
მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების გარდა, ასევე ავტორიტეტითა და კრებსითი, უცდომელი კრიტერიუმებით სარგებლობენ წმ. ადგილობრივი კრებები, წმინდა მამათა კანონიკური ეპისტოლენი და განწესებანი, რომლებიც მსოფლიო კრებებმა დაამტკიცეს და შესულია ადგილობრივ ეკლესიათა სჯულის კანონში.
ამ ნიშნით გამოირჩევა სწორედ 880 და 1351 წლების მერვე და მეცხრე კრებებად წოდებული მსოფლიო (საყოველთაო) მნიშვნელობის კრებები.
კრებსითი ცნობიერება ეკლესიაში არც ამ კრებებით შეწყვეტილა. პაპიზმი ამხილა ადგილობრივ ეკლესიათა ათეულობით კრებამ. მრავალი მათგანი ხელმოწერილია აღმოსავლეთის ყველა პატრიარქის მიერ და მათი მნიშვნელობა საყოველთაო ხასიათს ატარებს. პაპისტები და „მართლმადიდებელი პაპოფილები" (ეკუმენისტები) კი ცდილობენ გზაკვალი აურიონ მართლმადიდებლებს, დაარწმუნონ ისინი, რომ არც ერთ მსოფლიო კრებას კათოლიციზმი არ უღიარებია ერესად. ეკლესიის ისტორია კი სულ სხვა რამეს ამბობს. ჩვენ უკვე განვიხილეთ პაპიზმის მამხილებელი რამდენიმე კრება (880, 1351 წ.წ.). ახლა შემოგთავაზებთ პაპიზმის მამხილებელ სხვა კრებათა სწავლებებს.
1. პაპისტების უწმინდური დოგმატების მხილება მათთან საბოლოო გამოყოფის შემდეგ, კონსტანტინოპოლის კრებაზე, 1054 წელს მოხდა. აქ განსაკუთრებული ყურადღება Filioque-ს დაეთმო. კრებამ განაჩინა, რომ Filioque აღარ განიხილება, ვით „ადგილობრივი წეს-ჩვეულება" („Τοπικόv έθιμο"), არამედ როგორც „ღვთისმგმობი დოგმატი" („Βλασφημα").1
2. 1170 წ. კონსტანტინოპოლის კრება.
„ერთობლივად გადავწყვიტეთ პაპისა და მისი თანამზრახველების საბოლოო ანათემა, ვით სხვა ერესებისა... მოციქულების სიტყვისამებრ: „მწვალებელსა კაცსა პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორენით".2
3. 1450 წ. კონსტანტინოპოლის კრებამ დაგმო ფსევდოუნია, რომელიც ფერარო-ფლორენციის კრებაზე მიიღეს, ასევე ლათინური სწავლებები.3
4. 1583 წ. კონსტანტინოპოლის კრებამ დაგმო პაპისტური მწვალებლობა. ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა და სინოდის წევრებმა.4
5. 1722 წ. კონსტანტინოპოლის კრება:
„გაექეცით სიცრუეს... განეშორეთ ლთინთა საიხლეებს, რომლებმაც ეკლესიის არც ერთი დოგმატი და საიდუმლო არ დატოვეს დაუხსნელი ან შეურყვნელი".5
6. 1838 წ. კონსტანტინოპოლის კრება:
„იმისათვის, რომ აღმოსავლეთის ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები პაპიზმის მკრეხელობისაგან, მწვალებლობათა უფსკრულისა და პაპის ცდომილებათა სულის განმხრწნელი დაცემებისაგან დავიცვათ, იცოდეთ, რამდენად განვსხვავდებით ჩვენ, მართლმადიდებლები, კათოლიკებისაგან".6
7. 1848 წ. კონსტანტინოპოლის კრება ასევე მეტად ავტორიტეტულია, ვინაიდან მის საზოგადო ეპისტოლეს ხელს აწერს აღმოსავლეთის ეკლესიის ოთხი პატრიარქი და ოთხივე სინოდი:
მე-4 მუხლი: „იმ მწვალებლობებიდან, რომლებიც, ღმერთმა უწყის, საიდან, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ვრცელდება, ოდესღაც იყო არიანელობა, ახლა კი პაპიზმია. მაგრამ ეს უკანასკნელიც (პირველის მსგავსად, რომელიც აწ უკვე სრულიად აღმოიფხვრა), თუმცა ჯერ კიდევ ძლიერია, ბოლომდე კი არ დარჩება, არამედ გაქრება და დაემხობა, და ზეციდან გაისმება „ხმა დიდი... გარდამოვარდა" (გამოცხ. 12. 10).
მე-5 მუხლი: „ამიტომ ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, მისდევს რა აღმოსავლეთისა და დასავლეთის წმინდა მამებს, როგორც ძველად გვამცნობდა, ახლაც კვლავ გვამცნობს ერთობლივად, რომ ის ახლად შემოსული აზრი, თითქოს სული წმიდა მამისა და ძისაგან გამოვალს, არის მწვალებლობა, და მათი მიმდევრებიც, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, მწვალებლები არიან, როგორც უწმინდესი პაპის, დამასის განჩინებიდან ჩანს; მათგან შემდგარი საზოგადოებები მწვალებლური საზოგადოებებია და ყოველგვარი სულიერი, საღვთისმსახურო ერთობა მათთან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებისა უსჯულოებაა, სახელდობრ მე-3 მსოფლიო კრების მე-7 კანონის თანახმად".7
8. 1895 წ. კონსტანტინოპოლის კრება:
„სახეზეა არსებითი განსხვავება ჩვენი სარწმუნოებრივი დოგმატების, ღვთივდადგენილი კანონების და ეკლესიის მმართველობის პრინციპებს შორის... პაპიზმმა არათუ უარყო მსოფლიო კრებები და დადგენილი კანონები, არამედ მე-19 საუკუნეში მნიშვნელოვნად გააფართოვა ნაპრალი... მან ოფიციალურად დაადგინა პაპის უცდომელობა... დღეს რომის „ეკლესია" სიახლეების შემომტანი, წმ. მამათა სწავლების დამმახინჯებელი, წმ. წერილისა და მსოფლიო კრებების მცდარად განმმარტებელი საკრებულოა. ამიტომ გონივრული და სამართლიანია მათი განყენება, ვინაიდან რჩებიან თავიანთ ცთომილებებში".8
ამრიგად: განცხადებულია მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლება კრებების განსაზღვრებებით, წმ. მამათა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რასაც „consensus partum" ეწოდება. წმ. ბიკენტი ლირინელის ცნობილი ფრაზით რომ ვთქვათ: ყველგან, ყველას, ყოველთვის, ე.ი. ყველა ადგილობრივ ეკლესიაში, ყველა წმ. მამის მიერ, განხეთქილების (1054 წ.) დღიდან დღემდე და მარადჟამ ერთი და იგივე განაჩენი გვესმის პაპიზმთან მიმართებაში. ამის მიზეზია პაპისტების მწვალებლურ სწავლებებში გადაზრდილი განხეთქილება:
1) ჯერ სქიზმის გამო დაკარგა მადლი სულიწმინდისა, შედეგად შეწყდა მათი დიპტიხში მოხსენიება;
2) შემდეგ არაერთი მწვალებლური სწავლების გამო დაკარგა სულიწმინდის მაცხოვნებელი მადლი, ვინაიდან მისი (მადლი) მოქმედება შეწყვეტილია ერესების გამო.
1 ციტ. Разве ересь Папизма никогда не была осужденя соборами? თარგმანი ბერძნ. „Православный Апологет". 2017.
2 იქვე.
3 Папство — это ересь. О. Анастасий Нгоцопулос.
4 სქემ. მონ. დიმიტრი ზოგრაფელი. ღია წერილი პროფ. კ. იანაკიევს. მართლმადიდებლური სწავლება მწვალებელთა ბუნების შესახებ...
5 იქვე.
6 იქვე.
7 იქვე.
8 Разве ересь Папизма никогда не была осужденя соборами?
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია