განღმრთობის სწავლებას მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია. ქრისტიანულ აღმოსავლეთში განღმრთობის იდეა ორი განსხვავებული ფორმით განვითარდა: 1) ორთოდოქსული; 2) ელინისტური. ორივეს ამოცანა ღმერთთან ერთობის დამყარებაა, ძირითადი არსი თითქოს ერთნაირია, მაგრამ კონკრეტული გამოვლინებები საკმაოდ განსახვავებულია.
პირველი თავისი ფესვებით წმინდა სახარებისეული და მამებისეული, ყოველთვის დადებითი, ჭეშმარიტი იოლად აღსაქმელი ანთროპოლოგიური სწავლებაა; მეორე ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის ერთგვარი სინთეზია, არ თაკილობს, კი არადა ეამაყება კიდეც ნეოპლატონური შეხედულებების გამოყენება. პირველი მიმართულება გამოირჩევა მკაფიო განსაზღვრებებით, თვალსაჩინო სიცხადით; მეორე — მხოლოდ ამაღლებულს ეპოტინება და ხშირად იკარგება ფილოსოფიურ და შეგრძნებით (ექსტაზი) მდგომარეობაში. პირველის მიხედვით განღმრთობის საფუძველი გახლავთ ქრისტეს განკაცება; მეორის მიხედვით კი — ღმერთზე ქრისტიანული სწავლების ნეოპლატონური დამუშავება.
რაც შეეხება საეკლესიო ლიტერატურას: პირველი მიმართულება გამოკვეთილია წმ. ირინეოს ლეონელის, წმ. ათანასე ალექსანდრიელის, წმ. კირილე ალექსანდრიელის და სხვა წმ. მამათა თხზულებებში; მეორე მიმართულებას საფუძველი ჩაუყარეს კლიმენტი ალექსანდრიელმა, ორიგენემ, ევაგრემ, კერძო აზრის (თეოლოგუმენის) სახით ზოგიერთმა წმიდა მამამაც.
ამრიგად:
1) ორთოდოქსული განღმრთობის ახსნა-გადმოცემა ძალგვიძს შემდეგი გამონათქვამებით: „ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ადამიანი გახდეს ღმერთი" (მადლით, ე.ი. განიღმრთოს ღმერთთან (ღმერთში) ცხოვრებით (წმ. ირინეოს ლეონელი)).
„ღმერთმა იტვირთა ჩვენი უძლურება, მსხვერპლი გაიღო ჩვენთვის, გაანადგურა ძველი და შეგვმოსა თავისი მადლით" (წმ. ათანასე ალექსანდრიელი).
„ის (ადამიანი) ერთადერთი არსებაა, რომელიც გამოირჩევა სხვა ქმნილებებისაგან, რომელსაც შეუძლია გახდეს ღმერთი მადლით" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი).
2) განღმრთობის ელინისტურ-ქრისტიანული ვერსიის მიხედვით ადამიანი „ღმერთი" არა მადლით, არამედ თვისებით ხდება. მისი გონება (სულის გონიერი ნაწილი) ღვთაებრივი ნიშნების მატარებელია. იგი თვითკმარი, თვითსრულყოფილებადი არსებაა. ამით უკვე ხაზგასმულია განღმრთობის კონცეფციის წარმომავლობა — (პლატონის, პლოტინის, ორიგენეს, ევაგრეს, კლიმენტის და სხვათა) არამართლმადიდებლური თეზების მართლმადიდებლურად წარმოჩენა.
ნეოპლატონისტური ინტერესი აშკარად იკვეთება ელინისტური ქრისტიანობის კონცეფციაში. მან გარკვეული ზეგავლენა მოახდინა აღმოსავლურ-ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაზე, ამიტომ ელინისტური განღმრთობის კონცეფციის განხილვისას გასათვალისწინებელია კულტურულ-ისტორიული კონტექსტიც, თუ რა კალაპოტში შეიქმნა ეს კონცეფცია. ის, რომ აშკარაა ბიბლიურისა და ანტიკურის (წარმართულის) სინთეზი, დიდ ეჭვებს არ იწვევს. პრობლემა ისაა, რომ წარმართულ სამყაროში განღმრთობის კონცეფცია პირდაპირ გულისხმობდა ადამიანის გაღმერთებას. საამისოდ მცირე ექსკურსიც კმარა:
ბერძენ ფილოსოფოსებში პირველად ღვთაების კულტი ლისანდრს ერგო. პლუტარქის ცნობით, ბერძნულ ქალაქებში „მას პირველს დაუდგეს სამსხვერპლო ვით ღმერთს" (Лисандр. XVIII. 4).
გავიხსენოთ ფარაონების კულტი — ფარაონის სიკვდილის შემდეგ მას გააღმერთებდნენ ხოლმე. (Франкфарт. Г. Предверии филисофии).
მოგვიანებით მეფეებისა თუ იმპერატორების გაღმერთება (სიცოცხლეშივე) ჩვეულებრივ მოვლენად იქცა (Геродит. История II).
ასე რომ, წარმართულ ანთროპოლოგიაში ორგვარი დამოკიდებულება იკვეთება: 1) სული გამოეყოფა სხეულს და ავტონომიური თვითკმარი არსება ხდება; 2) სული უკვდავი ხდება და იძენს ღვთაებრივ სტატუსს. (Пифагор и ранние Пифагоровцы).
როგორც ვხედავთ, წარმართული განღმრთობის პროცესი სინამდვილეში უსახო მონადის ღვთაებრივთან ევოლუციისა და ინვოლუციის შერწყმის პროცესია, ნეოპლატონურ სტილში განცოხრიელებული. ცხადია, მსგავს შეხედულებათა ქრისტიანულ სწავლებაში სინთეზური გამოყენება პრობლემებს როგორც ღვთისმეტყველებაში, ისე პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში (მისტიციზმი) გამოავლენდა. მონოფიზიტობა ხომ ღვთაებრივის და კაცობრივის სრულ შერწყმას გულისხმობს, სადაც კაცობრივი მთლიანად გამოუვლენელი რჩება.
ელინისტური განღმრთობის კონცეფცია ნიშნავს სრულ შერწყმას, გაიგივებას ღვთაებასთან. ადამიანი თავის მისტიკურ სიმაღლეზე თავს არა ადამიანად, არამედ ღმერთად აღიქვამს. ასეა „სრული განღმრთობის" შემთხვევაში.
ორთოდოქსული მისტიციზმის თანახმად, ადამიანს სურს განღმრთობა (ღმერთში ცხოვრება, „ღმერთობა" მადლით და არა თვისებით). ე.ი. ეს არ ნიშნავს კაცობრივის დაკარგვას და ღვთაებასთან გაიგივებას. აქ განღმრთობა სულიერი ფერისცვალების შედეგია, რაც ნათლისღებით, მირონცხებით, ევქარისტიით, აღსარებით, ლოცვით... მიიღწევა; არამც და არამც საკუთარი თვითკმარი პოტენციით, ელინისტს ავტომატურად რომ თავს დაჰყვება. ამიტომ მართლმადიდებლური (ორთოდოქსული) განღმრთობა, მხოლოდ ღვთის მადლის (ენერგიების) მეშვეობით აღესრულება; ვის რა, რამდენი და რაგვარი — ეს მარტოოდენ ღმერთმა უწყის — ე.ი. ღვთის და არა სინერგიული ადამიანის პრეროგატივაა.
განღმრთობის ორთოდოქსული სწავლებით ქრისტე განახლებული კაცობრიობის თავია. მისი სახით ამყარებს ღმერთი კავშირს მთელ კაცობრიობასთან, ხოლო მის (ქრისტეს) მიერ გამოსყიდულნი (ნათელღებულნი, საეკლესიო საიდუმლოებათა თანამონაწილენი) დაიბრუნებენ მსგავსებას, განიღმრთობიან. ქრისტემ მიჰმადლა მორწმუნეთ (საიდუმლოებების მეშვეობით) სულიწმინდის მადლი, ამასთან, კაცობრივი ინარჩუნებს თავის თვითმყოფადობას (თვისებას) და არ ხდება „ღმერთი" თვისებით.
ამიტომ იესო ქრისტეში განკაცებული ღმერთის აღიარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნება „შეურევნელად, უცვალებლად, განუყოფელად, განუყრელად" არის შეერთებული (IV მს. კრება). ე.ი. ერთნაირად მნიშვნელოვანია მასში ღვთაებრივი, ისე კაცობრივი ბუნების თვისებათა უცვლელად შენარჩუნება.
მაგრამ ელინისტური სულისკვეთებით განმსჭვალულთათვის, მაშინაც გაუგებარი იყო და დღესაც გაუგებარია: როგორ შეიძლება ღვთაებრივის და კაცობრივის შეერთების შედეგად კაცობრივმა არ დაკარგოს თავისი თვისება?! ამიტომ ირწმუნებოდნენ, რომ ძე ღვთისა ხან მხოლოდ მოჩვენებით სხეულში იმყოფებოდა, ხან თავს იფარავდა ერთგვარ პნევმატურ სუბსტანციაში. შენიღბული ფორმით მსგავს „მონო-მიმართულებებს" ეკლესიის წიაღშიც მიეცა გასაქანი. ქრისტეში რეალური კაცობრივი ბუნების უარყოფას (რაიმე სახით) ქრისტეს ადამიანურ ბუნებასთან კავშირის უარყოფას ადამიანის წარწყმედამდე მივყავართ. წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის თქმით, „თუკი ქრისტე მოჩვენებითად ივნო, მაშინ მეც ამაოდ ვკვდები მხეცებთან წინააღმდეგობაში". ე.ი. თუკი არ განკაცებულა, არც გამოვუხსნივართ ჯოჯოხეთიდან.
რაკი ნათლისღებით ქრისტეს სხეულის წევრები ვხდებით, შედეგად ქრისტეს ცხოვრება ჩვენი პირადი ცხოვრება ხდება საიდუმლოებებთან თანაზიარებით. ამ მადლმოსილებისამებრ განვიღმრთობით და ვცხონდებით.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია