წმ. გრიგოლ პალამა და ვარლაამ კალამბრიელი თავიანთ საღვთისმეტყველო მსჯელობა-არგუმენტაციაში ხშირად იშველიებდნენ დიონისე არეოპაგელის სწავლებას. ეს თითქოს იმას მოასწავებს, რომ ორივე ერთი აზრისა იყო ამა თუ იმ საკითხზე. სრულიადაც არა — ორივენი მუდმივად კი ციტირებდნენ „დიდ დიონისეს", მაგრამ განსხვავებულად განმარტავდნენ მას. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეუთანხმებლობა მათ პოლემიკაში. ვარლაამის აზრით, დიონისემ სხვა მამებზე უკეთ გამოიყენა ნეოპლატონიზმი თავის აპოთატიკურ (ღვთაებრივის შეუცნობლობა) ღვთისმეტყველებაში. არსებითად, მან საფუძველი ჩაუყარა ნომინალისტურ ღვთისმეტყველებას, ე.ი. ადამიანის მიერ რაიმე სახით ღმერთის შემეცნების შესაძლებლობას — მხოლოდ შუამავალის (ანგელოზების) მეშვეობით ინფორმირდება იგი ღვთაებრივის შესახებ.
წმ. გრიგოლ პალამა კი პირიქით; არიოპაგელის იმ მოსაზრებებს ეყრდნობოდა, სადაც ის საუბრობს ღმერთთან შეერთებაზე, რაკი მათში ხედავდა მისტიკური შემეცნების საწყისებს. ვარლაამი კი ართმევდა მათ რეალისტურ მნიშვნელობას, ე.ი. მისთვის ღმერთის მადლთან (ღვთაებრივ ენერგიებთან) ადამიანის შეერთება არა ხელთუქმნელი, არამედ ქმნილი კატეგორიაა.
ასე რომ, ერთ მხარესაა წმ. გრიგოლ პალამას დიონისეს სწავლების ქრისტოცენტრული, ქრისტოლოგიური კუთხით განმარტება-ჩასწორება; მეორე მხრივ კი იმის მტკიცება, რომ მოღვაწე (მლოცველი) ქრისტიანი უშუალოდ ღვთაებრივ მადლს (ენერგიას) იღებს ღვთისაგან ყოველგვარი შუამავლის გარეშეც.
ამ თვალსაზრისით, წმ. გრიგოლ პალამას სწავლებას, საღვთისმეტყველო ელემენტების ჰარმონიული გათვალისწინება-გამოყენების უნარს, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. მრავალი აღმოსავლურ-ქრისტიანული საზრისი ხომ სწორედ ამ საკითხში წაბორძიკდა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელის შემდეგ წმ. გრიგოლ პალამამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საიმისოდ, რომ არიოპაგეტული კორპუსის (Areopagiteum Corpus) ქრისტიანულ-ორთოდოქსული არსი სრულად, ცხადად წარმოეჩინა. მკვეთრად ეთქვა სათქმელი, რათა ორაზროვანი ინტერპრეტაციისათვის ნიადაგი გამოეცალა.
ვარლაამ კალამბრიელი მდუმარების მასწავლებელს წერდა:
„თუკი გსურს გაიგო ბერძენმა რომ ზეარსებითი ღვთაება გონებისა და ცოდნის ნებისმიერ ძალისხმევაზე მეტია, წაიკითხე პითაგორელების (...) შემოქმედება ამ საკითხზე. იქ იპოვი შეხედულებებს, რომლებსაც იყენებდა დიდი დიონისე თავისი მისტიკური ღვთისმეტყველების ბოლო თავში. პლატონი შესანიშნავად ჩაწვდა ამ საკითხს, რომელიც თითქმის სიტყვა-სიტყვით გადმოიღო დიონისემ".1
წმ. გრიგოლის დამოკიდებულება ანტიკური ფილოსოფიისადმი მეტად კრიტიკული იყო — უმართებულოდ მიაჩნდა მისი ქრისტიანულ მემკვიდრეობად წარმოჩენა. წმინდანის ფასდაუდებელი ღვაწლია, რომ მან კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პლატონისტურ-ელინისტური ზეგავლენისაგან აღმოსავლურ-ქრისტიანული ღვთისმეტყველების გასანთავისუფლებლად. საბოლოო გამარჯვება 1351 წ. კონსტანტინოპოლის ავტორიტეტულ კრებაზე დადასტურდა.
ამჯერად ჩვენ წმ. გრიგოლ პალამას ორი სწავლების შესახებ გვსურს გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება.
1. საღმრთო არსი და საღმრთო ენერგიები.
ვარლაამ კალამბრიელი, პლატონიზმზე დაყრდნობით ირწმუნებოდა, რომ ღვთაებასა და მატერიალურ სხეულს შორის კავშირის ერთადერთი საშუალება წარმოსახვის უნარია, რომ ღმერთთან შეერთება მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობისაა. ამიტომ პალამასეული თაბორის ნათელის კონცეფცია მისთვის მხოლოდ სიმბოლური იყო, ე.ი. მხოლოდ ქმნილი ბუნების გამოვლინებაა.2
ზოგადად ღვთისმსახურებაშიც იგი მხოლოდ სიმბოლიზმს ხედავდა. მდუმარების მასწავლებელი კი თავის მხრივ, ვარლაამს ელინისტურ სწავლებაზე დაყრდნობის გამო ადანაშაულებდა. მას სწამდა, რომ მოღვაწე ქრისტიანი ღმერთთან უშუალო კავშირს ღვთაებრივი ენერგიების (არსებითად, ღმერთის) მეშვეობით ახორციელებდა.3
წმ. გრიგოლ პალამა ასწავლიდა, რომ სწორედ „ღვთაებრივი ენერგიები" მსჭვალავენ ისიხასტებს (იესოს ლოცვის მოღვაწეებს), რომ მარტოოდენ ეს ხელთუქმნელი მადლი და არა კაცობრივი ნება (ღვაწლი) იძლევა სათანადო (მადლმოსილი ლოცვის, თაბორის ნათელის) შედეგს.
ვარლამისტებისთვის ღვთაებრივი ენერგია ქმნილებაა. ამდენად, განღმრთობის პერიოდში ქმნილება ქმნილებას ერწყმის. ამ ერეტიკული სწავლების შედეგად საეჭვო ხდება ადამიანის განღმრთობა — გამოდის, რომ შინაგანი ლოცვის შედეგად ადამიანი უშუალო კავშირშია არა ღმერთთან, არამედ რაღაც ქმნილთან.
წმ. მამა არსისა და მისი ენერგიების გამოვლინებაზე ამბობდა: „ერთი შეხედვით საღმრთო არსი განსხვავდება საღმრთო ენერგიისაგან, მაგრამ არსებითად არსება და ენერგია ერთიანი ღვთაება, ღმერთია".4
საღმრთო არსის წვდომა მართალია ადამიანისათვის შეუძლებელია, მაგრამ არსით შეუცნობადი, უხილავი ღმერთი ხილულად მოქმედებს სამყაროში. სწორედ ამ მოქმედებას ეწოდება ღვთაებრივი ენერგიები, იგივე ღვთაებრივი მადლი, რომელიც ხელთუქმნელია. მისი მეშვეობით შედის ადამიანი კავშირში ღმერთთან, რომელიც განაღმრთობს მას. ეს იგივე ხელთუქმნელი ღვთაებრივი ნათელია, მოციქულებმა რომ იხილეს თაბორის მთაზე. ამგვარი ნათელის მხილველი განღმრთობის უზენაეს საფეხურზე იმყოფება.
წმ. მამებს პალამამდე საღმრთო ენერგიების შესახებ სწავლება სრულად არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ზოგიერთი საკითხი გადაუჭრელი რჩებოდა.
ძირითადი თეზები სწორედ წმ. გრიგოლმა განსაზღვრა. ისინი შეიძლება რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბდეს:
1. საღმრთო არსსა და საღმრთო ენერგიებს შორის „ღვთივღირსეული განსხვავებაა": არსება თვითმყოფადია, ხოლო ენერგია — არა.
2. საღმრთო ენერგია არაა ქმნილება, არამედ ღვთის ნაწილია — ხელთუქმნელია.
3. არსებასა და ენერგიებს შორის განსხვავებას არ მივყავართ ორღმერთიანობამდე.
4. ენერგია განუყრელია არსისაგან, ენერგიას შეგვიძლია ვუწოდოთ ღმერთი.
5. არსება ენერგიაზე აღმატებულია, ვინაიდან ენერგია არსისაგან გამოდის.
6. საღმრთო ენერგიის თანაზიარება იგივე ღმერთის თანაზიარებაა.
7. ღმერთი სინათლედ არა არსით, არამედ ენერგიით იწოდება.
ამრიგად, საღმრთო ენერგიები ღვთაებრივი (ხელთუქმნელი, ზებუნებრივი) კატეგორიაა, ხოლო ადამიანის ბუნება — ქმნილი. ღვთაებრივისა და კაცობრივის, იგივე ხელთუქმნელისა და ქმნილის შეერთებას განღმრთობა ეწოდება, ოღონდ იმგვარად, რომ ორივე ბუნების თვისებები უცვლელი რჩება.
ელინისტური ქრისტიანობის მიხედვით განღმრთობის პროცესში მსგავსი მსგავსს უერთდება. აქ რამდენიმე მიდგომა ფიქსირდება:
ა) ადამიანის სამშვინველს „გონივრულ ნაწილს" (სინამდვილეში ქმნილებას), ღვთაებრივი კატეგორიები მიენიჭება. ე.ი. განღმრთობისას ხელთუქმნელი „ხელთუქმნელს" უერთდება.
ბ) ადამიანის ბუნება საღმრთოსთან შეერთებით კარგავს კაცობრივ ბუნებას (ან გამოუვლენელი რჩება), რაც ასევე არ შეესაბამება წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის სწავლებას.
გ) ადამიანური ბუნებაც და საღმრთო ენერგიებიც ერთი და იგივე ქმნილი ბუნებაა, ე.ი. ქმნილი ქმნილს უერთდება, შესაბამისად განღმრთობაც შეუძლებელი ხდება.
2. ანგელოზების დანიშნულება.
წმ. გრიგოლ პალამას სწავლების თანახმად, განღმრთობა ნიშნავს ღვთის მიერ ბოძებულ მადლს და არა ღვთაებრივ ემანაციას, როდესაც ქმნილ ბუნებას (გნებავთ ანგელოზებს) ონტოლოგიურად ღვთაებრივის ცოდნა გააჩნიათ. შესაბამისად, ადამიანის განღმრთობის ან ხილვების შემთხვევაში ღმერთსა და ადამიანს შორის (იერარქიული პრინციპით) შუამავლის როლს მადლი ასრულებს.
მდუმარების მასწავლებელი ამბობს: „უფალი არ ექვემდებარება ქმნილებათა კანონს".5
ამ ნათქვამის შინაარსი წმ. მამის სწავლებით ასეთია: „ღვთის ძალა, მადლი ინდივიდუალურად მოქმედებს, არ უშვებს ბუნებრივ (ქმნილ) ძალებთან გვერდიგვერდ, ერთად მოქმედებას. ბუნებრივი ძალები (ანგელოზები) გახდნენ იმ გარემოს მკვიდრნი, სადაც ზებუნებრივი ძალები ღიად მოქმედებენ, თავად ზებუნებრივი შემეცნება არ შეიძლება ივსებოდეს სხვა არაფრით".6
ვარლამ კალაბრიელი, მოგვიანებით აკინდინი და ნიკიფორე გრიგორა მიიჩნევდნენ, რომ ძველ და ახალ აღთქმაში არსებული გამოცხადებები, ხილვები, ანგელოზთა გამოცხადებანი — სიმბოლური მოვლენებია, ე.ი. არ აღემატება ქმნილ კატეგორიას, ამიტომ აშკარად ქმნილი ბუნებისაა (აკინდინი). ასე რომ, ვარლამისტები ანგელოზებსაც ღმერთთან ემანაციურად (შერწყმულად) მყოფ ტრანსცენდენტურ (მიღმიურ) არსებებად მოიაზრებდნენ, ხოლო ადამიანებთან მათ გამოცხადებას სიმბოლური ე.ი. მეტაფორული დატვირთვა ჰქონდა.
ვარლამისტების ეს შეხედულება მთლიანად პლატონისტური შინაარსისაა, ნაწილობრივ მან ეკლესიის წიაღშიც შემოაღწია (ორიგენესა და ევაგრეს „წყალობით"). განსაკუთრებით გაიფურჩქნა ის დასავლეთში, ვარლაამ კალაბრიელის კვალდაკვალ ეს სწავლება აიტაცა უილიამ ოკამამ, რამაც არსებითად წარმოშვა პროტესტანტიზმიც. წმ. ეგნატემ (ბრიანჩანინოვი) საფუძვლიანი ნაშრომები მიუძღვნა მათ მხილებას. მან წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის სწავლებაზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ ანგელოზებიც (ვით ადამიანები) ქმნილი ბუნებისაა (თხელი, ეთერული სხეულით), რომ მათი ხილვები არა სიმბოლური, მეტაფორული და ა.შ., არამედ ცხადია.
ვარლამ კალაბრიელი ცდილობს თავისი მოსაზრებები დიონისე არიოპაგელის სწავლებით გაამყაროს. წმ. დიონისესთვის იერარქიული წესრიგი ღვთაებრივის გადმოსაცემად აუცილებელი პირობაა, ე.ი. მისი აზრით, ანგელოზები ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის როლს ასრულებენ: „ჯერ ანგელოზები იყვნენ უწყებულნი საღმრთო საიდუმლოებებში იესოს კაცთმოყვარებით".7
წმ. გრიგოლ პალამას წმ. მაქსიმე აღმსარებელის კვალდაკვალ ცხადია, არ სურდა დიდად ავტორიტეტული წმ. დიონისე გაეკრიტიკებინა. ამიტომ წმ. გრიგოლმა დიონისესეული იერარქიაში ქრისტოლოგიურად ჩაასწორა, რითაც მთლიანად გამოაცალა მას პლატონისტურ საზრისი. ცხადია, ნარჩუნდება „ზეციური იერარქიის" წყობა, მაგრამ ეს მხოლოდ ბუნებრივ (და არა ღვთაებასთან ემანაციურ) კატეგორიაშია მოაზრებული:
„ბუნებრივი წყობით ანგელოზები ადამიანებზე მაღლა დგანან, მაგრამ განკაცების შემდეგ ადამიანის ბუნება აჰყავს ზეცაზე მაღლა".8
წმ. გრიგოლ პალამა მიიჩნევს, რომ ქრისტეს განკაცებამ ღვთისმეტყველების ისტორია შეცვალა, ვინაიდან ქრისტემ მოუტანა ადამიანებს უშუალოდ მისი ხილვის საშუალება. ამიტომ წმ. გრიგოლი ოსტატურად ასწორებს წმ. დიონისეს სწავლებას: „მართალია დიონისე, რომ ანგლოზების შუამავლობით გვაქვს მრავალი ხილვა, მაგრამ ის არ ამბობს, რომ ეს ეხება თვითონ, თავად მოსულ ყველა ხილვას, რომ ყოველი კავშირი ღმერთთან მათი შუამავლობით ხორციელდება".9
მდუმარების მასწავლებელი მეტსაც ამბობს: „ანგელოზების იერარქია არ გახლავთ მთავარი მომქმედი ღვთის განგებულებაში. ისინი ადამიანის მსახურებისთვის იყვნენ შექმნილნი".10
წმ. გრიგოლის მიხედვით, ბუნებრივი წყობით ანგელოზები ადამიანებზე მაღლა არიან, თავიანთი სიწმინდე გააჩნიათ, მაგრამ სრულყოფილი სიწმინდე მთელი სისავსით ღმერთმა ადამიანს ქრისტეში მიანიჭა.
„ჩვენი ბუნება ქრისტეში, ვინაიდან ის ღვთივჰიპოსტასური და ზესრულყოფილია, იხვეჭს სიწმინდეს და იღებს მთელ ნათელს, ძალასა და საღმრთო ენერგიას".11
„განღმრთობილი ადამიანის სხეულიც და სამშვინველიც განიწმინდება მცნებების შესრულებით, ამგვარი ფერისცვალებით ღვთის სულის მიღების ღირსი ხდება".12
როგორც ვხედავთ, ადამიანის ქმნილი ბუნება (სხეული, სამშვინველი) საღმრთო „სულის" მიღების შედეგად ხდება განღმრთობილი, სრულყოფილი ტრიხოტომიური (სული, სამშვინველი, სხეული) ადამიანი. ესაა ორთოდოქსული სწავლება, რომელსაც ასე გამალებით ებრძოდნენ ჯერ ძველი, შემდეგ ახალი ელინისტ-ქრისტიანები". „პლატონისტურ-ვარლამისტური სინდრომი" დღესაც სერიოზული დაბრკოლებაა საღვთისმეტყველო საზრისის მართებულ განსაზღვრებაში. შეგვეწიოს ღმერთი!
1 Второй ответ Паламе // Barlaam Calambro. Epistole greche. 298.
2 ციტირებულია წმ. გრიგოლ პალამას მიერ. Триады II. 3. §58.
3 Триады II. 1. §9/473. 1-2.
4 Св. Гр. Палама. Жития, Творения, учение. Иг. Д. Шлеков. Bogoslov.ru. 29/648.
5 Триады III. 2. §14. // 668. 11-18.
6 Против Акиндина. VII. 10//485.9.
7 Св. Гр. Палама. Беседа. 3//40 В.
8 Триады. I. 3. §37/448. იხ. Св. Максим Исповедник. Главы Гностические. II. 88//PGXC.
9 Триады II. 3. §31/565. 23.
10 Против Акиндина. III. 2//168.
11 Триады II. 3. §37/570. 17-26.
12 Триады I. 2. §17/427. 22.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე