მართლმადიდებლურ მისტიციზმსა და არამართლმადიდებლურს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. ერთი შეხედვით, ორივეს მიზანია ადამიანის მიერ ღმერთთან ურთიერთობის დამყარება — „განღმრთობა", მაგრამ შინაარსობრივად „განღმრთობაში" აბსოლუტურად განსხვავებული თეზები მოიაზრება. პირველი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება: მართლმადიდებლური სწავლებით, ღმერთი უსრულყოფილესი არსებაა, ჰიპოსტასია, ხოლო არამართლმადიდებლურში (წარმართული, ელინისტური) — უსახო მონადა. მათი მისტიკა ღვთაებასთან სრულ შერწყმას, მასთან გაიგივებას ისახავს მიზნად, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი (მათი) სული (იგივე სამშვინველი, душа) ღვთაებრივი წარმომავლობისაა. საგულისხმოა, რომ წარმართულ (ელინისტურ) მისტიციზმთან სინთეზში მყოფი ქრისტიანული მისტიკაც „სულიერ მწვერვალზე", „სულის გონივრული ნაწილის" წყალობით, ღვთის ნაწილად მოიაზრებს თავის თავს.
ელინისტურ (წარმართულ) მიმართულებაში ღმერთზე განყენებულ ფილოსოფიურ ნააზრევს ცენტრალური ადგილი უკავია. არსებითად, ეს ნეოპლატონისტური თეოსოფიაა — მისტიკოსი მიიჩნევს, რომ საკუთარი ძალისხმევით, თვითუფლებრივად (ვით ნაწილი ღვთაებისა), ხილვებისა და მჭვრეტელობის გზით ძალუძს შეუერთდეს ღმერთს. სინამდვილეში ეს წარმართული რელიგიურობის ავადმყოფური წარმონაქმნია, რომელმაც, სამწუხაროდ, ქრისტიანულ მისტიკაშიც მოიპოვა ადგილი.
მართლმადიდებლურში მისტიკის საფუძველი შინაგანი სულიერი ცხოვრება, გამოცდილებაა. აქ ქრისტეში ჭეშმარიტი ცხოვრება არის დაფარული, იდუმალი (მისტიური). პავლე მოციქული მას უწოდებს „ცხოვრებაი, დაფარული ქრისტეთურთ ღვთისა თანა" (კოლ. 3. 3); პეტრე მოციქული — „დაფარული იგი გულის კაცი" (1 პეტრ. 3. 4). მაგრამ ამ სულიერი ცხოვრების გამოვლინება მეტად უბრალოდ ხდება. არავინ უწყის, როგორ მოდის სულიწმინდა და როგორ აღძრავს ადამიანს სინანულისთვის.
ელინისტურ მისტიციზმში კი მაინცდამაინც „გონების სრულყოფილ" წერტილს ჩააფრინდებიან ჯიქურ და ხატოვნად, მაგრამ ყოველთვის ყალბ ფერებში, ოცნებებისეული წარმოსახვით თხზავენ „იდეას", თითქოს ღირსნი არიან იცხოვრონ ღმერთში. სინამდვილეში კი იხერგავენ „იქით" მიმავალ ჭეშმარიტ გზას.
წმ. მამათა ნაწერებში, პირიქითაა: ყველაზე ნაკლებად საუბრობენ უმაღლეს მჭვრეტელობით მდგომარეობაზე, სამაგიეროდ ყველაზე ხშირად ეხებიან სინანულის ღვაწლს, ვნებებთან ბრძოლასა და მის სხვადასხვა გამოვლინებას. ელინისტურის თანახმად, ადამიანის განღმრთობა სამშვინველის გონივრული ნაწილის (გონის, ум) ღმერთთან შეერთების პროცესს გულისხმობს. მართლმადიდებლურის (ორთოდოქსული) მიხედვით კი განღმრთობის პროცესში მთავარია, გადამწყვეტია არა „გონება", არამედ „გული", „ღვთაებრივი ნათელი", „ღვთაებრივი ენერგია". აქ ღვთისადმი სიყვარული ნიშნავს ადამიანის ცოცხალ კავშირს თავად ქრისტესთან.
წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: „ლოცვის დროს მარტივი კანონია: არაფერი წარმოიდგინო, არამედ გონება გადაიტანე გულში, ირწმუნე, რომ ღმერთი ახლოს არის, გხედავს, გისმენს და ამ რწმენით შეუვრდები მას". არამართლმადიდებლურში (მათ შორის „ელინისტურ ქრისტიანობაში") გონება იმთავითვე ზეციური სავანეების ბინადარია. გონების ასეთი ფარფატი და ფრენა გრძნობათა გახელებას იწვევს. ის უმალ იწყებს ოცნებას თავის სრულყოფილებასა და საქმის წარმატებაზე. ამას მოსდევს ქედმაღლობა და ამპარტავნობა, რაც უფრო მეტად აღაგზნებს წარმოსახვას და გონებაც სწრაფად ხატავს ახალ სურათებს: უკვე „ზეციური" არსებაა, ზეცის მკვიდრთა მეგობარია, ღირსია მათთან სიახლოვისა და განსაკუთრებული ხილვებისა და მისთ.
ორთოდოქსულ ქრისტიანობაში განღმრთობა ნიშნავს ქრისტეს მყოფობას ადამიანის სულში (გულში), რომელიც ღმერთი-ლოგოსის, პიროვნების უშუალო ზემოქმედებით ხორციელდება. აქ ღვთაებრივი მონადის მისტიკა იცვლება ქრისტეს მისტიკით. ეს გარემოება გამოარჩევს მას ყალბი (ხიბლისმიერი) მისტიციზმისაგან.
„ელინისტურ-ქრისტიანული" განღმრთობის იდეა კი ადამიანის სამშვინველის (душа), სუბსტანციურად ღვთაებრივ ყოფაში, წიაღში კუთვნილის დაბრუნებას ცდილობს. ადამიანის სულზე ქრისტეს ზემოქმედება კერძო შემთხვევად განიხილება, რაც სხვა კოსმიურ ძალებთან კავშირში ხორციელდება.
განღმრთოობის „ელინისტური ქრისტიანობის" ვარიანტს პლოტინის კონცეფცია უდევს საფუძვლად. სწორედ ეს კონცეფცია, ქრისტიანული ტერმინებით გაფორმებული, შემოაპარა ეკლესიაში ევაგრემ. აქ განღმრთობის სამი საფეხური განიხილება: katharsis - ი, fotismos - ი და teleiosis – ი.
კატარსისი (Katharsis) — ნიშნავს ადამიანის სულის განწმენდას ყოველგვარი სიბინძურისაგან (ნაზავისაგან). ძირითადი აქცენტი კეთდება განშორებაზე ყოველივესაგან, რაც ღვთაებრივს ეწინააღმდეგება. საუბარია ერთგვარ მეტაფიზიკურ განდეგილობა-განშორებაზე სულისთვის (სამშვინველისთვის, აქ ცნებები გაიგივებულია) არათვისობრივი შეგრძნებებისა და მატერიალური გამოვლინებებისაგან.
ფოტისმოსი (Fotismos) — ნიშნავს სამშვინველის ღვთაებრივი ნათლით განმსჭვალვას, რასაც ადამიანი მჭვრეტელობით სიმაღლეებზე აჰყავს. მას ეძლევა მჭვრეტელობით ექსტაზში ყოფნის უნარი, ძალა... აქ ღვთაებისა და ადამიანის მჭვრეტელობითი მდგომარეობა ერთ სუბსტანციაში განიხილება.
თელეიოსისი (Teleiosis) — ნიშნავს ღვთაების სრულყოფილების შეცნობაში ადამიანის მჭვრეტელობით მონაწილეობას. აქ უზენაესი მდგომარეობა მისტიკური გნოსისია (gnosis — გონებით წვდომა) — ესაა ფილოსოფიურად განათლებული, გასხივოსნებული პირების რწმენა, სადაც გონივრულ ძალისხმევას პრინციპული უპირატესობა ენიჭება, ვიდრე უბრალო (pistis), სინანულის საფუძველზე აგებულ მოღვაწეობას. მთავარი ამოცანაა: მართებული შემეცნების მოპოვება. გონისმიერი მჭვრეტელობითი სიმაღლეების წყალობით ღვთაებრივ საიდუმლოებების თანაზიარება. როდესაც ადამიანის გონი (ум) მიაღწევს აბსტრაქციის სიმაღლეებს და განეშორება ყოველივე ხილულს, მატერიალურს, მაშინ მისტიკოსი საიდუმლოებრივ მდუმარებაში ჩაიძირება. ამ მომენტში (ექსტაზში) ადამიანის სული (სამშვინველი) უშუალოდ ღვთაებასთან თანაზიარებაშია.1
როგორც ვხედავთ, „ელინისტურ-ქრისტიანულ" მისტიციზმში სულიერი ცხოვრების ცენტრი გნოსისში — გონების ღვთაებრივი შემეცნებით განღმრთობის მოპოვებაში, არსებითად გაღმერთებაშია. სამშვინველის ღვთაებასთან შეერთება მისტიკური გნოსისის მეშვეობით აღესრულება. შეუძლებელია აქ ვერ დავინახოთ ნეოპლატონიზმის ზეგავლენა. სწორედ ესაა ძირითადი მიზეზი, რომლითაც უნდა განვასხვავოთ ორთოდოქსული (მართლმადიდებლური) განღმრთობის იდეა „ელინისტურ-ქრისტიანულისაგან".
ალექსანდრიის სკოლის ქრისტიანული მისტიციზმი რომ უმჭიდროესად იყო დაკავშირებული პლატონისა და პლოტინის „განღმრთობის" (გაღმერთების) კონცეფციასთან, თვალსაჩინოა. ორიგენეს, ევაგრეს, კლიმენტისა და სხვა ელინისტების მისტიციზმი ამის დასტურია. ქრისტიანულ ლიტერატურაში შემოჭრილი მათი ნააზრევი წარმართული მისტიციზმის მორიგი გამოვლინებაა. რასაკვირველია, ის სრულიადაც არ წარმოადგენს ორთოდოქსულ მემკვიდრეობას, არა, ნეოპლატონიზმის „მოზომილი" გამოვლინებაა.
ამრიგად: მავანი ცდილობს ელინისტურ-მისტიკურისა და ქრისტიანულ-მისტიკურის კომბინაციას, პლიუს ბერძნული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ცხოვრების შერწყმა — ამ გზით სურთ შექმნან „ყოვლისმომცველი", „უნივერსალური" მისტიკა. ელინისტი ყოველთვის ქედმაღლობდა თავისი სიბრძნით, რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემათა სიღრმით. ამიტომ იყო საჭირო ამ (წარმართული) მისტიციზმისთვის სათანადო პასუხის გაცემა, განთავისუფლება წარმართული „განათლების" ზეგავლენისაგან. მხოლოდ ამგვარად შეიძლება ჭეშმარიტი განღმრთობა — უზენაესი მადლმოსილი მდგომარეობის მოპოვება.
1 Христианская и внехристианская мистика. Главные направления древние-церковной мистики. П. Миник. С. 3-9.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია