხოვარმა.
ბოლომდე გულწრფელი რომ იყოს საკუთარ თავთან, მორალისტი დაინახავს, რომ სინამდვილეში ურწმუნოა, რადგან იმედს არა ღმერთზე, არამედ საკუთარ "ნიჭიერებაზე” აკეთებს.
დავით ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია