მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, წმ. წერილის სწავლებაზე დაყრდნობით უწყის, რომ ანტიქრისტიანული ძალების ერთ-ერთ ძირითად ამოცანა კაცობრიობის ერთ რელიგიაში გაერთიანებაა. თავდაპირველად ქრისტიანული კონფესიების, ხოლო შემდეგ ყველა რელიგიის ერთიან „ოსანაში" მოქცევა მიზნად დასახული — მეთაური ანტიქრისტე იქნება. ცხადია, დოგმატურ საფუძვლებზე მათი გაერთიანება წარმოუდგენელია, საამისოდ მავანს ნიღაბი სჭირდება, ძირითადად სიყვარულისა და ერთობის. სიცრუესთან ნაზავი სიმართლე ყოველთვის მომხიბვლელი და მიმზიდველია. ამის თანმდევია ისტორიული ფაქტების გაყალბება, მოვლენათა უგულებელყოფა, რათა „ზერელიგიის" შექმნა დასაბუთებულად წარმოჩინდეს.
1054 წ. მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებაში ლათინების მიერ „Filioque"-ს (თითქოს სულიწმინდა „და ძისაგანაც" გამოდის) ჩამატებას დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის სქიზმა (განხეთქილება) მოჰყვა. „მართლმადიდებელი ეკუმენისტები" ცდილობენ ეს ისტორიული ფაქტი უბრალო გაუგებრობად წარმოაჩინონ. ძირითადი აქცენტი გარეგნულ ფაქტორებზე კეთდება, ესენია: პოლიტიკურ-ეკლესიური გარემოებანი (რომსა და კონსტანტინოპოლს შორის დაძაბული ურთიერთობა), ორი რელიგიური სუბიექტის (კარდინალ გუმბერგისა და პატრიარქ მიქაელ კარულარის) დაპირისპირება; გაკვრით ახსენებენ საეკლესიო პრაქტიკის და სწავლებით საკითხებში შეუთანხმებლობასაც (მიტრ. ილარიონ ალფეევი).
ასე რომ, ორივე (გარეგნული და შინაგანი) ფაქტორი. თუ პოლიტიკურ და პიროვნულ უთანხმოებას ვერ მივანიჭებთ გადამწყვეტ მნიშვნელობას, უთანხმოება „საეკლესიო პრაქტიკასა და სწავლებაში" დოქტრინული ხასიათისაა და ვერ დავტოვებთ რეაგირების გარეშე. მავანის ინტერესებშია მოხდეს ცნებათა აღრევა, თითქოს გარეგნულ და შინაგან ფაქტორებს ერთი და იგივე მნიშვნელობა ჰქონდეს. შედეგად, მღვრიე წყალში „თევზის" დაჭერა სურთ, ე.ი. ბუნდოვანებასა და გაუგებრობას უნდა გადაბრალდეს სქიზმის არსებობა. თითქოს ეკლესია არ ყოფილა დოგმატური ნიშნით არ გაყოფილი, მარტოოდენ გაუგებრობა იყო და ჩვენ („დიდი სიყვარულის" მქონე ეკუმენისტები) მოვაგვარებთ.
აღნიშნულ ყალბ თეზას (1054 წ. სქიზმა რა ყოფილაო) თავისი აპოლოგეტები ორივე (მართლმადიდებლებში და პაპისტებში) მხარეს ჰყავს. პაპისტების მხარეს კარდინალი კურტ კოხი, ხოლო „მართლმადიდებლების" - მიტრ. ი. ზიზიულასი ხელმძღვანელობდა. ორივე მხარე ცდილობს დაარწმუნოს გულუბრყვილო მორწმუნეები, რომ მხოლოდ გარეგნული ფაქტორებით (ორი პირის პაექრობის შედეგი) იყო გამოწვეული უთანხმოება. ისტორიული ფაქტები ადასტურებს:
1. ორივე მხარის წარმომადგენლები (კარდინალი გუმბერტი და პატრ. მიქაელ კერულარი) სხვადასხვა — ერთი დასავლეთის, ხოლო მეორე — აღმოსავლეთის ეკლესიების პოზიციას აჟღერებდნენ.
ორივე პირი თავიანთი ეკლესიის დავალებებს ასრულებდა. შესაბამისად, გუმბერტი პაპ ლევ IX ბრძანებით ხელმძღვანელობდა, როდესაც აღმოსავლეთის ეკლესიის მისამართით „ანათემებს" ამისამართებდა. საეკლესიო ისტორიკოსის ვ. ფიდასის ცნობით „სწორედ გუმბერტმა მიიღო პაპის მანდატი".1
თავის მხრივ, მართლმადიდებლებმაც არ დააყოვნეს საპასუხო ანათემა, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების მიერ ხელმოწერილი. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით პაპის სახელი ამოღებულ იქნა დიპტიხიდან — მას ბრალი დაედოთ ერესის სწავლებაში.
2. თუკი მხოლოდ გუმბერტი და პატრიარქი მიქაელი იყვნენ დამნაშავენი ანათემების „გაგზავნა-გამოგზავნაში", მაშინ ორივე ეკლესიის მხრიდან რატომ არ გააპროტესტა და არ დასაჯა „ურჩი" ლეგატები? და შეუდგნენ კი მყისიერად ვითარების გამოსწორებას?
პასუხი მარტივია: სინამდვილეში ნამდვილად მოხდა კოლოსალური მნიშვნელობის განხეთქილება. კარდინალი გუმბერტი არათუ არ დასჯილა ამის გამო, არამედ ფრანკების ანტიბიზანტიური პოლიტ-გეგმების ხელმძღვანელადაც კი დაინიშნა.
3. რაც მთავარია, 1965 წ. ცნობილი ფაქტის — დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა ურთიერთბრალმდებელი „ანათემის მოხსნას" პატრიარქ ათინაგორასა და პაპ პავლე VI-ს მიერ ხელმოწერილი დებულება, მისი „საზეიმო ხასიათი" კიდევ ერთხელ ადასტურებს; ცხადია, რომ 1054 წ. ნამდვილად ჰქონდა ადგილი სქიზმას. თუკი მხოლოდ ორი ადამიანის უთანხმოება იყო, რატომ ჩათვალეს საჭიროდ ეკუმენისტებმა „ანათემების მოხსნა"?! (ცხადია, საამისო უფლებამოსილება არა ცალკეულ პატრიარქთა, არამედ კრებსითი ეკლესიის პრეროგატივაა — კ. ჯ.)
კარდინალი კ. კოხი ჩვეული იეზუიტური შემართებით შეუდგა ისტორიის გაყალბებას. ის ამბობდა: "„Filioque” — ფილიოქვეს განხეთქილების წარმოქმნაში არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან ის (ფილიოქვე) მანამდეც არსებობდა დასავლეთის ეკლესიაში და არ ყოფილა განხეთქილების მიზეზი". დავეთანხმებით, რომ დასავლეთში, ფრანკების რეგიონებში ფილიოქვემ VI საუკუნიდან ფიგურირებდა, მაგრამ ეს არ იყო რომის ეკლესიის მიერ ჩამოყალიბებული და საყოველთაოდ აღიარებული დოქტრინა. ხოლო XI საუნუნიდან მან სწორედ ასეთი სტატუსი მიიღო დასავლეთის ეკლესიაში. მანამდე ზოგიერთი პაპი (მაგ. პაპი იოანე VIII) ღიად უჭერდა მხარს ნიკეა-კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებათა მრწამსის განსაზღვრებას.2 შესაბამისად, განხეთქილების საფრთხე არ არსებობდა.
დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ მოიშალა, რაც რომმა ოფიციალურ სწავლებად გამოაცხადა ფილიოქვე („და ძისაგან" გამომავლობა). სწორედ ამან შექმნა სერიოზული სავთისმეტყველო (დოგმატური) პრობლემა.
აღნიშნული ფაქტი „ორი სერგის" — კონსტანტინოპოლის პატრიარქ სერგისა და რომის პაპ სერგის მმართველობის ეპოქას უკავშირდება. პროფ. ბ. სტეფანიდისი წერს: „რა დროიდან რომის პაპმა სერგი IV-მ მრწამსში ჩაამატა „და ძისაგან" (ე.ი. ფილიოქვე), პატრიარქმა სერგიმ ამოშალა ის აღმოსავლეთის ეკლესიის დიპტიხიდან. 1009 წელს ოფიციალურ სწავლებად აღიარებული ფილიოქვე, 1054 წელს საბოლოოდ დადასტურდა. ამიერიდან, ფილიოქვეს არა „ადგილობრივი წეს-განგება", არამედ „ღვთისმგმობი დოგმატი" ეწოდება.
ამრიგად, სახეზეა არა პოლიტიკური ან ადამიანური შეუთანხმებლობის მიზეზი (რაც, ბუნებრივია, იარსებებდა), არამედ ტრიოდოლოგიური ერესი — წმ. სამების შესახებ სწავლების უწმინდური დოგმატით დამახინჯება.
Filioque (ფილიოქვე), მრწამსში ჩამატება, რომ „სულიწმინდა არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც გამოდის" (რომაულ-კათოლიკური დოგმატი), მნიშვნელობით პაპის პრიმატისა (მთელ ეკლესიაზე უფლებამოსილება) და „უცდომელობის" დოგმატების შემდეგ ძირითადი ცრუსწავლება გახლავთ. მრწამსში ამ ჩამატებას სიღრმისეული დოგმატური შინაარსი გააჩნია, რაც ადამიანის სულიერი ცხოვრების პარადიგმას განსაზღვრავს (ამაზე მოგვიანებით).
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჩამატება ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოში (მრწამსში) (დადასტურებულია II მსოფლიო კრების (381 წ.) მიერ), ეწინააღმდეგება IV მსოფლიო კრების (431) მე-7 კანონს, რომელიც ადასტურებს მრწამსის შეუხებლობას.
თუკი დასავლეთის ეკლესიის სქიზმამდელი ეპოქის წმ. მამებს (ავგუსტინეს, ამბროსის, ილარის და სხვა) ჰქონდათ ჩამოუყალიბებელი შეხედულებები აღნიშნულ სწავლებაზე, ეს გამოწვეული იყო საკითხში ჩაუხედაობით. ე.ი. მათთვის სიღრმისეულად არ იყო ცნობილი ტრინიტარული სწავლება აღმოსავლური ეკლესიისა, სადაც უკვე დიდი გამოცდილება არსებობდა. ამას კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმ. ფოტიც ადასტურებს. მაგრამ სულ სხვა ვითარება შეიქნა სქიზმის პერიოდში, როდესაც ფილიოქვეს დასავლეთში დოგმატური მნიშვნელობა მიენიჭა.
1 ციტ. Попытка отрицатр раскол 10542: еще одна ловушка! Пирийская митрополия. Отдел делам ересей и религий.
2 იქვე.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია