განღმრთობის წმ. გრიგოლ პალამასეული კონცეფცია ის ორთოდოქსული სწავლებაა, რომელსაც ნეტარმა ავგუსტინემ, წმ. მაკარი დიდმა და სხვა წმიდა მამებმა ჩაუყარეს საფუძველი. ორთოდოქსული მიმართულებისთვის ნიშანდობლივი საღვთისმეტყველო კატეგორიები, სრულიად ბუნებრივად, არსობრივად ეწინააღმდეგება ელინისტურ-ქრისტიანულ შეხედულებებს. იგულისხმება ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა: ხატება და მსგავსება, პირველქმნილი ცოდვა, ტრიხოტომია და დიხოტომია, სული და სამშვინველი, გული და გონება, ქმნილი და ხელთუქმნელი, ანგელოზების ბუნება და ა.შ. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ წმ. გრიგოლ პალამასა და ვარლამ კალამბრიელს შორის გამართული პოლემიკა.
1. ხატება და მსგავსება.
წმ. გრიგოლ პალამა წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის (მსოფლიო კრებები) კვალდაკვალ განიხილავს ღვთის ხატად და მსგავსად ადამიანის შექმნის საკითხს. „მდუმარების მასწავლებლისთვის" ცნობილია პატრისტიკაში შემოჭრილი „ნეოპლატონისტური სინდრომის" შესახებ, ამიტომ მის შემოქმედებაში საფუძვლიანადაა გაკრიტიკებული ფილოსოფია, რომელმაც მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე სცადა ზეგავლენის მოხდენა. ამდენად, ადამიანის ხატება არაა განიხილული ღვთის მადლთან (მსგავსებასთან) კავშირის გარეშე, რასაც ედემში სისავსით ფლობდა ადამი:
„ღმერთს, ხატად და მსგავსად თვისად შექმნილ ადამში არ შეუტანია რაიმე ცუდი განწყობა, არამედ სამშვინველთან ერთად მას შეჰბერა ღვთაებრივი სულის მადლი, რომელიც განახლებულ მდგომარეობას უნარჩუნებდა და ღვთის მსგავსებას იცავდა ადამიანში".1
მამებისეულ სწავლებაში ხატებისა და მსგავსების თეზა სხვადასხვა შეხედულებებს ავითარებს. ერთ-ერთის მიხედვით ხატება (სხეული, სამშვინველი) არაფრით განსხვავდება მსგავსებისაგან (ღვთის მადლისაგან). ამ ნიშნით წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია, შეიძლება ითქვას, ნეტ. ავგუსტინეს კონცეფციის იდენტურია — აქ „მსგავსება" გახლავთ მადლის მოქმედების შედეგი ადამიანში და არა ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება.
მდუმარების მასწავლებელი თავის კონცეფციაში ყურადღებას ამახვილებს განმაღმრთობელი მადლის ზებუნებრივ ხასიათზე. მსგავსების აღდგენა, ე.ი. ღვთის მადლთან შეერთება, დაბრუნება ქრისტეს ეკლესიაში, პირველყოვლისა ნათლისღებით და მირონცხებით, შემდეგ ევქარისტიით, სინანულით, ზიარებით, ლოცვით... და სხვა სათნოებებით აღესრულება:
„წმინდანიც არსებითად ისაა, სიტყვა-ღმერთის მიერ დაიბადა მადლით — „სულად" და ინარჩუნებს ზეციერი მამის ღვთის მსგავსებას, ვინაიდან ყოველი დაბადება მშობლის სულისაგან შობილი სული" (იონ. 3. 6).2
ამრიგად, წმ. გრიგოლ პალამა ორგვარ დაბადებაზე ამახვილებს ყურადღებას:
1) ადამში დაბადებული, ე.ი. წინაპრისეული (მშობლის) ცოდვის მემკვიდრეობა, ვისაც პავლე მოციქული „ხორციელ" ადამიანს უწოდებს.
2) ქრისტეში, ე.ი. განახლებულ ადამში დაბადება, ღვთის მადლით განღმრთობილი, მსგავსებადაბრუნებული სულიერი მდგომარეობაა.
2. ტრიხოტომია (სული, სამშვინველი, სხეული)
წმ. გრიგოლ პალამას ძირითადი საღვთისმეტყველო კონცეფცია ლოცვის პრაქტიკის შესახებ ერთმანეთისაგან მიჯნავს ქმნილს და ხელთუქმნელს; კაცობრივ თვისებას (გონებას) და ღვთის მადლის მოქმედებას. კალამბრიელის პლატონისტური აზრს, რომ „გონივრული ლოცვა" („умная молитва") თითქოს არის „სამშვინველის გონივრული ნაწილის" ("умная часть души") რეალიზება, გამოვლენა, მდუმარების მასწავლებელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება:
„ჩაიხედე საკუთარ თავში, ე.ი. მთლიანად დაინახე საკუთარი თავი და არა მხოლოდ მისი ერთი ნაწილი (გონება), როდესაც ყურადღების მიღმა რჩება ყველა დანარჩენი".3
წმ. გრიგოლ პალამა აღნიშნავს, რომ გონებაც მოექცა ხორციელი კანონის (პირველქმნილი ცოდვის) ზეგავლენის ქვეშ და უკვდავად შექმნილი სამშვინველიც (მისი შემადგენელია გონებაც) მოკვდავი გახდა:
„ადამიანმა ღვთისაგან მიიღო ცხოველსმყოფელი სული, მისით განაცხოველებს მიღებულ სხეულსაც და სამშვინველსაც, ვინაიდან სამშვინველი ბუნებითად კავშირშია სხეულთან".4
ამრიგად, მაკარი დიდის, ნეტ. ავგუსტინეს სწავლებათა კვალდაკვალ წმ. გრიგოლ პალამაც განასხვავებს „ხორციელ" კატეგორიას (სხეულს, სამშვინველს) „სულიერისაგან" (ღვთის მადლი), ხოლო განღმრთობის პროცესში „სხეულისა და სამშვინველის ცხოველმყოფელობა" (ე.ი. მადლით გაცოცხლება) ღვთის „სულის" მიერ ხორციელდება.
თუკი ვარლამ კალამბრიელი (პლატონიზმის კვალდაკვალ) სხეულს „სამშვინველის ციხედ" მიიჩნევს, წმ. გრიგოლ პალამა სხეულში (გარდა ციდვისა) ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს. „მხოლოდ ერეტიკოსები ამბობენ, რომ სხეული თავისთავად არის ბოროტება".5
„ისევე როგორც განკაცებული ღვთის სიტყვის ღვთაებრიობა, ეკუთვნის მის (ქრისტეს) სხეულსაც და სამშვინველსაც (телу и душе), ასევე (განღმრთობილ ადამიანშიც) მადლი სულისა, სამშვინველის მეშვეობით გადაეცემა სხეულსაც".6
მდუმარების მასწავლებელი უდიდეს განსხვავებას ხედავს სახარებისეულ სწავლებასა და პლატონურ სპირიტიზმს შორის:
„ავხორცულს ვუწოდებ იმას, რაც ჩვენს აზრებში ხორციელი სიამტკბილობის გზით შემოდის და თანაარსებობს ხორცთან (ე.ი. სხეულთან და სამშვინველთან — კ. ჯ.). სულისმიერ განახლებული სამშვინველი სხეულზეც მოქმედებს, მაგრამ სულიერად".7
ღვთაებრივი მადლი არა მხოლოდ გონებას (სამშვინველის ერთ ნაწილს), არამედ ადამიანის მთლიან შემადგენელს განაღმრთობს: „ღვთაებრივი სურვილი სხეულისა და სამშვინველის ყველა თვისებას განწმენდს, ადამიანს ღვთაებრივი მადლის მიმღებად ხდის".8
ცხადია, ამგვარი ანთროპოლოგიის ჩარჩოებში მოქცეული ლოცვის მეთოდია ჭეშმარიტი და არა კალამბრიელის (მასთან ერთად „ელინისტების") ფილოსოფიური ხედვა.
წმ. გრიგოლ პალამა წმ. მაკარი დიდის ციტირებისას დასძენს:
„დაე, ნუვინ იფიქრებს, რომ განღმრთობა ცოდნითა და ცნობიერებით ხორციელდება..., სულიერი ადამიანის ჰიპოსტასი სამი ნაწილისაგან შედგება: ზეციური სულის მადლისაგან, გონივრული სულისა (სამშვინველისა) და მიწიერი სხეულისაგან".9
ტერმინი „ჰიპოსტასი" აქ ფართო გაგებით გამოიყენება, განღმრთობილი ადამიანის აღმნიშვნელია.
მდუმარების მასწავლებელი ამბობს, რომ ღვთის მადლი (სული) „ჰიპოსტასირდება" განღმრთობილ ადამიანში.
„ღვთაებრივი და ზეციური ცხოვრება მათი კუთვნილებაა. ვინც ცხოვრობს ღმერთში, ცხოვრობს (სულიწმინდის) მადლში. მადლი ჰიპოსტასირდება არა იმიტომ, რომ ის ადამიანის თვისებაა, არამედ იმიტომ, რომ სული (дух) აგზავნის მას (მადლს) სხვა არსების (ადამიანის) ჰიპოსტასში. სწორედ ამ სულიერ მდგომარეობაში ძალუძს ადამიანს ჭვრეტა".10
ამასთან, ადამიანისთვის ბოძებული განმაღმრთობელი მადლი ღვთაებრივი ბუნების თვისებად რჩება მაშინაც, როდესაც ადამიანი მადლით (და არა ბუნებით) ღვთაებრივი მადლის მატარებელი ხდება.
3. გული და გონება (ე.ი. სულიერი და გონებისმიერი).
ქრისტიანის განღმრთობაში არ მოიაზრება მხოლოდ გონების გადარჩენა (როგორც პლატონიზმში) და ზოგადად ელინისტურ-ქრისტიანულ მისტიციზმშია. აღნიშნული საკითხი გადაულახავ დილემად იქცა მრავალი ქრისტიანი ავტორისთვის, ვინც კი ნეოპლატონისტურ შეხედულებათა ზემოქმედების ქვეშ მოექცა.
დილემის არსი სწორედ „სულის" (пveuμa) და „გონების" (voύς) აღრევა-გაიგივებაა.
წმ. გრიგოლ პალამას უდიდესი დამსახურებაა, რომ მან ცხადად გამოკვეთა არსი, რაობა სულისა და სამშვინველისა, ტერმინოლოგიურად, წმ. წერილის სწავლებაზე დაყრდნობით, მკვეთრად გამიჯნა პლატონურ-ორიგენისტული კონცეფციებისაგან. მდუმარების მასწავლებლის თანახმად, „სული", „სულიერი" არათუ არამატერიალურს, არამედ ზებუნებრივს ნიშნავს; ხოლო „გონება" კი ადამიანის ბუნებრივ უნარს, სამშვინველის კატეგორიას მიეკუთვნება:
„სული (дух) და არა გონება არის ერთადერთი საშუალება, რომ იხილო ღმერთი (ინ. 1. 18), იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ შეგრძნებითი და გონებისმიერია, ხოლო რომელიც გახდა „სული" (სულიერი) და ხედავს სულიერად (духе), განა შეუძლია ვერ განჭვრიტოს სულიერი, ვერ შეიცნოს ღმერთი ბოძებული საშუალებით".11
კვლავ დიდი მაკარის სწავლებაზე დაყრდნობით, წმ. გრიგოლი გვასწავლის: „როდესაც მადლი მოიცავს ადამიანს, გული ადამიანის მთლიან შემადგენელში ბატონობს, ის მეფობს ყველა ორგანოზე, აქაა გონებაც, აზრებიც, მოთხოვნებიც".12
„ადამიანი ვერ გადარჩება (ცხონდება) თავისი ძალებით, გონებაც მადლს საჭიროებს. მისი მოპოვება მხოლოდ ქრისტეს სხეულშია შესაძლებელი, ნათლისღებისა და ევქარისტიის მადლით; საიმისოდ, რომ აღასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება, გონება უნდა ჩავიდეს გულში, ვინაიდან სწორედ იქაა სული ღმრთისა (2 კორ. 3. 3)".13
ამრიგად, ეკლესიის გარდამოცემის თანახმად, გონება მოქმედებდეს გულში, სულიერ ცენტრში და არა მის მიღმა. როდესაც ის მოქმედებს თავისი ბუნების შესატყვისად, იქ მართებს მას ყოფნა. ადამიანის დაცემის შედეგად, გონება, ნაცვლად იმისა, რომ იმყოფებოდეს გულში, გაიფანტა, ემორჩილება არა სულიერს (გულს), ხელთუქმნელს, არამედ ემორჩილება ქმნილს. ამაში მდგომარეობს ადამიანის დაცემის არსი, ესაა სინამდვილეში ცოდვილი მდგომარეობა.
ვარლამ კალამბრიელი კი საყვედურობდა ბერებს იმ შეხედულების გამო, რომ ლოცვის დროს გონება, გარეგნულზე ზრუნვის სანაცვლოდ, კვლავ გულში ბრუნდება. ის ამბობდა, რომ გონება უნდა დარჩეს გულის მიღმა, ვინაიდან თავად ღვთაებრივის ნაწილია. მას არ ესმოდა შინაგანი ლოცვის არსი ზედაპირული, რაციონალისტური მიდგომის გამო და წერდა:
„გული არის სამშვინველის (душа) გონივრული უნარების მცველი და სხეულის მთავარი იარაღი ჭეშმარიტი განსჯისათვის. მკაცრი სიფხიზლით უნდა შევინარჩუნოთ და წარვმართოთ ჩვენი უნარები, რათა გარეგნულ განცდებს აყოლილი გონება დავაბრუნოთ".14
ამრიგად, საუბარია ორგვარ მისტიციზმზე:
1) გულის მისტიციზმი — პალამას, მაკარის, ავგუსტინეს... მიმართულება;
2) ინტელექტუალური (გონებისმიერი) მისტიციზმი — ნეოპლატონიზმზე, ორიგენიზმსა და ევაგრიზმზე დაფუძნებული.
1 Св. Григорий Палама. Беседа 54 // 185. რუს. თარგმანი III. 142.
2 Св. Григорий Палама. Триады. I. 3. §17 // 427. 22; Беседа 14.
3 Триады. I. 2. §9 // 401. 16-18.
4 Главы физические. 38 // 124. 14.
5 Триады. I. 2. §1 // 393. 8.
6 Триады. II. 2. §12 // 518. 3.
7 იქვე. Триады.
8 Триады. III. 3. §12 // 690. 10.
9 Триады. I. 3. §43 // 454. 24-26.
10 Триады. III. 1. §9 // 622.
11 Триады. II. 3. §30 // 44. 20.
12 Триады. I. 2. §3; II. 2. §27.
13 Триады. I. 3. §41.
14 Триады. I. 3. §2.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე