წინამდებარე ნაშრომით — „ნეოპელაგიური, ნეოორიგენისტული და ნეომონოფიზიტური გამოვლინებანი" გვსურს მართლმადიდებელმა მკითხველმა რამდნიმე საღვთისმეტყველო თეზის ჭრილში უკეთ დაინახოს ხსენებული ერესთა აღორძინება-რეაბილიტაციის მცდელობათა მიზეზები. ძირითადი თეზებია: „ხატება და მსგავსება", „ტრიხოტომია და დიხოტომია", „კრეაციონიზმი და ტრადუციონიზმი", „სინერგია"... მათი ორთოდოქსული (და არა ორიგენისტულ-პელაგიური) შეფასება, პავლე მოციქულის სწავლების საფუძველზე, ანთროპოლოგია-სოტერეოლოგიასა და ქარიზმატოლოგიაში ნეტარმა ავგუსტინემ შემოგვთავაზა.
საკითხი ეხება გადაულახაობას მადლის მოქმედების ძალმოსილებისა. ესაა იგივე განღმრთობის სწავლება, რაც, მართალია, 418 წ. კართაგენის კრებამ დაამტკიცა, მაგრამ მართლმადიდებლურმა აღმოსავლეთმა მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო, ნაწილობრივ გაიზიარა. ეს სამწუხარო ფაქტი სწორედ სათაურში ხსენებული ერესების ზეგავლენამ განაპირობა. ამ „სამეულს" არსებითად ერთი და იგივე ცრუხედვები ამოძრავებთ, სამივე ორიგენეს „თეოლოგიითაა" ნასაზრდოები. შეგახსენებთ: ორიგენიზმში სულსა და სამშვინველს თვითუფლებრივად შეუძლიათ აღორძინება, ე.ი. ღვთაებრივის ნაწილად ყოფნა (ემანაცია), ცხადია განღმრთობაც; პელაგიც ამბობდა, რომ ადამიანის ბუნება პირველქმნილი ცოდვით დაუზიანებელია, ამიტომ ისიც თვითუფლებრივად განიღმრთობაო; მონოფიზიტებიც (ნეომონოფიზიტებიც) ირწმუნებიან, რომ ქრისტეში კაცობრივი ბუნება ღვთაებრივით შთაინთქმება, რომ ის „მთლიანად" გამოუვლენელი რჩება, რაც ასევე განღმრთობის სწავლების მართებულ აღქმას უშლის ხელს. ორთოდოქსულსა და ერეტიკოსებს შორის განსხვავებაც სწორედ ესაა: თუ ორთოდოქსულში (მართლმადიდებლურში) მადლია ყოველივეს განმსაზღვრელი, ერეტიკულში (მოდერნისტულში) დაცემულ ადამიანს ღმერთთან სინერგიულად შეუძლია თანამუშაკობა, განღმრთობა, ვით თვითუფლებრივ არსებას, ვისშიც პირველქმნილ ცოდვას არსებითად არაფერი შეუცვლია.
მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული თეზების მართებული განმარტება, ნათელს მოჰფენს თანამედროვე ღვთისმეტყველებაში არსებულ მრავალ პრობლემას.
დავიწყოთ „ტრიხოტომიისა და დიხოტომიის" თეზების შეჯამებით, არსებითად მაქ-სულის, სამშვინველისა და სხეულის წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის სწავლებაზე მართებული შემთხვევაში მკაფიო ხდება „ხატებისა და მსგავსების", სულის წარმომავლობისა თუ სხვა საკითხები.
1) „ტრიხოტომია და დიხოტომია"
წმ. წერილი გვამცნობს პავლე მოციქულის ბაგით, რომ ადამიანი ტრიხოტომიურია (სამშემადგენელიანია):
„სული თქუენი, სამშვინველი და გუამი უბიწოდ მოსვლასა მას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა დაჰმარხენით" (1 თეს. 5. 23). ამავე დროს „სული" ღვთის მადლის, სულიწმინდის მოქმედებაა, ენერგიაა (პალამას ტერმინებით), ხოლო სამშვინველი — ქმნილება. ამიტომაც გამიჯნა პავლე მოციქულმა ისინი ერთმანეთისაგან: „ვიდრე განსაყოფელამდე სამშვინველისა და სულისა" (ებრ. 4. 22).
კვალად დასძენს: „ხოლო მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისასა, რამეთუ სიცოფე უზმნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ" (1 კორ. 2. 14).
„დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი" (1 კორ. 15. 44).
სათაურში მითითებული ერესების (არა მხოლოდ მათი) თანახმად სული და სამშვინველი ერთი და იგივე ბუნებისაა. ე.ი. იდეოლოგიურად მათი გაიგივება (ერთ სუბსტანციად წარმოჩენა) ელინიზმის გადმონაშთად უნდა მივიჩნიოთ.
სულისა და სამშვინველის განუსხვავებლობა ორიგენიზმის გამოვლინებად წმ. გარდამოცემამაც მიიჩნია.V მსოფლიო კრების განჩინებებში ვკითხულობთ: „საღმრთო წერილით განსწავლული ეკლესია ადასტურებს, რომ სამშვინველი სხეულთან (და არა სულთან) ერთად წარმოიშვა, და არა ისე, თითქოს ერთი მანამდე და მეორე შემდეგ, როგორც ეს ორიგენეს ბოდვებშია მოაზრებული".1
როგორც ვხედავთ, უცდომელი კრიტერიუმების (წმ. წერილისა და მსოფლიო კრების) მიხედვით, სამშვინველი და სხეული ერთად წარმოიშვა, ერთი სუბსტანციაა — ქმნილებაა, ხოლო სული — სულიწმინდის ნიჭი, ენერგია, მადლის გამოვლინებაა.
ამასვე ადასტურებენ წმ. მამებიც.
წმ. ანასტასი სინელი დასძენს: „ცხოვრების სუნთქვა არ არის სამშვინველი, არამედ შექმნისთანავე ღვთის მიერ ადამიანისთვის ბოძებული მადლია ღვთისა".2
წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: „ადამიანის სული — ღვთაებრივი არსის გამოხატულებაა".3
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებითაც: „სამშვინველი — ეთერულია, ერთობ თხელი, მფრინავი სხეული, რომელსაც ჩვენი უხეში სხეულის სახე გააჩნია. ყველა მისი ნაწილი, თმაც კი, სახის ხასიათი, ერთი სიტყვით, სრული მსგავსებაა..." ანგელოზების სულის მსგავსად გააჩნია: თავი, თვალები, ბაგეები, ხელები, ფეხები, თმები — სრული მსგავსებაა ხილული ადამიანისა".4
წმ. მაკარი დიდი ამბობს: „გონიერი ქმნილების ღვთივმსგავსება არა ბუნებით, არამედ მხოლოდ მადლითაა შესაძელებლი, ვინაიდან სხვაგვარად ეს წარმართობაა. ნებისმიერი ქმნილება — ანგელოზი, სამშვინველი, დემონი თავისი ბუნებით არის სხეული, თუმც თხელია ისინი, მაგრამ მახასიათებლებითა და ხატებით არსებითად განსხვავდება ჩვენი უხეში სხეულისაგან".5
ამრიგად, წმ. მამათა სწავლების თანახმად, „ეთერული თხელი სხეული" — სამშვინველია, ქმნილება ღვთისა, ხოლო თავად სული (Дух) ღვთის მიერ ბოძებული მადლია. ამიტომ ის (სული) სამშვინველს მხოლოდ ღვთაებრივი მადლით (ნათლისღებით) მიეწოდება.
„შობილი იგი ხორცისაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სულ არს" (იოან. 3. 6). ე.ი. მხოლოდ ქრისტეში, სულიწმინდის მადლში მყოფი ადამიანის სულია ჭეშმარიტად სულიერი, მადლმოსილი და განღმრთობილი, ვინაიდან ნათლისღებითა და მირონცხებით წმ. სამების მადლის თანაზიარი ხდება. ხოლო ბუნებრივად მადლის ფლობის თეზა (ე.ი. ცოდვისაგან დაუზიანებლობა) ნეოპალეგიანობის გამოვლინებაა და საფუძველშივე ეწინააღმდეგება წმ. წერილის სწავლებას: „იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკანასკნელი ადამ — სულად განმაცხოველად" (1 კორ. 15. 45).
ნიშანდობლივია: როდესაც წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვმა უეცრად აღმოაჩინა, რომ წმ. წერილსა და წმ. გარდამოცემაში სულ სხვა სწავლებაა, ვიდრე სასულიერო აკადემიებში („მართლმადიდებელ პელაგიანელებსა და ორიგენისტებში"), რომ ქმნილი სამშვინველი თავისთავად არს „თხელი სხეული", რომელიც „სულად" მხოლოდ ზებუნებრივ ღვთაებრივ მადლთან თანაზიარებით გადაიქცევა, ე.ი. როდესაც წმ. მამამ დაივიწყა ის, რასაც ასწავლიდნენ სემინარიებში, ის „კრიტიკის სამიზნე" აღმოჩნდა.
ქრისტიანობის ეს ჭეშმარიტი ანთროპოლოგია სწორედ ნეტ. ავგუსტინემ დაუპირისპირა ელინისტურ ანთროპოლოგიას, რაც „ბრძენკაცებმა" (ორიგენემ, პელაგიმ) კონტრაბანდით შემოაპარეს საეკლესიო ღვთისმეტყველებაში.
ამიტომ სულის წარმომავლობის საკითხი დღესაც ბუნდოვანი და ჩამოუყალიბებელია, ვინაიდან: კართაგენის 418 წ. კრების დოგმატი (ცხონება მხოლოდ ნათლისღებით) ნაწილობრივ იქნა მიღებული. ამან მავანთ „ოქროს შუალედი" აპოვნინა კრეაციონიზმისა და სინერგიის თეზების სახით.
პრინციპული საღვთისმეტყველო განსხვავება აქ ისაა, რომ ქრისტიანულ ელინიზმში (კრეაციონიზმი — სულების არაფრისაგან წარმოშობა) იგულისხმება: ქმნილება ღვთისმსგავსების თვისება — „სულიერება" განუყრელია სამშვინველისაგან; ხოლო ავგუსტინესეული (იგივე წმ. წერილი და წმ. გარდამოცემა) სწავლებით, სამშვინველის სულიერება სინამდვილეში თეოზისის ატრიბუტია, ე.ი. ზებუნებრივი ღვთის მადლია და არა საკუთრივ სამშვინველის თვისება განასულიერებს, განაღმრთობს მას. წმ. მაქსიმე აღმსარებელიც შენიშნავს: „გონიერი სამშვინველი, ვით ხატად შექმნილი არსება, მიიღებს იმას, რითაც განიღმრთობა მსგავსებით (6
2) „ხატება და მსგავსება"
მაგრამ ქმნილსა და ხელთუქმნელს შორის არ არსებობს არანაირი მსგავსება, რასაც ვერ ჩაწვდნენ ვერც პელაგიელები, ვერც ორიგენისტები და ვერც მონოფიზიტები, ისევე როგორც მათი „ნეო" წარმომადგენლები. ღვთივმსგავსება, რომელსაც ფლობენ წმინდანები, სინამდვილეში ღვთაებრივი ენერგიის მოქმედების შედეგია, რასაც მოკლებულია საკუთვრივ ბუნება. ამიტომ მადლი მოქმედებს იქ, სადაც ის თავად ინებებს ყოფნას, ადამიანის განღმრთობას. ე.ი. ახალ ადამშია ეს შესაძლებელი და არა „ძველში", როგორც გვარწმუნებს ორიგენიზმი და პელაგიანობა.
წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: „მან (ქრისტემ) თავის თავში (в себе) აღადგინა, ე.ი. ძე ღვთისამ; იმთავითვე მამასთან მყოფი, განკაცებით კაცობრივი არსებების გრძელი რიგის ცხონების საწინდარი გახდა. ასე რომ, (ძველ) ადამში ღვთის ხატად და მსგავსად ყოფნადაკარგულმა კაცობრიობამ, კვლავ დავუბრუნეთ ის იესო ქრისტეში".7
კვლავ წმ. ირინეოს დავესესხოთ: „როდესაც ეს სული შეერთდება სამშვინველთან, ის ერთდება ქმნილებასთან, სულის გარდამოსვლის მიზეზით (შედეგით) ადამიანი სულიერი და სრულყოფილი ხდება. არსებითად ესაა ადამიანი, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი. თუკი სამშვინველში არ იქნება სული, ასეთი ადამიანი მარტოოდენ მშვინვიერი და ხორციელი, არასრულყოფილი რჩება: მას ღვთის ხატება გააჩნია, მაგრამ მსგავსებას ვერ მიიღებს სულისაგან, ამიტომაც არასრულყოფილია".8
ამასვე ადასტურებს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი წმ. დიმიტრი როსტოველის სწავლების კვალდაკვალ:
„ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანში მისი დაცემის შემდეგ შეიცვალა. მსგავსება, რაც იყო ბოროტებისაგან სრული გაუცხოება ადამიანის თვისებებისა, ბოროტების შეცნობითა და მისი ამ თვისებებისთვის გადაცემით განადგურდა.
მსგავსების განადგურებით ხატება დამახინჯდა, გამოუსადეგარი გახდა, მაგრამ მთლიანად არ გაცამტვერებულა. „დაე შევიმეცნოთ, — ამბობს წმ. დიმიტრი როსტოველი", — რადგანაც ის (ხატება), ღვთის ურწმუნო ადამიანშიც არის, მსგავსება კი მხოლოდ სათნო ქრისტიანშია; და როცა ქრისტიანი მომაკვდინებლად სცოდავს, მაშინ მხოლოდ ღვთის მსგავსებას კარგავს და არა ხატებას; და თუნდაც საუკუნო სატანჯველი მიესაჯოს, ღვთის ხატება იგივეა მასში სამუდამოდ, მსგავსება კი უკვე ვეღარ იქნება".9
ამიტომ ადამიანის განღმრთობაც, ზებუნებრივი მადლის, მსგავსების ნათლისღებით დაბრუნება და სათნო, ქრისტიანული ცხოვრება ვერ განხორციელდება მარტოოდენ „ხატებით", ე.ი. „სამშვინველით", იგივე ბუნებრივი ძალებით. სწორედ ამას ადასტურებს ღირსი მაქსიმე აღმსარებელი: „განღმრთობა ვერანაირად ვერ განხორციელდება ბუნებრივი ძალების მიერ, ვინაიდან კაცობრივ ბუნებას არ გააჩნია ის ძალა, რასაც ძალუძს მოიცვას ზებუნებრივი. ქმნილი ბუნება ვერანაირად ვერ გამოიწვევს განღმრთობას, იმიტომ რომ, მას არ შეუძლია მოიცვას ღმერთი. მარტოოდენ საღმრთო მადლისთვის არის ბუნებრივად შესაძლებელი განღმრთობის მინიჭება, რათა გაანათლოს ადამიანის ბუნება ზებუნებრივი ნათელით, მისცეს მას უხვი, საკუთარ ბუნებაზე აღმატებული დიდება".10
3) კრეაციონიზმი და ტრადუციონიზმი
წმ. მამების წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა: ქრისტიანული საღვთისმეტყველო საზრისი და ცხოვრების წესი არ შელახულიყო იუდაურ-ელინური გნოსტიციზმით. ამ ნიშნით, ადამიანთა სულების ჩამოყალიბების სწავლება საღვთისმეტყველო კუთხითაც არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. კრეაციონიზმი (სულების არაფრისაგან წარმოშობა) და ტრადუციონიზმი (სულების მშობლებისაგან წარმოშობა) მრავალ კითხვას იწვევდა ორივე სწავლების წარმომადგენლებში. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის მართებულ გააზრებას ყველაზე მეტად ნეტარი ავგუსტინე მიუახლოვდა. ის წერს: „ყურადღებით იყავით სადარაჯოზე, არ დაეთანხმოთ აზრს, რომ სულები ღვთის შებერვით არაფრისაგან წარმოიშვებიან. ამის მომხრე ადამიანები, სიტყვიერად თუნდაც უარყოფდნენ საბოლოო შედეგს, სინამდვილეში ირწმუნებიან, რომ სულები ღვთის არსის ნაწილები და მისი შთამომავლები არა მადლით, არამედ ბუნებით არიან, ვინაიდან: ვისგანაც არ უნდა იღებდეს ადამიანის ბუნება საწყისს, უნდა ვაღიაროთ, მისგანვე იღებს თავისი ბუნების სახესაც".11 იმავე წერილში, მან გააკრიტიკა ტრადუციონიზმის კონცეფციაც.
ნეტ. იერონიმესადმი მიწერილ წერილში ნეტ. ავგუსტინე შენიშნავს, რომ ღმერთი ქმნის ახალ სულებს „უკვე არსებულისაგან, ღმერთი ქმნის იმ ერთის (ადამის) მსგავსად ახალ სულებს", ე.ი. ქმნის „უკვე შექმნილი ბუნებისაგან".12 ამით ნეტ. ავგუსტინემ ფაქტობრივად ორივე თეზა გააერთიანა ახალში, მეტად სრულყოფილში, თუმცა ამის იქით ნეტ. ავგუსტინეს არ განუვითარებია თეზა, შესაძლოა, ასაკისა ან მრავალი სამღვდელმთავრო საქმეების გამო. რამდენიმე წელიწადში ნეტარი გარდაიცვლება.
მსგავს მცდელობას ვხედავთ წმ. ბასილი დიდის ჰომილიებშიც. სულის შექმნის თაობაზე ის წერს: „მან შეჰბერა ადამიანს, ე.ი. ჩადო ადამიანში რაღაც საკუთარი, მადლისაგან, რათა ადამიანო, მსგავსით შეიცნობდე მსგავსს"... ამრიგად, სხეული — იქმნება, სამშვინველი იძერწება, ხოლო სული „შეიბერება", ვით სულის ცხოვრება".13
ცხადია, რაც ადამს „შეჰბერა" ღმერთმა, უნდა ყოფილიყო ღვთაებრივი მადლი. ის (სული, მადლი) სამშვინველსაც განაცხოველებს, მხოლოდ ნათელღების შემთხვევაში, ვინაიდან, როგორც წმ. მამებმა ბრძანებს, მსგავსება, ზებუნებრივი მადლი, დაკარგული პირველქმნილი ცოდვის შედეგად, სწორედ ამგვარად უბრუნდება ადამიანს. ე.ი. წმ. სამების სახელით ნათელღებული მადლის თანაზიარი ხდება.
„მართლმადიდებლურ კრეაციონიზმში" კი საიმისოდ, რომ იყო სულიერი, განღმრთობილი, მადლმოსილი ადამიანი, საკმარისია მხოლოდ ამქვეყნად დაბადება, ვინაიდან სული და სამშვინველი გაიგივებული ცნებებია; ე.ი. მადლი სამშვინველის, იგივე ხატების (და არა მსგავსების) თანდაყოლილი თვისებაა თურმე. ზემოთქმულს, რა თქმა უნდა, ნეოპელაგიურ-ნეოორიგენისტული ელფერი დაჰკრავს.
4) „მონო-მიდრეკილი" ქარიზმატოლოგია
ღვთაებრივი მადლის, განღმრთობის თეზების განსაზღვრება მოდერნისტულ და ორთოდოქსულ სწავლებებში არსებითად განსახვავდება ერთმანეთისაგან. მოდერნიზმში (ახალ ქარიზმატოლოგიაში) აქცენტები ასკეზადან (განღმრთობის მოპოვებიდან) გადატანილია ბუნების აღდგენა-გადარჩენაზე. ამას მოჰყვა სულიერისა და ამქვეყნიურის შერწყმის, გაერთიანების სურვილი, რაც მადლის, განღმრთობის სწავლების ერთგვარი დევალვაციაა.
ტრადიციული მართლმადიდებლური სწავლებით მადლი ადამიანში ღვთაებრივი ძალის (ენერგიის) განმწმენდელი მოქმედებაა. საეკლესიო საიდუმლოებებში ღმერთი მისთვის კუთვნილი ბუნებრივი ძალით მოქმედებს. წმ. ფილარეტ მოსკოველი განმარტავს: „საიდუმლო არის წმინდა მოქმედება, რომლის მეშვეობითაც ადამიანზე საიდუმლოებრივად მოქმედებს ღვთის მადლი, ან მაცხოვნებელი ძალი ღვთისა".14
შესაბამისად, წმ. სამება არის ერთადერთი მბოძებელი მადლისა და ადამიანის მაცხოვნებელი.
მაგრამ ორთოდოქსული განსაზღვრების გვერდით თანამედროვე საღვთისმეტყველო თეორიებში მადლისა და განღმრთობის შესახებ აღმოაჩენთ „სინერგიულ" მიდგომასაც. კერძოდ: საღმრთო მადლთან ერთად სინერგიულად მოქმედებს თურმე კაცობრივი ძალისხმევა, ვით მაცხოვნებელი საშუალება. ე.ი. თავად ადამიანს თვითუფლებრივად, მადლის თანაბარი უფლებამოსილებით, შეუძლია საკუთარი თავის, მეტიც — სამყაროს შეცვლაც.
არქიმანდრიტი ა. კარტაშევი („პარიზის სკოლის" წარმომადგენელი) წერს: „ეკლესიისა და სახელმწიფოს, ეკლესიისა და კულტურის ურთიერთობა საერთო შეკითხვის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. საუბარია აბსოლუტურისა და შეფარდებითის, ღვთისა და სამყაროს, ზეცისა და დედამიწის, სულისა და სხეულის, სახარებისა და კულტურის, მარადიული ცხონებისა და ამქვეყნიურისკენ მოწოდების ისტორიულ ურთიერთობაზე".15
ვ. ლოსკიც დასძენს: „ეკლესიოლოგიურ მონოფიზიტობას სურს მხოლოდ დაიცვას ჭეშმარიტება. ამიტომაც ამსუბუქებს საეკლესიო იკონომიას იმ მრავალსახოვან და განსხვავებულ დროებაში ეკლესიური მოღვაწეობით იკვებება სამყარო".16
გამოდის, რომ ლოსკისა და კარტაშევისეული (და სხვა „პარიზელების") სამყაროსა და ეკლესიის შერწყმა — „მონოფიზიტური ეკლესიოლოგია" ყოფილა მართლმადიდებლობა, ჭეშმარიტება (ნუ იყოფინ!). ამ შემოთავაზებულ საცთურს მივყავართ იქამდე, რომ „ეკლესიოლოგიურ მონოფიზიტობასთან" ვითომ წინააღმდეგობაში ყოფნა სინამდვილეში „მონოფიზიტური ეკლესიოლოგიის" ჭეშმარიტებად აღიარებაა.
ამგვარ თეურგიაში იოლად შეინიშნება მოდერნისტების ფსევდოქარიზმატული შინაარსი. სწორედ ამგვარ თეოგონიაში ხდება გასაგები „სინერგიული" და „ქარიზმატოლოგიური მონოფიზიტობის" კონცეფციების განვრცობა, რაც ესოდენ მიღებულია დღეს აკადემიურ წრეებში.
„ეკლესიოლოგიური მონოფიზიტობის", ამ საღვთისმეტყველო „ნოუ-ჰაუს" წარმოშობამ, დეტერმინებულმა მოდერნიზმში (როგორც პარიზის სკოლის ძველ, ისე ახალ წარმომადგენლებში), განაპირობა ნეომონოფიზიტურ შეხედულებათა განვრცობა ეკლესიის წიაღში. აქედანაა მათი „ბრალდებები ნესტორიანელობაში" ორთოდოქსულად მოაზროვნე მართლმადიდებლებისა. ჩვენ მოვხაზეთ ძირითადი კონტურები, რამაც გამოიწვია განღმრთობის საკითხის არამართებული განმარტება, შედეგად კი — ნეომონოფიზიტური სულისკვეთების შემოჭრაა ღვთისმეტყველებაში. ფაქტია: მონოფიზიტობას ახასიათებს მრავალფეროვნება (მონოთელიტობა, მონოენერგიზმი...), ვინ იცის ბოროტი, რაგვარ მონოფიზიტობას ამზადებს. მეტი კონკრეტიკისაგან ჯერჯერობით თავს შევიკავებთ, ხოლო ამ კატეგორიის თეოლოგებს „მონო-მიდრეკილებს" ვუწოდებთ.
1Юстиннам. Грамота к святому собору об Оригене и его единомышленниках. Деяния Вселенских Соборов. Т. 3. С. 538.
2Anastasi Sinaitae. Viue dux XIII 8 (PG T 89 Col 236 c).
3Прп.Максим Исповедник. Вопросы и недоумения. Т. 3. М. 2010. С. 220.
4 Св. Игнатий Великий. Слово о смерти. Т. 3.
5Прп. Макарий Великий. Беседа 4. Гл. 3.
6Прп. Максим Исповедник. О недоуменях к Иоанну. 2 / О различных недоуменях у святых Григория и Дионисия (Амбигвы) 2006. С. 76.
7Св. Мч. Ириней Лионский. Доказательство апостольской проповеди. § 56-57.
8იქვე. წმ. ირინეოსთან. § 98.
9წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. რჩეული თხზულებები. V ტომი. „სულის სიკვდილი". გვ. 104.
10Прп. Максим Исповедник. Вопроси и ответы к Фаласию. Вопрос. XXII. Творения. Кн. 2.
11Блж. Августин Ипонский. О душе и ее происхождении. Гл. 32 (XIX).
12ნეტ. ავგუსტინე. 166-ე წერილი ნეტ. იერონიმესადმი.
13Св. Василий Великий. Гомилии на псалмы (пс. 48).
14Св. Филарет Дроздов. Пространный катахизис. § 281.
15 А. Карташев. Халкидонский догмат и соблази эклезиологического монофизитсва.
16В. Лоский. Соблази церковного сознания. С. 16.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია